„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
მიღების თარიღი 20.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5003-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016542
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5003-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:
ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, პენიტენციურ სისტემაში გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით;
პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება;
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
მისასალმებელია პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად ფასდება დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა, დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგიის შემუშავება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად ფასდება აგრეთვე 2017 წელს შედარებით დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების 2018 წელს უფრო მაღალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება;
დაიხურა თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო პენიტენციური დაწესებულებები და იქ მყოფი პატიმრები სხვა, განახლებულ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილი;
2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა უმრავლესობა უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევითა და ტრანსპორტირებით;
დადებითად ფასდება 2018 წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგინსტრუმენტის შემუშავება;
2018 წელს 2017 წელთან შედარებით შემცირებულია პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა;
2018 წელს 2017 წელთან შედარებით შემცირებულია აგრეთვე ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირებს დაზიანებები აღენიშნებოდათ;
მისასალმებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კარგი შედეგები;
მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემების განახლება მათი ტექნიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;
პატრულ-ინსპექტორები აღიჭურვნენ გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს უფრო ხანგრძლივი სამუშაო და ჩაწერის რეჟიმები, აგრეთვე იძლევა ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას;
გაუმჯობესდა დაკავებული პირის ოჯახის წევრისთვის მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დინამიკა;
მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აანალიზებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − „112“-ში შესულ შეტყობინებებს შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტის შესახებ;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ხაზით მომუშავე თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგო;
დადებითად ფასდება ფარმაცევტული საქმიანობის, მასზე ზედამხედველობის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად ფასდება აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გაზრდა და ამ კუთხით ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია;
მისასალმებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დადებითად ფასდება სახელმწიფოს ძალისხმევა ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული ფაქტების რაოდენობის კლების დინამიკა;
მისასალმებელია წინსვლა დედათა ჯანმრთელობის კუთხით;
საარსებო შემწეობის მარეგულირებელ აქტებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ბენეფიციარებს დასაქმების შემთხვევაში საარსებო შემწეობა გარკვეული ვადით შეუნარჩუნდებათ;
მისასალმებელია სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება;
მიღებულ იქნა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2019 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მოსამართლეს აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების ან არასათანადო მოპყრობის განხორციელების ეჭვის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ თავად ბრალდებული/მსჯავრდებული განუცხადებს სასამართლოს, რეაგირებისთვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართოს;
დადებითად ფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა;
დადებითად ფასდება აგრეთვე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად დამატებით გარანტიებს ქმნის;
განისაზღვრა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი;
მისასალმებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ დამტკიცება;
მისასალმებელია აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების, აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის, შენობების სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიისა და ინკლუზიური მიდგომების დანერგვა და მათი განხორციელების კონტროლი;
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ბენეფიციარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება დაცულია.
ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე.
საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელება;
ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროულად გამოყოფა;
გ) უსინათლო და მცირემხედველი პირები უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული ფორმით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობით;
დ) გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაცია გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გამართვის მიზნით;
ე) გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად;
ვ) მუნიციპალიტეტებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით დაამტკიცოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა;
ზ) შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი იმგვარად, როგორც ეს განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში;
თ) გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობა და მის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
ი) უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების/ობიექტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტატისტიკის წარმოება;
კ) მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას გაითვალისწინოს ნებისმიერი სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები;
ლ) მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებების მიღებისას კონსულტაციების პროცესში მაქსიმალურად ჩართოს შესაბამისი სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
მ) დაბერების საკითხზე სამოქმედო დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების შესაბამის ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნას ქმედითი საკოორდინაციო მექანიზმი;
