ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8971/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მეხუთე სექცია

 

საქმე „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი № 8971/10)

გადაწყვეტილება

 

სტრასბურგი

2019 წლის 18 ივლისი

 

საბოლოო გახდა

18/10/2019

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ანგელიკა ნუსბერგერი, თავმჯდომარე,

ჟანა იუდკივსკა,

ანდრე პოტოკი,

სიოფრა ო’ლირი,

მარტინშ მიტსი,

გაბრიელ კუჩკო-შტადლმაიერი,

ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,


და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის განმწესრიგებელი,

2019 წლის 25 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

პროცედურა

 

1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ნოდარ გოგალაძის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 7 დეკემბერს სასამართლოში წარდგენილი საჩივარი (№8971/10) საქართველოს წინააღმდეგ.

2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ადვოკატები ბ-ნი ზ.როსტიაშვილი და ქ-ნი ი.ბრელიძე, რომლებიც საქმიანობენ თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლ. მესხორაძე.

3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დაპატიმრების შემდეგ მას ეპყრობოდნენ არასათანადოდ და საქმის გამოძიება იყო არაეფექტიანი.

4. 2015 წლის 12 მარტს მთავრობას ეცნობა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებ თან დაკავშირებ ული საჩივრების შესახებ, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასა და შესაბამისი გამოძიების თაობაზე, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 

ფაქტები         

I. საქმის გარემოებები

 

5. მომჩივანი დაიბადა 1986 წელს.

 

A. მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

6 . 2008 წლის 13 თებერვალს შუაღამისას მომჩივანი დააკავეს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა , როგორც არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავების დროს მომჩივანს მარჯვენა მაჯასა და იდაყვზე ჰქონდა ნაკაწრები.

7 . მომჩივნის დაკავების შემდეგ, დაუზუსტებელ დროს, ნარკოლოგის მიერ ჩატარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რის შემდეგაც მომჩივანი მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მომჩივნის გარეგანი ვიზუალური დათვალიერების დასკვნის თანახმად, რომელიც შედგენილ იქნა მისი განთავსების დღეს, ღამის 01:30 საათზე, მას ჰქონდა ნაკაწრები მარჯვენა მაჯასა და იდაყვზე. დასკვნაში, რომელიც ხელმოწერილია მომჩივნის მიერ, მითითებულია, რომ ნაკაწრები იყო დაკავებამდე მისი წაქცევით გამოწვეული და რომ მას არ ჰქონდა პრეტენზია პოლიციის მიმართ.

8 . სასამართლოს ხელთ არსებული მასალის თანახმად, 2008 წლის 13 თებერვალს, დღის 11:35 საათიდან 12:45 საათამდე, მომჩივანი დაიკითხა როგორც ეჭვმიტანილი. მან უარყო ყველა დანაშაული. 2008 წლის 14 თებერვალს, საღამოს 5:20 საათიდან 6:30 საათამდე განხორციელდა მომჩივნის, როგორც ბრალდებულის ხელმეორე დაკითხვა. მან უარყო არასრულწლოვნის მიმართ რაიმე იძულების ფაქტი, მაგრამ აღიარა მათ შორის სექსუალური კავშირის გარკვეული ასპექტების არსებობა.

9 . 2008 წლის 14 თებერვალს, პროკურორი ეწვია მომჩივანს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის დაუზუსტებელ მონაკვეთში, რათა გაეგო, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დოკუმენტს. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მომჩივნის ადვოკატი. მომჩივანი აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმას ხსნიდა იმ ფაქტით, რომ იგი არ ეთანხმებოდა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს. პროკურორთან საუბრის ჩანაწერზე ხელი მოაწერეს მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა.

10 . 2008 წლის 13 და 15 თებერვალს მომჩივნისთვის გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. ცნობების თანახმად, მომჩივანს დაუდგინდა ნევროზი. დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტები.

11 . 2008 წლის 15 თებერვალს მომჩივანი გადაყვანილ იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსმენაზე, რომელიც ეხებოდა გამოძიების პროცესში მის მიმართ განსახორციელებელ აღკვეთის ღონისძიებებს. გარეგანი ვიზუალური დათვალიერების ანგარიში, რომელიც შეადგინა მორიგე ოფიცერმა და ხელმოწერილი იყო მომჩივნის მიერ ამ უკანასკნელის გადაყვანის დროს, მიუთითებს იმაზე, რომ „საკანში მოთავსების დროს მას არ მიუღია არანაირი დაზიანება“. ანგარიშში, აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია წინასწარი დაკავების იზოლატორის პერსონალის მიმართ.

12. 2008 წლის 15 თებერვალს პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივანს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. მომჩივანი სასამართლოს დარბაზიდან გადაყვანილ იქნა თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში.

