შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/31878-2018
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2019 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი, გამოარკვია:
შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბერის განჩინებით. შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრებებზე აღიარებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები და დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით, შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ამისულაშვილი.
2019 წლის 29 ოქტომბერს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველმა – ნანა ამისულაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა კრედიტორთა მოთხოვნების განხილვის, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების და სამეურვეო მასის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის განაწილების საკითხების განხილვა.
2019 წლის 26 ნოემბერს კრედიტორთა კრებაზე აღიარებული იქნა სს „ანნაკორის“ მოთხოვნა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ მიმართ 8 333,78 ლარის და 200 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში ასახული იქნას იქნას მე-2 რიგის მოთხოვნად, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით პირველი რიგის მოთხოვნად. გაკოტრების მმართველმა კრედიტორებს მოახსენა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და ამავე კრებაზე აღიარებული მოთხოვნების ანგარიშში ასახვის და წერილობითი სახით წარმოდგენის მიზნით მოითხოვა რამდენიმე დღით კრების გადადება.
2019 წლის 10 დეკემბერს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველმა – ნანა ამისულაშვილმა დაზუსტებული საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში და მიაჩნია, რომ შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით, დადგენილია, რომ სამეურვეო ქონების ღირებულება იყო – 106 665 ლარი. 2019 წლის 17 დეკემბერს მესამე დასრულებულ აუქციონზე განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია ორ ლოტად. რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ ჯამში შეადგინა 45 416 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით სსიპ „შემოსავლების სამსახურში“ გადარიცხული იქნა 6 927 ლარი და 87 თეთრი. შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსული თანხიდან გასანაწილებელი დარჩა 38 488,13 ლარი. აღნიშნული თანხა ნაწილდება შემდეგი სახით: გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური – 5000 ლარი; აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასური – 1 066,65 ლარი; სს „ანნაკორის“ მოთხოვნა – 21 568 ლარი და 44 თეთრი; სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად) მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასური – 10 000 ლარი; შპს „სტარტაპ საქართველოს“ მოთხოვნა – 853 ლარი და 04 თეთრი.
ამდენად, დადგენილია, რომ შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 04 ნოემბერს, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, მეურვის მომსახურების საფასურის კრედიტორთა რეესტრის პირველ რიგში ასახვის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა პირველი რიგის მოთხოვნად განსაზღვრულია საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ პუნქტის მიხედვით, მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი არის მესამე რიგის მოთხოვნა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ პუნქტი ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ანაზღაურების ოდენობას. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული „მეურვის ფუნქციის განხორციელება“, იდენტურია და გულისხმობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ პუნქტში მესამე რიგის მოთხოვნად მითითებულ „მეურვის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯს“, ანუ, მეურვის ფუნქციის განხორციელება და მეურვის მოვალეობის შესრულება არის ერთი და იგივე შინაარსის მოქმედების განმსაზღვრელი ტერმინი და მეურვე მოვალეობის შესრულებისას ახორციელებს მეურვის ფუნქციებს. რაც შეეხება კრედიტორთა მოთხოვნების პირველ რიგში აღნიშნულ სააღსრულებო ბიუროს მომსახურების საფასურს, ეს შეიძლება იყოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების შეფასების მომსახურება, სააუქციონო მომსახურება და ა.შ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5 000 ლარიდან, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური. ანუ, მითითებული ნორმების თანახმად, ანაზღაურდება პირველი რიგის მოთხოვნა, რაც მოიცავს „საპროცესო ხარჯს“ და „მეურვის მიერ გაწეულ ხარჯს“ და რაც განსხვავდება „მეურვის უფლებამოსილების განხორციელების“ ცნების და შინაარსობრივი დატვირთვისგან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებდა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას და მეურვის დანიშვნასთან და მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯს ასახავდა რეესტრის პირველი მოთხოვნად, ისმის კითხვა, მაშინ რა შეიძლება იყოს მესამე რიგის მოთხოვნა? სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციიდან გამომდინარე, კრედიტორთა რეესტრში მესამე რიგის მოთხოვნა არ არსებობს და მეორე რიგის მოთხოვნის შემდეგ მოდის მეოთხე რიგის მოთხოვნა, რაც უსაფუძვლოა.
ამდენად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ასანაზღაურებელი თანხიდან – 11066 ლარი და 65 თეთრი, სააუქციონო მომსახურების საფასური – 1066.65 ლარი ასახული უნდა იქნას კრედიტორთა რეესტრის პირველი რიგის მოთხოვნად, ხოლო მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური – 10000 ლარი, ასახული უნდა იქნას კრედიტორთა რეესტრის მესამე რიგის მოთხოვნად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405174902) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდეს შემდეგი სახით:
2.1 გაკოტრების მმართველი (ნანა ამისულაშვილი პ/ნ 13001006578) – 5000 (ხუთიათასი) ლარი (კრედიტორთა რეესტრის პირველ რიგი).
2.2 სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო:
2.2.1. სააუქციონო მომსახურების საფასური – 1066 (ათას სამოცდაექვსი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი (კრედიტორთა რეესტრის პირველი რიგი).
2.2.2. მეურვის დანიშვნასთან და მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი – 10000 (ათიათასი) ლარი (კრედიტორთა რეესტრის მესამე რიგი).
2.3 სს „ანნაკორ“ – 21568 (ოცდაერთი ათას ხუთას სამოცდარვა) ლარი და 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი (კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მე-2 რიგი).
2.4 შპს „სტარტაპ საქართველო“ – 853 (რვაას ორმოცდაცამეტი) ლარი და 04 (ოთხი) თეთრი (კრედიტორთა რეესტრის მე-4 რიგი).
3. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი