„კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებებში ფასიანი სწავლების დებულების თაობაზე“
მიღების თარიღი 23.10.1995
ძალის დაკარგვა 02.12.2025
გამომცემი ორგანო კულტურის სამინისტრო
ნომერი №3/93
სარეგისტრაციო კოდი 210.012.000.078
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/10/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებებში ფასიანი სწავლების დებულების თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №3/93
1995 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ფასიანი სწავლების დებულების თაობაზე
I. დამტკიცდეს ფასიანი სწავლების დებულება კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებებისათვის.
2. დაისვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წინაშე, რათა აღნიშნული დებულება გატარდეს რეგისტრაციაში.
3. კონტროლი დებულებით გათვალისწინებული მუხლების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დაწესებულებათა საექსპერტო ჯგუფს (მ. დავითაშვილი).
მინისტრის პირველი მოადგილე
მ. კობახიძე
დანართი I
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
კულტურისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებებში ფასიანი სწავლების თაობაზე
I. სასწავლო დაწესებულებაში (უმაღლესი, საშუალო სპეციალური სასწავლებელი, სკოლა) ფასიანი სწავლების შემოღება ხდება სწავლების ყველა ფორმაზე. დღის დასწრებულ განყოფილებაზე – სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული მისაღები კონტინგენტის ათვისების შემდეგ სასწავლებელში ჩაურიცხავი აბიტურიენტთა და ფასიანი სწავლების სექტორზე სწავლის სურვილის მქონეთა ხარჯზე. კულტურის სამინისტროს ნებართვით გახსნილ დაუსწრებელ განყოფილებაზე, სადაც სწავლება ფასიანია, მისაღები კონტინგენტის დადგენა ხდება დირექციის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. სასწავლებელში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ფასიანი სწავლების ფორმაზე ხდება მისაღები გამოცდების დამთავრების შემდეგ, სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. ორმხრივი ხელშეკრულება ფორმდება ერთი მხრივ, უმაღლეს ან საშუალო სპეციალურ სასწავლებელს, ხოლო, მეორე მხრივ ამა თუ იმ სპეციალისტის მომზადებაში დაინტერესებულ წარმოება-დაწესებულებასა ან კერძო პირს შორის.
4. ფასიანი სწავლების კონტინგენტის განსაზღვრა ხდება სასწავლო დაწესებულების მიერ, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაძლებლობის გათვალისწინებითა და კვალიფიციური პედაგოგიური კადრების არსებობის შემთხვევაში.
5. სასწავლო დაწესებულება სწავლის გადასახადის თანხის აღსარიცხავ ოპერაციებს აწარმოებს როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით, სახელმწიფო ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
6. სწავლის მთელი პერიოდისათვის გადასახადის ოდენობა, სასტიპენდიო ფონდის გათვალისწინებით (ან გაუთვალისწინებლად) დგინდება სასწავლო დაწესებულების მიერ შედგენილი ხარჯთანუსხის საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
7. სწავლის გადასახადის ოდენობით დაანგარიშებაში სამეურნეო ხარჯებთან ერთად შევა პროფესორ-მასწავლებელთა და იმ ხელმძღვანელ, სასწავლო დამხმარე, ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურების თანხა, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან სასწავლო პროცესს.
პროფესორ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იწარმოებს საათობრივად, ხოლო დანარჩენი მომსახურე პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და მათი შრომის ანაზღაურება მოხდება დირექციის მიერ შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე. დირექციას, (რექტორს), პედსაბჭოს ან რექტორთან შეთანხმებით, შეუძლია სასწავლო დაწესებულების მუშაკებს დაუწესოს ხელფასზე დანამატი არანაკლები 50%-ისა.
8. დადგენილი თანხის ჩარიცხვა სასწავლო დაწესებულების სპეციალურ ანგარიშზე ხდება წინასწარ სრულად, სწავლების მთელი პერიოდისათვის, ან ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში, ორმხრივ ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი მუხლის მიხედვით.
9. ფასიანი სწავლების ფორმაზე ჩარიცხული სტუდენტი (მოსწავლე) წარჩინებით სწავლის შემთხვევაში, სასწავლო დაწესებულების საბჭოს (პედაგოგიური საბჭოს) რეკომენდაციისა და რექტორის(დირექტორის) ბრძანების საფუძველზე, ერთი წლის ვადით თავისუფლდება გადასახადიდან და იკავებს ძირითად კონტინგენტში გამოთავისუფლებულ ერთეულს.
10. ფასიანი სწავლების ფორმაზე ჩარიცხულ სტუდენტს (მოსწავლეს) სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში ექვითება მიმდინარე სასწავლო წლის თანხა, ხოლო დანარჩენი კი უბრუნდება დამკვეთს.
11. დამკვეთი, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულია დროულად ჩარიცხოს თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი (მოსწავლე), აკადემიური მოსწრების მიუხედავად, გაირიცხება სასწავლო-დაწესებულებიდან. მისი აღდგენის საკითხი განიხილება მხოლოდ თანხის გადახდის შემთხვევაში.
12. სასწავლო დაწესებულებაში არსებული ორივე ფორმის სასწავლო-მეთოდური ხელმძღვანელობა ხორციელდება მოქმედი სასწავლო გეგმებით, პროგრამებითა და ინსტრუქციებით.
13. კურსდამთავრებულები, სახელმწიფო გამოცდებზე ან სადიპლომო ნამუშევრის დაცვაზე წარუმატებლობისას, შემდეგ წელს, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში განმეორებით დაიშვებიან გამოცდების ჩასაბარებლად.
I4. სასწავლო დაწესებულების ფასიანი სწავლებისა და ძირითადი კონტინგენტის კურსდამთავრებულები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
შეთანხმებულია საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან.
მინისტრის მოადგილე მ. გოცირიძე