13 . 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას, მომჩივანი გასინჯა ექიმმა, რომელმაც შეადგინა სამედიცინო დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ მომჩივანს თავზე აღენიშნებოდა კოპი, ხოლო ცხვირის ხაზზე კი, წითელი-კანის მაცერაცია („სამედიცინო დასკვნა“). სამედიცინო დასკვნაში მითითებული იყო, რომ მომჩივანს არ ჰქონდა პრეტენზია პოლიციის მიმართ. იმავე დღეს, ექიმმა, გამომძიებელმა და თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მორიგე ოფიცერმა შეადგინეს მოხსენება, რომელიც იმეორებდა ექიმის დაკვირვებებს. ორივე დოკუმენტში, დამატებითი დეტალების გარეშე, ხაზგასმულია, რომ მომჩივნის თქმით, მან აღნიშნული დაზიანებები მიიღო „წინასწარი დაკავების იზოლატორში შეუძლოდ ყოფნის დროს“. არცერთ ზემოაღნიშნულ დოკუმენტს არ ახლდა მომჩივნის ხელმოწერა.

14 . 2008 წლის 20 თებერვალს მომჩივანი გადაიყვანეს თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. გარეგანი ვიზუალური დათვალიერების დროს, აღნიშნული დაწესებულების ექიმმა მომჩივანს აღმოუჩინა კოპი თავზე და წითელი-კანის მაცერაცია ცხვირზე.

15 . 2008 წლის 7 მარტს, გამომძიებელმა დაკითხა მომჩივანი თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმის დასკვნებთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). გამომძიებლის მოხსენების თანახმად, რომელიც ხელმოწერილ იქნა მომჩივნის მიერ, ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანებები მაშინ, „როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობდა“ წინასწარი დაკავების იზოლატორში და არ ჰქონდა პრეტენზიები.

16 . 2008 წლის 1 აპრილს პროკურორმა მომჩივანი დაკითხა მისი ადვოკატის თანდასწრებით. მომჩივნის თანახმად, დაკავებისთანავე პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, ხუთმა პოლიციელმა დაარტყა თავის არეში, მათ შორის, ნარკოლოგის იმ ოთახშიც, სადაც ტარდებოდა ნარკოლოგიური შემოწმება. მას არ ახსოვდა, რომ ვინმესთვის ეთქვას აღნიშნული ცემის ფაქტის შესახებ.

 

B. გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

17. 2008 წლის 4 აპრილს, მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამო, ახალციხის საოლქო პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

18 . 2008 წლის 18 მაისს პროკურორმა დაკითხა ორი პოლიციელი, რომლებმაც დააკავეს მომჩივანი. მათი თქმით, მომჩივანი, სავარაუდოდ გაუპატიურების მცდელობის შემდგომ მსხვერპლის ბიძის მიერ იყო ნაცემი („მსხვერპლის ბიძა“). მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ დაკავების დროს მომჩივანს უკვე ჰქონდა ხელზე ნაკაწრები. პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მომჩივნის მიმართ არანაირ ფიზიკურ ან სიტყვიერ არასათანადო მოპყრობას არ ჰქონია ადგილი.

19 . 2008 წლის 3 ივნისს, მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, მისი არასათანადო მოპყრობის ბრალდებიდან გამომდინარე. მომჩივნის ამავე დღეს მიცემული ჩვენების თანახმად, 2008 წლის 13 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს მას პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მანქანაში და დაარტყეს თავის არეში. არასათანადო მოპყრობა აგრეთვე გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაში, იმ დროს, როდესაც პოლიციელები ეუბნებოდნენ მომჩივანს ეთქვა სიმართლე მომხდარი ფაქტის შესახებ. მას არაერთხელ დაარტყეს თავის არეში. ამის შემდეგ კი, მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორის საკანში. იმავე ღამით, მომჩივანს დაეწყო ტკივილები და თავბრუსხვევა, აგრეთვე პირღებინება, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების პერსონალმა მას მისცა შესაბამისი მედიკამენტები, თუმცა დაზიანებების შესახებ არ უკითხავთ. 2008 წლის 15 თებერვალს სასწრაფო დახმარება ხელმეორედ გამოიძახეს, გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანი თავს ცუდად გრძნობდა. მომჩივანი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მოინახულა პროკურორმა. მომჩივანს არ უთქვამს მისთვის არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციის შიშით, გამომდინარე იქიდან რომ, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი ოჯახის წევრების მიმართ იგივე მოპყრობის მუქარას, რაშიც თავად მომჩივანი იყო ბრალდებული. პოლიციის მხრიდან განხორციელებული მუქარის შედეგად მომჩივანმა შეცვალა მისი ჩვენება და აღიარა იმ დანაშაულის გარკვეული ასპექტები, რაშიც ედებოდა მას ბრალი. თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროს მომჩივანზე აღმოჩენილ იქნა დაზიანებები იმ ექიმის მიერ, რომელიც ატარებდა მის გარეგან ვიზუალურ შემოწმებას. მაგრამ პოლიციელების მხრიდან მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული მუქარის გამო, მომჩივანმა აღნიშნული დაზიანებები ახსნა, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროს მისი დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებები. ხოლო მარჯვენა ხელზე აღმოჩენილი ნაკაწრები, მომჩივანმა ახსნა, როგორც დაკავებამდე ორი დღით ადრე ტყეში მიღებული დაზიანებები.

20 . 2010 წლის 10 მაისს მომჩივანმა გაიმეორა მისი 2008 წლის 3 ივნისს მიცემული ჩვენება, მაგრამ განმარტა, რომ ცხვირზე დაზიანება მან მიიღო ნარკოლოგიური შემოწმების ოთახში თავის დარტყმის შედეგად, მაშინ როდესაც ის იჯდა მაგიდასთან თავდახრილ მდგომარეობაში და პოლიციელმა დაარტყმევინა თავი მაგიდაზე. ამის შემდეგ მოხდა მისი მოთავსება წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2013 წლის 1 ოქტომბერს მომჩივანი ისევ დაიკითხა და მან კვლავ გაიმეორა მის მიერ 2010 წლის 10 მაისს მიცემული ჩვენება.

21 . 2008 წლის 9 ივნისს დაიკითხა დაზარალებულის ბიძა. მან დაადასტურა, რომ მომჩივანს დაარტყა დაკავებამდე, მაგრამ აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს მასზე რაიმე სახის დაზიანება.

22 . 2008 წლის 15 ივნისს სპეციალისტმა, რომელმაც 2008 წლის 13 თებერვალს ჩაატარა ნარკოლოგიური შემოწმება პოლიციის განყოფილებაში, აღნიშნა, რომ მას არ შეუნიშნავს არანაირი დაზიანება მომჩივნის სახეზე და მომჩივნის მიმართ არანაირ არასათანადო მოპყრობას არ ჰქონია ადგილი მის ოფისში. იგი ირწმუნებოდა, რომ მან ამ უკანასკნელს შემოწმების შემდეგ გადაუღო სამი ფოტო, რომელთა მეშვეობითაც შეიძლებოდა მომჩივნის სახეზე რაიმე სახის დაზიანების არარსებობის დადასტურება. მოთხოვნილ იქნა ფოტოების შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნა.

23 . 2008 წლის 24 აგვისტოს, გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლის მეზობელმა მისცა ჩვენება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან დაინახა, მსხვერპლის ბიძამ მომჩივანს დაარტყა ხელი და აგრეთვე ფეხიც, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ან ტუჩებიდან.

24. 2008 წლის 26 აგვისტოს, წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მომჩივანს საკანში ყოფნის დროს ხელზე არსებული ნაკაწრების გარდა არ ჰქონია სხვა სახის დაზიანებები.

25. 2008 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მოითხოვა ჩატარებულიყო მომჩივნის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

26 . 2008 წლის 9 ოქტომბერს, მომჩივნის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ ჩატარებულ იქნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა („პირველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“). შედეგად მიღებული დასკვნა ეხებოდა დაზიანებებს, რომლებიც იყო აღწერილი თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში შედგენილ სამედიცინო დასკვნაში (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), სადაც, აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ დაზუსტებული არ იყო, თუ სად მდებარეობდა თავზე კოპი. ექსპერტმა დაადგინა, რომ დაზიანებები მიყენებული იყო ბლაგვი საგნით და ისინი შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო მომჩივნის მიერ მითითებულ პერიოდში. ექსპერტმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რათა დაედგინათ, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული დაზიანებები ყოფილიყო თვითდაზიანების შედეგი და შეეძლოთ თუ არა ამ დაზიანებებს გამოეწვიათ მომჩივნის მიერ ნახსენები თავის ტკივილები და თავბრუსხვევა.

27 . 2008 წლის 11 დეკემბერს დაიკითხა პროკურორი, რომელმაც მოინახულა მომჩივანი დროებითი მოთავსების იზოლატორში. მისი ჩვენების თანახმად, იგი მომჩივანს ეწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა ხელი მოეწერა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე. მან ჰკითხა მომჩივანს ჰქონდა თუ არა მას რაიმე პრეტენზიები და ამაზე პასუხად მიიღო უარი. მომჩივანს აგრეთვე არ აღენიშნებოდა არასათანადო მოპყრობის კვალი. უბრალოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იგი უდანაშაულო იყო. აღნიშნულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მომჩივნის ადვოკატი.

28 . 2009 წლის 16 და 17 იანვარს დაიკითხა ორი გამომძიებელი. მათი ჩვენების მიხედვით, 2008 წლის 15 თებერვალს მათ მომჩივანი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ბორჯომის რაიონულ სასამართლოში და შემდგომ სასამართლოდან პირდაპირ თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდნენ მომჩივნის გვერდით. მათ მომჩივნისთვის არ მიუყენებიათ არანაირი სახის დაზიანებები. მათ, აგრეთვე, არ შეუნიშნავთ მომჩივანზე რაიმე სახის დაზიანება თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში დათვალიერებისას მათ აღმოჩენამდე. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მომჩივანმა აღნიშნული დაზიანებები განმარტა, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროს დაცემის შედეგად მიღებული ტრავმები და რომ მას არ ჰქონდა არანაირი სახის პრეტენზია.

