საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 29.03.2019
ძალაში შესვლა 27.07.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №GE-EU-J-1
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016585
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2019
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველო | საქართველო |
| გენერალური პროკურორი (ხელმოწერილია) | იუსტიციის მინისტრი (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
კანონი (2)
- პროკურატურის შესახებ 30.11.2018
- სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ 21.07.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (2)
- პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით,"
- სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველო და ევროჯასტი (შემდგომში „მხარეები“),
იღებენ რა მხედველობაში, საბჭოს 2002 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროჯასტი მძიმე დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, და რომელიც საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის 2009/426/JHA გადაწყვეტილებით შეიცვალა, ევროჯასტის გაძლიერების მიზნით (შემდგომში – ევროჯასტის გადაწყვეტილება) და კონკრეტულად მის 26a მუხლს;
იღებენ რა მხედველობაში, ერთობლივი საზედამხედველო ორგანოს 2018 წლის 19 აპრილის მოსაზრებას, რომელიც შეიქმნა ევროჯასტის გადაწყვეტილების 23-ე მუხლის საფუძველზე;
იღებენ რა მხედველობაში, საქართველოსა და ევროჯასტის ინტერესებს ახლო და დინამიური თანამშრომლობის განვითარების თაობაზე, რათა უპასუხონ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში არსებულ და სამომავლო გამოწვევებს, კონკრეტულად კი ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს;
სურთ, რომ გააუმჯობესონ სამართლებრივი თანამშრომლობა საქართველოსა და ევროჯასტის შორის, გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიასა და ერთ ან რამდენიმე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს;
ითვალისწინებენ რა, რომ 2005 წლიდან საქართველომ მოახდინა „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის No.108 კონვენციისა და 2013 წლიდან მისი დამატებითი ოქმის რატიფიცირებას, ორივე მათგანი ფუნდამენტურ როლს თამაშობს ევროჯასტის მონაცემთა დაცვის სისტემაში;
იღებენ რა მხედველობაში ევროკავშირში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალ ხარისხს, განსაკუთრებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას ევროჯასტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროჯასტის პროცედურულ წესებს და სხვა გამოსაყენებელ წესებს; და
პატივს სცემენ ფუნდამენტურ უფლებებსა და პრინციპებს, როგორც ეს განსაზღვრულია 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციაში, და ასევე ასახულია ევროკავშირის „ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში“;
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗 - განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისთვის:
ა) „წევრი სახელმწიფოები“ ნიშნავს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს;
ბ) „კოლეჯი“ ნიშნავს ევროჯასტის კოლეჯს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-10 მუხლში;
გ) „ეროვნული წევრი“ ნიშნავს ევროჯასტის ეროვნულ წევრს, რომელიც მიავლინა ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელწიფომ, ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;
დ) „მოადგილე“ ნიშნავს პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც ეროვნული წევრი ან ანაცვლებს მას, ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად;
ე) „დამხმარე“ ნიშნავს პირს, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს ეროვნულ წევრს ან მეკავშირე პროკურორს, როგორც ეს მითითებულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ამ შეთანხმების მე-6 მუხლში;
ვ) „მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში“ (შემდგომში – მეკავშირე პროკურორი) ნიშნავს პროკურორს, რომლის სტატუსიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით;
ზ) „მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში“ ნიშნავს მაგისტრატს, რომელიც ინიშნება საქართველოში ევროჯასტის კოლეჯის მიერ ევროჯასტის გადაწყვეტილების 27a მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;
თ) „ტერორიზმის საკითხებში ეროვნული კორესპონდენტი“ ნიშნავს ერთ-ერთ საკონტაქტო პირს, რომელიც ინიშნება საქართველოს მთავრობის მიერ ამ შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად და პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების კორესპონდენციის წარმოებაზე;
ი) „სამართლებრივი თანამშრომლობის ორგანოები“ საქართველოსთვის გულისხმობს ზოგადი იურისდიქციის სასამართლოებს და პროკურატურას ყველა დონეზე;
კ) „ადმინისტრაციული დირექტორი“ ნიშნავს ადმინისტრაციულ დირექტორს ევროჯასტის გადაწყვეტილების 29-ე მუხლის შესაბამისად.
