ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება
მიღების თარიღი 09.10.2015
ძალაში შესვლა 09.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №UN.XIX.49
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016594
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2005 წლის 14 აპრილის ოქმით შესწორებული საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ კონვენცია სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება
საერთაშორისო შეთანხმება
ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ, 2015 წელი
თავი I
საერთო მიზნები
მუხლი 1🔗
შეთანხმების მიზნები
1. სტანდარტიზაციის და კვლევის სფეროში
ხელი შეეწყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაახლოებას, რომელიც შეეხება ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთებისა და სუფრის ზეთისხილის ფიზიკურ-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, ვაჭრობისთვის ნებისმიერი დაბრკოლების აღმოფხვრის მიზნით;
ჩატარდეს სამუშაო ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ანალიზის სფეროში, ზეთისხილის პროდუქტების შემადგენლობისა და ხარისხობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული ცოდნის გასაღრმავებლად, საერთაშორისო სტანდარტების განმტკიცების მიზნით და იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს:
პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
საერთაშორისო ვაჭრობა და მისი განვითარება;
მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
თაღლითური და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკისა და ფალსიფიკაციის პრევენცია.
გაძლიერდეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, როგორც ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთის სფეროში წამყვანი ფორუმის როლი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის;
კოორდინაცია გაეწიოს ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის კვებითი ღირებულებისა და სხვა დამახასიათებელი თვისებების სამეცნიერო-კვლევით შესწავლა;
ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.
2. ზეთისხილის მოყვანა, ზეთისხილის ზეთის წარმოების ტექნოლოგია და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში
ხელი შეეწყოს ზეთისხილის სექტორში ტექნიკურ თანამშრომლობასა და სამეცნიერო კვლევასა და განვითარებას, სახელმწიფო ან კერძო ორგანოებსა და/ან ორგანიზაციებს შორის ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით;
ჩატარდეს სამუშაო ზეთისხილის ხეების გენეტიკური წყაროების იდენტიფიცირების, შენარჩუნებისა და გამოყენების მიზნით;
შესწავლილ იქნეს კავშირი ზეთისხილის მეურნეობასა და გარემოს შორის, კერძოდ, გარემოს დაცვისა და მდგრადი წარმოების ხელშეწყობისა და სექტორის კომპლექსური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით;
ხელი შეეწყოს ტექნოლოგიების გადაცემას ზეთისხილის სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში ჩატარებული სასწავლო ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ღონისძიებათა ორგანიზების გზით;
ხელი შეეწყოს ზეთისხილის პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას იმ შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად, რომელთა მხარესაც შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი წევრი;
წახალისდეს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ზეთისხილის მოყვანასთან დაკავშირებულ ფიტოსანიტარიულ სფეროში.
3. ზეთისხილის პროდუქტების პოპულარიზაციის, ინფორმაციის გავრცელებისა და ზეთისხილის მეურნეობის სფეროში
გაძლიერდეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, როგორც ზეთისხილის ხისა და მისი პროდუქტების შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მსოფლიო ცენტრისა და როგორც ამ სექტორში დაკავებული ყველა მეწარმის ფორუმის როლი;
ხელი შეეწყოს ზეთისხილის პროდუქტების მოხმარებას, ზეთისხილის ზეთითა და სუფრის ზეთისხილით საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებასა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას;
ხელი შეეწყოს საერთაშორისო და რეგიონულ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის კვებითი ღირებულების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სხვა თვისებების შესახებ ზოგადი სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას, მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით;
შესწავლილ იქნეს ბალანსი ზეთისხილის ზეთის, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთისა და სუფრის ზეთისხილის მსოფლიო სექტორში, ჩატარდეს კვლევები და შეთავაზებულ იქნეს შესაბამისი ზომები;
გავრცელდეს ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ ეკონომიკური მონაცემები და ანალიზი და წევრებს წარედგინოთ ინდიკატორები, რომლებიც აუცილებელია ზეთისხილის პროდუქტების ბაზრების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის;
გავრცელდეს და გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების პროგრამების შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია ზეთისხილის მოყვანასთან და შესწავლილ იქნეს მათი გამოყენების შესაძლებლობა წარმოების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
თავი II
განსაზღვრებები
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის
1. „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო“ ნიშნავს მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების დებულებების გამოყენების მიზნით.
2. „წევრების საბჭო“ ნიშნავს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.
3. „ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მუდმივ დამკვირვებელს, ევროკავშირს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც დათანხმდა წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოობაზე.
4. „წევრი“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს ზემოთ განსაზღვრული მნიშვნელობით.
5. „ზეთისხილის ზეთი“ ნიშნავს ექსკლუზიურად ზეთისხილის ხის ნაყოფიდან მიღებულ ზეთს (Olea europaea L.), გარდა იმ ზეთისა, რომელიც მიიღება გამხსნელის გამოყენებით, ან რე-ესტერიფიკაციის პროცედურის მეშვეობით, ან სხვა ტიპის ზეთებთან ნებისმიერი შერევის გზით. ის მოიცავს შემდეგ დასახელებებს: ცივი დაწნეხვის უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთი, ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი, ცივი დაწნეხვის ჩვეულებრივი ხარისხის ზეთისხილის ზეთი, ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი ლამპანტე, რაფინირებული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილის ზეთი რომელიც შედგება რეფინირებული ზეთისხილის ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთებისგან.
6. „ზეთისხილის ნაწნეხის ზეთი“ ნიშნავს ზეთს, რომელიც მიიღება გამხსნელებით ან სხვა ფიზიკური საშუალებებით ზეთისხილის ნაწნეხის დამუშავების გზით, გარდა იმ ზეთებისა, რომლებიც მიიღება რე-ესტერიფიკაციის პროცედურის, ან სხვა ტიპის ზეთებთან ნებისმიერი შერევის მეშვეობით. ის მოიცავს შემდეგ დასახელებებს: ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული არარაფინირებული ზეთი, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული რაფინირებული ზეთი და ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთი, რომელიც შედგება ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული რაფინირებული ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთებისგან.
7. „სუფრის ზეთისხილი“ ნიშნავს პროდუქტს დამზადებულს კულტურული ზეთისხილის ხის სახეობათა ჯანსაღი ნაყოფისგან, რომელიც შეირჩევა კონსერვირებისთვის განსაკუთრებით ვარგისი ზეთისხილის წარმოებისთვის და რომელიც ექვემდებარება სათანადო წესით დამუშავებას ან გადამუშავებას და გასაყიდად და საბოლოო მოხმარებისთვის გაშვებას.
8. „ზეთისხილის პროდუქტები“ ნიშნავს საკვებად ვარგის ყველა ზეთისხილის პროდუქტს, კერძოდ, ზეთისხილის ზეთს, ზეთისხილის ნაწნეხის ზეთს და სუფრის ზეთისხილს.
9. „ზეთისხილის თანაპროდუქტები“ ნიშნავს, კერძოდ, პროდუქტებს, რომლებიც მიიღება ზეთისხილის ხეების გასხეპვის შედეგად და ზეთისხილის პროდუქტების წარმოებიდან, და პროდუქტებს, რომლებიც წარმოადგენს ამ სექტორის პროდუქციის ალტერნატიული გამოყენების შედეგს.
10. „ზეთისხილის სამეურნეო წელიწადი“ ნიშნავს პერიოდს n წლის 1 სექტემბრიდან n+1 წლის 31 აგვისტომდე – სუფრის ზეთისხილისთვის და პერიოდს n წლის 1 ოქტომბრიდან n+1 წლის 30 სექტემბრამდე – ზეთისხილის ზეთისთვის. სამხრეთ ნახევარსფეროს შემთხვევაში, ეს პერიოდი შეესაბამება n კალენდარულ წელს – სუფრის ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთისთვის.
11. „სავაჭრო სტანდარტები“ ნიშნავს სტანდარტებს მიღებულს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ, რომელიც მოქმედებს თავის წევრთა საბჭოს მეშვეობით, რომლებიც გამოიყენება ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხის ზეთებისა და სუფრის ზეთისხილის მიმართ.
