სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2826-2008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2826-2008

 განჩინენა

 საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის  17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

   

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიმართ. საზოგადოების მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.

2019 წლის 12 აგვისტოს ფოსტის განყოფილებიდან სასამართლოში შემოვიდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის, უჩა უჩანეიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ, შემცირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მე-4 რიგის მოთხოვნის მოცულობა, განსახილველია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნა; დასაზუსტებელია სს „თელასის“ მოთხოვნა; კრედიტორთა რეესტრში მითითებული ზოგიერთი იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ხოლო ზოგის მიმართ განხორციელდა რეორგანიზაცია; ზოგი კრედიტორი შეიცვალა უფლებამონაცვლით; ზოგიერთი მოთხოვნა ასახულია უცხოურ ვალუტაში; დასაზუსტებელია ზოგიერთი კრედიტორის რიგითობა; რეესტრში ასახულია კრედიტორული მოთხოვნები, რომლებიც კანონში განხორციელებული ცვლილებისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად უკვე შესრულებულია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების შეტანას.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კრედიტორთა კრება კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა :

1. მოწვეული იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 26 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.