ლ) „ევროჯასტის მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ ნიშნავს ევროჯასტის პერსონალის სპეციალურად დანიშნულ წევრს, რომლის მოვალეობები განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-17 მუხლში, მათ შორის, უზრუნველყოს ევროჯასტის მიერ პერსონალურ მონაცემთა კანონიერი და შესაბამისი დამუშავება დამოუკიდებლად;
მ) „ევროჯასტის პერსონალი“ ნიშნავს პერსონალს, რომელიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების 30-ე მუხლში.
ნ) „ევროჯასტის პროცედურული წესები მონაცემთა დაცვის შესახებ“ ნიშნავს პროცედურულ წესებს, რომელიც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას და დაცვას ევროჯასტში, რომელიც დამტკიცებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ 2005 წლის 24 თებერვალს;
ო) „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეეხება იდენტიფიცირებულ თუ იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (შემდგომში „მონაცემთა სუბიექტი“). იდენტიფიცირებადი არის პირი, ვინც შეიძლება იქნეს იდენტიფიცირებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, კონკრეტულად კი პირადობის ნომრის მითითებით ან მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივი, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობის გამომხატველი ერთი ან რამდენიმე სპეციალური ნიშნით; და
პ) „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც შესრულებულია პერსონალური მონაცემების საფუძველზე, ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე, როგორიცაა შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, ადაპტირება ან შეცვლა, აღდგენა, გაცნობა, გამოყენება, გამხელა გადაცემის გზით, გავრცელება ან სხვა მხრივ წვდომის დაშვება, დაჯგუფება ან კომბინირება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
მუხლი 2🔗 - შეთანხმების მიზანი
წინამდებარე შეთანხმების მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა ევროჯასტსა და საქართველოს შორის მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ, ბრძოლის მიმართულებით.
მუხლი 3🔗 - თანამშრომლობის ფარგლები
1. საქართველო და ევროჯასტი ითანამშრომლებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 მუხლში, მე-7 მუხლსა და 27b მუხლში და მხედველობაში მიიღებენ უფლებამოსილებას, რომელიც მინიჭებული აქვთ ეროვნულ წევრებს ევროჯასტის გადაწყვეტილების 9a-9f მუხლების საფუძველზე, ევროჯასტის კომპეტენციის ფარგლებში ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-4 მუხლის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება ევროჯასტის მანდატი, რომლითაც გაფართოვდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის არეალი ან/და კომპეტენცია, ევროჯასტი, იმ თარიღიდან როცა ევროჯასტის შეცვლილი მანდატი შევა ძალაში, გაუგზავნის საქართველოს წერილობით შეთავაზებას, რათა გააფართოვოს შეთანხმების გავრცელების ფარგლები ახალი მანდატის გათვალისწინებით. შეთანხმება ახალ მანდატთან დაკავშირებით გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა ევროჯასტი მიიღებს საქართველოსგან წინადადებაზე წერილობით თანხმობას, მისი შიდა პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 4🔗 - შეთანხმების აღსრულების კომპეტენცია
1. საქართველოში წინამდებარე შეთანხმების აღსრულებაზე კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. ევროჯასტის ფარგლებისა და ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, რელევანტური ეროვნული წევრები და კოლეჯი არიან შეთანხმების აღსრულებაზე კომპეტენტური პირები.
მუხლი 5🔗 - სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ სხვა ინსტრუმენტებთან ურთიერთმიმართება
წინამდებარე შეთანხმება არ იქონიებს გავლენას საქართველოსა და წევრ სახელმწიფოებს შორის მოქმედ სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ სხვა მრავალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებზე, არც იმ ხელშეკრულების დებულებებზე, რომელიც გაფორმებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ან ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის.
მუხლი 6🔗 - მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და ევროჯასტის გადაწყვეტილების 26a მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო ევროჯასტში მიავლენს მეკავშირე პროკურორს.
2. მანდატი და მივლინების ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მიერ.
3. მეკავშირე პროკურორს შეიძლება დაეხმაროს ერთი პირი. საჭიროების შემთხვევაში, მეკავშირე პროკურორი შეიძლება ჩაანაცვლოს დამხმარემ.
4. საქართველომ ევროჯასტს უნდა აცნობოს მის ტერიტორიაზე მეკავშირე პროკურორის სამართლებრივი უფლებამოსილების ბუნება და მოცულობა, იმისათვის, რომ მან წინამდებარე შეთანხმების მიზნების შესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები. საქართველომ უნდა განსაზღვროს მეკავშირე პროკურორის კომპეტენცია უცხო ქვეყნის სამართლებრივ ორგანოებთან მიმართებაში.
5. მეკავშირე პროკურორს უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ასახულია ეროვნულ სისხლის სამართლის საქმეებში ან საქართველოში ნებისმიერ სხვა ოფიციალურ რეესტრში საქართველოში, იმგვარად, როგორც ეს შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით იმ პროკურორისთვის ან სხვა პირისთვის, რომელსაც აქვს მსგავსი კომპეტენცია.
6. მეკავშირე პროკურორს შეუძლია პირდაპირ დაეკონტაქტოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს.
7. ევროჯასტი უნდა შეეცადოს მეკავშირე პროკურორს მისცეს საკმარისი მოწყობილობები, რომელიც ასევე მოიცავს საოფისე სივრცეს და ტელეკომუნიკაციების სერვისებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ევროჯასტის ინფრასტრუქტურის და საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით. ევროჯასტს შეუძლია მოითხოვოს ყველა ან რომელიმე იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც მან გაიღო აღნიშნული მოწყობილობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ანაზღაურება არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი დანიშნავს მეკავშირე მაგისტრატს და მსგავსი მოწყობილობები უზრუნველყოფილი იქნება მისთვისაც. სამუშაო მოწყობილობების და ხარჯების ანაზღაურების ყველა დეტალი უნდა იყოს შეთანხმებული ევროჯასტსა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის მანამ, სანამ მეკავშირე პროკურორი დაინიშნება ევროჯასტში.
8. მეკავშირე პროკურორის სამუშაო დოკუმენტები უნდა იყოს ხელშეუხებელი ევროჯასტის მიერ.
მუხლი 7🔗 - ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატი
საქართველოსთან სამართლებრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, იმ საქმეებზე, რომელზეც ევროჯასტი უწევს დახმარებას და ევროჯასტის გადაწყვეტილების 27a მუხლის 1-ლი პუნქტის დებულების შესაბამისად, მხარეებმა შეიძლება გადაწყვიტონ ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის დანიშვნა საქართველოში. თუმცა, ევროჯასტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოიწყებს მოლაპარაკებას ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის საქართველოში დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ის ასეთ დანიშვნაზე მიიღებს თანხმობას ევროკავშირის საბჭოსგან.
მუხლი 8🔗 - ევროჯასტთან საკონტაქტო პირი
1. საქართველომ უნდა გამოყოს ან დანიშნოს ევროჯასტთან საკონტაქტო მინიმუმ ერთი პირი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ფარგლებში. აღნიშნული დანიშვნის თაობაზე დროულად უნდა ეცნობოს ევროჯასტს ოფიციალური წერილით.
2. საქართველომ უნდა დანიშნოს ერთი საკონტაქტო პირი, როგორც ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი.
მუხლი 9🔗 - სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები
1. მეკავშირე პროკურორს, მის დამხმარეს და საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირს, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო და სტრატეგიულ შეხვედრებში ევროჯასტის პრეზიდენტის მოწვევითა და ეროვნული წევრების თანხმობით.
2. ეროვნულ წევრებს, მათ მოადგილეებს და დამხმარეებს, ადმინისტრაციის დირექტორს, ევროჯასტის პერსონალს შეუძლიათ, დაესწრონ შეხვედრებს, რომლებიც ორგანიზებულია მეკავშირე პროკურორის ან საქართველოს სხვა კომპეტენტური ორგანოს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირის მიერ.
მუხლი 10🔗 - ინფორმაციის გაცვლა
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა შესაძლოა გაცვალონ ყველა ინფორმაცია, რომელიც არის ადეკვატური, რელევანტური და მოცულობით არ აღემატება ამ შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მიზანს.
2. მომთხოვნმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მიზანი, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის მოთხოვნა. ინფორმაციის სპონტანურად გაგზავნის შემთხვევაში, მხარემ, რომელმაც გასცა ინფორმაცია უნდა აცნობოს მეორე მხარეს მიზანი, რისთვისაც ინფორმაცია მიეწოდა.