თავი III
ინსტიტუციონალური დებულებები
ნაწილი 1
დაფუძნება, ორგანოები, ფუნქციები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
მუხლი 3🔗
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სტრუქტურა და შტაბბინა
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო თავის ფუნქციებს შეასრულებს შემდეგი ორგანოების მეშვეობით:
(a) წევრთა საბჭო;
(b) თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე;
(c) ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი და ნებისმიერი სხვა კომიტეტი და ქვეკომიტეტები;
(d) აღმასრულებელი სამდივნო.
2. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შტაბბინა განთავსდება მადრიდში, ესპანეთი, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების განმავლობაში, თუ წევრთა საბჭო სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
მუხლი 4🔗
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც უერთდება წინამდებარე შეთანხმებას, წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრს, რამდენადაც ის თანხმდება მასთან მიმართებაში წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოობაზე.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. წინამდებარე შეთანხმებაში იგულისხმება, რომ ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მუდმივ დამკვირვებელს, ევროკავშირს და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ანალოგიური ვალდებულებები საერთაშორისო შეთანხმებების, კერძოდ, სასაქონლო შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებათა წარმოებასთან, მათ ხელმოწერასთან, გაფორმებასთან, რატიფიკაციასა და განხორციელებასთან მიმართებაში.
მუხლი 5🔗
პრივილეგიები და იმუნიტეტები
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გააჩნია სამართალსუბიექტობა. კერძოდ, მას გააჩნია უფლებაუნარიანობა გააფორმოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება და შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. ის არ არის უფლებამოსილი ისესხოს ფულადი თანხა.
2. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, ასევე მისი აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და პერსონალის, და წევრთა ექსპერტებისა და დელეგატების სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობასა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შორის „შტაბბინის შესახებ“ შეთანხმებით.
3. იმ სახელმწიფოს მთავრობა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შტაბბინა, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, დაბეგვრისგან გაათავისუფლებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ თავისი თანამშრომლებისთვის გადახდილ ანაზღაურებას და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აქტივებს, შემოსავალსა და სხვა ქონებას.
4. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია ერთ ან რამდენიმე წევრთან გააფორმოს შეთანხმებები ისეთ პრივილეგიებთან და იმუნიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება აუცილებელი იყოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ განსახორციელებლად.
მუხლი 6🔗
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობა
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობაში შედის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ყველა წევრი.
2. თითოეული წევრი ნიშნავს თავის წარმომადგენელს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში.
მუხლი 7🔗
ორგანოების უფლებამოსილებები და ფუნქციები
1. წევრების საბჭო
წევრების საბჭოს შემადგენლობაში შედის თითოეული წევრის ერთი დელეგატი. ამასთან, თითოეულ წევრს შეუძლია დანიშნოს თავისი დელეგატის ერთი ან რამდენიმე შემცვლელი და ერთი ან რამდენიმე კონსულტანტი.
წევრების საბჭო წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და ის ახორციელებს ყველა უფლებამოსილებას და ფუნქციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად.
წევრების საბჭო პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებაზე. ამ მიზნით, ის იღებს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს, იმ პირობით თუ შესაბამისი უფლებამოსილებების ან ფუნქციების შესრულება არ ეკისრება უშუალოდ აღმასრულებელ დირექტორს.
ნებისმიერი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია მიღებული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც წინ უსწრებს წინამდებარე შეთანხმებას და რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის, გააგრძელებს მოქმედებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას ან მას არ აუქმებს წევრების საბჭო.
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, წევრების საბჭო, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, მიიღებს:
საპროცედურო წესებს;
ფინანსურ რეგულაციებს;
პერსონალთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ანალოგიურ სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში თანამდებობის პირთა მიმართ მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
ორგანიზაციის სტრუქტურას და მოვალეობების აღწერას;
სხვა პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფუნქციონირებისთვის;
წევრების საბჭო მიიღებს და გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, ასევე ანგარიშებს, კვლევებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად და აუცილებლად.
2. თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე
წევრების საბჭო ერთი წლის ვადით დანიშნავს თავმჯდომარეს და ვიცე-თავმჯდომარეს წევრების დელეგაციების წარმომადგენელთაგან. იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე, ან ვიცე-თავმჯდომარე წარმოადგენს დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც ხელმძღვანელობს სხდომებს, წევრების საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას განახორციელებს მისი დელეგაციის სხვა წევრი.
იმ უფლებამოსილებებისა და ფუნქციების შეუზღუდავად, რომლებიც აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება წინამდებარე შეთანხმებაში ან მის შესაბამისად, თავმჯდომარე ხელმძღვანელობს წევრების საბჭოს სხდომებს, წარმართავს დისკუსიებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების მიზნით და ასრულებს ნებისმიერ სხვა შესაბამის მოვალეობას და ფუნქციას, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით და/ან დამატებით მითითებულია საპროცედურო წესებში.
თავისი ფუნქციების შესრულებისას, თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია წევრების საბჭოს წინაშე.
თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში, მის ფუნქციებს შეასრულებს ვიცე-თავმჯდომარე, რომელსაც ექნება იგივე უფლებამოსილებები და მოვალეობები, როგორიც თავმჯდომარეს, ამ უკანასკნელის ჩანაცვლებისას.
თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ. როგორც თავმჯდომარის, ისე ვიცე-თავმჯდომარის დროებითი არყოფნის, ან ერთ-ერთის ან ორივეს მუდმივად არყოფნის შემთხვევაში, წევრების საბჭო დანიშნავს ახალ თანამდებობის პირებს წევრთა დელეგაციების წარმომადგენელთაგან, დროებით ან მუდმივ საფუძველზე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი და ნებისმიერი სხვა კომიტეტი და ქვეკომიტეტები
წევრების საბჭოს სამუშაოს გამარტივების მიზნით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტის გარდა, შექმნას ნებისმიერი სხვა კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებსაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაში დახმარების მიზნით.
4. აღმასრულებელი სამდივნო
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გააჩნია აღმასრულებელი სამდივნო, რომელიც შედგება აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და ისეთი პერსონალისგან, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად. აღმასრულებელი დირექტორისა და უფროსი თანამდებობის პირების ფუნქციები რეგულირდება საპროცედურო წესებით, რომლებიც, კერძოდ, განსაზღვრავს მათთვის დაკისრებულ დავალებებს.
აღმასრულებელ სამდივნოში პერსონალის აყვანისას, პირველ რიგში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროდუქტიულობის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის აუცილებლობა. აღმასრულებელი სამდივნოს თანამშრომლები, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და საშუალო რგოლის ხელმძღვანელობა უნდა ინიშნებოდნენ წევრებს შორის პროპორციული ცვლისა და გეოგრაფიული ბალანსის პრინციპის საფუძველზე.
წევრების საბჭო აღმასრულებელ დირექტორსა და უფროსი თანამდებობის პირებს ნიშნავს ოთხი წლის ვადით. მე-10 მუხლის მე-4(b) პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წევრების საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელმეორე დანიშვნის ან არაუმეტეს ერთჯერადად, მაქსიმუმ ოთხი წლით დანიშვნის ვადის გაგრძელების შესახებ. წევრების საბჭო დანიშვნის პირობებს განსაზღვრავს ანალოგიურ სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში შესაბამის თანამდებობის პირთა მიმართ მოქმედი პირობების გათვალისწინებით;
აღმასრულებელი დირექტორი პერსონალს დანიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და პერსონალთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად. აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს, რომ ყველა დანიშვნისას დაცულ იქნეს ამ მუხლის მე-4(b) პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები და აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს.
აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მთავარ ადმინისტრაციულ თანამდებობის პირს და პასუხისმგებელია წევრების საბჭოს წინაშე შეთანხმების შესრულებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებული ნებისმიერი მოვალეობის შესრულებაზე. აღმასრულებელი დირექტორი ასრულებს თავის მოვალეობებს და იღებს მმართველობით გადაწყვეტილებებს უფროს თანამდებობის პირებთან ერთად, კოლეგიურ საფუძველზე, საპროცედურო წესების დებულებათა შესაბამისად.
აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და პერსონალის სხვა წევრები არ განახორციელებენ არანაირ მომგებიან საქმიანობას ზეთისხილის მოყვანისა და ზეთისხილის პროდუქტების წარმოების სხვადასხვა სექტორიდან რომელიმეში.
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მოვალეობებთან დაკავშირებით, აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და პერსონალის წევრები არ მიმართავენ მითითებებისთვის, ან არ მიიღებენ მითითებებს რომელიმე წევრის ან ორგანოსგან, რომელიც არ არის დაკავშირებული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან. ისინი თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათი, როგორც საერთაშორისო მოხელეების პოზიციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ წევრების საბჭოს წინაშე. წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და პერსონალის წევრების ვალდებულებათა საერთაშორისო ხასიათს და არ მოახდინონ მათზე გავლენა მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას.
ნაწილი 2
წევრების საბჭოს ფუნქციონირება
მუხლი 8🔗
წევრების საბჭოს სხდომები
1. წევრების საბჭო შეიკრიბება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შტაბბინაში, თუ ის სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუ რომელიმე წევრის მიწვევით, წევრების საბჭო გადაწყვეტს სხვა ადგილზე შეკრებას, ეს წევრი დაფარავს აღნიშნულთან დაკავშირებით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ბიუჯეტისთვის წარმოშობილ დამატებით ხარჯებს, რომლებიც აღემატება სხდომის შტაბბინაში ჩატარების შემთხვევაში გაწეულ ხარჯებს.
2. წევრების საბჭო გამართავს ორ რიგით სხდომას წელიწადში.
3. წევრების საბჭო ნებისმიერ დროს მოიწვევს საგანგებო სხდომას:
თავმჯდომარის მოთხოვნით;
არანაკლებ სამი წევრის მოთხოვნით.
4. რიგითი სხდომების შემთხვევაში, სხდომის მოწვევის შესახებ შეტყობინება გაგზავნილ უნდა იქნეს პირველი სხდომის გამართვამდე არანაკლებ 60 დღით ადრე, ხოლო საგანგებო სხდომების შემთხვევაში – პირველი სხდომის გამართვამდე სასურველია 30 დღით, მაგრამ არანაკლებ 21 დღით ადრე. წევრების საბჭოში დელეგაციების ხარჯებს ფარავენ შესაბამისი წევრები.
5. რიგითი ან საგანგებო სხდომის დაწყებამდე ან მის განმავლობაში აღმასრულებელი სამდივნოსთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ წევრს შეუძლია უფლებამოსილება მიანიჭოს სხვა წევრს, რათა მან წარმოადგინოს მისი ინტერესები და განახორციელოს მისი უფლება წევრების საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არც ერთ წევრს არ შეუძლია წარმოადგინოს ერთზე მეტი წევრი წევრების საბჭოს რომელიმე სხდომაზე.
6. ნებისმიერ მესამე მხარეს ან ორგანიზაციას, რომელიც აპირებს მიუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას და/ან გააჩნია პირდაპირი ინტერესი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით, შეუძლია თავისი საკუთარი ინიციატივით ან წევრების საბჭოს მიწვევით, და ამ უკანასკნელის წინასწარი თანხმობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს წევრების საბჭოს კონკრეტულ სხდომას ან სხდომებს მთლიანად ან გარკვეულ ნაწილს.
7. დამკვირვებლებს არ ექნებათ წევრების სტატუსი და არ ისარგებლებენ არც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით და არც ხმის მიცემის უფლებით.
მუხლი 9🔗
კვორუმი სხდომებზე
1. წევრების საბჭოს რიგითი ან საგანგებო სხდომის ჩასატარებლად საჭირო კვორუმი მოწმდება ერთხელ, სხდომის გახსნის დღეს. კვორუმი შემდგარია, თუ, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სხდომას ესწრება ან სხდომაზე წარმოდგენილია ყველა წევრის არანაკლებ სამი მეოთხედი.
2. თუ წინა პუნქტში მითითებული კვორუმი ვერ შედგება პლენარული სხდომის გახსნის დღეს, თავმჯდომარე სხდომას გადაავადებს 24 საათით. თავმჯდომარის მიერ ხელახლა განსაზღვრულ დროს სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმის უზრუნველსაყოფად, სხდომას უნდა ესწრებოდეს ან სხდომაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა წევრის არანაკლებ ორი მესამედი.
3. წევრების ფაქტობრივ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია კვორუმის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს ზემოაღნიშნული ოდენობების წევრების საერთო ოდენობასთან შეფარდებით მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი, მეათედის გარეშე.
მუხლი 10🔗
წევრების საბჭოს გადაწყვეტილებები
1. წევრების საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე ან წარმოდგენილი წევრების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ხმის მიცემის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. წევრები კისრულობენ ვალდებულებას ყველა ძალისხმევას მიმართონ ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის კონსენსუსის გზით რეგულირების მიზნით.
2. წევრების საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, რომ სხდომას ესწრებოდეს ან სხდომაზე წარმოდგენილი იყოს ყველა წევრის არანაკლებ უმრავლესობა, რომლებსაც გააჩნიათ ხმის მიცემის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
3. კონსენსუსი ვრცელდება ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
წევრების გარიცხვა 34-ე მუხლის შესაბამისად;
მე-16 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები;
ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში ან მისი მოქმედების შეწყვეტა 32-ე მუხლისა და 36-ე მუხლის შესაბამისად;
სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. სხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადებში, გამოიყენება ქვემოთ მითითებული პროცედურა:
გადაწყვეტილების მიღება სავაჭრო სტანდარტებთან და საიმპლემენტაციო წესებთან დაკავშირებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის 1(c) პუნქტში
როგორც წესი, წევრების საბჭოს მისაღებად წარედგინება მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებთან მიმართებაშიც მიღწეულ იქნა კონსენსუსი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ თავის საპროცედურო წესებში განსაზღვრულ შესაბამის დონეზე.
თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება შესაბამის დონეზე პროცედურის გამოყენების შედეგად, გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესში წარმოშობილი სირთულეების შესახებ ინფორმაციასა და ნებისმიერ შესაბამის რეკომენდაციასთან ერთად, განსახილველად გადაეცემა წევრების საბჭოს.
წევრების საბჭო შეეცდება შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს იმ წევრებს შორის კონსენსუსის გზით, რომლებიც ესწრებიან ან წარმოდგენილნი არიან სხდომაზე და გააჩნიათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება გადავადდება მომდევნო რიგით ან საგანგებო სხდომამდე.
თუ კონსენსუსის მიღწევა ამ სხდომაზეც ვერ მოხერხდება, გადაწყვეტილების მიღება გადავადდება არანაკლებ 24 საათით.
თუ კონსენსუსი ამ ვადის ფარგლებშიც ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად, თუ მასზე უარს არ იტყვის წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი, ან წევრი ან წევრები მთლიანობაში არანაკლებ 100-პროცენტიანი მონაწილეობის წილით.
(b) ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე მუხლის მე-4(a) პუნქტში
თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდება თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, წევრები კენჭისყრას ჩაატარებენ ქვემოთ მოცემული დებულებების შესაბამისად:
ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად, თუ მას მხარს უჭერს წევრების უმრავლესობა, რომლებზეც მოდის წევრთა არანაკლებ 86-პროცენტიანი მონაწილეობის წილით წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
5. წინამდებარე მუხლში მითითებული კენჭისყრისა და წარმომადგენლობის პროცედურები არ ვრცელდება იმ წევრებზე, რომლებიც არ ასრულებენ წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუ საბჭო ამავე მუხლის შესაბამისად სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6. წევრების საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები თავმჯდომარესა და წევრებს შორის კორესპონდენციის გაცვლის გზით, სხდომის ჩატარების გარეშე, იმ პირობით, თუ ამ პროცედურის წინააღმდეგი არ არის არცერთი წევრი, გარდა დავალიანების მქონე წევრებისა. ამგვარი საკონსულტაციო პროცედურის გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს წევრების საბჭო თავის საპროცედურო წესებში. ამგვარი წესით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აღმასრულებელი სამდივნოს მიერ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ეცნობება ყველა წევრს და ის შეტანილ იქნება წევრების საბჭოს მომდევნო სხდომის დასკვნით ანგარიშში.
მუხლი 11🔗
მონაწილეობის წილი
1. წევრები ერთობლივად ფლობენ 1000 მონაწილეობის წილს. ეს წილები შეესაბამება წევრების ფინანსურ შენატანებს და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებებს.
2. მონაწილეობის წილები წევრებს შორის გადანაწილდება თითოეული წევრის საწყისი მონაცემების პროპორციულად, რომელიც დაანგარიშდება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
q = 1/3 (p1 + p2) + 1/3 (e1 + e2) + 1/3 (i1+i2)
ამ ფორმულაში მოცემული პარამეტრები წარმოადგენს საშუალო სიდიდეებს, რომლებიც გამოხატულია ათასობით მეტრულ ტონაში. ამასთან, მთლიანი რიცხვის – ათასი ტონის ნებისმიერი წილადი მხედველობაში არ მიიღება.
q: საწყისი მონაცემები, რომლებიც გამოიყენება მონაწილეობის წილების პროპორციულად დაანგარიშების მიზნით;
p1: ზეთისხილის ზეთის წარმოების საშუალო მოცულობა ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლის განმავლობაში;
p2: სუფრის ზეთისხილის წარმოების საშუალო მოცულობა ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლის განმავლობაში, რომელიც ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით;
e1: ზეთისხილის ზეთის ექსპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p1 მაჩვენებლის გამოთვლისას;
e2: სუფრის ზეთისხილის ექსპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p2 მაჩვენებლის გამოთვლისას, და ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით;
i1: ზეთისხილის ზეთის იმპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p1 მაჩვენებლის გამოთვლისას;
i2: სუფრის ზეთისხილის იმპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p2 მაჩვენებლის გამოთვლისას, და ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით.
3. მონაწილეობის საწყისი წილები მითითებულ იქნება წინამდებარე შეთანხმების A დანართში. ისინი განისაზღვრება მონაცემთა საშუალო სიდიდეების გათვალისწინებით ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლისა და კალენდარული წლისთვის, რომლებზეც არსებობს საბოლოო მონაცემები.
4. არცერთ წევრს არ უნდა გააჩნდეს მონაწილეობის ხუთ წილზე ნაკლები. თუ გამოთვლის შედეგად რომელიმე წევრს აღმოაჩნდება მონაწილეობის ხუთ წილზე ნაკლები, მისი წილი გაიზრდება ხუთამდე, ხოლო სხვა წევრების მონაწილეობის წილები შემცირდება პროპორციულად.
5. წევრების საბჭო თითოეული კალენდარული წლის მეორე რიგით სხდომაზე ამტკიცებს მონაწილეობის წილებს, რომლებიც გამოითვლება წინამდებარე მუხლის შესაბამისად. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტის შეუზღუდავად, ამგვარი გადანაწილება ძალაშია მომდევნო წლისთვის.
6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მთავრობა, როგორც ეს მითითებულია მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, ხდება ან აღარ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, ან რომელიმე წევრი იცვლის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სტატუსს, წევრების საბჭო უზრუნველყოფს მომდევნო წლისთვის მონაწილეობის წილების გადანაწილებას თითოეული წევრის მონაწილეობის წილების რაოდენობის პროპორციულად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმებაზე შეერთების ან შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ფორმდება, გადანაწილება განხორციელდება მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნებისთვის.
მუხლი 12🔗
თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია მიიღოს ზომები კონსულტაციების ჩატარებისა და თანამშრომლობის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის სპეციალიზებულ სააგენტოებთან, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციასთან, სხვა შესაბამის მთავრობათშორის ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან. ამგვარი ზომები შეიძლება მოიცავდეს ფინანსური ტიპის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
2. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსა და ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და/ან ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც წარმოშობს მნიშვნელოვან ვალდებულებებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის, ექვემდებარება წევრების საბჭოს წინასწარ თანხმობას მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. წინამდებარე მუხლის გამოყენება რეგულირდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპროცედურო წესებით.
თავი IV
ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი
მუხლი 13🔗
ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი
1. წევრების საბჭო შექმნის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც შევა თითოეული წევრის ერთი დელეგატი. ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი შეიკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ, წევრების საბჭოს თითოეული სხდომის გამართვამდე.
2. ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმებითა და საპროცედურო წესებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე. კერძოდ ის:
განიხილავს აღმასრულებელი სამდივნოს ყოველწლიურ პროგრამას ინსტიტუტის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ, ბიუჯეტის, ფინანსური წესებისა და შიდა წესებისა და საწესდებო ნორმების თვალსაზრისით, წევრების საბჭოსთვის კალენდარული წლის მეორე რიგით სხდომაზე დასამტკიცებლად მის გადაცემამდე;
ზედამხედველობას უწევს შიდა კონტროლის სტანდარტების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპროცედურო წესებით და კონტროლს გაუწევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური დებულებების შესრულებას;
განიხილავს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წლიური ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც წარადგენს აღმასრულებელი დირექტორი. წევრთა საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება მხოლოდ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი;
ყოველწლიურად განიხილავს წინა ფინანსური წლის ანგარიშებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს წევრების საბჭოს კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, და ამავე დროს შესთავაზებს ნებისმიერ სხვა ზომას, რომელიც შეეხება ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებს;
უზრუნველყოფს კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
განიხილავს განაცხადებს ახალი წევრების შეერთებასთან ან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რომელიმე წევრის გასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშებს წარუდგენს წევრების საბჭოს;
ამოწმებს სრულდება თუ არა მე-7 მუხლით გათვალისწინებული პრინციპები, რომლებიც შეეხება აღმასრულებელ სამდივნოში პერსონალის დანიშვნას და განიხილავს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებულ სხვა თემებს.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელსაც მას აკისრებს საბჭო თავის საპროცედურო წესებში და/ან ფინანსურ დებულებაში.
4. წევრების საბჭო შეიმუშავებს და თავის საპროცედურო წესებში შეიტანს დეტალურ წესებს წინამდებარე დებულებების გამოყენების მიზნით.
თავი V
ფინანსური დებულებები
მუხლი 14🔗
ბიუჯეტი
1. ფინანსური წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. დგება ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც შედგება ორი სექციისგან:
სექცია I: ადმინისტრაციული სექცია;
სექცია II: ოპერაციული სექცია, რომელიც, კერძოდ, მოიცავს სტანდარტიზაციის, ტექნიკური თანამშრომლობისა და სარეკლამო საქმიანობას.
წევრების საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ნებისმიერი დამატებითი ქვესექციის შექმნის შესახებ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზნების გათვალისწინებით.
3. ბიუჯეტი ფინანსდება:
თითოეული წევრის შენატანით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი მისი მონაწილეობის წილის პროპორციულად;
წევრების სუბსიდიებითა და ნებაყოფლობითი შენატანებით, რომლებიც რეგულირდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსა და დონორ წევრს შორის გაფორმებული შეთანხმების დებულებებით;
შემოწირულობებით მთავრობების მხრიდან და/ან სხვა წყაროებიდან;
სხვა ფორმით განხორციელებული შენატანებით, მომსახურებების, სამეცნიერო-ტექნიკური აპარატურისა და/ან პერსონალის ჩათვლით, რომლებსაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ დამტკიცებული პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ნებისმიერი სხვა შემოსავლით.
4. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ შეიძლება მოიპოვოს აუცილებელი ფინანსური და/ან ტექნიკური დახმარება კომპეტენტური საერთაშორისო, რეგიონული ან ეროვნული ორგანიზაციებიდან, ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა ფორმით. ზემოაღნიშნული თანხები წევრების საბჭოს მიერ აისახება თავის ბიუჯეტში.
5. ის საბიუჯეტო თანხები, რომლებიც ვერ იქნა ათვისებული ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, გადავა მომდევნო კალენდარულ წლებზე ბიუჯეტის საავანსო დაფინანსების სახით, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური დებულებით.
მუხლი 15🔗
სხვა ფონდები
მე-14 მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის გარდა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შესაძლოა გააჩნდეს სხვა ფონდებიც, რომელთა მიზანი, ფუნქციონირება და დასაბუთება რეგულირდება საპროცედურო წესებით.
წევრების საბჭოს შეუძლია ასევე აღმასრულებელ სამდივნოს მიანიჭოს მესამე მხარის ფონდების მართვის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილებისა და ამგვარი ფონდების მართვიდან გამომდინარე ვალდებულებების პირობები და მოცულობა დგინდება ფინანსური დებულებით.
მუხლი 16🔗
შენატანების გადახდა
1. კალენდარული წლის მეორე სხდომაზე, წევრების საბჭო განსაზღვრავს ბიუჯეტის საერთო მოცულობას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლში, და მომდევნო კალენდარული წლისთვის თითოეული წევრის მიერ გადასახდელი შენატანის ოდენობას. ამგვარი შენატანის ოდენობა გამოითვლება თითოეული წევრის მონაწილეობის წილების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლით.
2. წევრების საბჭო განსაზღვრავს ნებისმიერი იმ წევრის საწყისი შენატანის ოდენობას, რომელიც ხდება წინამდებარე შეთანხმების მხარე მისი ძალაში შესვლის შემდეგ. ამგვარი შენატანის ოდენობა გამოითვლება წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად ამგვარი წევრისთვის განსაზღვრული მონაწილეობის წილების საფუძველზე, შესაბამისი წლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის გათვალისწინებით. იმავე კალენდარული წლისთვის სხვა წევრებისთვის დადგენილი შენატანების ოდენობა შეცვლას არ ექვემდებარება.
3. შენატანები ექვემდებარება გადახდას ევროში და გადახდის ვადა დგება ფინანსური წლის პირველი დღიდან, კერძოდ, თითოეული წლის 1 იანვარს. წევრების მიერ შენატანების გადახდის ვადა იმ ფინანსური წლისთვის, რომლის განმავლობაშიც ისინი ხდებიან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები, დგება იმ დღეს, როდესაც ისინი ხდებიან წევრები.
4. თუ შენატანების გადახდის ვადის დადგომიდან ოთხი თვის შემდეგ, რომელიმე წევრს სრულად არ ექნება გადახდილი თავისი შენატანი, აღმასრულებელი სამდივნო შვიდი დღის განმავლობაში წერილობით მიმართავს ამ წევრს გადახდის განხორციელების მოთხოვნით.
5. თუ აღმასრულებელი სამდივნოს მიერ მოთხოვნის წარდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ამ წევრს ჯერ კიდევ არ ექნება გადახდილი თავისი შენატანი, მას შეუჩერდება წევრების საბჭოში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება იმ დრომდე, ვიდრე ის სრულად არ გადაიხდის თავის შენატანს.
ანალოგიური წესით შეუჩერდებათ აღნიშნული წევრის წარმომადგენლებს წევრების საბჭოში, ასევე კომიტეტებსა და ქვე-კომიტეტებში არჩევითი თანამდებობების დაკავებისა და მომდევნო წელს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
6. კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, ან საგანგებო სხდომაზე, რომელიც ჩატარდება შენატანების გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, წევრების საბჭოს ეცნობება იმის შესახებ, თუ რომელიმე წევრს არ გადაუხდია თავისი შენატანი. ამ უკანასკნელის მოსმენისა და მისი სპეციფიკური მდგომარეობის, როგორიცაა, კონფლიქტები, სტიქიური უბედურებები ან საერთაშორისო ფინანსურ მომსახურებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, გათვალისწინების შემდეგ, წევრების საბჭოს, კონსენსუსის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ წევრებთან მიმართებაში, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანება. წევრების საბჭოს შეუძლია აღმასრულებელი სამდივნოს სამუშაო პროგრამის კორექტირება წევრების მიერ ფაქტიურად გადახდილი შენატანების გათვალისწინებით.
7. წინამდებარე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი წევრის მიერ თავისი შენატანის სრულად გადახდამდე.
8. წევრის მიერ შენატანების ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, წევრების საბჭოს შეუძლია, დავალიანების მქონე წევრის მოსმენის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის წევრობის უფლებების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამ წევრს შეუძლია კვლავ მიიღოს მონაწილეობა სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის მნიშვნელობით.
9. შეთანხმებიდან გასული ნებისმიერი წევრი კვლავ ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება და არ აქვს უფლება მიიღოს მის მიერ უკვე გადახდილი ნებისმიერი ფინანსური შენატანის რაიმე ანაზღაურება.
10. წევრების საბჭოს არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია გაათავისუფლოს რომელიმე წევრი წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულებისგან. წევრების საბჭოს შეუძლია კონსენსუსის საფუძველზე დათანხმდეს მიმდინარე და ყოფილი წევრების ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე.
მუხლი 17🔗
კონტროლი
1. საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს ფინანსურ კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი.
2. საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს წინა კალენდარული წლის ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც დამოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, წარედგინება ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს. ანგარიშების შემოწმების შემდეგ, კომიტეტი, კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, წევრების საბჭოს წარუდგენს თავის დასკვნას დასამტკიცებლად და გამოსაქვეყნებლად.
ზემოაღნიშნული აუდიტორული სამუშაოს შესრულებისას, დამოუკიდებელი აუდიტორები შეამოწმებენ მოქმედ ფინანსურ დებულებასთან შესაბამისობას, ასევე შიდა კონტროლის არსებულ მექანიზმებს და ჩატარებული სამუშაოს შედეგებსა და გამოვლენილ შეუსაბამობებს ასახავენ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს.
ეს აუდიტორული ანგარიში წარედგინება წევრების საბჭოს თავის პირველ რიგით სხდომაზე.
წევრების საბჭო დანიშნავს დამოუკიდებელ აუდიტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წლიური ანგარიშების შემოწმებასა და ზემოაღნიშნული ანგარიშის შედგენაზე, როგორც ფინანსური დებულების, ისე მისი გამოყენების პროცედურების შესაბამისად.
3. ამასთან, წევრების საბჭო, კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, შეისწავლის და დაამტკიცებს ფინანსურ ანგარიშს წინა კალენდარული წლისთვის, რომელიც შეეხება:
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფონდების, აქტივებისა და ფულადი სახსრების მართვის შემოწმება;
ფინანსური ოპერაციების სისწორე და მათი შესაბამისობა მოქმედ წესებთან და ნორმებთან, ასევე საბიუჯეტო დებულებებთან.
4. ოპერაციების შემდგომ კონტროლს უზრუნველყოფენ გარე აუდიტორები ფინანსური დებულების შესაბამისად.
5. რისკების ანალიზის საფუძველზე, არანაკლებ სამ წევრს შეუძლია მიმართოს საბჭოს ნებართვის თხოვნით, რათა განახორციელოს კონტროლი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქმიანობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა მოქმედ წესებთან და სტაბილური ფინანსური მართვისა და ტრანსპარენტულობის პრინციპებთან.
კონტროლი განხორციელდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი სამდივნოს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საპროცედურო წესებით განსაზღვრული წესებისა და პროცედურებისა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფინანსური დებულების შესაბამისად.
შესაბამისი ანგარიში წევრების საბჭოს წარედგინება ანგარიშის დასრულების შემდეგ პირველ პლენარულ სხდომაზე.
მუხლი 18🔗
ლიკვიდაცია
1. დათხოვნის შემთხვევაში, წევრების საბჭო თავდაპირველად მიიღებს 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს.
2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აქტივები და ნებისმიერი აუთვისებელი თანხა მე-14 მუხლში მითითებული ფონდებიდან, უნდა გადაუნაწილდეს წევრებს იმ დროისთვის მათი მონაწილეობის წილების პროპორციულად.