ნ) ყურადღება მიაქციოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის გაზრდისა და გაუმჯობესების საკითხს კადრების მოზიდვის, მომზადებისა და გადამზადების გზით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს შეტყობინება არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ;
ბ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებითაც განისაზღვრება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები;
გ) დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განსაზღვროს 24 საათი; დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახში შექმნას უსაფრთხო გარემო; განსაზღვროს, რომ დეესკალაციის ოთახში ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელებისას ჩაწერილი მასალა არანაკლებ 1 თვის ვადით არქივდებოდეს;
დ) გაზარდოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა;
ე) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისას და უშუალოდ რისკის შეფასების პროცესის დაწყებისას მსჯავრდებულისთვის რისკის შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
ვ) განსაზღვროს მსჯავრდებულის უფლება, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება მისი რისკი;
ზ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ ზედამხედველობა გაუწიოს, გააკონტროლოს და უზრუნველყოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების მოტივით მსჯავრდებულის ერთი ტიპის პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში 20 დღის ვადაში უნდა გადაფასდეს მსჯავრდებულის რისკი და იგი რისკის შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი;
თ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ ზედამხედველობა გაუწიოს, გააკონტროლოს და უზრუნველყოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს, რომ ვადაზე ადრე მსჯავრდებულის რისკის გადაფასების მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა დეტალურად მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც იქნა მოთხოვნილი მსჯავრდებულის რისკის ცვლილება;
ი) მიიღოს ყველა ზომა, რათა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზარდოს მათი რაოდენობის სხვა დაწესებულებებში შემცირების ხარჯზე;
კ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამების უფრო მეტი პატიმრისთვის განხორციელება;
ლ) პენიტენციურ დაწესებულებებში გაზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
მ) უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის, მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ნ) გააფართოოს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
ო) დაიწყოს მუშაობა პატიმართა დასაქმების წახალისების მექანიზმის შემოსაღებად, რომლის მეშვეობითაც პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს მოსახდელი სასჯელის ვადა ნამუშევარი დღეების შესაბამისად შეუმცირდება;
პ) გადადგას ნაბიჯები №15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად და ამ პროცესში უფრო მეტად გაითვალისწინოს პატიმრის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი;
ჟ) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები;
რ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრებისთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად №2, №5, №8, №14, №15, №17, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, №3, №8 და №14 დაწესებულებებში − სათანადო განათება, №2, №3, №5, №6, №8, №9, №14, №15 და №17 დაწესებულებებში − შესაბამისი ვენტილაცია;
ს) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციური დაწესებულებების პირველადი ჯანმრთელობის დაცვის პუნქტების საჭირო რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვისთვის;
ტ) მიიღოს ყველა ზომა, რათა ამბულატორიული პაციენტის (პატიმრის) სამედიცინო ბარათის შევსებისას დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად ყოველი წლის ბოლოს დაიწეროს შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი, რომელშიც მოკლედ აისახება გასული წლის განმავლობაში აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა, ჩატარებული კონსულტაციები, განხორციელებული რეფერალი, ჩატარებული გამოკვლევები, დასმული დიაგნოზები, ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგები;
უ) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები დაავადებების სკრინინგის ჩასატარებლად;
ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებთან რეგულარული შეხვედრებით და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით უზრუნველყოფილ იქნეს პატიმართათვის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, პრევენციული ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ქ) ეტაპობრივად მიიღოს ყველა ზომა №2, №3, №6, №7, №8, №9, №12, №14, №15, №17, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნების მინის ბარიერის გარეშე განსახორციელებლად;
ღ) მიიღოს ყველა ზომა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ტელეფონის ისეთ ადგილას მოსათავსებლად, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება, სატელეფონო ზარი დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე განახორციელოს;
ყ) პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტაროს პროფესიული გადაწვის ტრენინგი;
შ) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად;
ჩ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომელს მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა;
ც) პენიტენციური დაწესებულებების სხვა თანამშრომელთა მსგავსად, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოს კანცელარიის თანამშრომლები, იურისტები და ბუღალტრები;
ძ) მიიღოს ყველა ზომა, რათა ყველა პენიტენციური დაწესებულების პერსონალი უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში სათანადო კვებით, აგრეთვე მისთვის დაწესებულებაში გამოიყოს სასადილო ოთახი;
წ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანით მოხსნას ან გაზარდოს პატიმრისთვის ოფიციალური დოკუმენტების შენახვაზე დაწესებული ფურცლების ლიმიტი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით;
ჭ) დაგეგმოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ბავშვთა ინტერესებისა და საჭიროებებისთვის მორგებული პროფესიული და სხვა საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება, რაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს, სასურველ პროფესიას დაეუფლონ, აგრეთვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიან წარმართვას;
ხ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ხოლო დამატებითი კონსულტაციების საჭიროების შემთხვევაში დისკუსია ყველა უწყებისა და დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით წარმართოს.
3. საქართველოს პროკურატურამ:
ა) თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად გამოძიება ეფექტიანად, ზედმიწევნით, დროულად და გამჭვირვალედ აწარმოოს;
ბ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიების დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ;
გ) განაგრძოს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩაატაროს ინფორმაციის მოსაძიებლად/გადასამოწმებლად საჭირო ყველა საგამოძიებო მოქმედება, გააანალიზოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი ვერსიები;
დ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში წარმოადგინოს მოსაზრება სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის შესახებ;
ე) სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ;
ვ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, საგამოძიებო მოქმედებები ზედმიწევნით და დროულად ჩაატაროს და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში დაზარალებულთა მონაწილეობა, ამასთანავე, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყოველწლიურად ასახოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში;
თ) ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
ი) ახალი, მნიშვნელოვანი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას პერიოდულად აცნობოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებაში პროგრესის შესახებ;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ;
ლ) გააძლიეროს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტების შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად, კერძოდ, უზრუნველყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზება;
მ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მოიძიოს და გაითვალისწინოს ძალადობის წინარე ისტორიის ამსახველი მასალები;
ნ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ;
ო) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველების მიერ მუსლიმთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და 2018-2019 წლების განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები;
პ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
ჟ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
რ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადების დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ;
ს) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
ტ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ;
უ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
ფ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში პირთა გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შესახებ;
ქ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩინარებულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
ღ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეისწავლოს, დაცულია თუ არა დაკავებული პირის უფლება, დაუკავშირდეს ოჯახის წევრს/ახლობელს/ადვოკატს და მას დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს; შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამ უფლების რეალიზების შემოწმება; აღნიშნული შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
ბ) განაგრძოს პოლიციელთა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა და, საპატრულო პოლიციის მსგავსად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები ეტაპობრივად აღჭურვოს გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების სამხრე კამერებით;
გ) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, და ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი/ინსტრუქცია პოლიციელის მიერ დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ;
ე) უზრუნველყოს პოლიციის შენობების კედლებზე თვალსაჩინო ადგილას იმ პოსტერების გაკვრა, რომლებიც შეიცავს დაკავებული პირის უფლებების შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის საკონტაქტო მონაცემებს;
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შეიმუშაოს დეტალური სახელმძღვანელო ინსტრუქცია ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ;
ზ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის შეიმუშაოს ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება ის პროცედურები, რომლებიც ხარისხიანი ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს;
თ) შეიმუშაოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი;
ი) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;
კ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პოლიციის მიერ პრევენციული ფუნქციების შესრულების ფარგლებში მოსახლეობაში ჩაატაროს პრევენციული საინფორმაციო კამპანია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
ლ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებში;
მ) დაადგინოს ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა, და დაზარალებულთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები ძალადობის მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაციისგან დასაცავად;
ნ) უზრუნველყოს შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსების შესაძლებლობა;
ო) სპონტანური ან წინასწარ დაგეგმილი აქციის/კონტრაქციის ჩატარების შემთხვევაში დროულად და სათანადოდ შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და, მეორე მხრივ, ძალადობრივი და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად;
პ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, შემთხვევების შესახებ უნიფიცირებული, დეტალური სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების ყოველწლიურად გამოქვეყნება;
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთათვის შეიმუშაოს სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის სპეციფიკურ საკითხზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე, უზრუნველყოს აღნიშნული მოდულის სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება;
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე დროული რეაგირება და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგი;
ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს განყოფილებებში უზრუნველყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს კვებითა და ტრანსპორტირებით;
უ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებებში პირადი შემადგენლობა თანაბრად გაანაწილოს, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა თანაბრად შეძლონ დასვენების დროით სარგებლობა;
ფ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
ქ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენების აღმოსაფხვრელად; ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაავალოს, სისტემატურად გააკონტროლოს არსებული მდგომარეობა;
ღ) გადახედოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის იდენტიფიცირების ჯგუფის საქმიანობას ხარვეზების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად;
ყ) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
შ) დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი, რაც ოჯახში ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარვეზებსა და საჭიროებებს გამოკვეთს.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის ძალების საცხოვრებელი ყაზარმებისა და სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტის საჭიროებების შეფასება მისი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; შეიმუშაოს თავშესაფრის შექმნის გეგმა მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით;
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოს ამ სისტემის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასება;
გ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის რეგულარულად, სისტემურად და პროაქტიულად განხორციელება, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;
დ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი სისტემა და პროცედურა;
ე) დანერგოს ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურა;
ვ) ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებისგან მომდინარე საფრთხის (რისკების) წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის განხორციელების, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და მათ საპასუხოდ მიღებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისთვის ფიზიკური შეზღუდვის მარეგულირებელი გარემოს დახვეწა/გაუმჯობესება ევროკავშირის ანალოგიურ მარეგულირებელ გარემოსთან შესაბამისობის მიზნით;
თ) უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად ქალის დაორსულების შემთხვევაში მის დასაფინანსებლად და ორსულობის შესაწყვეტად საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება;
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ოჯახის დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული საშუალებით;
კ) შეცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და თანამდევი გასაცემლის მიღების წესი ამ წესით ორივე მშობლის მიერ თანაბრად სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
ლ) დანერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს ისინი სოციალური შეღავათების სისტემაში; შექმნას და გააანალიზოს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია;
მ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას სოციალური დახმარების პროგრამა თავშესაფრის დატოვების შემდეგ მათთვის სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისთვის;
ნ) შეიმუშაოს ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომა და უზრუნველყოს მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მის საბაზისო ნაწილში ინტეგრირება;
ო) უზრუნველყოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაბუთების სტანდარტებთან შესაბამისობა;
პ) შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის, მათ მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების/განხილვის და მათი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები;
ჟ) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ექთნების მომზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ საექთნო განათლების სტიმულირებას;
რ) სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს ღონისძიებები სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში“ არსებული ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ს) უზრუნველყოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოვლენა, მათთვის ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით თავიდან აიცილოს ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება მათი სიღარიბის საფუძვლით;
ტ) უზრუნველყოს, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, გაწეულ იქნეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შეიმუშაოს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც განისაზღვრება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე თითოეული იდენტიფიცირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები გააძლიეროს ადამიანური რესურსით (მათ შორის, გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა), აგრეთვე ტექნიკური და ფინანსური რესურსებით;
ფ) გააუმჯობესოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის მექანიზმი მათი უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროებების გამოვლენის მიზნით;
ქ) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან მომუშავე პირები სისტემატურად გადაამზადოს ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების, აგრეთვე რთული ქცევის მართვის საკითხებში;
ღ) უზრუნველყოს, რომ სოციალური მუშაკი მუდმივად უწევდეს ზედამხედველობას სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით არსებულ გამოწვევებს და პროაქტიულად მოიძიებდეს თემში არსებულ ყველა სერვისს ბავშვთა ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით;
ყ) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების მქონე, რთული ქცევის ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის ინიციირება;
შ) აქტიურად გაუწიოს ზედამხედველობა რელიგიურ პანსიონებში მყოფ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ჩ) აქტიურად გააგრძელოს მუშაობა რელიგიური პანსიონების ლიცენზირების საკითხზე; შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია ლიცენზირების სავალდებულო ხასიათისა და ლიცენზირების მოთხოვნების დაკმაყოფილების კრიტერიუმების შესახებ;
ც) დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე რეაგირების, შეფასების პროცესის, ინსტრუმენტისა და კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად;
ძ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობისას საწყის ეტაპზე ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი;
წ) უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელი და დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაცემთა ბაზის სრულყოფა; სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმების, აგრეთვე დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების სტატისტიკური მაჩვენებლები;
ჭ) დაასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის ერთიანი კონცეფციისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით;
ხ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმების წახალისებისა და დამსაქმებელთა და საზოგადოების სხვა წევრების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება;
ჯ) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების კომპონენტების გაძლიერება და ხარისხის ამაღლება;
ჰ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების სოციალურ მუშაკთა სწავლება/გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის სპეციფიკურ საკითხზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე;
ჰ1) დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი; შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია;
ჰ2) უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის უმოკლეს ვადაში შემუშავება და ამ სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა, მათ შორის, თავშესაფრების, დღის ცენტრებისა და თანამედროვე, თემზე დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობით;
ჰ3) უზრუნველყოს სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდით;
ჰ4) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება, მათ შორის, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ჰ5) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა;
ჰ6) მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების (ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები, სოციალური მუშაკები) რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად, ამასთანავე, შეიმუშაოს აღნიშნული ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია;
ჰ7) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის (30%) გადამზადება;