3. მხარემ, რომელმაც გასცა ინფორმაცია, შესაძლოა დააწესოს შეზღუდვები გაცემული ინფორმაციის გამოყენებაზე, რასაც მეორე მხარემ პატივი უნდა სცეს. ეს შეიძლება მოიცავდეს შეზღუდვას წვდომაზე, შეზღუდვას შემდგომ გადაცემაზე და პირობებს მის წაშლაზე ან განადგურებაზე. ინფორმაციის გაგზავნის შემდგომ, ამგვარი შეზღუდვების დაწესების თაობაზე შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს მას მერე, რაც გამოვლინდება შეზღუდვების დაწესების საჭიროება.
4. მხარეებმა უნდა შეინახონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცემული და მიღებული მონაცემების ჩანაწერები, მათ შორის მათი გაცემის საფუძვლები.
მუხლი 11🔗 - გადაცემის გზები
1. ინფორმაცია უნდა გაიცვალოს:
ა) ან მეკავშირე პროკურორს, ან თუ მეკავშირე პროკურორი არ არის დანიშნული ან არ არის სხვამხრივ ხელმისაწვდომი, ევროჯასტთან საკონტაქტო პირსა და რელევანტურ ეროვნულ წევრებს ან კოლეჯს შორის; ან
ბ) თუ ევროჯასტმა დანიშნა მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში, ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატსა და საქართველოს რომელიმე კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2. მეკავშირე პროკურორი ან/და ევროჯასტთან საკონტაქტო პირი უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლებრივი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საქმის გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე არის სათანადო წესით ჩართული.
3. მხარეები არ არიან შეზღუდული, კონკრეტულ შემთხვევებში შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის სხვა საშუალებებზე.
4. ორივე მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ მათი შესაბამისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილნი, გაცვალონ ინფორმაცია შესაბამის დონეზე და არიან სათანადოდ შემოწმებულები.
მუხლი 12🔗 - პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
1. მხარეები აღიარებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა შესაბამისი და სათანადო მოპყრობა და მათი დამუშავება, რომელსაც ისინი ერთმანეთისგან იღებენ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისას ნდობის შესანარჩუნებლად.
2. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მეორე მხარის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების მინიმუმ იმ ხარისხით დაცვა, რაც გამომდინარეობს „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციაში ასახული პრინციპებიდან და მის შემდგომი ცვლილებებიდან, ასევე იმ პრინციპებიდან, რაც ასახულია ევროჯასტის გადაწყვეტილებაში და ევროჯასტის მონაცემთა დაცვის პროცედურულ წესებში.
3. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში, მხარეები უნდა დარწმუნდნენ რომ:
ა) პერსონალური მონაცემები არის სამართლიანად დამუშავებული;
ბ) გადაცემული პერსონალური მონაცემები არის შესაბამისი, რელევანტური და მოცულობით არ აღემატება მოთხოვნის ან ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გადაცემის კონკრეტულ მიზანს.
გ) პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც მოხდა მათი გადაცემა ან შემდგომი დამუშავება ამ შეთანხმების შესაბამისად; და
დ) შესაძლო არაზუსტი პერსონალური მონაცემების შესახებ დროულად ეცნობება მიმღებ მხარეს იმისათვის, რომ შევიდეს შესაბამისი შესწორებები.
მუხლი 13🔗 - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა
1. პერსონალური მონაცემი, რომელიც შეიცავს რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ მოსაზრებებს ან რელიგიურ ან სხვა მრწამს, სავაჭრო კავშირების წევრობის თაობაზე ინფორმაციას ან შეეხება ჯანმრთელობას და სექსუალურ ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გადაცემული თუ ეს არის უკიდურესად აუცილებელი ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
2. მხარეებმა უნდა მიიღონ დაცვის შესაბამისი ზომები, კონკრეტულად შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ უპასუხონ ამ კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა განსაკუთრებულ მგრძნობელობას, როგორც ეს ნახსენებია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.
მუხლი 14🔗- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც მხარეებმა გაცვალეს ამ შეთანხმების საფუძველზე. წვდომა ხორციელდება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა. მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემთა სუბიექტს მისი გადაწყვეტილება მიეწოდოს დროულად. პირს უარი უნდა ეთქვას პერსონალური მონაცემის მიწოდებაზე თუ მიწოდება საფრთხეს შეუქმნის:
ა) დამუშავების მიზანს;
ბ) გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და სისხლისსამართლებრივ წარმოებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ან წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეხმარება ევროჯასტი; ან
გ) მესამე მხარის უფლებებსა და თავისუფლებებს.
