სს „იუნიონის“ განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2019 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
წარმომადგენლები: ინდირა მეტრეველი, ალა კახნიაური
დაინტერესებული პირები (აქციონერები): ზოია აგუმბა, გიორგი ადამაშვილი, იური ბატიაშვილი, ვიქტორი ბატუაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ალექსანდრე დავთიანი, ელენე იაკუშევა, ვალერი იასკევიჩი, რუზანა მარკელოვა, მარეხი მინაშვილი, ომარი ნებიერიძე, დავით ნიკოლეიშვილი, არშაულ ოვანესიანი, სვეტლანა ფრიდონოვა, ლილი ქადაგიშვილი, იური შავიძე, ლორეტა ძაგნიძე, ანზორ ხახიაშვილი, ნადეჟდა ჯაგინავა, ლარისა გოცირიძე
მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნა
სს „იუნიონის“ სასარგებლოდ მოხდეს სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ აქციონერთაგან აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა.
2. დაინტერესებული პირების პოზიცია
დაინტერესებულ პირებს ეცნობათ განცხადების სასამართლოში წარმოდგენის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით, თუმცა, მათ თავიანთი პოზიცია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადნენ აქციონერები, რომლებსაც სასამართლო სხდომების დროისა და თარიღის შესახებ ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „კავკასრეესტრის“ ცნობით დადგენილია, რომ სს „იუნიონი“ ფლობს სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ ხმის უფლების მქონე აქციათა 99.9068%-ს (ტომი 2, ს. ფ. 3-5).
3.1.2. 2019 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ ერთი ცალი აქციის ღირებულება 2018 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 3,62 (სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარს (ტომი 2, ს. ფ. 254-272).
3.1.3. სს „იუნიონის“ განცხადება სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2014 წლის 16 დეკემბერს, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებით სს „იუნიონის“ წარმომადგენელმა სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისს მომართა (ტომი 1, ს. ფ. 1, 9).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის შესაბამისად, თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისათვის ,,მყიდველს”) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ბეჭვდით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3099 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს ,,მეწარმეთა შესახებ‘’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) საზოგადოების აქტივები და პასივები.
სასამართლომ შეამოწმა აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და, აქციათა შეფასების დასკვნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილ აქციათა შეფასებას დაინტერესებული პირები არ შედავებიან, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად უნდა განისაზღვროს 2020 წლის 12 იანვარი.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირლი წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციათა სავალდებუო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, სს „იუნიონის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ განმცხადებელ საწარმოს არ სურს დაინტერესებულ პირებზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად, სს „იუნიონის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი და დაინტერესებულ პირებს განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 3099, 30914, 30915 მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „იუნიონის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ 99.9068% აქციების მფლობელ სს „იუნიონს“ (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან.
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 3,62 (სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 12 იანვარი, 18.00 სთ.
5. აქციონერები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის განმცხადებლის სასარგებლოდ ანაზღაურების ვალდებულებისგან.
6. განმცხადებლის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე.