აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2019
ძალაში შესვლა 11.10.2019
ძალის დაკარგვა 01.02.2026
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 13.01.2014
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №22
2019 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №5 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამინისტრო ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. № 15ა.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და დარგობრივი ეკონომიკის სფეროების განვითარების ხელშეწყობა.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;
ე) ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;
ზ) სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;
ი)აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
კ)აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ხელშეწყობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;
ლ) მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული საქმიანობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვისა და ცხოველთა დაავადებასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მონაკვეთის გეოეკოლოგიური მონიტორინგი, გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მინერალური რესურსების უკანონო მოპოვების მონიტორინგი;
ნ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ხელშეწყობა;
ო) ინფრასტრუქტურული, ეკონომიკის დარგების განვითარებისადმი მიმართული პროექტების და პროგრამების ხელშეწყობა;
პ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).
2. სამინისტროს სისტემაში შეიძლება იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც გახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტროს მართვაში შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტები (შემდგომში – სამინისტროს მართვაში შემავალი სუბიექტები), რომელთა შექმნა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;
ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.
3. ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;
ბ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
გ) სტატისტიკის სამმართველო.
4. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტი.
5. იურიდიული დეპარტამენტი.
6. აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახური.
7. სახაზინო სამსახური.
8. საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
9. შიდა აუდიტის სამსახური.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
სამინისტროს გამგებლობაშია საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) აფხაზეთის გეოლოგიიის და მინერალური რესურსების სააგენტო;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნესინკუბატორი“;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი;
დ) გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო.
მუხლი 7🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობაზე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. დასანიშნად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;
ე) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ზ) აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
თ) მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომების მუშაობაში;
ი) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;
ლ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს;
მ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
7. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) საჯარო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
გ) ადამიანური რესურსების მართვა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) საქმისწარმოების ორგანიზება;
ზ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება.
მუხლი 10🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტი
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
ე) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება, დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება.
მუხლი 11🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი, ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ -სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და აღნიშნულ პროცესში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჩართულობის შესწავლა და ანალიზი;
გ) საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;
დ) სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ასევე, აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
ე) ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასმთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში ჩართულობა და დევნილ მეწარმეთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში სხვადასხვა ბიზნეს პროექტების განხორციელებაში და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ინიციირებულ ბიზნესწინადადებებისა და პროექტების შემუშავებაში საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა და პოტენციური ინვესტორების მოძიებაში ხელშეწყობა;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება.
მუხლი 12🔗. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტი
ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო უძრავი ქონების ნუსხის სისტემატურად განახლება;
ბ) სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა/სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მოქმედი კანონონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება და ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საწარმოების ქონების უფლებრივად დატვირთვის, მათ მიერ სხვა საწარმოს აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემისა და რეალიზების შესახებ საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება და საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხილვა.
მუხლი 13🔗. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
დ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) სამინისტროს მონაწილეობით განხილულ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისათვის.
მუხლი 14🔗. აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახური
აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის ამოცანებია:
ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ეკონომიკური აქტივობების მხადაჭერის მიზნით აგრარულ, გარემოსდაცვით და დარგობრივ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ბ)აგრარულ, გარემოსდაცვითი და დარგობრივი ეკონომიკის მიმართულებებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პროექტების ინიციირება და მათი დაფინანსების წყაროების მოძიება;
გ) შემუშავებული პროგრამებისა და ინიციირებული პროექტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ;
დ)აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ, გარემოსდაცვითი და დარგობრივი მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება;
ე) პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგი, მიღწეული შედეგების ანალიზი და ახალი ინიციატივების მომზადება;
ვ) შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
მუხლი 15🔗. სახაზინო სამსახური
სახაზინო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;
ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გადასახდელების გაცემის შეზღუდვა;
ე) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, სახაზინო ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;
ზ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;
თ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსების შეჩერება;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება.
მუხლი 16🔗. საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური
საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე)სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.
მუხლი 17🔗. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ)სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულება
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.