გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №221/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017841
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| კრიტერიუმი/ქვეკრიტერიუმი | შეფასება |
| 1. გამორჩეული მეცნიერება და ინოვაცია | მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა |
| 1.1. გამოყენებითი კვლევის იდეა | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 1.2. მიზნები და ამოცანები | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 1.3. კონცეფცია და მეთოდოლოგია | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 2. ეფექტურობა | მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა |
| 2.1. მოსალოდნელი შედეგები | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 2.2. კვლევის სტრატეგიული მნიშვნელობა და კომერციული შედეგები | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 2.3. მაქსიმალური შედეგების მიღწევის ზომები | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 3. განხორციელება | მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა |
| 3.1. განხორციელების გეგმა | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 3.2. მართვის სტრუქტურა და მკვლევართა გუნდი | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| 3.3. ბიუჯეტი და რესურსების მართვა | მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა |
| შემაჯამებელი კომენტარი | ქულების ჯამი –მინიმუმ 9, მაქსიმუმ 45 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №221/ნ
2019 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება აწესრიგებს გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამართვის, საგრანტო პროექტის შეფასების, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესებს.
2. გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა არის საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosystem – GENIE) შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს:
ა) კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობით ინოვაციურ საქმიანობასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ჩართვას;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევების განხორციელებას;
გ) ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი და ტექნოლოგიების ტრანსფერის უნარების გაძლიერებას;
დ) კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე ინოვაციური კვლევების გამოვლენას, განვითარებასა და დანერგვას, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს სოციო-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრას ან/და გვთავაზობენ მსოფლიო მასშტაბის ინოვაციას.
3. გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;
გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
დ) აგრარული მეცნიერებები;
ე) სოციალური მეცნიერებები;
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მკვლევარი – მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალის შემადგენლობიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
ბ) გენერალური დირექტორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
გ) გრანტის მიმღები – კონკურსის წესით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის მკვლევართა ჯგუფი – ძირითადი პერსონალი;
დ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ სამეცნიერო-კვლევით და კერძო სექტორს, ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
ე) დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი – პირ(ებ)ი, რომელიც აფასებს/აფასებენ კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
ვ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის დასახმარებლად პროექტის ფარგლებში დასაქმებული სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების განმახორციელებელი პირ(ებ)ი;
ზ) ზედნადები ხარჯები – პროექტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფისთვის საჭირო მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 7%-ს;
თ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევას;
ი) კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევა – საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ორიენტირებული კომერციალიზაციის პერსპექტივისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე ინოვაციური კვლევა, განხორციელებული ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით, ასევე აკადემიური, კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით;
კ) მასპინძელი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი – კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ლ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის მიზნებისათვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
მ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
ნ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ამ დებულებით დადგენილი ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ო) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისა და პანელის წევრებისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
პ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, მკვლევართა ჯგუფის ლიდერი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
ჟ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და გრანტის თანხის ხარჯვას, რის შესახებაც წარუდგენს ფონდს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
რ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ს) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს (პროექტის ძირითადი პერსონალი), მასპინძელ ორგანიზაციასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ტ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
უ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ფ) საპროექტო წინადადება – საკონკურსო დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს პროექტის აღწერას, განხორციელების გეგმა-გრაფიკსა და ბიუჯეტს;
ქ) ტრანში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის კონკრეტული პერიოდისთვის ავანსად გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ღ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ყ) შედარების აქტი – პროექტის დასრულების შემდგომ ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
შ) შესარჩევი კომისია – მინიმუმ 5 საერთაშორისო ექსპერტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე შეარჩევს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს, აფასებს კონკურსში მონაწილეთა პრეზენტაციებს და გამოავლენს გამარჯვებულს;
ჩ) შუალედური ანგარიში – შუალედური ანგარიში მოიცავს საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსის ადმინისტრირებას, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;
გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა და შესარჩევი კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შესარჩევი კომისიისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასა და გამარჯვებულის გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. კონკურსის ადმინისტრირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტების წარდგენა ფონდში;
გ) კონკურსში მონაწილე პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
დ) პროექტების შეფასება;
ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;
ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და გრანტის გაცემა.
4. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი, თუ იგი არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად, ან წარმოდგენილია დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით, ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 4🔗.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და მონაწილე სუბიექტები
1. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ინოვაციური კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევითი პროექტები. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი ან პროექტით გათვალისწინებული აქტივობა არ შეიძლება იყოს უკვე განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელის ან/და კვლევითი ჯგუფის მიერ რომელიმე (ეროვნული/საერთაშორისო) დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.
2. კონკურსში მონაწილეობა და დაფინანსების მიღება ეზღუდება იმ პროექტებს, რომლებიც:
ა) თემატურად დაკავშირებულია: სამხედრო ან ბირთვულ ტექნოლოგიებთან; სპირტის ან თამბაქოს წარმოებასთან (ნებადართულია მევენახეობა, მეღვინეობის თემაზე კვლევები);
ბ) ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც უკვე დაფინანსდა.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მკვლევართა ჯგუფს (ძირითად პერსონალს), რომელსაც გააჩნია მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერა კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომისათვის.
4. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი (პირი ძირითადი პერსონალიდან), რომელიც არის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის წარმომადგენელი.
5. პროექტის ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სექტორის წარმომადგენელი პირებისაგან. ძირითადი პერსონალის მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდა მკვლევარები; ძირითადი პერსონალის არაუმეტეს 25% უნდა უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული კვლევის შესაბამისი კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მუხლი 5🔗.
ძირითადი პროგრამული მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და ატარებდეს ინოვაციურ ხასიათს.
2. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევის საფუძველზე უნდა შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრება. შექმნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური საკუთრება და „Know how“ ეკუთვნის მკვლევართა ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია დაიცვას საკუთრების უფლება მესამე პირთან ხელშეკრულების გაფორმებისას.
3. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციის განვითარებაზე და მის მოსალოდნელ შედეგებს უნდა გააჩნდეს კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალი.
4. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი და ტექნოლოგიების ტრანსფერის უნარების გაძლიერებას, აქტივობების განხორციელებას როგორც კვლევით, ასევე შესაბამის ინდუსტრიულ გარემოში.
5. პროექტით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში ახალგაზრდა მეცნიერთა წვლილი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50%, ხოლო კერძო სექტორის წარმომადგენელთა წვლილი – არაუმეტეს 25%-ს.
6. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
მუხლი 6🔗.
ფინანსური პირობები
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი (ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება) არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს.
2. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება (მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება);
ე) არაფინანსური აქტივები (კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობა);
ვ) ზედნადები ხარჯები.
3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია:
ა) საპროცენტო და სასესხო გადასახადების გადახდა;
ბ) შესაძლო სამომავლო დანაკარგების და ვალების ხარჯების გადახდა;
გ) დღგ-ს, მოგების და იმპორტის გადასახადები;
დ) კურსთა შორის სხვაობით მიღებული ზარალის, გადასახადების და ჯარიმების გადახდა;
ე) გართობის და შემოწირულების ხარჯების გადახდა;
ვ) ტრანსპორტის, უძრავი ქონების, პლანშეტური კომპიუტერების, ავეჯის და მობილური ტელეფონის დაქირავების ან შეძენის ხარჯები;
ზ) კაპიტალური რემონტის (რეკონსტუქციის), შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა.
4. პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 40%-ს.
5. პროექტში ჩართული დამხმარე პერსონალის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 10%-ს. დამხმარე პერსონალი პროექტში შეიძლება ჩართული იყოს მოკლე პერიოდში, კვლევასთან დაკავშირებული კონკრეტული ტექნიკური სამუშაოს განხორციელების მიზნით.
6. ზედნადები ხარჯი მასპინძელი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7% -ს.
7. პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომელიც პროექტს გაუწევს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას თანადაფინანსების სახით.
8. გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი განხორციელებული უნდა იყოს პროექტის მიზნობრივი ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვების სახით).
9. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება მკვლევართა ჯგუფს ან/და მასპინძელ ორგანიზაციას, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 7🔗.
პროექტების შეფასება
1. პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, რომელიც მოიცავს შეფასებას:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
ბ) შესარჩევი კომისიის მიერ.
2. კონკურსის პირველ ეტაპზე:
ა) კონკურსში მონაწილედ განიხილება ყველა ის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) კონკურსში მონაწილე თითოეულ პროექტს აფასებს სულ ცოტა ორი დამოუკიდებელი ექსპერტი (დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია).
