საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.11.2019
ძალაში შესვლა 24.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №227/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017847
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №227/ნ
2019 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის №475 დადგენილების მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 24 ნოემბრიდან.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამონაცვლე, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის №475 დადგენილების შესაბამისად დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ობსერვატორიას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
3. ობსერვატორია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
4. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი. ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4.
მუხლი 2🔗. ობსერვატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
1. ობსერვატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ა) ასტრონომიის, ასტროფიზიკის და კოსმოსურ მეცნიერებათა სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი საქმიანობის განხორციელება;
ბ) ასტრონომიის, ასტროფიზიკის და კოსმოსურ მეცნიერებათა სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან პროფილური სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი სასწავლო და კვლევითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებში გაწევრიანება;
დ) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების გამართვა;
ე) ობსერვატორიის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგების ადგილობრივ და საერთაშორისო პერიოდულ თუ სხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩართოს სტუდენტები სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებას;
თ) ობსერვატორიის ბაზაზე საჯარო ღონისძიებების მოწყობა, განხორციელებული კვლევითი პროექტების შედეგებისა და მიღწევების, ასევე სამომავლო კვლევითი პროექტების პრეზენტაცია-განხილვა, რაც ამ პროექტების გარშემო დისკუსიის საჯარო სივრცეში გატანისა და პოპულარიზაციის მიზანს მოემსახურება;
ი) თემატურად მომიჯნავე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის კოოპერაციული ცენტრების და კვლევითი ჯგუფების შექმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი დონის ინტეგრირებული სამეცნიერო კვლევების წარმოებას;
კ) ასტრონომიის, ასტროფიზიკის და კოსმოსურ მეცნიერებათა მომიჯნავე დარგების განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის და დანერგვის ხელშეწყობა;
ლ) სამუზეუმო საქმიანობის წარმოება დარგის პოპულარიზაციის მიზნით.
2. ობსერვატორია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ისეთი საქმიანობა, მათ შორის, ეკონომიკური, რომელიც თვისობრივად პასუხობს ობსერვატორიის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ობსერვატორიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. ობსერვატორია ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
თავი II
ობსერვატორიის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
მუხლი 3🔗. ობსერვატორიი მართვის ორგანოები და ობსერვატორიის სტრუქტურა
1. ობსერვატორიის მართვის ორგანოებია ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო და ობსერვატორიის დირექტორი.
2. ობსერვატორიას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ობსერვატორიის დირექტორი.
3. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.
4. ობსერვატორიის სტრუქტურა შედგება სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებისგან (დეპარტამენტი, განყოფილება, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ჯგუფი და სხვა) და ობსერვატორიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე სამსახურებისგან. ობსერვატორიის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო
1. ობსერვატორიას ჰყავს სამეცნიერო საბჭო, რომელიც შექმნილად ითვლება, თუ ობსერვატორიაში დასაქმებულია მინიმუმ 3 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ობსერვატორიაში დასაქმებული ყველა მთავარი მეცნიერი თანამშრომელი იმავდროულად არის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2. ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციებს განეკუთვნება:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის არჩევნების თაობაზე, დაადგინოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და განსაზღვროს არჩევნების ჩატარების თარიღი;
ბ) ღია კონკურსის საფუძველზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით, აირჩიოს ობსერვატორიის დირექტორი და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართოს წინადადებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;
დ) ობსერვატორიის დირექტორის წარდგინებით განიხილოს ობსერვატორიის ბიუჯეტი და მოისმინოს ანგარიში ობსერვატორიის ბიუჯეტის შესრულებაზე;
ე) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილოს და განსაზღვროს ობსერვატორიის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უზრუნველყოს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელება;
ვ) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიოს ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი;
ზ) დაამტკიცოს დირექტორის მიერ წარდგენილი საშტატო განრიგი;
თ) დირექტორის წარდგინებით შეითანხმოს ობსერვატორიის წესდებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შესახებ ინიციატივა;
ი) მოისმინოს და განიხილოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და ცალკეული მეცნიერების საქმიანობის შედეგები და ანგარიშები, პრობლემატური სამეცნიერო საკითხები, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებები, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშები;
კ) განიხილოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში – სამინისტრო) დასამტკიცებლად წარსადგენი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;
ლ) განიხილოს და დაამტკიცოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის განსახილველად წარსადგენი საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში;
მ) განიხილოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები;
ნ) ობსერვატორიის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
ო) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები;
პ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 5🔗. სამეცნიერო საბჭო და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
2. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ მაინც, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის მესამედის ან/და ობსერვატორიის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება ობსერვატორიის შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს სამეცნიერო საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ საბჭოს წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას, რომელიც შეუძლებელს ხდის ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალებისას/უგზო-უკვლოდ დაკარგვისას;
ვ) ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის დირექტორი
1. ობსერვატორიას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ობსერვატორიის დირექტორი.
2. ობსერვატორიის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ობსერვატორიის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესს;
გ) ითანხმებს ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, მათ შორის კონკურის წესით დასაკავებელ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს შტატგარეშე მომუშავესთან;
ე) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ობსერვატორიის სახელით დებს მათთან ხელშეკრულებებს;
ზ) არაუმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
თ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას;
ი) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;
კ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ობსერვატორიის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ობსერვატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
მ) უფლებამოსილია ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ობსერვატორიის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
ნ) ამტკიცებს ობსერვატორიის შინაგანაწესს;
ო) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ჟ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ობსერვატორიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინიციატივას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
რ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ობსერვატორიის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
ს) პასუხისმგებელია ობსერვატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის დირექტორის არჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების წესი
1. ობსერვატორიის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ობსერვატორიის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ობსერვატორიის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2. ობსერვატორიის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
3. ობსერვატორიის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.
4. ობსერვატორიის დირექტორს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი) თანამდებობაზე ნიშნავს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
5. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
6. მინისტრის მიერ ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მინისტრი, ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ობსერვატორიის დირექტორის მოადგილეს ან ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
7. ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ობსერვატორიის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
8. ობსერვატორიის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას, რომელიც შეუძლებელს ხდის ობსერვატორიის დირექტორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) გარდაცვალებისას/უგზო-უკვლოდ დაკარგვისას.
9. ობსერვატორიის დირექტორს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
10. ობსერვატორიის დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
11. ობსერვატორიის დირექტორის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
12. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
თავი III
ობსერვატორიის პერსონალი
მუხლი 9🔗. ობსერვატორიის პერსონალი
1. ობსერვატორიის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ობსერვატორიის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებია:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. პირი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.
6. ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ობსერვატორიის დირექტორი.
8. ობსერვატორიის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
9. ობსერვატორიის პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით, ობსერვატორიის შინაგანაწესისა და ობსერვატორიის დირექტორსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით.
მუხლი 10🔗. ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ობსერვატორიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ობსერვატორიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებით.
2. ობსერვატორიის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად.
3. ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
მუხლი 11🔗. ობსერვატორიის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ირჩევს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ობსერვატორიის დირექტორი. ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ობსერვატორიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
2. ობსერვატორიის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს ობსერვატორიის დირექტორი.
4. ობსერვატორიის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ობსერვატორიის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
ობსერვატორიის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 12🔗. ობსერვატორიის ქონება და საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ობსერვატორიას, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ობსერვატორიის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.
2. ობსერვატორიის დირექტორი საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად, ობსერავტორიის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას. მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ობსერვატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ობსერვატორიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ობსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 13🔗. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროები, ბალანსის შედგენა და შემოწმება
1. ობსერვატორიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტები;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობები, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ობსერვატორიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ობსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
მუხლი 14🔗. ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი
1. ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ობსერვატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ობსერვატორია ვალდებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობათან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.
მუხლი 15🔗. ობსერვატორიის წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ობსერვატორიის წესდებაში ცვლილებების შეტანა, ობსერვატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
გარდამავალი დებულებები
მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულება
1. წინამდებარე წესდების მე-8 მუხლით დადგენილი წესით ობსერვატორიის დირექტორის დანიშვნამდე მინისტრი ნიშნავს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოფს წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პოზიციებზე შემდეგი პერსონალის მიღებას:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლები;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) დამხმარე პერსონალი.
2. ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება უწყდება ობსერვატორიის დირექტორის წინამდებარე წესდების მე-8 მუხლით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე.
3. სამეცნიერო საბჭომ შექმნიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს წინამდებარე წესდების მე-8 მუხლით დადგენილი წესით ობსერვატორიის დირექტორის არჩევა და თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრისათვის წარდგენა.