2. მხარემ, რომელსაც გადაეცა მოთხოვნა უნდა მისცეს მეორე მხარეს შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება წვდომაზე უარის თქმის ერთ-ერთი რომელიმე გარემოების შესაძლო არსებობაზე, როგორც ეს ასახულია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.
3. ეს მუხლი არ ზღუდავს პირის რომელიმე უფლებას, რაც მას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციის გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ინფორმაციის ამ მხარისგან გაცემის მოთხოვნასთან ან სხვა შესაბამისი სახის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.
მუხლი 15🔗 - პერსონალური მონაცემების შესწორების, დაბლოკვის და წაშლის უფლება
1. მონაცემის სუბიექტს აქვს უფლება მოსთხოვოს მხარეს, რომელმაც დაამუშავა პერსონალური მონაცემები ამ შეთანხმების შესაბამისად, რომ შეასწოროს, დაბლოკოს ან წაშალოს მონაცემები, რომლებიც არასწორი ან არასრულია ან თუ მათი შეგროვება, შემდგომი დამუშავება ან შენახვა ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას ან მხარეთა შესაბამის წესებს. ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რასაც ეს მოთხოვნა ეფუძნება.
2. მონაცემთა სუბიექტის ან ინფორმაციის გამცემი ქვეყნის შეტყობინებით ან სხვა გზით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო სხვა მხარისგან არის არასწორი, მან უნდა გაატაროს ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ აღკვეთოს არასწორი ინფორმაციის გამოყენება, რაც შეიძლება გულისხმობდეს ასეთი ინფორმაციის ჩანაცვლებას, წაშლას ან შესწორებას.
3. თუ მ
ხარეს ეცნობება, რომ ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო ამ შეთანხმების საფუძველზე, იწვევს ეჭვს მის სიზუსტესთან დაკავშირებით ან თუ მეორე მხარე შეაფასებს ინფორმაციის ან წყაროს სანდოობას, მან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს.
მუხლი 16🔗 - პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ პერიოდით, რაც საჭიროა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ან იმ მიზნით, რის გამოც შეგროვდა პერსონალური მონაცემი, ან შემდგომში დამუშავდა ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 17🔗 - მონაცემთა უსაფრთხოება
მხარეები უზრუნველყოფენ საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემების დასაცავად, მათი შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შემთხვევითი დაკარგვის ან უნებართვო გამჟღავნების, შეცვლის, წვდომის ან ნებისმიერი ფორმით არაუფლებამოსილი დამუშავებისგან დასაცავად. კერძოდ, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მხოლოდ მათ ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ვისაც ასეთი ნებართვა გააჩნია.
მუხლი 18🔗 - შემდგომი გადაგზავნები
მხარეებმა არ უნდა გაუზიარონ მეორე მხარის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია რომელიმე მესამე სახელმწიფოს ან ორგანოს, ინფორმაციის გამცემი მხარის წინასწარი ნებართვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე.
მუხლი 19🔗 - პასუხისმგებლობა
1. საქართველო საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ იმ ზიანზე, რომელიც მიადგა პირს ევროჯასტთან გაზიარებული მონაცემების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შეცდომის გამო. საქართველომ არ უნდა განაცხადოს, რომ ევროჯასტმა გადასცა არასწორი ინფორმაცია დაზარალებული მხარის წინაშე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ევროჯასტის გადაწყვეტილების 24-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, თუ ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს მიერ მონაცემების შეცდომით გაზიარებას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა, ევროჯასტი იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, აანაზღაუროს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადახდილი კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემები გამოყენებული იყო ამ ხელშეკრულების დარღვევით. ამ პუნქტის დებულებები გამოიყენება მაშინაც, როდესაც ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი ვალდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს აუნაზღაუროს დაზარალებული მხარისთვის გადახდილი კომპენსაცია, და ზიანი დადგა საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს ევროჯასტს ის თანხა, რაც მან გადაუხადა წევრ სახელმწიფოს ან სხვა მესამე სახელმწიფოს ან მესამე ორგანოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით.
4. მხარეებმა არ უნდა მოსთხოვონ ერთმანეთს კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანისათვის, იმ ფარგლებში, თუ კომპენსაცია ზიანისთვის აღსრულდა როგორც სადამსჯელო, გაიზარდა ან არ წარმოადგენს საკომპენსაციო ზიანს.
