საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
2. წარდგენილ ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2019 წლის 19 სექტემბერი
№93-უ.ს.შ.ს.
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31 .ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში – 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში – 6 საათს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2019 წლის
№
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
კანონპროექტის მიღების მიზეზი: შრომის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უფლებათა ფართო სპექტრს მოიცავს. შრომის თავისუფლებაში იგულისხმება როგორც პროფესიისა და საქმიანობის სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება, ასევე შრომითი საქმიანობის თავისუფალი ხელმისაწვდომობა, შრომის სამართლიანი და ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლება, შრომის უსაფრთხო პირობებით სარგებლობის უფლება და თავისუფლება იძულებითი ან სავალდებულო შრომისგან.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. თუმცა შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას დასაქმებულისთვის, ვინაიდან შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა. კანონი მხოლოდ განსაზღვრავს, რომ კვირის განმავლობაში 40 საათის ზემოთ ნამუშევარი დრო მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, მაგრამ არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალურ ოდენობას. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობას აწესებს, ითვალისწინებს, რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დასაქმებული მუშაობდეს კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში. ასეთი სამუშაო კი თავისთავად უსაფრთხოდ არ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის და არ ჩაითვლება ჯანსაღ სამუშაო გარემოდ.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია შრომის ადეკვატური დასვენების დრო. 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რაც შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა თუ დასაქმებულს არ აქვს შრომის ადეკვატური დასვენების დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ოდენობა არის პრაქტიკულად შეუზღუდავი, ბუნებრივია ეს აქვეითებს ადამიანის კონცენტრაციას მუშაობის დროს, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაც ვერ შექმნის დასაქმებულის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის გარანტიას.
2003 წლის 4 ნოემბერს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიიღეს დირექტივა №2003/88/AC სამუშაო დროის დაგეგმვის ცალკეული ასპექტების შესახებ, რომელიც მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყონ დასაქმებულები შრომის ადექვატური დასვენების დროით. ამ დირექტივის თანახმად დასაქმებულის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჩათვლით არ უნდა აჭარბებდეს კვირის განმავლობაში 48 საათს (გარდა საზღვაო საქმიანობაში დასაქმებული პირებისა). ამასთან ნებისმიერი უწყვეტი 24 საათის განმავლობაში დასვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 11 საათი.
ცვლაში მუშაობის მსგავსი რეგულაცია შრომის კოდექსშიც არსებობს და ითვალისწინებს სამუშაო ცვლებს შორის 12-საათიან დასვენების დროს, თუმცა იმის გამო, რომ კვირის განმავლობაში სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური საათების ჩათვლით არ არის განსაზღვრული, ეს ნიშნავს რომ დასაქმებული შესაძლებელია მუშაობდეს კვირაში 84 საათს. ასეთი მუშაობა კი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობ ა:
აუცილებელია შრომის კოდექსში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც დაავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულთა ცვლიანობის განრიგი გაანაწილოს იმგვარად, რომ გაითვალისწინოს თითოეული დასაქმებულისთვის დასვენების ადეკვატური დრო. ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში – 6 საათს;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად დაბალანსდება დამსაქმებელისა და დასაქმებულის ინტერესები, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პირობების ასახვა, დასაქმებულის დაცვა, ურთიერთხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ სასიკეთოდ იმოქმედებს მათ ინტერესებზე. ასევე ასეთი რეგულაციის დაწესება უზრუნველყოფს შრომის ჯანსაღ გარემოს და ამავდროულად დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი, ერთი მხრივ, დასაქმებულის ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით, გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს, თუმცა, მეორე მხრივ, იგი არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, ცვლილებების არსი მდგომარეობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების დარეგულირებაში და მათი დაბალანსების შედეგად შესაბამისი პირობების შექმნაში, რაც საბოლოოდ ორივე მხარის მიზანს წარმოადგენს.
კანონპროექტით შრომის კოდექსის მე-17 მუხლს ემატება 31 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში – 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში – 6 საათს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) ;
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედების თარიღი არ უკავშირდება რაიმე ვალდებულებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი დაუკავშირდა გამოქვეყნებას;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ( თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ს );
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯებს 2019-2022 წლებისათვის;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით, ვინაიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით შესაძლოა შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადსაც.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე შემცირების მიმართულებით, ვინაიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით შესაძლოა შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და, შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითები თ ;
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც იმ პირებზე, რომლებიც ნაკლები დროის განმავლობაში იმუშავებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ვინაიდან ისინი მიიღებენ ნაკლებ შრომის ანაზღაურებას ნაკლები დროით ნამუშევარი ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, ასევე იმ კერძო სექტორის დამსაქმებლებზე, რომლებსაც მოუწევთ უფრო ნაკლები ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამის პირებზე ნაკლები შრომის ანაზღაურების გადახდა;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთა ნ , აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაშ ი , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადებ ა , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტ ი , სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაშ ი , ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროშ ი , იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.