ჰ8) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლება;
ჰ9) გადადგას ნაბიჯები პირთა მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროულად და ეფექტიანად გამოსავლენად და ამ პირთა სათანადო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისებით უზრუნველსაყოფად;
ჰ10) უზრუნველყოს როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების (მათ შორის, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა) და იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართვის დეტალური წესისა და პროცედურის განსაზღვრა ერთგვაროვანი, ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად;
ჰ11) ის პაციენტები, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ მხარდამჭერები, უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით;
ჰ12) უზრუნველყოს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტ ქალთა ჯანმრთელობის დაცვა მათთვის ინფორმაციის გასაგები ფორმით მიწოდებით, აგრეთვე შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომსახურების დროულად და ეფექტიანად გაწევით;
ჰ13) უზრუნველყოს ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების სტანდარტების დროულად დამტკიცება და ამ სტანდარტების შესაბამისად ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
ჰ14) უზრუნველყოს გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების სტრატეგიის დროულად შემუშავება ფართო საზოგადოების მონაწილეობით;
ჰ15) შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შეაფასოს ხანდაზმულთა დასაქმების შესაძლებლობები; დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაში გაითვალისწინოს ხანდაზმულთა სპეციალური საჭიროებები;
ჰ16) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სპეციფიკური პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული საჭიროებების შესწავლა და შესაბამის პროგრამებში გათვალისწინება;
ჰ17) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან; უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის მეტი მხარდაჭერა;
ჰ18) უზრუნველყოს ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად გასაწევად;
ჰ19) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და გამოსყიდული 826 ბინა 2019 წელს სრულად გაანაწილოს დევნილებზე;
ჰ20) გააგრძელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შესყიდვისთვის დაგეგმილი პროცედურები და განახორციელოს შესაბამისი სულადობის ოჯახების განსახლება;
ჰ21) გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებით მძიმე საცხოვრებელი პირობებისთვის გათვალისწინებული ქულა დევნილ ოჯახს მიანიჭოს წინასწარი შეფასების ეტაპზე, შესაბამისი მტკიცებულებების (მაგალითად, ფოტოსურათების) წარდგენის შემთხვევაში;
ჰ22) მომეტებული საფრთხის პირობებში მცხოვრებ ეკომიგრანტთა ოჯახების რაოდენობა გაითვალისწინოს ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 30% მოახმაროს ამგვარი ოჯახების განსახლებას;
ჰ23) დაასრულოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი;
ჰ24) უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, აგრეთვე ბენეფიციარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ჰ25) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა;
ჰ26) უზრუნველყოს თავშესაფრების ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინაცია ბენეფიციართა ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;
ჰ27) დახვეწოს თავშესაფრების ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისთვის და უზრუნველყოს შენობების სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად ადაპტირება;
ჰ28) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების შესწავლისა და პროფესიული განვითარების საბჭოსთვის განსახილველად მიწოდების გონივრული ვადები, აგრეთვე შეიმუშაოს სხვა პროცედურული საკითხების მომწესრიგებელი ნორმები;
ჰ29) გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და განახორციელოს გეგმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ელექტრონულ რესურსებზე პროფესიული განვითარების საბჭოს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად;
ჰ30) ხარისხიანი მედიკამენტების დაუბრკოლებლად შესყიდვის მიზნით იმ ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის, რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და რომლის წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, დაამტკიცოს მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი და განსაზღვროს, რომ ასეთ დაწესებულებას შეუძლია მედიკამენტების გამარტივებული წესით შესყიდვა;
ჰ31) საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით;
ჰ32) შეიმუშაოს პროფილური ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების შეფერხებას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას;
ჰ33) გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია;
ჰ34) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და შეაფასოს საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებები, განსაზღვროს შესაბამის უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკა (რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით) და ზედამხედველობა გაუწიოს მისი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
ჰ35) გააძლიეროს უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან ბავშვთა სათანადო დაცვა;
ჰ36) სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ ბენეფიციართათვის დაიწყოს მხარდაჭერის ქვეპროგრამის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას;
ჰ37) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
ჰ38) დროულად შეიმუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის კონცეფცია;
ჰ39) შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რომელშიც მითითებული იქნება კონკრეტული ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები, განხორციელებისთვის პასუხისმგებელი უწყებები, დაფინანსების კომპონენტი და შედეგების განსაზღვრის ინდიკატორები;
ჰ40) ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის არსებული სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოების, დაფინანსების გაზრდისა და ეფექტიანი მონიტორინგის გზით;
ჰ41) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის კომპონენტებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის სათანადო სერვისის მიწოდება;
ჰ42) უზრუნველყოს ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
ჰ43) გაზარდოს ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების მომსახურებების ქვეპროგრამების ხელმისაწვდომობა;
ჰ44) დაამტკიცოს საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა საზოგადოების, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა, ფართო ჩართულობით;
ჰ45) საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალ სამოქმედო გეგმაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაითვალისწინოს „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ყველა საქმიანობა, რომლებიც პასუხისმგებელმა უწყებებმა დადგენილ ვადებში არ განახორციელეს; თითოეული ასეთი საქმიანობისთვის განსაზღვროს დაფინანსების წყარო და განხორციელების ინდიკატორი;
ჰ46) უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების, მათ შორის, შინ მოვლისა და დღის ცენტრების მომსახურებების, განვითარება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსების გამოყოფით;
ჰ47) გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი.
