შპს „სასტუმრო ყაზბეგის“, შპს „სითი ლოფტსას“ და შპს „აჭარა ჯგუფის“ გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
2019 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
წარმომადგენელი: ვასილ ხაჭაპურიძე
მოვალე: შპს „Geo Trips“
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სასტუმრო ყაზბეგის“, შპს „სითი ლოფტისა“ და შპს „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა და შპს „Geo Trips“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მოითხოვა, რომლის თანახმადაც, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება; აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.
სასამართლო გაეცნო განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „სასტუმრო ყაზბეგს“, შპს „სითი ლოფტსა“ და შპს „აჭარა ჯგუფს“ გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების დანაწესის შესაბამისად, განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა დაევალა.
2019 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „სასტუმრო ყაზბეგის“, შპს „სითი ლოფტისა“ და შპს „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის – განცხადებას არ ერთვის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორების მიერ განცხადების შეტანამდე არაუგვიანეს 30 დღისა ვადაგადაცილებული მოთხოვნებისა და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე (იხ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩნება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ განცხადებას უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-7, მე-8, მე-14, მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სასტუმრო ყაზბეგს“, შპს „სითი ლოფტსა“ და შპს „აჭარა ჯგუფს“ უარი ეთქვას გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განმცხადებლებს უკან დაუბრუნდეთ განცხადება და თანდართული დოკუმენტები.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე