საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/431
|
|
2019 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს. პროექტით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალ 50.4 კმ სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, რომელიც იწყება სოფელ ძირულაში E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების ადგილიდან და მთავრდება იმავე ავტომაგისტრალის მიერთებასთან ჩუმათელეთში. იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რიგ დასახლებებთან დაკავშირების შესაძლებლობა და აღნიშნული საავტომობილო გზა გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის პარალელურ ალტერნატიულ მარშრუტად.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოექცა იური გოგნაძის (პ/ნ 57001010939) და მადონა ბანცაძის (პ/ნ 01007004891) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დასახელებულ პირებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობას (რეაბილიტაციას).
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ:
1. N36.19.33.195 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (3500 კვ.მ ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა იური გოგნაძე (პ/ნ 57001010939);
2. N36.19.33.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (3000 კვ.მ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მადონა ბანცაძე (პ/ნ 01007004891).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა: იური გოგნაძის საკუთრებაში არსებული 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან – 675 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მადონა ბანცაძის საკუთრებაში არსებული 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან – 260 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევევში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის“.
ვინაიდან, ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 იური გოგნაძის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე N36.19.33.195 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 3500 კვ.მ) 675 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე);
1.2 მადონა ბანცაძის საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე N36.19.33.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 3000 კვ.მ) 260 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).