7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და შეფასების დოკუმენტის შექმნა;
ბ) გაამკაცროს რეფერირების შესახებ დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტების კონტროლი;
გ) უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ კომპლექსური განათლების ფორმალური განათლებისა და არაფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრირება;
დ) გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ე) უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციის საჯარო სკოლის დირექტორისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებში გათვალისწინება;
ვ) ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების) შესახებ საბაზისო ცოდნის მოთხოვნა ასახოს ზოგადი განათლების საფეხურის ყოველი საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებლისთვის განსაზღვრულ სტანდარტში;
ზ) შეიმუშაოს წესი, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პირობები, წესები, ვადა და კრიტერიუმები;
თ) სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიმუშაოს სახელმძღვანელო „სახელმწიფო და სამართალი“ და შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა;
ი) აქტიურად განახორციელოს ღონისძიებები სკოლებში სახელმძღვანელოს „სახელმწიფო და სამართალი“ პოპულარიზაციისთვის;
კ) უზრუნველყოს სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების დროულად შეყვანა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით − სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის კონტროლი;
ლ) სასწავლო პროგრამებში შეიტანოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სწავლების საკითხები;
მ) განსაზღვროს მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლის მიერ რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი;
ნ) საჯარო სკოლებს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევაში მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის მიზნით არსებული რეაგირების მექანიზმისა და მათი ვალდებულებების შესახებ; აღნიშნულ პროცესს მუდმივად უწევდეს ზედამხედველობას;
ო) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და არსებული ცენტრების შესაძლებლობები;
პ) გადახედოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის ზოგად წესს და უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა თითოეული არასრულწლოვანი დროულად ჩაირიცხოს საჯარო სკოლაში; ამასთანავე, როდესაც არსებობს ვარაუდი და ინფორმაცია არასრულწლოვნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ, დროულად უზრუნველყოს შესაბამისი შეფასება, მისთვის სათანადო სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სპეციალური პედაგოგის შტატის დამატება;
ჟ) გაზარდოს დაფინანსება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
რ) მასწავლებლებისთვის უზრუნველყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების თაობაზე სატრენინგო მოდულები, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასთან, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
ს) უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება;
ტ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, აგრეთვე შესწავლის შედეგების საფუძველზე მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიოს იმას, რომ სკოლებმა:
უ.ა) შეიმუშაონ ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა;
უ.ბ) უზრუნველყონ საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავება;
უ.გ) უზრუნველყონ ინდივიდუალური ასისტენტის (ასისტენტების) შტატში აყვანა, თუ სკოლაში სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეები, რომლებსაც გადაადგილების დროს დახმარება სჭირდებათ, განვითარებული არ აქვთ თვითმომსახურების ჩვევები ან აქვთ სირთულეები ქცევის მართვაში;
უ.დ) უზრუნველყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეთათვის სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა მათი საჭიროებების შესაბამისად;
უ.ე) უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის შექმნა მშობლების მონაწილეობით, ისეთი შემადგენლობით, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს, და მონიტორინგის პერიოდულად განხორციელება;
უ.ვ) შეიმუშაონ ძალადობისგან მოსწავლეთა დაცვის შიდა ინსტრუქცია;
ფ) ხელი შეუწყოს მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების ეფექტიანობის გაზრდას შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავების, აგრეთვე მასწავლებლების მოზიდვისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
ქ) გააგრძელოს მუშაობა სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის და მათი გრიფირების პროცედურის განსახორციელებლად;
ღ) განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მათ შორის, ე. წ. „ახალი სკოლის მოდელში“, გაითვალისწინოს ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა;
ყ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გააძლიეროს სახელმწიფო ენის სწავლება, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლების მოზიდვის, მათთვის სათანადო ანაზღაურების მიცემის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით;
შ) გააძლიეროს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლება, კერძოდ, ყურადღება დაუთმოს შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავებასა და გამოცემას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ინტეგრირებას;
ჩ) გადადგას ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის;
ც) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბოშა ბავშვების განათლების უფლების რეალიზების ხელშესაწყობად; მონიტორინგი გაუწიოს მათ მიერ სკოლის მიტოვების მიზეზებს და ხელი შეუწყოს მათ განათლების სისტემაში ინტეგრირებას;