29 . 2009 წლის 17 თებერვალს პროკურორმა მოითხოვა რომ ექსპერტთა კომისიის მიერ ჩატარებულიყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული კომისიის წინაშე წარდგენილ იქნა ორი საკითხი: იყო თუ არა ექსპერტებისთვის მიწოდებული მასალა საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო აღნიშნულ დროში მიყენებული დაზიანებების შესაბამისი შეფასება და შეეძლოთ თუ არა აღნიშნულ დაზიანებებს გამოეწვიათ მომჩივნის მიერ ნახსენები თავისტკივილები, გულისრევა და თავბრუსხვევა.

30 . 2009 წლის 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, ექსპერტთა კომისიის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა („მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“). შედეგად მიღებული დასკვნის თანახმად, დაზიანებების მიყენების დროიდან და მომჩივნის დროული ნევროლოგიური გამოკვლევების არარსებობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მომჩივნის დაზიანებებსა და თავის ტკივილებს, გულისრევასა და თავბრუსხვევებს შორის კავშირის დადგენა.

31. 2009 წლის 30 ოქტომბერს მომჩივანმა მიიღო პასუხი საოლქო პროკურატურისგან 2009 წლის 26 ოქტომბერს მის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

32 . 2014 წლის 2 და 8 ივლისს, რამდენიმეწლიანი უმოქმედობის შემდეგ გამომძიებელმა დაკითხა ის პოლიციელები, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მომჩივანი მიიყვანეს მისი დაკავების შემდეგ. მათი თქმით, ერთადერთი დაზიანება, რაც მათ შეამჩნიეს, ეს იყო ნაკაწრები მომჩივნის ხელზე. მათ უარყვეს მომჩივნის მიმართ რაიმე სახის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა.

33 . 2014 წლის 15 ივლისს, მომჩივნის დაკავებისა და მისი წინასწარი პატიმრობის საკითხთან დაკავშირებული პირველი სასამართლო სხდომის ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგი შეხვდა მომჩივანს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ მას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანებები და რომ იგი ცალსახად უარყოფდა არასათანადო მოპყრობას. აგრეთვე, მომჩივანს 2008 წლის 15 თებერვლის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სხდომის დროსაც არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანების ნიშნები და არ ჰქონია არავითარი პრეტენზია.

34 . 2014 წლის 15 ივლისს, ინსპექტორმა, რომელიც იმჟამად მორიგე იყო თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში და ექიმმა, რომელმაც შეამოწმა მომჩივანი აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლისთანავე, დაადასტურეს, რომ მომჩივანს ჰქონდა წითელი - კანის მაცერაცია ცხვირის ხიდზე და აგრეთვე, აღენიშნებოდა თავზე კოპი, ამ უკანასკნელის ზუსტი მდებარეობის მითითების გარეშე. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივანს არ ჰქონია პრეტენზიები და, რომ მისი თქმით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც მან შეუძლოდ იგრძნო თავი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

35. 2014 წლის 15 ივლისს გამომძიებელმა, რომელმაც 2008 წლის 7 მარტს გამოკითხა მომჩივანი თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ), აღნიშნა, რომ გამოკითხვის მიზანი იყო 2008 წლის 20 თებერვლის სამედიცინო დასკვნა (იხ.პარაგრაფი 14 ზემოთ). მისი თქმით, გასაუბრების დღეს მომჩივანს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანებები და მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული დაზიანები მიიღო „წინასწარი დაკავების იზოლატორში შეუძლოდ ყოფნის დროს“.

36 . 2014 წლის 23 ივლისს საგამოძიებო ორგანოების მიერ დაიკითხა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლის 15 თებერვლის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სხდომის დროს მას არ შეუმჩნევია რაიმე სახის დაზიანებები მომჩივანზე და რომ ამ უკანასკნელს არ წამოუყენებია რაიმე პრეტენზია.

37. დაუზუსტებელ დროს საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა სასწრაფო დახმარებას, რომელიც მიეწოდა მომჩივანს 2008 წლის 13 და 15 თებერვალს. 2008 წლის 13 თებერვლის ჩანაწერში დასმული იყო ნევროზის დიაგნოზი. 2008 წლის 15 თებერვლის ჩანაწერში ნათქვამი იყო, რომ მომჩივანს ჰქონდა ვეგეტატიური სახის ნევროზი და იგი, აგრეთვე, შეიცავდა ინფორმაციას მომჩივნისათვის დანიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით.

38 . 2014 წლის 9 სექტემბერს, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მომჩივანს დროებითი მოთავსების იზოლატორში 2008 წლის 13 თებერვალს (იხ. პარაგრაფები 10 და 19 ზემოთ) განაცხადეს, რომ მათ არ შეუნიშნავთ დაზიანებები მომჩივნის სახეზე და არც მომჩივანს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია.

