საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცება

მიღების თარიღი 25.12.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №59.08.1295
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.100
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/12/1995
matsne.gov.ge 1,331 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის  დადგენილება №59.08.1295 1995 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცება საბარათო აუქციონის ჩატარების პროცესის მოწესრიგების მიზნით კოლეგია ადგენს: 1. დამტკიცდეს „საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქცია“ (თან ერთვის). 2. რესპუბლიკურმა საბარათო და განაცხადების გადამამუშავებელმა სააუქციონო ცენტრმა (ე. ჯუღელი) საბარათო აუქცინების ჩატარების პროცესში იხელმძღვანელონ აღნიშნული ინსტრუქციით. 3. დაევალოს რესპუბლიკურ საბარათო და განაცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრს (ე. ჯუღელი) „საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქცია“ შეათანხმოს იუსტიციის სამინისტროსთან. 4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, რესპუბლიკური საბარათო და განაცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრის ხელმძღვანელს ე. ჯუღელს და მინისტრის მოადგილეს გ. კობერიძეს. კოლეგიის თავმჯდომარე, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი                                   ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                                             ნ. მეტრეველი საბარათო აუქციონის ჩატარების ინსტრუქცია 1. ზოგადი ნაწილი 1. წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ“ დებულების, „საპრივატიზაციო ბარათების სისტემის განვითარების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 დეკემბრის №917 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს აუქციონების (შემდგომში „აუქციონი“) ჩატარების წესსა და მყიდველების, გამყიდველისა და აუქციონის სხვა მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, ანგარისწორებისა და გაყიდულ აქციებზე საკუთრების უფლებათა გაფორმების წესს. 2. აუქციონის გამოცხადება 2.1. საბარათო აუქციონი წარმოადგენს აუქციონის ისეთ ფორმას, სადაც გადახდის ერთადერთ საშუალებად გამოიყენება საპრივატიზაციო ბარათი. საჯაროობა უზრუნველყოფს აუქციონის კეთილსინდისიერ ჩატარებას, რაზეც პასუხისმგებელია აუქციონის ორგანიზატორი. 2.2. ყოველი აუქციონის დაწყებამდე, არაუგვიანეს ერთი თვისა, აუქციონის ორგანიზატორი (შემდგომში „ორგანიზატორი“) გამყიდველისაგან ღებულობს და აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის შესახებ. უზრუნველყოფს მის რეკლამას, ამზადებს დარბაზს აუქციონისათვის და ზრუნავს იმ პერსონალის მომზადებისათვის, რომელიც მოემსახურება აუქციონს. 2.3. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი; - გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა; - ერთი აქციის ნომინალური ღირებულება; - აუქციონზე გასაყიდად გატანილი აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება; - აღნიშვნა იმისა, რომ აუქციონზე გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საპრივატიზაციო ბარათი; - სახელმწიფო ბაჟისა და ბეს მოცულობას და მათი შეტანის წესს; - აუქციონის ჩატარების თარიღს; - აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების ვადებსა და ადგილს; - გამყიდველისა და ორგანიზატორის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს და მისამართებს. დამატებითი ინფორმაციის ნუსხასა და მიწოდების ფორმას განსაზღვრავს გამყიდველი. 2.4. ორგანიზატორმა უნდა მოამზადოს კადრები აუქციონის ჩასატარებლად, მოიწვიოს ან მოამზადოს აუქციონისტი, რომელმაც უნდა წარმართოს ვაჭრობა. ორგანიზატორი პასუხისმგებელია აუქციონის სწორად და ნორმალურად ჩატარებაზე. 2.5. ორგანიზატორი ქმნის სააუქციონო კომისიას 3-5 წევრისაგან, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გამყიდველის ერთი წარმომადგენელი მაინც. 3. აუქციონში მონაწილეობის პირობები 3.1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 24 საათით ადრე აუქციონის დაწყებამდე, იმავე შენობაში სადაც განსაზღვრულია აუქციონის ჩატარება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (შემდგომში „მყიდველი“) აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს: – შევსებული განაცხადის ფორმა; – ბეს შეტანის ქვითარი; – სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი; – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; – მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით; – გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია და მიიღოს „მონაწილეობის ბილეთი.