ძ) განახორციელოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე მასწავლებლების სისტემური გადამზადების პროგრამები, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ;
წ) საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დანერგოს ქართული ენის სწავლება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები;
ჭ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის შეიმუშაოს სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რათა მათ შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლონ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება;
ხ) შეიმუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროცესის ხელშეწყობის და ინვენტარით უზრუნველყოფის ახალი პროგრამები ან გააფართოოს არსებული ინიციატივები და ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს მოარგოს, რათა ნაწილობრივ მაინც შეივსოს დანაკლისი და გამოსწორდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგადი განათლების ეტაპზე დაშვებული ხარვეზები;
ჯ) მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებლებში ასახოს ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ცოდნა და შესაბამისი ღირებულებები;
ჰ) უზრუნველყოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიციირება;
ჰ1) განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების ნებართვის გაცემის პროცესში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობის ვალდებულება;
ჰ2) უზრუნველყოს საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების განახლება; შეაფასოს წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობა და დაგეგმოს აღნიშნული ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები;
ჰ3) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) შეისწავლოს სახელმწიფოსთვის თითოეული ჰიდროელექტროსადგურის განხორციელებული, შეჩერებული და დაგეგმილი პროექტების ხარჯიანობა და სარგებლიანობა, ენერგეტიკული, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, და აღნიშნულ ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად დაგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები, ამასთანავე, კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის შედეგები გააცნოს ფართო საზოგადოებას;
ბ) ენერგორესურსების რაციონალური გამოყენებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და დაამტკიცოს კვალიფიციური და საზოგადოებისთვის სანდო, გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებითაც განისაზღვრება კონკრეტული ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული ამოცანების შესრულებას;
გ) გადადგას ნაბიჯები გაზის გაჟონვითა და არასრული წვით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
დ) ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესები შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების კუთხით;
ე) განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო;
ვ) განსაზღვროს ვალდებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინოს შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია, განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების სავალდებულო საექსპერტო შეფასება და დასკვნა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მესამე პირის საკუთრების უფლების შელახვის ალბათობა;
ზ) დაამტკიცოს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სტანდარტის „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) გააუმჯობესოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, გაზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განათავსოს, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვროს ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და დანერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა;
ბ) სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად დროულად მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოწესრიგდება ნაკელის მართვასთან და პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას საფუძვლიანად შეისწავლოს გარემოზე ზემოქმედების ასპექტები, პროექტის განხორციელების შედეგად მოქალაქეებისა და გარემოსთვის მოსალოდნელი ზიანის და პროექტის სარგებლიანობის თანაზომიერების საკითხები, ამასთანავე, ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები;
დ) გააუმჯობესოს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, გაზარდოს იმ ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა, რომლებიდანაც წლის განმავლობაში აიღება საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სინჯები და სრულყოფილად შეფასდება მათში ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილი.
10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააძლიეროს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაციის/კომპენსაციის სამუშაოების და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამების განხორციელება.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) 2020 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ვეტერანთა მიმართ გაზარდოს 6 000 ლარამდე, ხოლო მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ − 9 000 ლარამდე;
ბ) დანერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს ისინი სოციალური შეღავათების სისტემაში; შექმნას და გააანალიზოს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას სოციალური დახმარების პროგრამა თავშესაფრის დატოვების შემდეგ მათთვის სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი პერიოდისთვის;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების მქონე, რთული ქცევის ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის ინიციირება.
