საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№100-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ  ა

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია და გიორგი რომანაძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                               დავით გაბაიძე

     

ჩაქვი,

2019 წლის 25 ოქტომბერი  

№100-უ.ს.რ.ს.

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების

შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები) ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების) გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეები არიან, მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს  სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებენ და მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.“.

 

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ან/და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით, ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.“.

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

2019 წლის

 

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეები არიან, მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებენ და მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.

ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის მოქმედებს სპეციალური წესი, რომელიც ითვალისწინებს ლიკვიდაციის პროცესში აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს ანგარიშზე განთავსებას, ასევე შესაძლებლობა აქვს აღნიშნული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად.

ამასთან, მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მოცემული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესი“.

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში არაფერია ნათქვამი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ლიკვიდაციისას სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე და შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის განსაზღვრის უფლებამოსილ ორგანოებზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი ნორმების, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო და ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, ასევე, შესაძლებელია ლიკვიდაციის პროცესში აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს ანგარიშზე განთავსება და აღნიშნული თანხების ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოყენება, გავრცელდეს ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე და ასევე დადგინდეს ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის განმსაზღვრელი უფლებამოსილი ორგანოები.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და ლიკვიდაციისას სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი ნორმების გამოყენების შესაძლებლობისა და ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის უზრუნველყოფა ;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრა და საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესის, ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის მიღებაზე ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების განსაზღვრა ;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტი ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი დათქმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო და ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, ასევე, შესაძლებელია ლიკვიდაციის პროცესში აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს ანგარიშზე განთავსება და აღნიშნული თანხების ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოყენება, გავრცელდება ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოების განსაზღვრას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ უფუნქციო საწარმოებთან მიმართებაში, ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება გაცილებით მობილური გახდება, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს უფუნქციო საწარმოთა რაოდენობას და მათი მართვისათვის გაწეულ ხარჯებს ;

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს ;

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ კანონპროექტის შემუშავების დროისათვის რეალურად არსებობს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი რიგი საწარმოები, ხოლო მეორე მხრივ არ არსებობს კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლის დამაბრკოლებელი სამართლებრივი საფუძვლები, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნების მომენტი ;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

მოცემულ ეტაპზე ასეთი საჭიროება არ არსებობს ;

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირების პროცესში ადმინისტრაციული ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში, ხარჯი დაფინანსდება საწარმოს ფინანსური სახსრებიდან ;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

ვინაიდან აქამდე კანონში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის გამო რთულდებოდა საწარმოთა ლიკვიდაციის პროცესი, შესაბამისად , ნაკლები რაოდენობის საწარმოს ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო წესით , ვიდრე კანონში შესაბამისი  ჩანაწერის გაჩენის შემდეგ მოხდება. აქედან გამომდინარე, თუ აღნიშნული ცვლილება დაასტიმულირებს ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების  ლიკვიდაციის პროცესის დაჩქარებას და თვითონ ლიკვიდაციას დაქვემდებარებულ საწარმოთა რაოდენობა გაიზრდება, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან შესაძლოა ლიკვიდაციის პროცესში აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მიიმართოს ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ლიკვიდირებულ საწარმოთა რაოდენობასა და ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე ;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირების პროცესში ადმინისტრაციული ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ხარჯი დაფინანსდება საწარმოს ფინანსური სახსრებიდან ;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,  კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას ;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება გაამარტივებს ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის პროცესში მიღებული ფინანსური რესურსის მობილიზება/განთავსების საკითხს, ამასთან, დაკონკრეტდება ლიკვიდაციის პროცესში გასაწევი ხარჯების წყარო, რაც აქამდე არ იყო მოცემული და ართულებდა პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების მიღებას. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შემთხვევაში მისი ფუნქციონირების ხარჯებს (ადმინისტრაციული ხარჯები) გაიღებს შესაბამისი საწარმო ;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტით არ ხორციელდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება ;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს ;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება  კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას ;

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს ;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს ;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს ;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების  შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს ;

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.