3. შეფასების მეორე ეტაპზე:
ა) შეფასების მეორე ეტაპზე გადასულ პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ან/და ძირითად პერსონალს მოეთხოვებათ შესარჩევი კომისიის წინაშე გააკეთონ პროექტის პრეზენტაციები, უპასუხონ კომისიის წევრების შეკითხვებს ან/და მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ;
ბ) პროექტების პრეზენტაციასა და პროექტის წარმდგენებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესარჩევი კომისია აფასებს, დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესოებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს.
4. შეფასების ორივე ეტაპზე პროექტების შეფასების კრიტერიუმებია:
კრიტერიუმი/ქვეკრიტერიუმი
შეფასება
1. გამორჩეული მეცნიერება და ინოვაცია
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა
1.1. გამოყენებითი კვლევის იდეა
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
1.2. მიზნები და ამოცანები
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
1.3. კონცეფცია და მეთოდოლოგია
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
2. ეფექტურობა
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა
2.1. მოსალოდნელი შედეგები
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
2.2. კვლევის სტრატეგიული მნიშვნელობა და კომერციული შედეგები
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
2.3. მაქსიმალური შედეგების მიღწევის ზომები
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
3. განხორციელება
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15 ქულა
3.1. განხორციელების გეგმა
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
3.2. მართვის სტრუქტურა და მკვლევართა გუნდი
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
3.3. ბიუჯეტი და რესურსების მართვა
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
შემაჯამებელი კომენტარი
ქულების ჯამი –მინიმუმ 9, მაქსიმუმ 45 ქულა
5. თითოეული კრიტერიუმი მოიცავს 3 ქვეკრიტერიუმს, ხოლო თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით, სადაც ქულის განმარტება არის შემდეგი: 1 – სუსტი, 2 – საშუალო, 3 – კარგი, 4 – ძლიერი, 5 – გამორჩეული.
6. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით.
7. თითოეული კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულით.
8. სამივე კრიტერიუმის ჯამური მინიმალური ქულაა 9, მაქსიმალური ქულა კი –45.
9. პროექტები, რომელთა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 25 ქულაზე მეტი, ავტომატურად გადადის შეფასების მეორე ეტაპზე.
10. პროექტების, რომელთა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 25 ან/და ნაკლები ქულა, შეფასების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს შესარჩევი კომისია.
მუხლი 8🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია დამოუკიდებელი ექსპერტი ან შესარჩევი კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტის შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი ან შესარჩევი კომისიის წევრი:
ა) რომელსაც აქვს ან ჰქონდა თანამშრომლობა (დაქირავებული ან დამქირავებელი, კონსულტანტი, პოლიტიკური ან ბიზნესპარტნიორი) პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. დამოუკიდებელი ექსპერტი/კომისიის წევრი ვალდებულია ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააკეთოს თვითაცილება.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, დამოუკიდებელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
6. დამოუკიდებელი ექსპერტი/კომისიის წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, სამართლიანი, გააჩნდეს შესაბამისი საექსპერტო ცოდნა.
7. დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა გააჩნდეს პროექტით გათვალისწინებული კვლევის სამეცნიერო მიმართულების ან/და ტექნოლოგიის ცოდნა.
8. შესარჩევი კომისიის წევრს უნდა გააჩნდეს ცოდნა საერთაშორისო ბიზნესის, ტექნოლოგიური ტრანსფერის ან/და კომერციალიზაციის საკითხებში, თუმცა არ მოეთხოვება მრავალწლიანი გამოცდილება ხელმძღვანელის, ინვესტორის ან მართვის კონსულტირების თანამდებობებზე.
მუხლი 9🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და მასპინძელ ორგანიზაციასთან.
2. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ძირითად ხარჯვით კატეგორიებს შორის პროექტის წლიური ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში.
მუხლი 10🔗.
პროექტის განხორციელება და მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გრანტის მიმღებს მოეთხოვება პროექტის შესრულება საგრანტო პროგრამის პირობების დაცვითა და საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადახვევა საპროექტო წინადადებიდან, როგორიც არის პროექტის დასრულების გადადება ან ამოცანებში/აქტივობებში ცვლილება, მოითხოვს ფონდის მხრიდან წინასწარ წერილობით თანხმობას. ასეთი მოთხოვნები შესაძლებელია დაკმაყოფილებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე.
2. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს პროექტის დასრულებიდან 3 წლამდე პერიოდის განმავლობაში მოსთხოვოს პერიოდული განახლებული ანგარიშების წარმოდგენა პროექტით გათვალისწინებული შედეგების შესრულებასთან დაკავშირებით და ფინანსური ინფორმაცია ფონდის მიერ მოთხოვნილი ფორმატის დაცვით, ასევე, ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე პროექტის შედეგების წარდგენა.
3. პროექტის ანგარიშგება და მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) გრანტის მიმღები ფონდში კვარტალურად წარადგენს პროექტის შესრულების ანგარიშს პროგრამული აქტივობების და გაწეული ხარჯების შესახებ ფონდის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით. მონიტორინგი მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს:
ა.ა) ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს მიღებული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯის მონიტორინგს;
ა.ბ) პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს დაგეგმილი აქტივობებისა და მიღებული შედეგების შემოწმებას;
ა.გ) ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და, ასევე, სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით;
ა.დ) ფონდი უფლებამოსილია, დაფინანსებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს;
ბ) გრანტის მიმღები ვალდებულია წარადგინოს პროექტის შესრულების ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულების ბოლო კალენდარული დღიდან ორი კვირის ვადაში, ან მას შემდეგ, რაც დასრულდება პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა და პროექტი დაიხურება. ფონდის მიერ გრანტის მიმღების ანგარიშების განხილვის და ადგილზე მონიტორინგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელების შედეგად დადებითი დასკვნის საფუძველზე გადაირიცხება მომდევნო ტრანში;
გ) ფონდი განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ ანგარიშებს, წარდგენიდან ორი კვირის ვადაში და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში აცნობებს გრანტის მიმღებს. ხარვეზის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ხარვეზების გამოუსწორებლობა შესაძლებელია გახდეს საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღები მოითხოვს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით ვადას, მან უნდა წარადგინოს ფონდში დასაბუთებული წერილი პროექტის გაგრძელების მოთხოვნით. განხილვის შედეგად ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. გრანტის მიმღებისათვის მიცემული დამატებითი პერიოდის განმავლობაში იგი ვალდებულია ფონდში წარადგინოს ხარვეზების გამოსწორების დამადასტურებელი კორექტირებული ანგარიში ფონდის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი კორექტირებული ანგარიშის განხილვის შემდგომ, ყველა დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია გადარიცხოს შემდგომი ტრანში;
დ) თითოეული ანგარიში უნდა იყოს დამოწმებული გრანტის მიმღების სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროგრამული და ფინანსური ანგარიშების ფორმებს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები და წინა საანგარიშო პერიოდის შესაბამისი საბანკო ამონაწერი. საბანკო ამონაწერში ასახული უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისი ყველა სათანადო ტრანზაქცია. ამასთან, გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო ანგარიშზე არ უნდა ხდებოდეს ისეთი ტრანზაქციების განხორციელება, რომლებიც არ არის პროექტთან დაკავშირებული და არ უნდა ერიცხებოდეს საპროცენტო სარგებელი. პროექტში ნებისმიერი ცვლილებისთვის (როგორიცაა პროექტის განხორციელების მიმართულება, ვადები, პროექტის ბიუჯეტი, შედეგები, პროექტის პერსონალი და ა.შ) გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი მიმართვა ფონდში და მიიღოს ფონდის მხრიდან წერილობითი დასტური. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ცვლილების განხორციელების შესახებ ორმხრივი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ;
ე) ადგილზე ვიზიტის დროს მონიტორინგის მიზანია შეფასებულ იქნეს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური აქტივობები რამდენად არის განხორციელებული წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. ადგილზე მონიტორინგის შესახებ ფონდი გრანტის მიმღებს წინასწარ აცნობებს წერილობით. ამ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს ვიზიტის მიზანი, განსახილველი საკითხი და ადგილზე მონიტორინგის დროს დამსწრე პირთა ვინაობა. გრანტის მიმღებმა ფონდის წარმომადგენლებს უნდა მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია ადგილზე მონიტორინგის დროს. აღნიშნული ვიზიტები მოიცავს პროექტის განხორციელების განხილვას (მაგალითად, პროცედურებს, ამოცანებს და აქტივობებს გაზომვადი შედეგებით, ვადებს, ხელშეკრულებას, პროგრამულ და ფინანსურ დოკუმენტაციას), ასევე, შესაბამისი პროექტის გუნდის წევრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს;
ვ) ადგილზე ვიზიტის დასრულების შემდეგ ფონდის წარმომადგენლები, პროექტის ჯგუფის შესაბამის წევრებთან ერთად განიხილავენ შეხვედრის შედეგებს და განსაზღვრავენ ვიზიტის შემდეგ გასატარებელ ყველა ღონისძიებას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რაიმე სახის პრობლემა, გრანტის მიმღები ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზები შეთანხმებულ ვადებში. შემდგომი დაფინანსება დამოკიდებულია პრობლემის სიმძიმეზე და ის შეიძლება შეჩერდეს ხარვეზების გამოსწორებამდე;
ზ) საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის დასრულების შემდეგ.
4. საგრანტო დაფინანსების გადარიცხვა გრანტის მიმღებისათვის ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) გრანტის მიმღებმა უნდა გახსნას მიზნობრივი ანგარიში მხოლოდ პროექტის მიზნებისათვის, რომელზეც ჩაირიცხება ფონდის მხრიდან გამოყოფილი თანხები. გრანტის მიმღებს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები ჩაერიცხება ტრანშების სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება გრანტის მიმღების კუთვნილ საბანკო ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე; ხოლო ყველა შემდგომი ტრანშის გადარიცხვა მოხდება წინა საანგარიშო პერიოდის შესაბამისი პროგრამული და ფინანსური ანგარიშების განხილვის საფუძველზე;
ბ) პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თანხების გადარიცხვის განაწილების გრაფიკი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ გეგმას:
ბ.ა) პირველი ტრანში ითვალისწინებს დამტკიცებული პროექტის ბიუჯეტის პირველი საანგარიშო პერიოდის 100%-ისა და მომდევნო (მეორე) საანგარიშო პერიოდით გათვალისწინებული ტრანშის 50%-მდე ავანსად გადარიცხვას. აღნიშნული თანხა გადაირიცხება საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ. აღნიშნული თანხის მისაღებად, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: პირველი ტრანშის მოთხოვნის განაცხადი, პირველი ტრანშის ფარგლებში თანადაფინანსების თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე ავანსად ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) ყოველი მომდევნო ავანსად გადარიცხული თანხა შეიძლება ტოლი იყოს ბიუჯეტის მიმდინარე სააგარიშო პერიოდის დარჩენილ თანხას დამატებული მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის 50%-მდე ოდენობა. აღნიშნული თანხის მისაღებად, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: შესაბამისი ტრანშის მოთხოვნის განაცხადი, შესაბამისი ტრანშის ფარგლებში თანადაფინანსების თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე ავანსად ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასრულებული საანგარიშო პერიოდის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;
ბ.გ) ბოლო ავანსად გადარიცხული ტრანში შეიძლება ტოლი იყოს ბიუჯეტის ბოლო საანგარიშო პერიოდის დარჩენილი თანხის. აღნიშნული თანხის მისაღებად, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: ტრანშის მოთხოვნის განაცხადი, ბოლო ტრანშის ფარგლებში თანადაფინანსების თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე ავანსად ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ბოლო ავანსად გადარიცხული თანხის შესაბამისობაში მოსაყვანად, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: საბოლოო პროგრამული ანგარიში და ბოლო საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიში;
გ) ზემოთ აღნიშნული გაანგარიშების გარდა, თითოეული საავანსო და ბოლო გადარიცხვა, პირველის გარდა, შეიძლება შემცირდეს დაუხარჯავი თანხით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დანაზოგით ან აქტივობების განხორციელების გადადებით/შეფერხებით. ასეთი შემთხვევის არსებობისას, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ვადების განახლების შესახებ და შესწორებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრულება შეჩერდება საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ანგარიშების განხილვის შედეგად გამოვლინდა არამიზნობრივი ხარჯი, გრანტის მიმღებს არ გადაერიცხება მომდევნო ტრანში, შესაბამისი თანხის საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებამდე. გრანტის მიმღების მიერ გაუხარჯავი რესურსი და არამიზნობრივი ხარჯი ექვემდებარება საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას პერიოდის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში. აღნიშნული თანხები დადგინდება ფონდის ან აუდიტორების მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად.
მუხლი 11🔗.
გრანტის შეწყვეტა/დასრულება
ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს პროექტის დაფინანსება, თუ გრანტის მიმღები ვერ ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ან წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გრანტის შეწყვეტასთან დაკავშირებული დეტალები (ხარჯვითი კატეგორიები/საკითხები/აქტივები) დაზუსტდება გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.