„საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 18.06.1997
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №392
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.029
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 20/06/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,493 სიტყვა · ~32 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №392 1997 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი „საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, (საქ. 1997 წლის 13 მაისის კანონი) მოძრაობის მონაწილეთა დისციპლინის განმტკიცებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის ავარიულობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიზნით, ვბრძანებ: 1. სახელმძღვანელოდ გამოცხადდეს საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც ძალაში შედის 1997 წლის 1 ივლისიდან; 2. დამტკიცდეს საგზაო მოძრაობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქცია; /თან ერთვის/ 3. საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში საგზაო პოლიციის დანაყოფებთან ჩაატაროს რეგიონალური თათბირ-სემინარები ახალ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით; 4. შს სამმართველოების, საქალაქო და რაიონული განყოფიოლებების უფროსებმა უზრუნველყონ საგზაო პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღნიშნული ნორმატიული აქტების შესწავლა და ჩათვლების მიღება ა/ წლის 1 აგვისტომდე. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1996 წლის 9 აგვისტოს №681 ბრძანებით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქცია. 6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართევლოს. 7. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                  კ. თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქცია 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საგზაო პოლიციის საქმიანობა ადმინისტრაციულ-იურისდიქციის სფეროში ითვალისწინებს საგზაო პოლიციის თანამდებობის პირთა მიერ საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების, აგრეთვე მოქმედი ნორმატივებისა და სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით აღძრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, მის თაობაზე კანონით დადგენილი ფორმითა და წესით გადაწყვეტილების მიღებას. 1.2. საგზაო პოლიციის კანონგამოყენებითი საქმიანობა ემსახურება ავტოტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის სფეროში, აგრეთვე მძღოლებისა და მოძრაობის სხვა მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცებას, რომელიც მიმართულია საგზაო მოძრაობისა და ავტოტრანსპორტის ექსლუატაციის წესების დარღვევებთან ბრძოლის გაძლიერებას, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისა, ამ სფეროში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. 1.3. საგზაო მოძრაობასა და ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 1.4. ამ მუხლის 1.1. და 1.3. პუნქტებში მითითებულ საქმეთა წარმოების ამოცანაა: თითოეული საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე საგზაო მოძრაობისა და ცტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევების ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლინება, სამართალდარღვევათა აცილება. 2. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებული მასალების გაფორმება 2.1. საგზაო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საგზაო მოძრაობის წესების იმ დარღვევებზე, რომლებზეც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 81, 116-123-ე, 125-ე, 127-ე, 133-ე, 136-ე და 177​1 მუხლებით (დანართი №1). 2.2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი, დრო და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, მონაცემები დამრღვევის პიროვნებისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო და არსი ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. დამრღვევ მძღოლს უნდა ეცნობოს საქმის განხილვის დრო და ადგილი. 2.3. თუ დამრღვევი უარს ამბობს ოქმზე ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია ოქმში გააკეთოს ჩანაწერი ან მასზე თანდასართავად წარადგინოს ახსნა-განმარტება და შემჩნევები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე განმარტოს ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 2.4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. ოქმები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთნ დაკავშირებით შედგენილი სხვა მასალები, ჩამორთმეული მძღოლის მოწმობა და სხვა დოკუმენტები დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილი საქმეების აღრიცხვის ჟურნალში. (შედის კომპიუტერში) აღნიშნული მასალების სხვა დანაყოფებში, დარღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაიგზავნება ხუთდღიან ვადაშიშეკვეთილი კორესპონდენციით ან გადაეცემა თანამდებობის პირს ხელიდან ხელში, რაზეც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში. 2.5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგზაო მოძრაობის წესების მხოლოდ იმ დარღვევებისათვის, რომელზეც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართევლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2.6. ოქმი არ დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე თუ სამართალდამრღვევი პირი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს. ამ შემთხვევაში იგი დაჯარიმდება ადგილზე საგზაო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რაზეც გაიცემა დადგენილი ფორმის საჯარიმო ქვითარი (დანართი №2), რომლის გადახდაც დამრღვევის მიერ სავალდებულოა შემნახველი ბანკის დაწესებულებაში მისთვის ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღეში ან დამრღვევის თანხმობით დასაშვებია საჯარიმო სახდელის გადახდევინება დარღვევის ადგილზე. შენიშვნა: დადგენილ ვადაში დაკისრებული საჯარიმო სახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი კანონით დადგენილი წესით. 2.7. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საჯარიმო ქვითარი (დანართი №2) შეივსება ოთხ პირად. პირველი პირი დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების სააღრიცხო ბარათში (დანართი №4) ან შეიყვანება კომპიუტერში, ხოლო დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაიგზავნება ხუთი დღის განმავლობაში, სადაც მისი აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის მეოთხე თავში დადგენილი წესით. 2.8. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ქვითრის მეორე, მესამე და მეოთხე პირები მიეცემა დამრღვევ მძღოლს, რომელიც მათ მიღებას ადასტურებს ქვითრის პირველ პირზე ხელმოწერით. 2.9. შემნახველ ბანკში საჯარიმო სახდელის გადახდისას ქვითრის მეორე პირი რჩება ბანკში, მესამე პირი ბარდება საგზაო პოლიციის დანაყოფში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მეოთხე პირი ინახება დამრღვევ მძოლთან ერთი წლის განმავლობაში. 2.10. არასწორად დაყენებული სატრანსპორტო საშუალების მიტოვებისათვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) შეივსება ოთხ პირად, პირველი დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირდება საგზაო მოძრაობის წესების სააღრიცხვო ბარათში ან შეიყვანება კომპიუტერში, ხოლო დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაიგზავნება ხუთი დღის ვადაში. 2.11. მეორე, მესამე და მეოთხე პირები მიეკვრება არასწორად დაყენებულ სატრანსპორტო საშუალებას წინა საქარე მინაზე. საჯარიმო სახდელის გადახდა დამრღვევის მიერ მოხდება ამ ინსტრუქციის 2.9. პუნქტით გათვალისწინებული წესით. 2.12. საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები დამრღვევის მიერ საჯარიმო სახდელის დადგენილ ვადებში გადახდევინების მიზნით (დროულად უგზავნის დამრღვევს შეხსენებას საჯარიმო სახდელის გადახდის ვადის ამოწურვის მოახლოების შესახებ, ინფორმაციას აწვდის საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურს და პოლიციის სხვა სამსახურებს, სამუშაო ადგილზე და ა.შ.). ამ მიზნით საგზაო პოლიციის დანაყოფის ადმინისტრაციული პრაქტიკის სამსახური საჯარიმო სახდელის გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე აწარმოებს ინფორმაციის ამოღებას კომპიუტერიდან ან სადაც კომპიუტერი არ არსებობს - სპეციალურად მოწყობილი საჯარიმო ქვითრების შესანახი საკონტროლო ყუთიდან. შენიშვნა: საჯარიმო ქვითრის შესანახი საკონტროლო ყუთი წარმოადგენს თვის დღეების მიხედვით უჯრებად დაყოფილ ყუთს, სადაც დადებული სახდელის დაკისრების დღეების მიხედვით შედგენილი ქვითრები შეინახება შესაბამის უჯრაში. 2.13. საგზაო მოძრაობის იმ წესების დარღვევისას, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, საქმის განხილვამდე მას ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რის შესახებაც ოქმში ფიქსირდება შესაბამისი ჩანაწერი. ერთდროულად დამრღვევს აფრთხილებენ საქმის განხილვის ადგილის, დროის და მისი განხილვაზე გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. ამ პუნქტში აღნიშნულ სამართალდარღვევებისას აუცილებლობის შემთხვევაში დამრღვევს მძღოლის მოწმობასთან ერთად საქმის განხილვამდე შეიძლება ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და მისი სარეგისტრაციო დოკუმენტები. 2.14. დროებითი ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 30 დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს, ან ორ თვემდე გააგრძელოს საგზაო პოლიციის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა. 2.15. ვადაგასული დროებითი ნებართვით ავტოტრანსპორტის მართვის შემთხვევაში მძღოლის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მართვის დროებითი ნებართვის გაუცემლად და აიკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ექსპლუატაცია, ან მფლობელის (მართლზომიერი მფლობელის) თანხმობით ავტომანქანა დანიშნულების ადგილამდე შეიძლება მართოს მძღოლის მოწმოების მქონე სხვა პირმა, რაც ფიქსირებული უნდა იქნას სათანადო საბუთით. 2.16. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი, რომლის მართვის დროებითი ნებართვა ვადაგასული არაა და არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, დამრღვევის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ახალი დროებითი ნებართვაგაიცემა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით პირვეილ დარღვევის ჩადენის დღიდან, ამავე დროს ახალი მართვის დროებით ნებართვაში აღინიშნება პირველი და შემდგომი დარღვევის სახეები. 2.17. თუ მძღოლი თავს არიდებს დადგენილ ვადაში დადებული საჯარიმო სახდელის გადახდას ან მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, საგზაო პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი ღებულობს აუცილებელ ზომებს ( ინფორმაციას აწვდის საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურისა და პოლიციის სხვა სამსახურების მუშაკებს, სამუშაო ადგილზე და ა.შ.) საჯარიმო სახდელისა და მძღოლის მოწმობის ამოსაღებად. 2.18. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას მძღოლის მოწმობა უბრუნდება მფლობელს დადგენილი წესით. 3. საგზაო მოძრაობის წესების ცალკეულ დარღვებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების გაფორმების წესი 3.1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ მძღოლი მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მართავს სატრანსპორტო საშუალებას, საგზაო პოლიციის მუშაკი უფლებამოსილია თრობის მდგომარეობის დასადგენად განახორციელოს მისი შემოწმება ,,სიფხიზლის კონტროლის’’ ინდიკატორული მილაკის გამოყენებით 1983 წლის 29 ივნისის №45/06-14/14/კ-8-347 ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების შედეგები ფორმდება ოქმით ,,სიფხიზლის კონტროლის’’ ინდიკატორული მილაკის გამოყენების შესახებ (დანართი №5) ორი მოწმობის თანდასწრებით. 3.2. თუ მძღოლი უარს ამბობს გაიაროს შემოწმება ინდიკატორული მილაკის გამოყენებით, ან თუ იგი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, სიმთვრალის მდგომარეობის დასადგენად შემოწმების ჩატარება აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მთვრალი მდგომარეობა, მის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდამღვევს ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალება და მისი სარეგისტრაციო დოკუმენტები. 3.3. მძღოლის თრობის მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში მას ჩამოაშორებენ სატრანსპორტო საშუალების მართვას, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავთ სპეციალურ დაცულ სადგომზე, რაზეც ორ ეგზემპლიარად დგება აქტი სატრანსპორტო საშუალების დაკავების შესახებ (დანართი №6), რომლის პირველი პირი თან უნდა დაერთოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე პირი ჩაბარდება დამრღვევ მძღოლს (მფლობელს). მფლობელის (მართლზომიერი მფლობელის) თანხმობით ავტომანქანა დანიშნულების ადგილამდე შეიძლება მართოს მართვის უფლების მქონე სხვა პირმა, რაც ფიქსირებული უნდა იყოს სათანადო საბუთით. შენიშვნა: მძღოლის თრობის მდგომარეობაში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს სიმთვრალის ნიშნების არსებობა (ალკოჰოლის სუნი, პოზების არამდგრადობა, არეული საუბარი, გამოხატული ხელის თითების კანკალი, სახის კანის შეფერილობის მკვეთრი ცვლა და სხვა), მოქალაქეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მძღოლმა მიიღო ნარკოტიკული ნივთიერება ან ალკოჰოლური სასმელი. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შენახვისა და სამედიცინო შემოწმების ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს, ხოლო საგზაო პოლიციის მუშაკის მხრიდან მძღოლის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მიყვანის შემთხვევაში საგზაო პოლიციის მუშაკს. 3.4. თუ მძღოლი თავს არიდებს განსაზღვრული წესით სიმთვრალის, ანდა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებას, მის მიმართ ორი მოწმის თანდასწრებით შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღინიშნება თრობის ნიშნები და მძღოლის მოქმედება გამოკვლევისაგან თავის არიდებასთან დაკავშირებით. 3.5. თუ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ გამოსაკვლევი პირი დაავადებულია ისეთი ავადმყოფობით, ან აქვს ისეთი ტრავმატული დაზიანებები, რომელთა გარეგნული გამოვლინება ემთხვევა ალკოჰოლური თრობის ნიშნებს, მისი ,,სიფხიზლის კონტროლის’’ ინდიკატორული მილაკით ან სპეციალური ტექნიკური საშუალებებით შემოწმება არ ხდება. აღნიშნულ პირს უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას (თუ იგი საჭიროა), ხოლო შემდეგ გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების გასაწევად და სიმთვრალე-სიფხიზლის მდგომარეობის დასადგენად. 3.6. მძღოლის მიმართ, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას რომელსაც ერთი ან მეტი წლის განმავლობაში არ გაუვლია სახელმწიფო წლიური ტექნიკურ დათვალიერება, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა. მძღოლის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების გატარების შემდეგ. 3.7. საგზაო პოლიციის მუშაკები, რომლებმაც დაუშვეს იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც წლების განმავლობაში არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება ჩადენილი სამართალდარღვევის საქმის ირგვლის ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების მიხედვით პასუხს აგებენ დისციპლინარული წესით. 3.8. თუ მძღოლი მართავს სხვის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ერთი და მეტი წლის განმავლობაში არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, ოქმი აგრეთვე შედგება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიმართაც. მართვის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება მისი ტექნიკური დათვალიერების გატარების შემდეგ. 3.9. თუ მძღოლი მართავს სატრანსპორტო საშუალებას და თან არა აქვს მძღოლის მოწმობა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას - საგზაო პოლიციის მიერ გაცემული დოკუმენტი სატრანსპორო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალება ან მისი ნორმიანი აგრეგატი რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით ანდა გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, მძღოლის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება საქმის გარკვევამდე ( თუ ამის გაკეთება ადგილზე შეუძლებელია) გადაიყვანება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს. 3.10. მძღოლის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, მისაბმელი მოწყობილობა ან მწყობრიდანაა გამოსული ფარები და უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ანდა შუშის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, მის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არსებული ტექნიკური გაუმართობის სახე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება არსებული გაუმართაობის აღმოფხვრამდე საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილი წესით გადაჰყავთ დაცულ ავტოსადგომზე ან ტექნიკური მომსახურების სადგურში. 3.11. იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა ქონების დაზიანება, ადმინისტრაციულ ოქმს თან უნდა ერთვოდეს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ, შემთხვევის სხვა მონაწილეთა და მოწმეების ახნა-განმარტებები, შემთხვევის სქემა, მონაცემები სატრასნპორტო საშუალებისათვის მიყენებული მექანიკური დაზიანებების შესახებ, რაზეც საგზაო პოლიციის თანამდებობის პირის მიერ მძღოლებს ეძლევათ სათანადო ცნობები (დანართი №7). მასალებს აგრეთვე უნდა დაერთოს შემთხვევაში მონაწილე მძღოლების თრობის მდგომარეობის დასადგენად შემოწმების სამედიცინო ოქმები, ხოლო თუ შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არ აღენიშნებათ სიმთვრალის ნიშნები და ამის თაობაზე მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ოქმს დაერთვება მძღოლების ახსნა-განმარტებები: წარმოებებს, დაწესეულებებს, სადაზღვევო კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს ცნობები საგზაო-სატრანსპორტო შემთვევის შესახებ მიეწოდებათ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 3.12. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენაში დამნაშავე პირი დაუდგენელია, შემთხვევის ფაქტი ფიქსირდება თავისუფალი ფორმის აქტით, რომელსაც დაერთვება 3.10. პუნქტით დადგენილი შემთხვევის მასალები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გარდა). შემთხვევის მოხდენაში პირის დადგენის შემდეგ მის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დადგენილი წესით. 