12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა:
ა) ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებზე ბოშების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას;
ბ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში განაგრძოს მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, ბოშების, მხარდაჭერა;
გ) გააგრძელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა პირთა უკანონო დაკავების ფაქტების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების გზებისა და საშუალებების მოძიების/შემუშავების მიზნით;
დ) გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამოქალაქო საზოგადოების) წარმომადგენლებთან კონსულტაციები მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით;
ე) გააძლიეროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (განსაკუთრებით − გალის რაიონში) სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშესაწყობად.
13. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა:
ა) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის დონეზე გენდერის მრჩევლების გადამზადება და მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის მუდმივად განხორციელება;
ბ) ჩაატარონ მუნიციპალიტეტის დონეზე ქალთა საჭიროებების კვლევა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
გ) დაგეგმონ და განახორციელონ მუნიციპალიტეტის დონეზე ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფით;
დ) სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღონ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად; იხელმძღვანელონ სარეკრეაციო ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო ინტერესებითა და მოქმედი სტანდარტებით;
ე) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყონ დაინტერესებული საზოგადოებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სათანადო და გასაგები ფორმით მიწოდება და გადაწყვეტილებების მიღებისას მისი ადრეულ ეტაპზე ჩართვა;
ვ) განსაზღვრონ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ზუსტი მაჩვენებელი, დაადგინონ ამ მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი და გამწვანებული საჯარო სივრცის სათანადო ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები;
ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ეტაპობრივად განაახლონ ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ავტობუსების/მიკროავტობუსების პარკი და გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე;
თ) დროულად განახორციელონ ღონისძიებები ბაგა-ბაღებში არსებული პირობების გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ი) უზრუნველყონ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და წყლის ხარისხის ამაღლება; გამოავლინონ ის საჯარო სკოლები, სადაც წყლის ხელმისაწვდომობა პრობლემურია და რთული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობაა; დაგეგმონ ამ სკოლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებები;
კ) უზრუნველყონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციის გაუმჯობესება სკოლამდელი ინკლუზიური განათლების დასანერგად;
ლ) კომპლექსურად შეისწავლონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებები და ასახონ ისინი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში;
მ) უზრუნველყონ ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი აღზრდის პროცესში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის ბაგა-ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად;
ნ) გააძლიერონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა საჭიროებებსა და სათანადო მიდგომის მეთოდებზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიონ იმას, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
პ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიონ იმას, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით − აღსაზრდელთა ძალადობისგან დაცვის მიზნით, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების დანერგვა და მათ აღსრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა;
რ) უზრუნველყონ შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალის გადამზადება სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე;
ს) ყოველწლიურად აწარმოონ მუნიციპალიტეტის დონეზე ფიზიკური გარემოს გაუმჯობესების სტატისტიკა;
ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და სათანადოდ ასახონ ისინი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში;
უ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;
ფ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და ეფექტიანი საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;
ქ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების) შესახებ ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციის მოთხოვნა;
ღ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და სხვა პერსონალის პროფესიული სტანდარტები, რომლებშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების) შესახებ ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციის მოთხოვნა;
ყ) ყურადღება მიაქციონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის გაზრდისა და გაუმჯობესების საკითხს კადრების მოზიდვის, მომზადებისა და გადამზადების გზით;
შ) ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რათა აღსაზრდელებს ადრეული პერიოდიდან მიეცეთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა;
ჩ) ხელი შეუწყონ საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების მოზიდვასა და ჩარიცხვას;
ც) უზრუნველყონ შინ მოვლის პროგრამის დროულად შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
14. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ:
ა) გააძლიეროს საარჩევნო უფლებების შესახებ საგანმანათლებლო კამპანია მოქალაქეთათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით;
ბ) ჯანსაღი საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად შეიმუშაოს და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზოს საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების ამსახველი დოკუმენტი სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და შესაბამისი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.
15. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის №3148-რს დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად.
16. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2020 წლის 1 მარტამდე.
17. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს.
18. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე
თბილისი,
20 სექტემბერი 2019 წ.
N5003-Iს