საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, სამედიცინო და ეკონომიკურ მეცნიერებებში სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურის ინსპექტირების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ფინანსები და ბანკები
მიღების თარიღი 26.12.1994
გამომცემი ორგანო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 200.013.000.043
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 11/01/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, სამედიცინო და ეკონომიკურ მეცნიერებებში სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურის ინსპექტირების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის
ბრძანება № 36
1994 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
შინაარსი: საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, სამედიცინო და ეკონომიკურ მეცნიერებებში სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურის ინსპექტირების შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (22.X1.94) საფუძველზე (მუხლები 8.1, 9.2, I8.I, I9.3) სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის რეგლამენტირებული მოძრაობის უზრუნველსაყოფად,
ვბრძანებ:
1. დაწესდეს და საიდუმლოების დაცვის ინსპექციის ცენტრალურ აპარატში და ადგილობრივ ორგანოებში განხორციელდეს რესპუბლიკაში ღია წესით დასაბეჭდი, ასევე მის ფარგლებიდან გასატანი საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, სამედიცინო და ეკონომიკური ხასიათის გამოკვლევებისა და მათ საფუძველზე შექმნილი მიმოხილვითი ლიტერატურის აუცილებელი ინსპექტირება (საკონსულტაციო-პროფილაქტიკური და სარეგისტრაციო სამსახური).
შენიშვნა:
საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, სამედიცინო, ეკონომიკური მეცნიერებებიდან ინსპექტირებას არ ექვემდებარება სტაბილური სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა ბოტანიკაში, ზოოლოგიაში, მანქანათა ნაწილებში, დეფექტოლოგიაში, მათემატიკაში, მექანიკაში, ელექტრომექანიკაში, ფიზიკაში (გარდა ატომურისა), ქიმიაში (გარდა რადიაციულისა), ეკოლოგიაში, ნარკოლოგიაში, მენეჯმენტსა და მარკეტინგში.
2. დაწესდეს აუცილებელი ინსპექტირება გამოქვეყნებამდე ყველა ავტორეფერატზე გარდა დისციპლინებისა: ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია, პედაგოგიკა, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და იურიდიული მეცნიერება.
3. დაევალოთ ინსპექციის მუშაკებს: მათზე გაპიროვნებულ ობიექტებზე-გამომცემლობებში, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელე-რადიოს რედაქციებში, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში ამ ბრძანების გაცნობა და საექსპერტო კომისიებთან სათანადო მუშაობის ჩატარება.
4. დაევალოს ინსპექციის უფროსის მოადგილეს ო. შამათავას: ბრძანების მოთხოვნები გააცნოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და ტექნიკის დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებსა და ტექნიკურ-საექსპერტო კომისიებს.
5. შემდგომი კონტროლის განყოფილებასთან შედგეს დროებით მოქმედი (ექვსი თვით) ბრიგადა პოლიგრაფსაწარმოთა კონტროლისათვის შემდეგი შემადგენლობით: ლ. ბუხრაძე (წარმოადგენს კალენდარულ გეგმას დასამტკიცებლად და ხელმძღვანელობს ბრიგადას), ბ. ქუთათელაძე, ჯ. გვეტაძე, ა. ხუხუა, რ. ჩაფიძე, გ. ხუციშვილი, ხ. ფანიზარიანი, დ. აივაზოვი, ვ, ჩაფიძე, ს. რუხაძე.
ბრიგადას ევალება: ა) ამ ბრძანების მოთხოვნათა გაცნობა პოლიგრაფ-საწარმოთა ხელმძღვანელებისათვის; ბ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის შესახებ სახელმწიფო ინსპექციის ბრძანების (№7 1993 წ. 7 მაისი) შესრულების შემოწმება ადგილებზე, გ) შემკვეთი მაგიდების გაფრთხილება არ მიიღონ ტექნიკურ, ეკონომიკურ, სამედიცინო, ბიოლოგიურ, სოფლის მეურნეობის, ფიზიკურ, ქიმიურ, გეოგრაფიულ, მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში ავტორეფერატები, რომლებზეც არ იქნება ინსპექციის შტამპი მითითებით: „არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას".
6. დაევალოს სახინსპექციის მუშაკებს ანგარიშები ამ ბრძანების მოთხოვნათა შესრულებაზე წარმოადგინონ დადგენილი წესით ყოველ კვარტალურად.
7. ბრძანება გაეცნოს ინსპექციის მუშაკებს საწარმოო თათბირზე, დაეგზავნოს ადგილობრივ ორგანოებს.
საიდუმლოებათა დაცვის
სახინსპექციის უფროსი გ. ნაჭყებია