შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22943-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/22943-19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2019 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

 

მოვალე: შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისი“, ს/ნ 405124477

 

მოთხოვნა: შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2018 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ხოლო კრედიტორებს განემარტა, რომ კრედიტორებს განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში შ ეეძლოთ მოემართათ სასამართლოსთვის შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

2019 წლის 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 5 დღის ვადაში 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა დაევალა.

2019 წლის 11 ნოემბერს შემოსავლების სამსახურმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და 5000 ლარის სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა (ს. ფ. 21).

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს წარმოებაში.

2. შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიემართოს.

6. შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“აეკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

7. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ; კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება; აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში განათავსოს;

8. განემარტოს შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

9. განემარტოს კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია, პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

10. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 16 იანვარს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი №64, დარბაზში №52. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:

ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა;

ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

გ) მომრიგებელი საბჭოს შექმნა.

11. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

12. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                                ვერა დობორჯგინიძე