“ განაცხადის ფორმები ორგანიზატორის მიერ გაიცემა ყველა მყიდველზე. განაცხადის ფორმს თან ერთვის იმ იურიდიული დოკუმენტების ნიმუშები, რომლებზეც ხელი უნდა მოაწეროს მონაწილემ. განაცხადი შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე და იმ საწარმოს დასახელებას რომელი საწარმოს აქციების პაკეტის შეძენასაც აპირებს იგი. 3.2. წინასწარი რეგისტრაციის გავლამდე, მყიდველმა ორგანიზატორის მიერ მითითებულ ბანკში, უნდა შეიტანოს ბე, საპრივატიზაციო ბარათების სახით (შემდგომში „ბარათები“), იმ აქციათა პაკეტის საწყისი ფასის არანაკლებ ათი პროცენტის ოდენობით, რომლის შეძენის სურვილიც აქვს მას. იმ მყიდველმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა რამდენიმე საწარმოს აქციათა პაკეტის ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე, ცალ-ცალკე ყველა საწარმოსთვის. ბეს გადახდის დამადასტურებლად მას მიეცემა საბანკო ქვითარი. 3.3. ფიზიკური ან იურიდიული პირის ნდობით აღჭურვილმა პირმა (შემდგომში „წარმომადგენელი“), დამატებით უნდა წარმოადგინოს მინდობილობა, რომ მას აქვს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ყველა იურიდიულ ხელშეკრულებას აუქციონთან დაკავშირებით. იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. 3.4. იურიდიული პირის წარმოდგენილს, როგორც წესი, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა უნდა გააჩნდეს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ საწესდებო კაპიტალში იმ ორგანიზაციისა, რომელსაც იგი წარმოადგენს, სახელმწიფოს, რელიგიური ან საზოგადოებრივი ორგნიზაციების წილი არ აღემატება 25 პროცენტს (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა). საინვესტიციო ფონდებმა უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ასლი. 3.5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მყიდველი იღებს „მონაწილის ბილეთს“ (რომლის ფასს ადგენს „ორგანიზატორი“), რის შედეგადაც იგი ღებულობს მონაწილის სტატუსს. 3.6. აუქციონის რეგისტრატორი „საბარათო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „მონაწილეზე“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და გაფორმებულ ბილეთს გადასცემს მონაწილეს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად. 4. აუქციონი 4.1. მონაწილეა, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, შედის დარბაზში, წარუდგენს ბილეთს აუქციონის რეგისტრატორს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 4.2. აუქციონზე დასწრების მსურველები იღებენ აუქციონზე შესასვლელ ბილეთს (რომლის ფასსაც ადგენს ორგანიზატორი) და შედიან დარბაზში. 4.3. რეგისტრატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, თითოეული საწარმოს აქციათა პაკეტის გაყიდვას რამდენი მონაწილე ესწრება. 4.4. აუქციონს ატარებს მეაუქციონე, რომელსაც ნიშნავს ორგანიზატორი. 4.5. ვაჭრობის დაწყებისას თითოეულ ობიექტზე მეაუქციონე ასახელებს საწარმოს და აცხადებს მის ნომერს, შემდგომ საწყის ფასს, ბიჯს (რომელიც უნდა იყოს საწყისი ფასის არანაკლებ 10 პროცენტისა) და სთხოვს მონაწილეებს ჩაერთონ ვაჭრობაში. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 4.6. თუ აუქციონის მსვლელობისას, საწყისი ფასის გამოცხადებიდან სამი წუთის განმავლობაში არ გამოჩნდება შესყიდვის მსურველი,  საჯარო ვაჭრობა წყდება. 4.7. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს მეაუქციონისათვის. თუკი დასახელდება მომდევნო ფასი, მეაუქციონე აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ასე გრძელდება ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ კურსს. ამის შემდეგ აქციათა პაკეტი ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვინც შესთავაზა აუქციონს ყველაზე მაღალი ფასი. 4.8. ყოველი საწარმოს სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, ორგანიზატორი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული  უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. თითოეული ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს მყიდველი,ორგანიზტორი და მეაუქციონე. 4.9. აუქციონში გამარჯვებულმა, საჯარო ვაჭრობის დამთავრებიდან ათი წუთის განმავლობაში უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს „მონაწილის ბილეთი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. 