„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 26.11.2018
ძალაში შესვლა 01.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სახელით
ნომერი №24/52
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016586
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2019
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
აღიარებენ რა ერთობლივი ძალისხმევის არსებობის აუცილებლობას საერთაშორისო მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის, პარტნიორობისა და საერთო სარგებლობის პრინციპებზე,
აღიარებენ რა ნატოს როლს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალური მშვიდობისა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში,
პატივს სცემენ რა ავღანეთსა და მსოფლიოში ქართული და გერმანული შეიარაღებული ძალების მიერ გამოვლენილ თავდადებასა და გაღებულ მსხვერპლს,
კვლავ ადასტურებენ რა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივ სურვილს, წინ აღუდგნენ მათ წინაშე არსებულ საერთო საფრთხეებს და აღიარებენ რა თავდაცვისა და მდგრადობის მნიშვნელობას,
ითვალისწინებენ რა უელსის 2014 წლისა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტების გადაწყვეტილებებს, სადაც შეთანხმებულ იქნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი’’ და დამატებითი ზომები საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესაბამისად,
სურვილი აქვთ რა გააღრმავონ თანამშრომლობა მხარეთა შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე შეთანხმების მიზანია მხარეთა შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ სამხედრო თანამშრომლობის ფარგლების განსაზღვრა და გამოცდილების გაზიარება.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები
მხარეთა შორის თანამშრომლობა, მე-4 მუხლით გათვალისწინებული გეგმისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული საკითხების შესაბამისად, მოიცავს რეგულარული ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში:
a) უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკა;
b) შეიარაღებული ძალების ინტეგრაცია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში;
c) ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP);
d) ლიდერობის კონცეფციები (ლიდერობა და სამოქალაქო განათლება);
e) შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული კონსტიტუციური დებულებები და სამხედრო კანონმდებლობა;
f) შეიარაღებული ძალების შიდა ორგანიზაცია;
g) შეიარაღების კონტროლის სამხედრო ასპექტები;
h) პერსონალის შერჩევა და მართვა;
i) შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაწყებითი და განგრძობადი ტრენინგი;
j) თავდაცვის ადმინისტრირება და სოციალური საკითხები;
k) შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურა;
l) ძალთა დაგეგმვის პროცედურები;
m) შეიარაღებული ძალების მართვა მშვიდობიანობის დროს;
n) სამხედრო მედიცინა;
o) სამხედრო ისტორია;
p) სამხედრო გეოგრაფია;
q) გარემოს დაცვის საკითხები შეიარაღებულ ძალებში;
r) სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ფარგლებში შეიარაღებული ძალების გამოყენება და;
s) სხვა ურთიერთშეთანხმებული სფეროები.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის ფორმები
(1) მხარეთა შორის თანამშრომლობა ძირითადად განხორციელდება შემდეგი ფორმებით:
a) მხარეთა მაღალი თანამდებობის პირების, ხელმძღვანელი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები;
b) პირადი შემადგენლობისა და სპეციალისტების მოლაპარაკებები;
c) დელეგაციების საინფორმაციო და სამუშაო ვიზიტები;
d) შესაბამის სამხედრო ინსტიტუტებს შორის კონტაქტები;
e) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში განხორციელებული მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებში მონაწილეობისთვის განკუთვნილ დანაყოფებს შორის კონტაქტები;
f) სასწავლო კურსებში, პრაქტიკულ ტრეინინგებში, სემინარებში, აკადემიურ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
g) სამხედრო დანაყოფებსა და სამოქალაქო დაწესებულებებში სასწავლო ტურები;
h) სამხედრო სწავლების საკითხებზე ინფორმაციისა და მასალის გაცვლა და;
i) კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
(2) სამხედრო ინდუსტრიული საქონლისა და ტექნოლოგიების გაცვლა არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების საგანს.
მუხლი 4🔗
განმახორციელებელი პროცედურები
(1) ერთი წლით ადრე შემუშავდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები. თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ყოველწლიურად შეთანხმდება მომდევნო წლისთვის. ეს პროგრამები შეავსებენ წინამდებარე შეთანხმებას. მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ ყოველწიური პროგრამები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ან ურთიერთშეთანხმებით.
(2) ოფიციალური ვიზიტები დაიგეგმება და კოორდინირებული იქნება განცალკევებულად. ისინი განხორციელდება მორიგეობით ნაცვალგების საფუძველზე. იგივენაირად განხორციელდება მხარეთა მიერ დელეგაციათა და პირთა გაცვლა საინფორმაციო და სამუშაო ვიზიტების კონტექტსში.
(3) რამდენადაც შესაძლებელია დაისახოს თანამშრომლობის სხვა ფორმები, შემდგომი შეთანხმებებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზემოთ მოცემულისაგან განსხვავებული პირობები. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება თანამშრომლობის ფორმა, რომელიც მოითხოვს შეიარაღებული ძალების წევრთა ხანგრძლივ ყოფნას მეორე შესაბამისი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების ან თავდაცვის ადმინისტრირებაში შემავალ სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების დაწყებითი ან განგრძობითი სწავლებებისას, წინასწარ უნდა გაფორმდეს დამატებითი შეთანხმებები.
(4) თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებული ღონისძიებები განხორციელდება შესაბამისი მასპინძელი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
(5) აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია გაფორმდეს წინამდებარე შეთანხმების დამატებითი ოქმები, რითაც დარეგულირდება თანამშრომლობის ცალკეული სფეროები.
მუხლი 5🔗
უსაფრთხოება
მხარეები თავიანთი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ იმ ინფორმაციის დაცვას, რომელიც მათ მიეწოდათ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობისას. მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია და მონაცემები მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ.
მუხლი 6🔗
ხარჯები
(1) თითოეული მხარე თავად დაფარავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
(2) წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებისას შესაბამისი მეორე მხარისათვის გაწეული აუცილებელი მომსახურების ხარჯები ანაზღაურებულ უნდა იქნეს მომსახურების მიმღები მხარის მიერ შესაბამისი ეროვნული საბიუჯეტო დებულებების შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავები გადაწყდება მხოლოდ მხარეთა შორის კონსულტაციისა და მოლაპარაკების გზით.
მუხლი 8🔗
დასკვნითი დებულებები
(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ქართული მხარის მიერ გერმანული მხარისთვის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ოფიციალური არხებით შეტყობინების მომდევნო თვის პირველ დღეს. ვადის ათვლისთვის განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.
(2) წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა იმავე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.
(3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. ის შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ ნებისმიერ დროს მეორე მხარისათვის ოფიციალური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. წინამდებარე შეთანხმება შეწყდება მეორე მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბერლინში, 2018 წლის 26 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართული და გერმანული ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სახელით
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
თავდაცვის ფედერალური
სამინისტროს სახელით