შპს ,,ევარ-ის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22653-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/22653-19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2019 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

 

მოვალე – შპს ,,ევარი’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 432544605).

დირექტორი – თამარ ცაგურიშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ევარის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევარის“დირექტორმა თამარ ცაგურიშვილმა და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-17 მუხლების შესაბამისად მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს ,,ევარის“ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარეცხი, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე მათი ბითუმად რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, კომპანია დგას გადახდისუუნარობის წინაშე,  საწარმოს არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშებზე. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით შპს ,,ევარის“სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, არავითარი მოძრავი ქონება და მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია.

საწარმოს კრედიტორები არიან: 1) შპს „ევარ ქოზმეთიქ ინშაათ თაჰჰუნ სანაი ვე თიჯარეთ“; 2) ალუდა ალიევი; 3) ინგა არახამია; ასევე არსებობს მიმდინარე ვალდებულებები – დირექტორის თამარ ცაგურიშვილის და ბუღალტერ შორენა ფეიქრიშვილის მიმართ სახელფახო დავალიანების სახით. ამჟამად მოვალის ვალდებულებების ჯამური ოდენობა, გარდა მიმდინარე ვალდებულებებისა შეადგენს 360773.8 ლარს.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,ევარს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ევარის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის  18 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 23 სექტემბერს. განჩინების მიღების დღესვე, კერძოდ, 2019 წლის 18 სექტემბერს, ზემოხსენებული განჩინება სასამართლოს მიერ განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო შემდგომში განჩინების გამოქვეყნების თარიღად ვებგვერდზე – www.ecourt.ge/ ნაცვლად 2019 წლის 18 სექტემბრისა, დაფიქსირდა 2019 წლის 30 ოქტომბერი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2019 წლის 6 ნოემბერს სასასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ევარის“დირექტორმა თამარ ცაგურიშვილმა და მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება, სსიპ – საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 23 სექტემბერს და ამ თარიღიდან გასული იყო ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული ერთვიანი ვადა, სასამართლოს მიერ მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.

ვინაიდან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განჩინების გამოქვეყნება გულისხმობს განჩინების განთავსებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული განმცხადებლის ზემოხსენებული შუამდგომლობა და კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ერთვიანი ვადის ათვლის წერტილად მიიჩნია ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge/ ) დაფიქსირებული დრო - 2019 წლის 30 ოქტომბერი.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა – 2019 წლის 30 ოქტომბერს და ამ დღიდან ერთთვიან ვადაში, მოვალის არცერთ კრედიტორს მოუმართავს სასამართლოსთვის საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ევარი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ევარი” (ს.ნ 432544605) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში;

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                          თინა ვაშაყმაძე