39 . როგორც მთავრობის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალის მიხედვით არის ცნობილი, 2016 წლის 29 იანვარს დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება დახურულ იქნა პროკურორის მიერ. აგრეთვე, არ დასტურდება მომჩივნის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი, რომელიც ექვემდებარებოდა ერთჯერად გასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება კი იქნებოდა საბოლოო და არ დაექვემდებარებოდა სასამართლოს წინაშე გასაჩივრებას.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

40. შესაბამისი სამართლებრივი დებულებები, რომლებიც ეხება ხელისუფლების ვალდებულებას, გამოიძიონ ბრალდება არასათანადო მოპყრობის შესახებ და რომლებიც ძალაში იყო განსახილველი დროისათვის, მოცემულია შემდეგ გადაწყვეტილებებში: Mikiashvili v. Georgia (no. 18996/06, §54, 2012 წლის 9 ოქტომბერი) და Dvalishvili v. Georgia (no. 19634/07, 28 §, 2012 წლის 18 დეკემბერი).

 

 

სამართალი

I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

41. მომჩივანი დავობდა, რომ მისი დაკავების შემდეგ მას მოეპყრნენ არასათანადოდ და არანაირი ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა ამასთან დაკავშირებით. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც იკითხება შემდეგნარიად:

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“

 

42. მთავრობამ სადავო გახადა აღნიშნული არგუმენტი.

 

A. მისაღებობა

43 . მთავრობამ, სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობის თაობაზე დაზუსტების გაკეთების გარეშე, აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გაუსაჩივრებია პროკურორის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება (იხ.პარაგრაფი 39 ზემოთ).

44. ამ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომ პროკურორთან იერარქიული საჩივარი, აღნიშნული საკითხის სასამართლო განხილვის გარეშე არ წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას, გამომდინარე იქიდან, რომ მოდავე მხარეები ვერ იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ პროცესებში (იხ. Medvedev v. Russia, no. 9487/02,§ 38, 2010 წლის 15 ივლისი, დამატებითი ცნობებით და Giorgi Nikolaishvili v. Georgia, no. 37048/04, § 112, 2009 წლის 13 იანვარი). ამრიგად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას.

45 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი არ არის კონვენციის 35-ე მუხლის 3(ა) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს საჩივრის მიუღებლობის რაიმე სხვა საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

 

B. საქმის არსებითი გარემოებები

 

1. მხარეთა არგუმენტები

46 . მომჩივანმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ დაექვემდებარა ფიზიკურ და სიტყვიერ არასათანადო მოპყრობას. კერძოდ, პოლიციელებმა მას მიაყენეს დარტყმები თავის არეში და, აგრეთვე, სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში. მთავრობის არგუმენტებზე პასუხის გაცემის დროს (იხ. პარაგრაფი 47 ქვემოთ) მომჩივანმა განაცხადა, რომ მის მიერ 2008 წლის 14 თებერვალს დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება, რომელიც მოჰყვა მის მიერ 2008 წლის 13 თებერვლის განცხადებას, სადაც ის უარყოფდა რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას, აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მას აიძულეს ეღიარებინა დანაშაული და რომ, დროის ამ ორ მონაკვეთს შორის, ძალადობას ჰქონდა ადგილი. არცერთი პოლიციელი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აღიარებდა დანაშაულს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან დაზიანებები აღმოაჩნდა 2008 წლის 15 თებერვალს, იმ დროს, როდესაც მომჩივანი იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ, აღნიშნული დაზიანებები მათ მიერ უნდა ყოფილიყო მიყენებული. მომჩივანმა შემდგომში განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება არ ყოფილა ეფექტიანი.

47 . მთავრობამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დაზიანებები არ იყო იმ ხასიათის, რომ მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სიმძიმის მინიმალური დონისთვის და მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნებოდა დასაბუთებული. მათ ახსენეს მომჩივნის პრეტენზია არასათანადო მოპყრობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებამდე, სადაც იგი მოთავსებულ იქნა 2008 წლის 13 თებერვალს. ამასთან, მომჩივანს დაზიანებები შეეძლო მიეღო დაკავებამდე, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლის ბიძამ მას დაარტყა ხელი და ფეხი. გარდა ამისა, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას არ ჰქონია ადგილი, იყო სრულყოფილი და ეფექტიანი. განხილულ იქნა საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის სხვადასხვა პირების ჩვენებები, რომლებმაც ნახეს მომჩივანი 2008 წლის 13-დან 15 თებერვლამდე. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ პირებს მომჩივნისთვის არ შეუმჩნევიათ დაზიანებები, მის 2008 წლის 15 თებერვალს ციხეში მოთავსებამდე. ამრიგად, მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება შეესაბამებოდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.

 

2. სასამართლოს შეფასება

 

(a) ზოგადი პრინციპები

48 . სასამართლო ხაზგასმით აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად გარემოებისა და დაზარალებულის ქცევისა (იხ. Kudla v. Poladn [GC], no. 3030210/96, § 90, ECHR 2000 – XI). იმ მტკიცებულების შეფასებისას, რომელსაც უნდა დაეფუძნოს გადაწყვეტილება, ჰქონდა თუ არა ადგილი მე-3 მუხლის დარღვევას, სასამართლო მიმართავს მტკიცებულების სტანდარტს – „გონივრული ეჭვის მიღმა“. ამასთან, ასეთი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი ფაქტის არაგამომრიცხავი ვარაუდების თანაარსებობისგან (იხ. Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006 – IX). როდესაც პირი პოლიციის მიერ დაკავებისას იმყოფება ჯანმრთელ მდგომარეობაში, ხოლო გათავისუფლების დროს აღენიშნება დაზიანებები, სახელმწიფო ვალდებულია წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა, თუ რითი იყო აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული, რომლის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც აშკარაა საკითხის კონვენციის მე-3 მუხლთან შესაბამისობა (იხ. Ribitsch v Austria, 1995 წლის 4 დეკემბერი, § 34, სერია A no. 336, და Selmouni v. France [GC], no.25803/94, § 87, ECHR 1999 – V).

49 . სასამართლომ განმარტა, რომ თუ განსახილველი მოვლენები მთლიანად ან უმეტესწილად იმყოფება ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენციის ქვეშ, მათ შორის იმ პირთა შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებიან მათი კონტროლის ქვეშ დაკავების პერიოდში, წარმოიქმნება ფაქტების ძლიერი პრეზუმფციები იმ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაჩნდა პატიმრობაში ყოფნის დროს. აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტები ისეთ მტკიცებულებათა წარდგენით, სადაც აღწერილი იქნება ისეთი ფაქტები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ მომჩივნის ჩვენების მიხედვით აღწერილ მოვლენებს (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000 -VII; Rivas v. France, no59584/00, § 38, 2004 წლის 1 აპრილი; Turan Cakir v. Belgium, no. 44256/06, § 54, 2009 წლის 10 მარტი; Mete and Others v. Turkey,no. 294/08, § 112, 2011 წლის 4 ოქტომბერი; და Tiziana Pennino v. Italy, 21759/15, §35, 2017 წლის 12 ოქტომბერი). ამგვარი ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს მთავრობისთვის არახელსაყრელი დასკვნები (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, El-Masri v.the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 152, ECHR 2012, და Samoev V. Russia, no. 57269/14, § 47, 2018 წლის 20 ნოემბერი). ეს გამართლებულია იმით, რომ პატიმრობაში მყოფი პირები იმყოფებიან დაუცველ მდგომარეობაში და რომ მათი დაცვა ევალება ხელისუფლებას (იხ.Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, § 83, ECHR 2015).

50. როდესაც პირი დამაჯერებლად აცხადებს, რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა მსგავსი ორგანოების წარმომადგენლების ხელში ყოფნის დროს დაექვემდებარა იმგვარ მოპყრობას, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს, ეს დებულება, რომელიც კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს ზოგადი მოვალეობის შესრულებასთან ერთად იკითხება შემდეგნაირად: „ყველასთვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“, ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ უნდა განხორციელდეს აღნიშნული საქმის ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნული გამოძიების შედეგად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000 – IV). წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში იქნებოდა არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებელი იქნებოდა მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების ჩაგვრა შესაძლო დაუსჯელობით (იხ. Assenov and Others v.Bulgaria, 1998 წლის 28 ოქტომბერი, § 102, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1998-VIII). ზოგადი პრინციპები, რომლებიც გამოიყენება იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო გამოძიება მე-3 მუხლის მიზნებისთვის, დადასტურებულ იქნა დიდი პალატის მიერ, სხვა წყაროებთან ერთად, საქმეში Mocanu and Others v. Romania ([GC], nos.10865/09, 45886/07 და 32431/08, § 316-26 ECHR 2014 (ამონარიდები)).

 

(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში

51 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არ არსებობს დავა, რომ მომჩივანს ჰქონდა დაზიანებები, როგორებიცაა კოპი თავის არეში და წითელი - კანის მაცერაცია ცხვირის ხიდზე („დაზიანებები“). თუმცა, ისინი ვერ თანხმდებიან ამ დაზიანებების სიმძიმის, შესაძლო დროსა და გამომწვევ მიზეზებზე, ასევე, იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანად იქნა გამოიძიებული აღნიშნული საქმე.

52. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის პოზიცია სასამართლოს წინაშე, დაზიანების მიყენების მეთოდთან დაკავშირებით (იხ.პარაგრაფი 46 ზემოთ), შეიძლება არასაკმარისად შეესაბამებოდეს მის ჩვენებას, რომელიც მიცემულ იქნა ეროვნულ დონეზე (იხ. პარაგრაფები 19-20), სასამართლო იმეორებს კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ ღირებულებებს და სახელმწიფოების ვალდებულებას, წარმოადგინონ დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ როგორ იქნა მიყენებული დაზიანებები პირისთვის, რომელიც პოლიციის მიერ დაკავების დროს იმყოფებოდა ჯანმრთელ მდგომარეობაში (იხ.პარაგრაფები 48-49 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზიანებების არსებობა, რომელიც მომჩივნის თქმით, მას პოლიციელებმა მიაყენეს, დაადასტურა იმ ექიმის სამედიცინო დასკვნამ, რომელმაც გასინჯა მომჩივანი 2008 წლის 15 თებერვალს, ამ უკანასკნელის თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას, მისი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ (იხ.პარაგრაფი 13 ზემოთ). მათი არსებობა არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ (იხ.პარაგრაფი 51 ზემოთ). ეროვნული ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით, მათ შორის პოლიციელების განცხადებებით, რომლებმაც დააკავეს მომჩივანი, მტკიცდება, რომ მომჩივანს არ აღენიშნებოდა დაზიანებები მის დაკავებამდე (იხ. პარაგრაფები 6-7, 18 და 32 ზემოთ). გამომდინარე აქედან, მისი ბრალდებები - როგორც ეს მითითებულია ეროვნულ დონეზე წარდგენილ საჩივარში, - რომ იგი პოლიციელების მიერ ისეთ მოპყრობას დაექვემდებარა, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლს არღვევდა, იყო სადავო. შესაბამისად, ხელისუფლებას მოეთხოვებოდა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.

53. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება პოლიციელების მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ბრალდებებიდან სამი დღის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ მომჩივანი გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყო გამოძიების დაწყების შეფერხებაში, რადგან მან თავისი საჩივარი წარადგინა დაზიანების სავარაუდო მიყენებიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ (იხ.პარაგრაფი 16 ზემოთ), სასამართლო მხედველობიდან არ უშვებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული განცხადების წარდგენის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას ახლდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ პირველი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც უნდა შეფასებულიყო მომჩივნის დაზიანებები, მოთხოვნილ იქნა თავდაპირველი ბრალდებების წაყენებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). სასამართლო - სამედიცინო ექსპერტი შემოიფარგლა მხოლოდ მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შეფასებით. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის რეკომენდაციით აღნიშნული საკითხი შეფასებული უნდა ყოფილიყო ექსპერტთა კომისიის მიერ, იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა სამედიცინო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დაზიანებები ყოფილიყო თვითდაზიანების შედეგი, ამ მიზნით მეორე ექსპერტიზის ჩატარება მოთხოვნილ იქნა 4 თვეზე მეტი დაგვიანებით (იხ.პარაგრაფი 29 ზემოთ). დროის გასვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექსპერტთა კომისიამ ვერ უპასუხა მათთვის დასმულ კითხვებს (იხ.პარაგრაფი 30 ზემოთ).

54. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს გამოძიების უჩვეულო ხანგრძლივობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო 2008 წლის 4 აპრილს და დაიხურა 2016 წლის 29 იანვარს. შესაბამისად, თითქმის რვა წელი გავიდა მომჩივნის საჩივარსა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილებას შორის. როგორც სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წინა შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის კონკრეტულ ვითარებაში გამოძიების პროგრესს, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოძიებაზე სწრაფი რეაგირება, ზოგადად, შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც აუცილებელი პირობა, როგორც საზოგადოების მხრიდან სამართლის უზენაესობის დაცვის ნდობის შენარჩუნების, უკანონო ქმედებებთან მიმართებით კოლიზიის გამოვლენის ან მათ მიმართ ტოლერანტობის პრევენციისათვის (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, Mocanu and Others v. Romania [GC], nos 10865/09 და 2 სხვა საქმე, 323, ECHR 2014 (ამონარიდები), და Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 133).

55 . რაც შეეხება გამოძიების მასშტაბებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის რეკომენდაციის მიუხედავად (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ), მეორე სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა შემოიფარგლებოდა გამომძიებლის მიერ წარდგენილი კითხვებით, რომლებიც არ მოიცავდა საკითხს იმის შესახებ, მომჩივნის დაზიანებები შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო თვითდაზიანების შედეგი (იხ. პარაგრაფი 30 ზემოთ). აგრეთვე, არ განიხილებოდა ის საკითხი, შეიძლებოდა თუ არა, რომ აღნიშნული დაზიანებები, რომლებიც შემოწმებული იყო ექსპერტების მიერ, მიყენებული ყოფილიყო დაკავებამდე და გამოვლენილიყო მოგვიანებით. გარდა ამისა, მაშინ როდესაც ექსპერტმა, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მომჩივანს ჩაუტარა ნარკოლოგიური ტესტი, განაცხადა, რომ მან მომჩივანს გადაუღო სამი ფოტო, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნის განზრახვით (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ), საგამოძიებო ორგანოებს, როგორც ჩანს, არ მიუღიათ ან არ უცდიათ ამ ფოტოების მოპოვება. იმის დაშვების პირობებშიც კი, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები უარყოფს მომჩივნის ვერსიას, დაზიანებების მიღების ზუსტი დროისა და გარემოებების შესახებ, სასამართლო შენიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დაზიანების სხვა შესაძლო მიზეზების გამოკვლევის არანაირი მცდელობა არ ყოფილა.

56 . აღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, სასამართლომ დაასკვნას, რომ მომჩივნის საჩივარი, რომელიც ეხებოდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენებასა და დაზიანებების მიყენებას მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირისთვის, არ იყო ეფექტიანი გამოძიების საგანი, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი (იხ.პარაგრაფი 48 ზემოთ).