მუხლი 20🔗 - რეგულარული კონსულტაციები
1. მხარეებმა, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რეგულარულად უნდა გაცვალონ მოსაზრებები მონაცემთა დაცვასთან და მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაზე და შემდგომ განვითარებაზე.
2. ამ მიზნით, ევროჯასტის მონაცემთა დაცვის ოფიცერი და საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანო, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ერთმანეთს წარუდგენს ანგარიშს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვის დებულებების იმპლემენტაციის მდგომარეობის შესახებ.
3. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის კონსულტაციების პროცესში მხარეების მიერ იდენტიფიცირებული საკითხები წარედგინება შესაბამის საზედამხედველო მექანიზმებს და ევროჯასტის ერთობლივ საზედამხედველო ორგანოს.
მუხლი 21🔗- შესრულების მონიტორინგი
1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, მხარეებმა ერთობლივად ყოველწლიურად უნდა განიხილონ მისი შესრულების საკითხი.
2. ნებისმიერი შესაძლო საკითხი, რომელიც წარმოიშობა ერთობლივი განხილვის კონტექსტში, უნდა იყოს მხარეების მიერ განხილული ამ შეთანხმების 24-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 22🔗 - შესრულების ზედამხედველობა
მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების აღსრულება და იმპლემენტაცია უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას მათი შესაბამისი კანონმდებლობის და პროცესუალური ნორმების შესაბამისად. მხარეებმა უნდა გამოიყენონ მათი ადმინისტრაციული, სასამართლო ან ზედამხედველობის ორგანოები იმისათვის, რომ უზრუნველყონ საზედამხედველო პროცესის დამოუკიდებლობა.
მუხლი 23🔗 - ხარჯები
წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტისათვის ზიანის მიუყენებლად არც ერთმა მხარემ არ უნდა მიმართოს მეორე მხარეს მატერიალური მოთხოვნით იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც წარმოიშვა ამ შეთანხმების შესრულებისას. თუ ამ შეთანხმების შესრულებისას გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოიშობა, მაშინ მხარეებმა შესაძლოა კონსულტაციის გზით განსაზღვრონ ის საშუალება, რომლითაც ამას გადაწყვეტენ.
მუხლი 24🔗- დავების მოგვარება
1. რომელიმე მათგანის მოთხოვნით, მხარეები დაუყოვნებლივ იკრიბებიან იმისათვის, რომ გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ან რაიმე საკითხი, რაც გავლენას ახდენს მათ შორის ურთიერთობაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ დავა ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე ვერ გადაწყდება, მხარეებმა შესაძლოა წამოიწყონ მოლაპარაკებები ამ კონკრეტულ საკითხზე.
მუხლი 25🔗 - ცვლილებები
1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი, წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასეთი ცვლილება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მხარეები წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებებისა და შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
2. მხარეებმა რომელიმე მხარის მოთხოვნისთანავე უნდა წამოიწყონ კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
3. ცვლილებები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალაში შევა ისეთივე პროცედურით, როგორიც დადგენილია ამ შეთანხმებისათვის.
მუხლი 26🔗 - ტერიტორიული გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებზე, როდესაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები და საქართველო მათზე აღადგენს ეფექტურ კონტროლს.
მუხლი 27🔗- შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ სამი თვით ადრე შეტყობინებით.
2. შე
წყვეტის შემთხვევაში მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება იმ ინფორმაციის კვლავ გამოყენებას და შენახვას, რომელიც მათ შორის უკვე იყო გაზიარებული. თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ორივე მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს უკვე გაზიარებული ინფორმაციის წაშლა.
მუხლი 28🔗 - ძალაში შესვლა
1. მხარეებმა წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს უნდა აცნობონ, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნების და შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს შე
თანხმება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო დღეს.
შესრულებულია ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში, 2019 წლის 29 მარტს, ორ დედნად, ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური.
შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენაზე შედგენილ ტექსტს.
საქართველო
საქართველო
ევროჯასტი
გენერალური პროკურორი
(ხელმოწერილია)
იუსტიციის მინისტრი
(ხელმოწერილია)
პრეზიდენტი
(ხელმოწერილია)