4.10. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ერთმევა აუქციონში შემდგომი მონაწილეობის უფლება. ასეთ შემთხვევაში ამ საწარმოს აქციათა პაკეტზე განახლდება საჯარო ვაჭრობა. 4.11. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეებმა არ ისურვეს ობიექტის ყიდვა, მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი. 4.12. ყველა სადავო საკითხი და გაურკვევლობა გადაწყდება კომისიის მიერ, აუქციონის მიმდინარეობის დროს. აუქციონის დამთავრების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ განიხილება. 5. აუქციონის შედეგები 5.1. მყიდველსა და აუქციონის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ოქმები და აუქციონის შედეგების სრული დოკუმენტაცია გადაეცემა გამყიდველს დასამტკიცებლად. 5.2. დამტკიცებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუქციონის შედეგები ორგანიზატორმა უნდა გამოაქვეყნოს პრესაში. გამოქვეყნებულ შედეგებში მოკლედ უნდა იყოს ასახული მონაცემები მყიდველის შესახებ, ნაყიდი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი და სხვა ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შეხედულებისამებრ. 5.7. აუქციონის შედეგები ბათილად ითვლება, თუ: – ქონების გაყიდვაზე არ იყო გამყიდველის თანხმობა; – უხეშად დაირღვა აუქციონის ჩატარების წესი; – მყიდველმა უარი განაცხადა ნაყიდი ღირებულების განაღდებაზე; – ქონება იყიდა სუბიექტმა, რომელსაც არ გააჩნია ამის უფლება; – ყიდვის დროს გამოყენებული იქნა გადახდის უკანონო საშუალებანი; – გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდნენ ქონების ფასის ხელოვნურად შემცირებაზე; – მყიდველმა ისარგებლა უკანონო შეღავათებით და მიეცა არაკანონიერი უპირატესობა სხვა მყიდველებთან შედარებით; – დარღვეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნები; აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; დავა შედეგების ბათილად ცნობის შესახებ განიხილება სასამართლო წესით.                                            6. ანგარიშსწორების წესი             6.1. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერის მომენტიდან სამი დღის ვადაში მყიდველმა, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეიტანოს საპრივატიზაციო ბარათების ის რაოდენობა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში, როცა მყიდველის მიერ გადახდილია ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა ხანგრძლივდება კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან აღნიშნულ ვადებში არ შეიტანს საპრივატიზაციო ბარათების საჭირო რაოდენობას, მას ჩამოერთმევა საკუთრების უფლება შეძენილ ობიექტზე, ბე არ დაუბრუნდება და იგი დაჯარიმდება საბოლოო გასაყიდი ფასის ხუთი პროცენტის ოდენობით. 6.2. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 6.3. აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს, ორგანიზატორის შეტყობინების საფუძველზე, ბე უბრუნდება 10 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე საბანკო დაწესებულებაში ბეს შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ. 6.4. საბანკო დაწესებულება მყიდველთა მიერ შეტანილ ბეს ფარავს ან აბრუნებს აუქციონის ორგანიზატორის დავალების საფუძველზე. 7. აუქციონზე გაყიდვიდან ამონაგების განაწილება 7.1. აუქციონზე სახელმწიფო ქონების მყიდველისაგან შემოსული საპრივატიზაციო ბარათებისა და ბილეთების რეალიზაციით მიღებული სახსრებიდან იქმნება აუქციონის ამონაგები. 7.2. აუქციონის ორგანიზაციისა და ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება ბილეთების რეალიზაციით მიღებული სახსრებიდან და ირიცხება ორგანიზატორის ანგარიშზე. 7.3. გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი სახელმწიფო ქონების საფასურის საპრივატიზაციო ბარათებით სრულად გადახდის შემდეგ, საბანკო დაწესებულება, გამყიდველის დავალების საფუძველზე, საგადამხდელო საშუალებად მიღებულ საპრივატიზაციო ბარათებს, დადგენილი წესის შესაბამისად ფარავს და აგზავნის ეროვნულ ბანკში. 8. საკუთრების უფლებების გადასვლა მყიდველზე 8.1. აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის ერთი პირი გადაეცემა გამარჯვებულ მონაწილეს, წარმოადგენს დროებით მოწმობას, რაც ამტკიცებს მის საკუთრების უფლებას გაყიდულ აქციათა პაკეტზე. 8.2. გამარჯვებული მონაწილის მიერ, ნაყიდი სახელმწიფო ქონების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, გამყიდველი შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე.