„საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 17.09.1996
გამომცემი ორგანო კონტროლის პალატა
ნომერი №7/1
სარეგისტრაციო კოდი 020.010.000.169
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/12/1996
matsne.gov.ge 785 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება №7/1 1996 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის დებულება ახალი რედაქციით. 2. გაუქმდეს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1994 წლის 16 სექტემბრის №14/4 დადგენილებით დამტკიცებული დებულება საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის წესის შესახებ. 3. გაუქმდეს საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 20 აგვისტოს №7/2-გამ. დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის საატესტაციო კომისიის შემადგენლობა. 4. დებულება დაეგზავნოს სისტემის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფილი იქნეს მისი თანამშრომლებზე გაცნობა. პალატის თავმჯდომარე                                                            რ. შავიშვილი დებულება საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. დებულება შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 ნოემბრის N 776 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაციის წესსა და პირობებს. 2. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაკთა ატესტაცია ტარდება საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სრულყოფის, კადრების პროფესიული მომზადებისა და განაწილების, პალატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით. ატესტაციის დროს ხდება პალატის თანამშრომელთა საქმიანი თვისებების შეფასება, მათი პროფესიული შესაძლებლობების განსაზღვრა და დასკვნის გამოტანა, თუ რამდენად შეეფერება პალატის თანამშრომელთა პროფესიული განათლების დონე თანამდებობას შესაბამისი სპეციალიზაციის გათვალისწინებით. 3. ატესტაციის ჩატარებას ექვემდებარებიან საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის, ავტონომიური რესპუბლიკების, საქალაქო და რეგიონული კონტროლის პალატების მუშაკები, რომელთაც „საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 4. ატესტაციის ძირითადი ამოცანებია: - განსაზღვროს შეეფერება თუ არა მუშაკი დაკავებულ თანამდებობას; - მუშაკის პოტენციური შესაძლებლობების გამოყენება; - მუშაკის მომზადების დონის განსაზღვრა; - მუშაკის საკადრო გადანაწილება მისი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით (დაწინაურება, ჩამოქვეითება ან განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან). II. ატესტაციის ჩატარების ვადები, საატესტაციო კომისიის შექმნა 5. ატესტაცია წარმოებს არა უმეტეს ერთხელ წელიწადში, მაგრამ სულ ცოტა სამ წელიწადში ერთხელ. ატესტაციის ჩატარების გრაფიკს, მისი ჩატარების კონკრეტულ ვადასა და საატესტაციო კომისიის ფორმირებას ახდენს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ. საატესტაციო კომისიაში შედიან საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ მეცნიერ-ექსპერტებიც. 7. ატესტაციის ჩატარების კონკრეტული ვადის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის მუშაკებს ეცნობებათ არა უგვიანეს ორი კვირისა ატესტაციის ჩატარებამდე. ატესტაციას არ ექვემდებარებიან ის მუშაკები, რომლებიც კონტროლის პალატაში მუშაობენ ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. ფეხმძიმე ქალები, ქალები, რომლებიც ბავშვის მოვლის გამო იმყოფებიან შვებულებაში, ატესტაციას ექვემდებარებიან სამსახურში გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ. III. ატესტაციის ჩატარების წესი 8. ატესტაციის ჩატარებას წინ უსწრებს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მუშაკის უშუალო ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მუშაკის ყოველმხრივ შეფასებას (მის ინდივიდუალურ თვისებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს და მისი მუშაობის ანალიზს). დახასიათებას უნდა დაერთოს წინა ატესტაციის მასალები. მუშაკს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 9. ატესტაცია ტარდება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. მუშაკის არასაპატიო მიზეზით საატესტაციო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად. 10. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: - შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (შეიძლება მისი დაწინაურება ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით); - შეეფერება დაკავებულ თანამდებობას იმ პირობით, რომ კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციებით გააუმჯობესებს მუშაობას (კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და სხვ.) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; - არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; - განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 11. მუშაკის შეფასება საატეესტაციო კომისიის მიერ ხდება კენჭისყრით, რომელსაც საატესტაციო პირი არ ესწრება. საკითხი წყდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკითხი წყდება მუშაკის სასარგებლოდ. საატესტაციო კომისიის დასკვნა ძალაშია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. იმ მუშაკის ატესტაციის შემთხვევაში, რომელიც თვითონ არის საატესტაციო კომისიის წევრი, საკითხი წყდება კენჭისყრით, რომელშიც მოცემული საატესტაციო პირი არ მონაწილეობს. ატესტაციის შედეგების შესახებ მუშაკს ეცნობება დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელზე მისი ხელის მოწერით. ატესტაციის შედეგები (შეფასება და რეკომენდაციები) შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მუშაკის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა წევრი, რომელიც ატესტაციას ესწრება. IV. ატესტაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები 12. ატესტაციის შედეგები მოხსენდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუშაკის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან განთავისუფლების შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. 13. შრომის დავის საკითხები, რომლებიც წარმოიშვება ატესტაციასთან დაკავშირებით, გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. საატესტაციო ფურცელი გვარი, სახელი, მამის სახელი -------------------------------------------------------- დაბადების წელი ---------------------------------------------------------------------- ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------- რა დაამთავრა და როდის, აქვს თუ არა სამეცნიერო ხარისხი ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ან აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია და როდის დაკავებული თანამდებობა ატესტაციის დროს ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მუშაობის საერთო სტაჟი ----------------------------------------------------------------------- მათ შორის მოცემულ უწყებაში მუშაკის საქმიანობის შეფასება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კენჭისყრის შედეგები ხმების მიხედვით --------------------------------------------------- საატესტაციო კომისიის რეკომენდაციები --------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერები: კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------------------------------------- წევრები: ------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- -------------------------------------- ატესტაციის ჩატარების დრო ---------------------------------------------------------------- წელი, თვე, რიცხვი მასალებს გავეცანი ------------------------------------------------------------------------------ ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ატესტაციის შედეგების მიხედვით ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------