„ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 11.12.1996
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №328
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.170
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 11/12/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.1996 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 328
1996 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის არსებული წესის დახვეწის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის დროებითი წესი აღნიშნული საკითხის შესახებ შესაბამისი დებულების შემუშავებამდე (დანართი №1).
2. ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის შესახებ დებულების შემუშავება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საშინაო ვალის მომსახურების დეპარტამენტს (მ. ბებერაშვილი).
3. ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე ლიცენზიები გაიცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ლიცენზიის ნიმუშის შესაბამისად (დანართი №2).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წინამდებარე ბრძანების რეგისტრაციის შემდეგ განახლდეს ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირება და ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 30 ოქტომბრის № 299 და 1996 წლის 10 აპრილის №80 ბრძანებები.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს თ. გოდერძიშვილს.
მინისტრი დ. იაკობიძე
დანართი №1
ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის დროებითი წესი
1. ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე ლიცენზირების გაცემას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „საქართველოს რესპუბლიკაში ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 25 აგვისტოს №848 დადგენილებით მინიჭებული უფლების შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. ლატარიებს და სხვა მომგებიან თამაშობებს განეკუთვნება:
ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად – ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთების გამოშვებიდან და რეალიზაციიდან გათამაშების ჩატარებამდე და მოგებახვედრული ბილეთების მფლობელებზე მოგებების გაცემის ჩათვლით. ლატარიის ბილეთი მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ ტირაჟის ჩატარების შემდეგ;
ბ) უტირაჟო (მომენტალური) ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი განისაზღვრება რეალიზაციის ადგილზევე ბილეთის შემოწმების გზით ან უშუალოდ ამ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;
გ) მიზნობრივი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების შემდეგ მიღებული შემოსავლის ნაწილი მიიმართება კონკრეტული მიზნისათვის, კერძოდ, განათლების, კულტურის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის, მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის, რეკრეაციისა და ტურიზმის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროების განვითარებისათვის ან საქველმოქმედო მიზნებისათვის;
დ) წამახალისებელი ლატარია – ლატარია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით და მომხმარებელს გადაეცემა უფასოდ;
ე) ლოტო – ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი დამოკიდებულია რეალიზებული ბილეთების რაოდენობაზე;
ვ) მომგებიანი თამაშობები – თამაშობები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სათამაშო მოწყობილობების გამოყენებით და მოგებათა გაცემა წარმოებს თამაშის მოწყობის ადგილზევე;
ზ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელშიც მონაწილე აკეთებს ამა თუ იმ სათამაშო, სპორტული შეჯიბრების ან სხვა სოციალური მნიშვნელობის სიტუაციის შედეგების პროგნოზს (დებს სანაძლეოს), სადაც მოგება დამოკიდებულია პროგნოზისა და შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ დამთხვევაზე;
თ) სისტემური (ელექტრონული) თამაშობა – მომგებიანი თამაშობა, რომელშიც მონაწილეთა პროგნოზები და ფსონი ფიქსირდება ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, მის მახსოვრობაში ინფორმაციის შენახვისა და გათამაშებაში მისი მონაწილეობისათვის ინფორმაციის სათაო საინფორმაციო ცენტრში სპეციალური არხებით გადაცემის გზით.
ტოტალიზატორებსა და სისტემურ (ელექტრონულ) თამაშობებში ბილეთი შეიძლება შეიცვალოს ოფიციალურმა ჩანაწერმა ქაღალდზე, ელექტრონულ, მაგნიტურ ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე;
3. ყველა სახის ლატარია და სხვა მომგებიანი თამაშობა, რომელიც ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ექვემდებარება ლიცენზირებას და რეგისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
4. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე ლიცენზიის აღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წესდებით გათვალისწინებულია ამგვარი საქმიანობა. ამასთან ტირაჟიანი ლატარიის მომწყობი იურიდიული პირის ქონების ღირებულება არ უნდა იყოს ნაკლები ლატარიაში გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ღირებულებაზე, ხოლო უტირაჟო ( მომენტალური) ლატარიის მომწყობი იურიდიული პირის ქონების ღირებულება უნდა შეადგენდეს ლატარიაში გასათამაშებელი საპრიზო ფონდის არანაკლებ 60%-ს.
5. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობმა იურიდიულმა პირმა ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება იურიდიული პირის სატიტულო ან შტამპიან ფურცელზე;
ბ) წესდება, სასამართლოს დადგენილება რეგისტრაციის შესახებ;
გ) ცნობა, შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციიდან იურიდიული პირის აღრიცხვაზე აყვანისა და ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ;
დ) საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ერთიანი სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა, საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების შესახებ;
ე) იურიდიული პირის სამეურნეო საქმიანობის ბოლო საანგარიშგებო პერიოდის ბუღალტრული ბალანსი;
ვ) ცნობა მომსახურე ბანკიდან, სადაც იურიდიულ პირს გახსნილი აქვს ანგარიშსწორების ანგარიში (ანგარიშის ნომრის მითითებით);
ზ) აუდიტორული დასკვნა იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასების შესახებ ან ბანკის და სხვა იურიდიული პირის საგარანტიო წერილი;
თ) ხელშეკრულების ასლი იურიდიულ პირსა და იმ სტამპას შორის, სადაც დაიბეჭდება ლატარიის ბილეთები, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობისა და ღირებულების მითითებით;
ი) ლატარიის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
კ) ერთი ბილეთის ღირებულება (ინფლაციური პროცესების პირობებში ბილეთის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, ბილეთის ღირებულების შეცვლა ხდება ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
ლ) დამცავი ნიშნის მქონე ლატარიის ბილეთის ნიმუში ორ ეგზემპლიარად, რომელიც დამტკიცებული იქნება იურიდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით და შეთანხმებული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
ლატარიის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:
- ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
- ბილეთის ფასი;
- ბილეთის სერია და ნომერი;
- ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის და რეგისტრაციის ნომერი;
- ტირაჟიანი ლატარიისათვის ტირაჟის ჩატარების თარიღი და ადგილი;
- თამაშის წესები;
- მოგებების მიღების ვადა და ადგილი;
მ) ლატარიის და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობები:
- ლატარიის გამოშვების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის მიზანი:
- ლატარიის და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის თარიღი და ადგილი;
- ლატარიის მთლიანი მოცულობა (თანხა, ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია);
- მოგებათა გასანაღდებლად განკუთვნილი თანხა (საპრიზო ფონდი), რომელიც უნდა შეადგენდეს გამოშვებული ლატარიის მოცულობის არანაკლებ 50%-ს;
- მოგებათა ჩამონათვალი, მათი რაოდენობა და ღირებულება;
- ნივთების (არაფულად) მოგებახვედრილი ბილეთების მფლობელთა მიერ ნაღდი ფულის მიღების უფლება მათი სურვილის შემთხვევაში;
- ფულადი ან ნივთობრივი მოგებების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. ტირაჟიანი ლატარიის შემთხვევაში, მოგებების გაცემის ვადა უნდა განისაზღვროს მოგებათა ოფიციალური ცხრილის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;
- ლატარიის ბილეთების რეალიზაციის ფორმა(ნაღდ ფულზე ან გადარიცხვით) და ზღვრული ვადა (თარიღი, საათი);
ნ) მიზნობრივი ლატარიის მოწყობის შემთხვევაში, იურიდიული პირი ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ლატარიის მოწყობის შეთანხმების შესახებ ცნობა შესაბამისი სამინისტროდან (უწყებიდან);
ო) ქვითრები სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის შესახებ. სალიცენზიო მოსაკრებლის სიდიდე განისაზღვრება ლატარიის მთლიანი მოცულობის 0,3 %-ის ოდენობით, ხოლო მომგებიან თამაშობებზე – 50 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, რომელთა 70% ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 30% – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იურიდიული პირის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შეისწავლოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და გასცემს ლიცენზიას ან წერილობით აცნობებს განმცხადებელს დასაბუთებულ უარს.
7. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საეჭვოდ მიიჩნევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობას, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციიდან.
8. ლიცენზია გაიცემა ერთი წლის ვადით.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს გაცემული ლიცენზირების ერთიან რეესტრს;
10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებული იურიდიული პირი შეცვლის რეკვიზიტებს, ლატარიის და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებს ან ლატარიის ბილეთების რეკვიზიტებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცვლილებების გათვალისწინებით სათანადო საბუთები წარუდგინოს მას არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
11. თუ იურიდიული პირი წყვეტს ლატარიასთან და სხვა მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებულ საქმიანობას და სურს ლიცენზიის გაუქმება, იგი ვალდებულია, მიმართოს განცხადებით ფინანსთა სამინისტროს, მის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში.
12. ლიცენზირებული იურიდიული პირი ვალდებულია ტირაჟიანი ლატარიის მოწყობის შემთხვევაში, ტირაჟის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე წერილობით აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტირაჟის ჩატარების თარიღი და დრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ზედამხედველს ტირაჟის ჩატარებაზე.
13. ტირაჟიანი ლატარიის მოწყობისას, ტირაჟის გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეიქმნას ტირაჟის ჩამტარებელი კომისია, რომელიც ტირაჟის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე დათვლის რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთებს, დააფასოებს, ჩააწყობს სპეციალურ ტომარაში და დალუქავს ტომარას, რის შემდეგაც შეადგენს შესაბამის აქტს.
რეალიზაციის გარეშე დარჩენილი და მოგებახვედრილი ბილეთები ექვემდებარება განადგურებას მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთების მფლობელებზე მოგების გაცემის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ:
14. ტირაჟიანი ლატარიის მომწყობი ლიცენზირებული იურიდიული პირი ვალდებულია, ლატარიის მოწყობის პირობების პუნქტი 5-ის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაატაროს გათამაშება ლატარიის ბილეთების არასრული რეალიზაციის დროსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მყიდველს უნდა აუნაზღაუროს ბილეთების ღირებულება ორმაგი ოდენობით (ინფლაციის გათვალისწინებით).
15. ლიცენზირებული იურიდიული პირი ვალდებულია, ობიექტური მიზეზების გამო, ლატარიის ტირაჟის გადიდების შესახებ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ტირაჟის ჩატარების დადგენილ თარიღამდე ორი კვირით ადრე მაინც გამოაცხადოს ამის შესახებ ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას წაეყენება წინა პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
16. უკანონოდ, ლიცენზიის გაცემის მოწყობილი ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ჩატარების შემთხვევაში, მიღებული შემოსავალი მთლიანად ამოიღება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.
17. ლატარიის და სხვა მომგებიანი თამაშობების ბილეთების (ან ინფორმაციის სხვა მატარებლების) გაყალბება ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
18. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცენზია, თუ ლიცენზირებული იურიდიული პირის მიერ დარღვეული იქნება ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დანართი №2
ლიცენზია №
199 წლის --------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)
რომელმაც გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია ----------------------------------------------------------------------------
(მარეგისტირებელი ორგანოს სრული დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი)
ეძლევა უფლება მოაწყოს --------------------------------------------------------------------------
(ლატარიის ან სხვა მომგებიანი თამაშობის დასახელება)
შემდეგი პირობების დაცვით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა მოქმედ კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება, თუ იურიდიული პირის მხრიდან დარღვეული იქნება ლიცენზირების წესით გათვალისწინებული პირობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ აგებს პასუხს იურიდიული პირის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება
199 წლის ............... .............................
199 წლის ............... .............................
ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს
ხელმოწერა