57. ამ წინაპირობის საპირისპიროდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები იწვევს კრახს სადავო მოვლენების მნიშვნელოვან ასპექტებზე ნათელის მოფენაში, მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის კონტექსტში. მტკიცებულების გათვალისწინებით, მათ შორის დაკავებისა და პირის ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ მომჩივანს დაკავებამდე არ ჰქონია პრეტენზიები დაზიანებების შესახებ (იხ.პარაგრაფები 6-7, 18 და 32 ზემოთ), ჩნდება ვარაუდი, რომ მომჩივანმა აღნიშნული დაზიანებები მიიღო პოლიციის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს. რაც შეეხება მთავრობას, იმის დასადასტურებლად, რომ საკმარისად წარმოეჩინა, რომ მომჩივნის დაზიანებები მთლიანად, ძირითადად ან ნაწილობრივ გამოწვეული იყო სხვაგვარად, ვიდრე პოლიციის კონტროლქვეშ ყოფნის დროს (იხ. Ribitsch, ციტირებული ზემოთ, § 34), სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი შესაძლო განმარტება. კერძოდ, მათი ერთადერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის დაზიანებების წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო მოქალაქეების მხრიდან მიყენებული დაზიანებები მის დაკავებამდე (იხ.პარაგრაფები 18, 21, 23 და 47 ზემოთ), არ არის დამაჯერებელი ზუსტად იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა აღნიშნული ვარაუდის გამოძიება და იმის დაზუსტება, შეიძლებოდა თუ არა ამგვარი ცემის ფაქტები გამოვლენილიყო ორი დღის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ).

 58 . დასკვნის სახით, სასამართლომ არ შეიძლება მიიჩნიოს, რომ მთავრობამ შეასრულა ვალდებულება წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული (იხ. Tiziana Pennino, ციტირებული ზემოთ, §§ 54-55;) Ksenz and Others v.Russia, nos.45044/06 და 5 სხვა, § 104, 2017 წლის 12 დეკემბერი; Samesov, ციტირებული ზემოთ, § 61; და Tilloyev v.Russia [კომიტეტი], no.2120/10, § 33, 2019 წლის 5 მარტი).

ზემოაღნიშნული მოსაზრებები სასამართლოსთვის საკმარისია დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.

 

II. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

59 . მომჩივანი ასევე ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით არანაირი ეფექტიანი დაცვის საშუალება არ იყო ხელმისაწვდომი. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-13 მუხლს.

60. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი უკავშირდება ზემოთ განხილულ საჩივრებს და, შესაბამისად, ანალოგიურად უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.

61 . თუ გავითვალისწინებთ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენას (იხ.პარაგრაფები ზემოთ 51-58), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი შემოწმდეს, დაირღვა თუ არა ამ კონვენციის მე-13 მუხლიც.

 

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

62. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

 

A. ზიანი

63. მომჩივანმა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის მოითხოვა 50,000 ევრო (EUR).

64. მთავრობამ განაცხადა, რომ არ არსებობდა რაიმე მიზეზობრივი კავშირი მოთხოვნილ ზიანსა და მომჩივნის მიმართ სავარაუდო დარღვევას შორის.

65. სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მას აგრეთვე მიადგებოდა მორალური ზიანიც, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელი იქნება მხოლოდ დარღვევის დადასტურებით. სამართლიანობის საფუძველზე გაკეთებული შეფასებით, კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მომჩივანს მორალური ზიანისთვის მიაკუთვნებს 6,000 ევროს.

 

B. სასამართლო ხარჯები

66 . მომჩივანმა ასევე მოითხოვა 3,540 ევრო იმ სასამართლო ხარჯებისთვის, რომლებიც მან გა ს წია ეროვნული სასამართლოების წინაშე.

67. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნა არ იყო მიზეზობრივად დაკავშირებული მომჩივნის საჩივართან სასამართლოს წინაშე.

68 . სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მომჩივანს ხარჯების ანაზღაურება შესაძლოა მიენიჭოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია, რომ ეს ხარჯები გონივრული ოდენობით, ნამდვილად და აუცილებლობიდან გამომდინარე, იქნა გაწეული ან დადგენილ დარღვევასთანაა კავშირში. სასამართლო ვერ პოულობს ურთიერთკავშირს მის წინაშე აღმოჩენილ დარღვევასა და ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებას შორის, ამიტომ იგი უარყოფს მოთხოვნას ხარჯების შესახებ.

 

C. საურავი

69. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

 

ამ მოტივით სასამართლო ერთხმად,

1. აცხადებს კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე წარდგენილ საჩივრებს მისაღებად;

 

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;

 

3. ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვის აუცილებლობა;

 

4. ადგენს

(a) რომ, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 6000 ევრო (ექვსი ათასი ევრო), მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.

(b) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ მხარეებს 2019 წლის 18 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

კლაუდია ვესტერდიკი                                  ანგელიკა ნუსბერგერი

 

სასამართლოს განმწესრიგებელი                     თავმჯდომარე