მე-14 მუხლში მითითებული ნებაყოფლობითი შენატანები და შემოწირულობები, ასევე მე-15 მუხლში მითითებული ნებისმიერი აუთვისებელი თანხა აუნაზღაურდება შესაბამის წევრს, დონორს ან მესამე მხარეს.
თავი VI
სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული დებულებები
მუხლი 19🔗
ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთებისა და სუფრის ზეთისხილის დასახელებები და განსაზღვრებები
1. ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთებისა და სუფრის ზეთისხილის დასახელებები და განსაზღვრებები მოცემულია წინამდებარე შეთანხმების B და C დანართებში.
2. წევრების საბჭოს შეუძლია ყველა ის ცვლილება, რომელსაც ის ჩათვლის აუცილებლად ან მიზანშეწონილად, შეიტანოს ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთებისა და სუფრის ზეთისხილის დასახელებებსა და განსაზღვრებებში, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების B და C დანართებში.
მუხლი 20🔗
წევრების ვალდებულებები
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები კისრულობენ ვალდებულებას წინამდებარე შეთანხმების B და C დანართებში მითითებული დასახელებები გამოიყენონ თავიანთ საერთაშორისო ვაჭრობაში და პოპულარიზაციას გაუწევენ მათ გამოყენებას თავიანთ შიდა ვაჭრობაში.
2. წევრები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ზომები თავიანთ შიდა და საერთაშორისო ვაჭრობაში დასახელების „ზეთისხილის ზეთი“ დამოუკიდებლად ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში გამოყენების წინააღმდეგ, რაც წინამდებარე შეთანხმებასთან შეუსაბამობაშია. დაუშვებელია დასახელების „ზეთისხილის ზეთი“ გამოყენება ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთის აღსანიშნავად.
3. წევრების საბჭო განსაზღვრავს ხარისხისა და სისუფთავის კრიტერიუმებს, რომლებიც გამოიყენება წევრთა საერთაშორისო ვაჭრობაში.
4. წევრები თავიანთ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების (TRIPS-ის შეთანხმება) 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება, მოქმედი საერთაშორისო წესების, პროცედურებისა და ვალდებულებების, კერძოდ, TRIPS-ის შეთანხმების 1-ლი მუხლის შესაბამისად.
5. მოთხოვნის შემთხვევაში, წევრები გაცვლიან ინფორმაციას იმ გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომლებიც სარგებლობენ დაცვით თავიანთ ტერიტორიებზე, კერძოდ, იმ მიზნით, რომ გააძლიერონ მათი სამართლებრივი დაცვა ნებისმიერ იმ პრაქტიკასთან მიმართებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მათ ნამდვილობაზე, ან ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას.
6. წევრებს უფლება აქვთ მიიღონ ინიციატივები, რომელთა მიზანია მომხმარებელთა ინფორმირება თავიანთ ტერიტორიებზე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების კონკრეტული თავისებურებების შესახებ და ამგვარი აღნიშვნების მნიშვნელობის გაძლიერება, მოქმედი სამართლებრივი დებულებების შესაბამისად.
მუხლი 21🔗
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო გარანტიის ნიშანი
წევრების საბჭოს შეუძლია გაითვალისწინოს საერთაშორისო გარანტიის ნიშნის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისობას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო სტანდარტებთან. წინამდებარე მუხლისა და კონტროლის პროცედურების გამოყენება განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
თავი VII
ზოგადი დებულებები
მუხლი 22🔗
ზოგადი ვალდებულებები
წევრები მიიღებენ ნებისმიერ ზომას, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან 1-ლი მუხლში მითითებულ საერთო მიზნებს.
მუხლი 23🔗
წევრების ფინანსური პასუხისმგებლობა
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსა და სხვა წევრების წინაშე თითოეული წევრის ფინანსური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ვალდებულებების მოცულობით მე-16 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეეხება შენატანებს ბიუჯეტში, რომლის შესახებაც საუბარია იმავე მუხლში.
მუხლი 24🔗
გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური ასპექტები
წევრები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთის წარმოების ყველა ეტაპზე პრაქტიკის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ზეთისხილის მეურნეობის მდგრადი განვითარება, და კისრულობენ ვალდებულებას გაატარონ ზომები, რომლებსაც წევრების საბჭო ჩათვლის აუცილებლად ამ სფეროში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის გამოსწორების ან გადაწყვეტის მიზნით.
მუხლი 25🔗
ინფორმაცია
წევრები კისრულობენ ვალდებულებას წარმოადგინონ და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გადასცენ ყველა სახის სტატისტიკური ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია, რომელიც მას სჭირდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესასრულებლად, და კერძოდ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მოითხოვს ზეთისხილის ზეთების, ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთებისა და სუფრის ზეთისხილისთვის ბალანსის შედგენისა და ზეთისხილის პროდუქტებთან დაკავშირებით წევრების ეროვნული პოლიტიკის შესახებ წარმოდგენის შექმნის მიზნით.
მუხლი 26🔗
დავები და საჩივრები
1. ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას და რომელიც არ არის დარეგულირებული მოლაპარაკებათა გზით, რომელიმე იმ წევრის, ან წევრების მოთხოვნით, რომელიც/რომლებიც წარმოადგენს/წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მხარეს, გადაეცემა წევრების საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი წევრის ან წევრების დაუსწრებლად, მას შემდეგ რაც, საჭიროების შემთხვევაში, მოისმენს საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნას. ამგვარი ჯგუფის შემადგენლობა და საქმიანობის დეტალები განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
2. საკონსულტაციო ჯგუფი დასაბუთებულ დასკვნას წარუდგენს წევრების საბჭოს, რომელიც ნებისმიერ გარემოებაში გადაწყვეტს დავას, ყველა შესაბამისი ფაქტის შესწავლის შემდეგ.
3. ნებისმიერი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე წევრმა, თავმჯდომარემ ან ვიცე-თავმჯდომარემ – თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებისას ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობები, საჩივრის წარმდგენი წევრის მოთხოვნით, გადაეცემა წევრების საბჭოს. საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მხარის ან მხარეების დაუსწრებლად, მას შემდეგ, რაც გამართავს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან და, საჭიროების შემთხვევაში, მოისმენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებული საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნას. ამ პუნქტის გამოყენება დეტალურად განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
4. თუ წევრების საბჭო ჩათვლის, რომ რომელიმე წევრმა წინამდებარე შეთანხმების დებულება დაარღვია, მას შეუძლია ამ წევრს დააკისროს სანქციები, დაწყებული უბრალო გაფრთხილების მიცემით და დამთავრებული წევრების საბჭოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების შეჩერებით, მანამ სანამ ეს წევრი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ან, 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ამ წევრს აუკრძალოს შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება. ამ წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ბოლო ინსტანციაში.
5. თუ წევრების საბჭო ჩათვლის, რომ თავმჯდომარემ ან ვიცე-თავმჯდომარემ – თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებისას ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები წინამდებარე შეთანხმების ან საპროცედურო წესების შესაბამისად, მას შეუძლია, დამსწრე წევრთა არანაკლებ 50 პროცენტის მოთხოვნით, მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების ან საპროცედურო წესების შესაბამისად თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარისთვის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ერთი სხდომის ან უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შეჩერებისა და საბჭოს წევრთაგან მისი შემცვლელის დანიშვნის შესახებ. ამ პუნქტის გამოყენება დეტალურად განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
6. ნებისმიერი დავის შემთხვევაში, რომელიც შეეხება ზეთისხილის ზეთებთან, ზეთისხილის ნაწნეხის ზეთებთან და სუფრის ზეთისხილთან დაკავშირებულ გარიგებებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს წევრებს ნებისმიერი ამგვარი დავის რეგულირების მიზნით საერთაშორისო მომრიგებლური და საარბიტრაჟო ორგანოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
მუხლი 27🔗
დეპოზიტარი
წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარად, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
მუხლი 28🔗
ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება და დამტკიცება
1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების მხარეთა და იმ მთავრობათა მიერ, რომლებიც მიიწვიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ 2005 წლის საერთაშორისო შეთანხმების შემცვლელ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
2. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი მთავრობების მიერ, სათანადო საკონსტიტუციო პროცედურების შესაბამისად.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ მთავრობას შეუძლია:
წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისას, წერილობით გააკეთოს განაცხადება იმის შესახებ, რომ ამგვარი ხელმოწერით ის გამოხატავს თანხმობას წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოობასთან დაკავშირებით (საბოლოო ხელმოწერა); ან
წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მოახდინოს მისი რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, დეპოზიტარისთვის შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.
4. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
მუხლი 29🔗
შეერთება
1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი მთავრობისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, რომელსაც შეუძლია მიუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას წევრების საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებით, როგორიცაა, კერძოდ, მონაწილეობის წილების რაოდენობა და შეერთების დოკუმენტების შესანახად გადაცემის ვადა. წევრების საბჭო აღნიშნული პირობების შესახებ აცნობებს დეპოზიტარს. შეერთების პროცესის დაწყებისა და შეერთებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცედურა და მასთან დაკავშირებული დებულებები წევრების საბჭოს მიერ განისაზღვრება საპროცედურო წესებში.
2. შეერთებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია საპროცედურო წესებით, წევრების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შეერთების შესახებ, მე-10 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.
3. შეერთების შემდეგ, ხელშემკვრელი მხარე, შეერთების პირობებში განსაზღვრულ მონაწილეობის წილებთან ერთად, შეტანილ იქნება წინამდებარე შეთანხმების A დანართში.
4. შეერთება ხორციელდება შეერთების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის შესანახად გადაცემის გზით. შეერთების დოკუმენტებში მითითებულ უნდა იქნეს, რომ მთავრობისთვის მისაღებია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობები.
მუხლი 30🔗
დროებითი გამოყენების შესახებ შეტყობინება
1. ხელმომწერ მთავრობას, რომელიც მიზნად ისახავს წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, ან ნებისმიერ მთავრობას, რომლისთვისაც წევრების საბჭომ დაადგინა შეერთებისპირობები, მაგრამ მან ჯერ ვერ შესძლო თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემა, შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ის გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების დროებით საფუძველზე, მას შემდეგ რაც ის ძალაში შევა 31-ე მუხლის შესაბამისად, ან, თუ ის უკვე ძალაშია, კონკრეტული თარიღიდან.
2. მთავრობა, რომელმაც წარადგინა შეტყობინება დროებითი გამოყენების შესახებ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებას გამოიყენებს მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, ან, თუ ის უკვე ძალაშია, კონკრეტული თარიღიდან, და ამ მომენტიდან ის იქნება ხელშემკვრელი მხარე. ის დარჩება ხელშემკვრელ მხარედ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღამდე.
მუხლი 31🔗
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე შეთანხმება საბოლოოდ ძალაში შევა 2017 წლის 1 იანვარს, იმ პირობით თუ წინამდებარე შეთანხმების A დანართში მითითებული ხელშემკვრელი მხარეებიდან არანაკლებ ხუთმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომლებზეც მოდის მონაწილეობის წილების 80 პროცენტი მონაწილეობის წილების საერთო რაოდენობიდან, რომელიც შეადგენს 1000-ს, საბოლოოდ ხელი მოაწერა წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინა მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან მიუერთდა მას.
2. თუ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა 2017 წლის 1 იანვარს, ის ძალაში შევა დროებით, თუ ამ თარიღისთვის, ხელშემკვრელმა მხარეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულ მონაწილეობის წილებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საბოლოოდ ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან აცნობეს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ისინი დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას.
3. თუ ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ძალაში შესვლის მოთხოვნები არ იქნება შესრულებული 2016 წლის 31 დეკემბრისთვის, დეპოზიტარი იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებმაც საბოლოოდ ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან აცნობეს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ისინი დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას, შესთავაზებს მიიღონ გადაწყვეტილება შევა თუ არა წინამდებარე შეთანხმება ძალაში საბოლოოდ ან დროებითად მათ შორის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, იმ თარიღიდან, რომელზეც მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ.
4. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც შესანახად გადასცემს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამგვარი დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან.
მუხლი 32🔗
ცვლილებები
1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც მოქმედებს წევრების საბჭოს მეშვეობით, შეუძლია, კონსენსუსის საფუძველზე, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე შეთანხმებაში.
2. წევრების საბჭო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც წევრები აცნობებენ დეპოზიტარს მათ მიერ შესაბამისი ცვლილების მიღების შესახებ.
3. ცვლილება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ მისი მიღების შესახებ ყველა წევრისგან შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგ. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წევრების საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, ცვლილება ჩაითვლება უკან გატანილად.
4. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ცვლილებებად არ ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების A დანართის განახლება მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 33🔗
გასვლა
1. ნებისმიერ წევრს შეუძლია წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს, გასვლის შესახებ დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ეს წევრი იმავდროულად წერილობითი ფორმით აცნობებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
2. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გასვლა ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგ.
მუხლი 34🔗
გარიცხვა
26-ე მუხლის შეუზღუდავად, თუ წევრების საბჭო მიიჩნევს, რომ რომელიმე წევრი არღვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, და ასევე მიიჩნევს, რომ ეს დარღვევა მნიშვნელოვნად აფერხებს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებას, მას შეუძლია, სხვა წევრების მიერ კონსენსუსით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე და შესაბამისი წევრის დაუსწრებლად, გარიცხოს ეს წევრი წინამდებარე შეთანხმებიდან. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო დაუყოვნებლივ აცნობებს დეპოზიტარს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. წევრი აღარ იქნება წინამდებარე შეთანხმების მხარე წევრების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის შემდეგ. არანაირი ახალი ფინანსური ვალდებულება არ წარმოიშობა წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
მუხლი 35🔗
ანგარიშების რეგულირება
1. წევრების საბჭო განსაზღვრავს ანგარიშების რეგულირების წესს, რომელსაც ის მიიჩნევს სამართლიანად, ყველა იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის და იქონიებდა გავლენას იმ წევრის შენატანზე, რომელიც გავიდა წინამდებარე შეთანხმებიდან, ან გარიცხულ იქნა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოდან ან სხვაგვარად აღარ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, ასევე დროს, რომელიც საჭიროა სათანადო გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, ამგვარი ვალდებულებების შესრულებისთვის ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, ამგვარი წევრი ვალდებულია გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, რომელიც მას მართებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც ის იყო წევრი.
2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულ არც ერთ წევრს არ ექნება უფლება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ რაიმე წილზე ან მის სხვა აქტივებზე; ამ წევრს ასევე არ ეკისრება ვალდებულება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს დეფიციტის, თუ ასეთი არსებობს, რაიმე ნაწილის გადახდაზე.
მუხლი 36🔗
მოქმედების ვადა, მისი გახანგრძლივება და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
2. წევრების საბჭოს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივება. მოქმედების ვადის ნებისმიერი ასეთი გახანგრძლივების შესახებ წევრების საბჭო აცნობებს დეპოზიტარს. ნებისმიერი წევრი, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას, აღნიშნულის შესახებ აცნობებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს და ის აღარ იქნება წინამდებარე შეთანხმების ხელშემკვრელი მხარე გახანგრძლივებული ვადის დაწყების მომენტიდან.
3. თუ 2026 წლის 31 დეკემბრამდე ან გახანგრძლივებული ვადის ამოწურვამდე, როგორც ამას გადაწყვეტს წევრების საბჭო, წევრების საბჭო გააფორმებს ახალ შეთანხმებას, მაგრამ ის ჯერ არ იქნება ძალაში შესული საბოლოოდ ან დროებითად, წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ახალი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, არაუმეტეს 12-თვიანი ვადით.
4. წევრების საბჭოს შეუძლია კონსენსუსის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. წევრების ვალდებულებები ძალაში დარჩება მოქმედების შეწყვეტის თარიღამდე, რომელსაც განსაზღვრავს წევრების საბჭო.
5. მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვის ან მოქმედების შეწყვეტისა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო გააგრძელებს არსებობას მთელი იმ ხნის მანძილზე, რომელიც საჭიროა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ლიკვიდაციისთვის, ანგარიშების რეგულირების ჩათვლით, და ამ პერიოდის განმავლობაში ექნება ისეთი უფლებამოსილებები და ფუნქციები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული მიზნებისთვის.
6. წევრების საბჭო დეპოზიტარს აცნობებს წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 37🔗
დათქმები
დაუშვებელია რაიმე დათქმის გაკეთება წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას მითითებულ თარიღებში.
შესრულებულია ქ. ჟენევაში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, წინამდებარე შეთანხმების ტექსტები არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე თანაბრად აუთენტურია.
დანართი A
ორგანიზაციის ბიუჯეტში მონაწილეობის წილები, განსაზღვრული მე-11 მუხლის შესაბამისად
ალბანეთი..................................................................................5
ალჟირი......................................................................................19
არგენტინა.................................................................................18
ეგვიპტე.....................................................................................23
ევროკავშირი............................................................................717
ირანი (ისლამური რესპუბლიკა)..............................................5
ერაყი..........................................................................................5
ისრაელი....................................................................................5
იორდანია..................................................................................8
ლიბანი.......................................................................................6
ლიბია.........................................................................................5
მაროკო.......................................................................................41
მონტენეგრო..............................................................................5
ტუნისი.......................................................................................67
თურქეთი...................................................................................66
ურუგვაი.....................................................................................5
სულ: ........................................................................................1 000
დანართი B
ზეთისხილის ზეთებისა და ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთების დასახელებები და განსაზღვრებები
ქვემოთ მოცემულია ზეთისხილის ზეთებისა და ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთების დასახელებები, თითოეული დასახელების განსაზღვრებასთან ერთად:
I. ზეთისხილის ზეთები
A. ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი: ზეთები, რომლებიც მიიღება ზეთისხილის ხის ნაყოფისგან (Olea еиrораеа L.) ექსკლუზიურად მექანიკური ან სხვა ფიზიკური საშუალებების გამოყენებით, ისეთ პირობებში, კერძოდ, თერმულ პირობებში, რომლებიც არ იწვევს ზეთის ხარისხის გაუარესებას, და რომლებიც არ გადის რაიმე სხვა სახის დამუშავებას, გარდა გარეცხვის, დეკანტაციის, ცენტრიფუგირებისა და ფილტრაციისა. ქვემოთ მოცემულია ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთების კლასიფიკაცია და დასახელებები:
(a) ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთები, რომლებიც არსებული სახით ვარგისია მოხმარებისთვის:
(i) ცივი დაწნეხვის უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთი: ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი, რომლის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს;
(ii) ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი: ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი, რომლის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს;
(iii) ცივი დაწნეხვის ჩვეულებრივი ხარისხის ზეთისხილის ზეთი: ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი, რომლის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს;1
1ამ პროდუქტის მიყიდვა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლისთვის, თუ ეს დაშვებულია მისი საცალო რეალიზაციის ქვეყანაში. ხოლო თუ დაშვებული არ არის, ამგვარი პროდუქტის დასახელება შესაბამისობაში უნდ აიყოს მოცემული ქვეყნის სამართლებრივ ნორმებთან.
(b) ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთები, რომლებმაც მოხმარებამდე უნდა გაიარონ დამუშავება
ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთი ლამპანტე, რომლის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს. ის გამიზნულია რაფინირებისთვის, რათა ვარგისი გახდეს საკვებად მოხმარებისთვის, ან გამიზნულია ტექნიკური გამოყენებისთვის.
B. რაფინირებული ზეთისხილის ზეთი: ზეთისხილის ზეთი, რომელიც მიიღება ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთების რაფინირების გზით, რომლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს.2
C. ზეთისხილის ზეთი, რომელიც შედგება რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთებისგან: ზეთი, რომელიც შედგება რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთების ნარევისგან და არსებული ფორმით ვარგისია საკვებად მოხმარებისთვის, და რომლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს.
II. ზეთისხილის ნაწნეხის ზეთი3
ნიშნავს ზეთს, რომელიც მიიღება გამხსნელებით ან სხვა ფიზიკური საშუალებებით ზეთისხილის ნაწნეხის დამუშავების გზით, გარდა იმ ზეთებისა, რომლებიც მიიღება რე-ესტერიფიკაციის პროცედურის, ან სხვა ტიპის ზეთებთან ნებისმიერი შერევის მეშვეობით. ის კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული არარაფინირებული ზეთი: ზეთისხილის ნაწნეხის ზეთი, რომლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს. ის გამიზნულია რაფინირებისთვის, რათა ვარგისი გახდეს საკვებად მოხმარებისთვის, ან გამიზნულია ტექნიკური გამოყენებისთვის;
ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული რაფინირებული ზეთი: ზეთი, რომელიც მიიღება ზეთისხილის ნაწნეხის არარაფინირებული ზეთის რაფინირების გზით, რომლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს.2
ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული ზეთი, რომელიც შედგება ზეთისხილის ნაწნეხისგან მიღებული რაფინირებული ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთებისგან: ზეთი, რომელიც შედგება ზეთისხილის ნაწნეხის რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და ცივი დაწნეხვის ზეთისხილის ზეთების ნარევისგან და არსებული ფორმით ვარგისია საკვებად მოხმარებისთვის, და რომლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სავაჭრო სტანდარტით დადგენილ თვისებებს. არც ერთ შემთხვევაში ამ ნარევს არ შეიძლება ეწოდოს „ზეთისხილის ზეთი“.
2ამ პროდუქტის მიყიდვა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლისთვის, თუ ეს დაშვებულია მისი საცალო რეალიზაციის ქვეყანაში.
3დაუშვებელია ზეთისხილის ნაწნეხის ზეთის გაყიდვა დასახელებით ან განსაზღვრებით – „ზეთისხილის ზეთი
დანართი C
სუფრის ზეთისხილის ტიპების დასახელებები და განსაზღვრებები
სუფრის ზეთისხილი კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
(i) მწვანე ზეთისხილი: ნაყოფი, რომელიც იკრიფება დამწიფების პერიოდში, პიგმენტაციამდე და ნორმალური ზომის მიღწევისას. მათი ფერი შეიძლება ვარირებდეს მწვანიდან ჩალისფერ ყვითლამდე.
(ii) ზეთისხილი, რომელიც ფერს იცვლის: ნაყოფი, რომელიც იკრიფება სრული სიმწიფის მიღწევამდე, ფერის შეცვლისას. მათი ფერი შეიძლება ვარირებდეს ვარდისფერიდან მუქ წითლამდე ან ყავისფრამდე.
(iii) შავი ზეთისხილი: ნაყოფი, რომელიც იკრიფება სრული სიმწიფის მიღწევისას ან სრული სიმწიფის მიღწევამდე მცირე ხნით ადრე. მათი ფერი შეიძლება ვარირებდეს მოწითალო შავიდან იისფერ შავამდე, მუქ იისფრამდე, მომწვანო შავამდე ან მუქ წაბლისფრამდე.
სუფრის ზეთისხილის კომერციული დამზადება, მათ შორის, კერძოდ, დამუშავების ტიპები, რეგულირდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მოქმედი სავაჭრო სტანდარტებით.
ვადასტურებ, რომ ზემოთ წარმოდგენილი ტექსტი წარმოადგენს ნამდვილ ასლს „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებისა, რომელიც მიღებულ იქნა 2015 წლის 9 ოქტომბერს, ჟენევაში, 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების შემცვლელ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, და რომლის დედანიც ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
გენერალური მდივნის,
იურიდიულ საკითხებზე გენერალური მდივნის მოადგილისა და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იურიდიული კონსულტანტის სახელით
მიგელ დე სერპა სუარესი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ნიუ-იორკი, 2015 წლის 14 დეკემბერი