3.13. იმ მძღოლის მიმართ, რომელიც სპეციალურ ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოებს, სანათ და ხმოვან სიგნალებს დააყენებს სატრანსპორტო საშუალებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილ შეფერილობას უკანონოდ გამოიყენებს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მძღოლს საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და ამ პუნქტში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოები, რაზეც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმში. სპეციალური ხელსაწყოების დაბრუნების ან სასყიდლით ჩამორთმევის საკითხი წყდება საქმეზე სასამართლო ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად. შენიშვნა: სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სატრასპორტო საშუალებაზე, ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ) 3.14. იმ მძღოლის მიმართ, რომელიც ამ ინსტრქუციის 3.13. პუნქტში მითითებულხელსაწყოს იყენებს არადანიშნულებით, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენების არსი. დამრღვევს საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა მართვის მოწმობა მიეცემა მართვის დროებითი ნებართვა. შენიშვნა: სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი სიგნალების არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი ხმარება დაკავშირებული არ არის ან ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან. 3.15. იმ პირის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს და არ აქვს მართვის უფლება, ან იგი ჩამორთმეული აქვს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანება სპეციალურ დაცულ სადგომზე. მფლობელის (მართლზომიერი მფლობელის) სურვილით სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილამდე შეიძლება მართოს მძღოლის მოწმობის მქონე სხვა პირმა. 3.16. იმ პირის მიმართ, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება სამართავად გადასცა მართვის უფლების მქონე პირს, ანდა არასრულწლოვანს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმი შედგება აგრეთვე მართვის უფლების არმქონე პირისა და არასრულწლოვანის მიმართაც. 3.17. იმ პირის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს სახელმწიფო სანომრე ნიშნების გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი, ან საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მძღოლს საქმის გარკვევამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები. 3.18. იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლმა მიატოვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი, რომლის მონაწილეც თავად არის, საგზაო პოლიციის მუშაკი ადგენს პატაკს და შესაბამისი განაყოფის ხელმძღვანელები ღებულობენ ზომებს შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლის პიროვნების დასადგენად და დასაკავებლად. დამრღვევის პიროვნების დადგენის შემდეგ, მის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების ფაქტზე, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მძღოლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების არსი, ოქმს აგრეთვე უნდა დაერთოს საგზაო პოლიციის მუშაკების პატაკები და მოწმეების ჩვენებები. 3.19. იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციის მუშაკის მიერ მიცემულ ნიშანს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, მიიღება ზომები მის დასაკავებლად (გადაეცემა მოძრაობის შესაბამისი მიმართულებით მდებარე საგუშაგოს, გამხორციელდება გამოდევნება დადგენილი წესით და ა.შ.) დაკავების შემთხვევაში მძღოლის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მძღოლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების არსი. ოქმს შეიძლება დაერთოს პოლიციის მუშაკების პატაკები და მოწმეთა ჩვენებები, თუ ასეთები არსებობენ. იმ შემთხვევაში თუ მძღოლის დაკავება ვერ მოხერხდა, პოლიციის მუშაკები ადგენენ პატაკს და შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელები ღებულობენ ზომებს დამრღვევი მძღოლის პიროვნების დასადგენად და დასაკავებლად. დაკავების შემდეგ მძღოლის მიმართ მიღებული უნდა იქნას ამ პუნქტის მეორე ნაწილში აღწერილი ზომები. შენიშვნა: პოლიციის მუშაკის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხით სიგნალის მიცემით სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით, სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას. 3.20. მიტოვებული არასწორად დაყენებული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანება სპეციალურ დაცულ სადგომზე, ან თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუკი მინიშნება ამის თაობაზე თან ახლავს ამკრძალავ ნიშანს, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვე მძღოლს, თუ სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სადგომზე არ ხერხდება, მას საქარე მინაზე მიეკვრება სპეციალური ფორმის საჯარიმო ქვითარი. ჯარიმის გადახდა მძღოლის მიერ სავალდებულოა 30 დღის განმავლობაში. 3.21. იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 133-ე და 136-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების გაფორმებისას აუცილებლად უნდა დადგინდეს ეკისრება თუ არა კონკრეტულ პირს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. აღნიშნული გარემოების გამორკვევის შემდეგ თანამდებობის პირის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 3.22. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი სადავოდ ხდის მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტს, ჩადენილ სამართალდარღვევაზე დადგენილი წესით დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გაიგზავნება სასამართლო ორგანოში, დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქმის სასამართლო ორგანოში განსახილველად გადაგზავნის შესახებ დამრღვევი ადმინისტრაციულ ოქმში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 3.23. თუ არსებობს საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ მძღოლის მოწმობა ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო საბუთები შეიცავს სიყალბის ელემენტებს, აგრეთვე თუ ისინი სიძველის ან ცუდი გარეგნული მდგომარეობის გამო მოითხოვს შეცვლას, საგზაო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირიდამრღვევს ჩამოართმევს ასეთ საბუთს, რაზეც შედგება საბუთების ჩამორთმევის აქტი (დანართი №7), რომელიც გათანაბრებულია მკაცრი აღრიცხვის ბლანკებთან და ჩამორთმეულ საბუთთან ერთად დღე-ღამის განმავლობაში ბარდება საგზაო პოლიციის დანაყოფში, საიდანაც ხუთი დღის ვადაში გადაიგზავნება დანიშნულებისამებრ შესაბამის შს ორგანოში დამრღვევის საცხოვრებელი ან სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ადგილის მიხედვით. 3.24. საბუთების ჩამორთმევისას აქტში ნაჩვენები უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; მოქალაქის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი, ფერი და კუთვნილება; ჩამორთმეული საბუთის დასახელება, სერია და ნომერი, მისი ჩამორთმევის საფუძველი; ამასთან მძღოლს ადგილზე ეცნობება საქმის გამორკვევის ადგილი და დრო, რაზეც აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. აქტს აგრეთვე ხელს აწერს მისი შემდგენელი თანამდებობის პირი. 3.25. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მოწმობას ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო საბუთებს აღენიშნებათ სიყალბის უტყუარი ნიშნები, დამრღვევს ჩამორთმეული საბუთის სანაცვლოდ აქტის ტალონი არ მიეცემა, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანება სპეციალურ დაცულ საჯარიმო სადგომზე და ერთდროულად მიიღება ზომები დამრღვევის პიროვნების დასადგენად. 3.26. ამ ინსტრუქციის 3.22. პუნქტში მოყვანილ შემთხვევაში იმ სამართალდარღვევებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ მიიღება ადგილზე, საჯარიმო ქვითრის გაცემით (საქ. სკ 124-125-ე და 127-ე მუხლები), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის მიერ გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ ფორმდება ადგილზე დადგენილებით, რომლის ასლი ჩაბარდება სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რომლის მიღებაზეც კეთდება ჩანაწერი დადგენილებაში. ამ შემთხვევაში გამოტანილი დადგენილების აღსრულება შეჩერდება სასამართლო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების მართვისას მისი მძღოლის მიერ, მას მიეცემა მართვის დროებითი ნებართვა. 3.27. იმ შემთხვევაში, თუ ადმილისტრაციული სამართალდარღვევა დადგენილია სპეციალური საზომი ხელსაწყოებით, ადმინისტრაციულ ოქმში აუცილებლად შეიტანება ხელსაწყოს მარკა და ნომერი. 4. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ საქმეთა განხილვა 4.1. წესების დამრღვევ პირს შეიძლება დაედოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ადმინისტრაციული სახდელი: 4.1.1. ჯარიმა. 4.1.2. სატანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა. 4.2. საქმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, ხოლო იმ დარღვევისას, რომელზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-123-ე მუხლებით და 125-ე მუხლის მესამე ნაწილით - შეიძლება აგრეთვე განხილულ იქნას დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4.3. საქმეებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 81-ე მუხლით, 120-ე მუხლის I-ლი ნაწილით, 133-ე, 134-ე და 177​1 მუხლებით, განიხილავენ სასამართლოები. გამონაკლისს წარმოადგენს საზღვარგარეთის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან ადგილზე საგზაო პოლიციის სამმართველოს, განყოფილების (ქვეგანყოფილების) უფროსების მიერ. 4.4. საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია 116-ე მუხლით (დაჯარიმების გარდა) 117-119-ე მუხლებით, 120-ე მუხლი II და III ნაწილებით, 121-123-ე მუხლებით, განიხილავენ დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის საგზაო პოლიციის სამმართველოების, განყოფილებების (ქვეგანყოფილებების) უფროსები და მათი მოადგილეები, გამონაკლის შემთხვევაში, სადაც არ არის საგზაო პოლიციის განყოფილება (ქვეგანყოფილება), აღნიშნულ საქმეებს განიხილავს შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი ან მისი მოადგილე, რომელიც ამ სამსახურს კურირებს. 4.5. გადაწყვეტილებას დამრღვევის დაჯარიმების, ან მართვის უფლების ვადაზე ადრე დაბრუნების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია კოდექსის 116-ე მუხლით (სატრანსპორტო საშუალებათა მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში) მიიღებენ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილეები, ამავე სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს საგზაო პოლიციის და ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოს საგზაო პოლიციის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები. 4.6. საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის I ნაწილით 125-ე მუხლის I და II ნაწილებით და 127-ე მუხლის I ნაწილით, გადაწყვეტენ ავტომაგისტრალის საგზაო პოლიციის განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები სახელმწიფო საავტომობილო და სხვა ინსპექტორები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების და სხვა ნორმატივების დაცვაზე. 4.7. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მისი სახის მიუხედავად ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დარღვევის ადგილზე; აღნიშნულ დარღვევებს იხილავენ საგზაო პოლიციის განყოფილებების (ქ/განყოფილებების) უფროსები. გამონაკლისს წარმოადგენენ უცხოელი მოქალაქენი, რომლებიც მოქმედი კანონის თანახმად სარგებლობენ იმუნიტეტით. მათი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება დიპლომატიური გზით. 4.8. საქმეები წესების დარღვევის შესახებ განიხილება საქმის განხილვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტდღიან ვადაში. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო ხანგრძლივ მიმდინარე სამართალდარღვევისას - ორ თვეში, მისი აღმოჩენის დღიდან. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ პირის მოქმედებაში სამართალდარღვევის არსებობისას, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შესახებ ადდგენილების მიღების დღიდან. 4.9. წესების ადმინისტრაციულ დარღვევათა შესახებ საქმეების განხილვის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს შეუძლიათ განუსაზღვრონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელები მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. 4.10. საქმე წესების დარღვევის შესახებ განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელსაც უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამ პირის არყოფნისას საქმე შეიძლება განხილულ იქნეს იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მონაცემები საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროულად შეტყობინების შესახებ. თუ ოქმის შედგენისას დამრღვევს არ ამცნეს საქმის განხილვის დრო და ადგილი, მას იწვევენ შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონულ) ორგანოებში (საგზაო პოლიციის დანაყოფში) საცხოვრებელ ადგილზე შეტყობინების გადაგზავნის გზით, მისი მიღების შესახებ დადასტურებით (დანართი №9). 4.11. პირები, რომლებსაც ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, უფლებამოსილი არიან გაეცნონ საქმის მასალებს, მისცენ ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინონ მტკიცებები და შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას, ისარგებლონ ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გაასაჩივრონ საქმის შესახებ მიღებული დადგენილება. 4.12. საქმის განხილვისას თანამდებობის პირი ვალდებულია გამოარკვიოს იყო თუ არა ჩადენილი წესების დარღვევა, დამნაშავეა თუ არა მის ჩადენაში პასუხისგებაში მიცემული პირი, ექვემდებარება თუ არა ის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, აგრეთვე გამოიკვლიოს საქმის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებანი. შენიშვნა: მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისათვის მძღოლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, ზემოქმედების ზომების გატარება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როცა გამზომი ხელსაწყოს სიჩქარის ჩვენება დაშვებულს 15 კმ საათში მეტად აღემატება. 4.13. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: 4.13.1. იყენებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს თავისი კომპენტენციის ფარგლებში. 4.13.2. საქმეს განსახილველად აგზავნის საგზაო პოლიციის ქ/განყოფილებაში (განყოფილებაში, სასამართლოში) ან შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონულ) ორგანოში დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4.13.3. მასალებს გადასცემს პროკურორს, წინასწარი ძიებისა და მოკვლევის ორგანოებს, თუ დარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 4.13.4. წყვეტს საქმეს. 4.13.5. ავალებს დამატებით შემოწმების ჩატარებას ან მასალებს აგზავნის შესამოწმებლად, თუ ისინი არ შიცავენ დარღვევის ჩადენის დამადასტურებელ საკმაო მტკიცებებს. 4.14. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე დარღვევა, რომელთა შესახებ საქმეები ერთდროულად განიხილება ერთი და იმავე თანამდებობის პირის მიერ, სახდელი დაედება უფრო სერიოზული დარღვევისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში. 4.15. სახდელის დადებისას გაითვალისწინება ჩადენილი დარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი დანაშაულის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელ გარემოებანი. 4.16. სამხედრო მოსამსახურეს და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ხელმძღვანელი შემადგენლობის მუშაკებს წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო წესით. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. მასალები, აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ შეიძლება გაეგზავნოს მათი სამსახურის ადგილის მიხედვით ნაწილის მეთაურს (ორგანოს, დაწესებულების და სხვა უფროსებს) საკითხის გადაწყვეტისა და დამნაშავეთათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. 4.17. განიხილავს რა საქმეს წესების დარღვევის შესახებ, თანამდებობის პირს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი 10). დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოაქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შრომითი კოლექტივებისათვის, პროკურორის წინასწარი ძიების ან მოკვლევის ორგანოსათვის მასალების განსახილველად გადაცემისას, აგრეთვე საქმის წარმოების გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის დროს. წერილობითი დადგენილება არ გამოაქვთ იმ შემთხვევაში, როცა ჯარიმის დადება და გადახდევინება ხდება დარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად. 4.18. დადგენილება ცხადდება დაუყოვნებლივ საქმის განხილვის დამთავრებისთანავე. დადგენილების ასლი ხელმოწერით ეძლევა პირს, ვის მიმართაც იგი იყო გამოტანილი. ერთდროულად მათ განემარტებათ დადგენილების გასაჩივრებისა და აღსრულების წესი. იმ შემთხვევაში თუ დამრღვევი არ ესწრებოდა საქმის განხილვას, მას დადგენილების ასლი გაეგზავნება სამი დღის განმავლობაში, რის შესახებ ოქმში ფიქსირდება ჩანაწერი. 4.19. თუ პირს პირველად აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეამციროს აღნიშნული უფლების ჩამორთმევის ვადა, ამასთან ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ. 4.20. სახდელის დამდები პირი აგზავნის შეტყობინებას სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დამრღვევის სამუშაოს, სწავლის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სახელმწიფო ან კერძო ფირმის სატრანსპორტო საშუალების მართვისას მის საგზურ ფურცელში ფიქსირდება ჩანაწერი დამრღვევის მიმართ ადგილზე მიღებული ზომების შესახებ. 5. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებულ საჩივრისა და პროტესტის განხილვა 5.1. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც იქნა გამოტანილი ეს დადგენილება (აგრეთვე დაზარალებულმა). 5.1.1. დადგენილება სახდელის დადების შესახებ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის სახით ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგ საჩივარი შეიძლება შეტანილი იქნეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. 5.1.2. დადგენილება სახდელის დადების შესახებ ჯარიმის სახით ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა. 5.2. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ დადგენილებაზე საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს ათი დღის განმავლობაში დადგენილების მიღების დღიდან, თუ საპატიო მიზეზის გამო ვერ მოხერხდა განსაზღვრულ დღეებში საჩივრის შეტანა. ეს ვადა შეიძლება აღდგენილ იქნეს საჩივრის განხილვის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ იმ პირის განცხადების საფუძველზე, ვის მიმართაც დადგენილება იყო გამოტანილი. 5.3. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე აჩერებს დადგენილების აღსრულებას, დარღვევის ადგილზე ჯარიმის გადახდის შესახებ გამოტანილი დადგენილების გარდა. თუ განმცხადებელი უკმაყოფილოა საჩივრის განხილვის შედეგებით და განმეორებითი საჩივრით მიმართავს ზემდგომ ინსტანციას, ამ შემთხვევაში არ ხდება დადგენილების აღსრულების შეჩერება. 5.4. დადგენილება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ და საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა. პროკურორის შემოტანილი პროტესტი აჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე. 5.5. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის სახით სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლს უგრძელებენ დროებითი ნებართვის მოქმედების ვადას საჩივრის (პროტესტის) განხილვის დამთავრებამდე. 5.6. წესების დარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის ან პროტესტის განხილვისას თანამდებობის პირი ამოწმებს ამ დადგენილების კანონიერებას და ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას. 5.6.1. დადგენლებას ტოვებს უცვლელად, ხოლო საჩივარს ან პროტესტს დაუკმაყოფილებლად. 5.6.2. აუქმებს დადგენილებას და საქმეს აგზავნის ხელახალი განხილვისათვის. 5.6.3. აუქმებს დადგენილებას და წყვეტს საქმეს. 5.6.4. ცვლის სახდელის ზომას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ფარგლებში იმის გათვალისწინებით, რომ სახდელი ზომა არ გამკაცრდეს. 5.7. თუ დადგინდა, რომ საქმის შესახებ დადგენილება გამოტანილია ამ საქმის გადაწყვეტის უფლების არმქონე თანამდებობის პირის მიერ, იგი უქმდება და საქმე განსახილველად ეგზავნება კომპეტენტურ პირს. 5.8. საჩივრის ან პროტესტის განხილვის შედეგების საფუძველზე დგება დასკვნა. 5.9. წესების დარღვევის შესახებ საქმის შეწყვეტით დადგენილების გაუქმებისას მძღოლს უბრუნდება ჩამორთმეული მძღოლის მოწმობა და გადახდილი ჯარიმის თანხა. იმ შემთხვევაში თუ დადგენილება გაუქმდა, მისი უსაფუძვლოდ გამოტანასთან დაკავშირებით, აღნიშნული ფაქტის თაობაზე ტარდება შემოწმება. დამნაშავე თანამდებობის პირის მიმართ მიიღება ზემოქმედების შესაბამისი ზომები, რომლის შესახებ მონაცემები თან უნდა ერთვოდეს შემოწმების მასალებს. 5.10. ჯარიმის დადების შესახებ დადგენილების გაუქმებისას, გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნება ხორციელდება შემნახველი ბანკის დაწესებულებების ან რაიონულ (საქალაქო) საფინანსო განყოფილებათა მეშვეობით დადგენილი წესით. 6. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საქმეების შესახებ მიღებულ დადგენილებათა აღსრულება 6.0.1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ექვემდებარება აღსრულებას მისი გამოტანის მომენტიდან. 6.0.2. აღსრულებას არ ექვემდებარება დადგენილება სახდელის დადების შესახებ, თუ იგი არ იყო მიმართული აღსასრულებლად სამი თვის განმავლობაში მისი მიღების დღიდან (დადგენილება არ გადაეცა დამრღვევს, არ გაიგზავნა დამრღვევის სამუშაო, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სასამართლო აღმასრულებელს და ა.შ.) 6.0.3. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილების გადაცემისას დამრღვევს განემარტება ჯარიმის გადახდის წესი. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს დამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ხოლო გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში მათი დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. დამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგენილება ჯარიმის დადების შესახებ იგზავნება ჯარიმის თანხის იძულებითი წესით გადახდევინებისთანავე (ხელფასის ან სხვა სახის გამომუშავებიდან, პენსიის ან სტიპენდიიდან დაქვითვისათვის) თუ პირი, რომელსაც დაეკისრა ჯარიმის გადახდა, არ მუშაობს ან ჯარიმის თანხის დაქვითვა დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა სახის გამომუშავებიდან, პენსიიდან ან სტეპენდიიდან შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯარიმის გადახდევინება წარმოების სასამართლო აღმასრულებლის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე. იძულებითი წესით ჯარიმის გადახდევინებისათვის, დადგენილება თანდართული წერილით იგზავნება დამრღვევის სამუშაო (სწავლის და ა.შ.) ადგილზე ან სასამართლოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6.0.4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში დამრღვევს მძღოლის მოწმობა არ უბრუნდება, ხოლო დროებითი ნებართვის მოქმედება გრძელდება გასაჩივარებისათვის დადგენილი ვადის დასრულებამდე ან საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის დამთავრებისას, იგი ძალადაკარგულად ითვლება, ჩამოერთმევა დამრღვევს და დაერთვის ოქმს. მძღოლის მიმართ მიიღება ზემოქმედების ზომები დადგენილი წესით. შენიშვნა: წესების იმ დარღვევისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვასთან, უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები. 6.0.5. იმ სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისას, რომლის მართვის უფლებაც ამ პირს არ გააჩნია, მაგრამ აქვს სხვა კატეგორიის (სახის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ჩამოერთმევა ყველა კატეგორიის (სახის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. 6.0.6. სატრანსოპრტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება წარმოებს მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით, თუ მძღოლს ჩამოერთმევა ყველა კატეგორიის (სახის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. 6.0.7. თუ მძღოლს ჩამოერთმევა ზოგიერთი კატეგორიის (სახის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, მძღოლის მოწმობაში კომპოსტერიღ უქმდება იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორია (სახე), რომლის მართვის უფლებაც ჩამოერთმევა დამრღვევს და მოწმობა უბრუნდება მფლობელს. მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის დამთავრებისას, ჩამორთმეული კატეგორიის მართვის უფლებას აღადგენენ დადგენილი წესით. 6.0.8. წესების დარღვევის შესახებ საქმის შრომითი კოლექტივის ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის განსახილველად გადაცემისას, მძღოლის მოწმობა (თუ იგი ჩამორთმეული იყო) უბრუნდება მფლობელს. 7. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოება 7.1. საჯარიმო ქვითრები, ოქმის ბლანკები და დროებითი ნებართვები გათანაბრებულია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან. 7.2. საგზაო პოლიციის დანაყოფებსა და შს საქალაქო და რაიონულ ორგანოებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ბლანკებით უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საჯარიმო ქვითრების ოქმის ბლანკებისა და დროებითი ნებართვის მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა ხორციელდება იმავე წესით, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტისა. მათი მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში (დანართი №11). 7.3. ჯარიმის გადახდის ქვითარი წარმოადგენს მკაცრი საფინანსო აღრიცხვის ბლანკს და ინახება ფასიანი ქაღალდების თანაბრად. ქვითრების გაცემა ხდება ანგარიშვალდებულებით გასაცემი უწყისების ან გასავალი საკასო ორდერების მეშვეობით შს საქალაქო (რაიონული) განყოფილების საგზაო პოლიციის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე შს საქალაქო (რაიონული) განყოფილებათა საგზაო პოლიციის დანაყოფებში ქვითრების მიღების და პირადი შემადგენლობისათვის გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში. შენიშვნა: ქვითარში ნაჩვენები უნდა ყოს დამრღვევის გვარი, სახელი, მამის სახელი, დარღვევის თარიღი და სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და სახელმწიფო ნომერი, საჯარიმო სახდელის რაოდენობა სიტყვით (გადასწორება დაუშვებელია), დამრღვევის ხელის მოწერა. ქვითრის ყუა ინახება (გადაიგზავნება) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საჯარიმო სახდელის დადგენილ ვადებშიგადაუხდელობის შემთხვევაში იგი იგზავნება სასამართლო ორგანოებში, იძულებითი წესით აღსასრულებლად. 7.4. გამოუყნებელი ქვითრების ყუები, აგრეთვე გაფუჭებული ოქმების ბლანკები და დროებითი ნებართვები ბარდება მათი მიღებისა და გადაცემისათვის პასუხისმგებელ პირს, რის შესახებად ჟურნალში ფიქსირდება შესაბამისი ჩანაწერი. 7.5. ოქმები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილი სხვა მასალები, აგრეთვე ჩამორთმეული მძღოლის მოწმობები და სხვა დოკუმენტები დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებული მასალების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №12). 7.6. მასალების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამის ჩანაწერებს აფიქსირებენ ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორები ან მუშაკები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ამ მოვალეობის შესრულება. 7.7. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (საგზაო პოლიციის დანაყოფებიდან) შემოსული ოქმები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვეევებთან დაკავშირებული სხვა თანდართული მასალები შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მასალების აღრიცხვის ცალკე ჟურნალში, რომელიც მინდობილი აქვს ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორს ან შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირებისათვის პასუხისმგებელ პირს. 7.8. ქვედანაყოფში ოქმები და თანდართული სხვა დოკუმენტები მუშაკებიდან მუშაკს გადაეცემა მასალების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფაში ხელმოწერით. 7.9. ოქმები და თანდართული დოკუმენტები სხვა დანაყოფებში იგზავნება ხუთდღიან ვადაში. შეკვეთილი კორესპონდენციით ან გადაეცემა გასატარებელი წიგნის მეშვეობით, რის შესახებაც ფიქსირდება აღნიშვნა მასალების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფაში. 7.10. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონულ ორგანოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების (სამმართველოს) სამდივნოში (კანცელარიაში). 7.11. ოქმებში, დროებით ნებართვებში, ჟურნალებში ჩანაწერები კეთდება მელნით (პასტით). 7.12. ადმინისტრაციული დარღვევის მასალები, რომლებთან დაკავშირებითაც გამოტანილი დადგენილებანი სახდელის დადების შესახებ შესრულებულია, ჩაეკერება საქმეებში და ინახება გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით საგზაო პოლიციის დანაყოფებში. ამასთან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ მასალები ჩაეკერება ცალკე საქმეებში. საქმეებში ჩაკერებული ფურცლები ინომრება. ბოლო ფურცელზე კეთდება დამადასტურებელი ხელმოწერა დანომრილი ფურცლების რაოდენობის შესახებ, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებაჩამორთმეულ პირთა მოუკითხავი მძღოლის მოწმობები ექვემდებარება ტერიტორიულ საგამოცდო დანაყოფებში გადაგზავნას დადგენილების აღსრულების (აკრძალვის ვადის გასვლიდან) დღიდან მომდევნო ერთი წლის გასვლის შემდეგ. 7.13. გამოყენებული ჯარიმის ქვითრების ყუები, გაფუჭებული ოქმის ბლანკები და დროებითი ნებართვები, აგრეთვე საქმეების წესების დარღვევათა შესახებ, რომელთა შენახვის ვადა გასრულდა, ნადგურდება საგზაო პოლიციის (შს ორგანოს) დანაყოფის ადმინისტრაციული პრაქტიკის შემოწმებათა ჩატარების დროს. განადგურება ფორმდება შესაბამისი აქტით. 7.14. იმ პირთა მძღოლის მოწმობები, რომლებსაც ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ერთ წელზე ნაკლები ვადით, ინახება მართვის უფლების ჩამორთმევის ადგილის მიხედვით საგზაო პოლიციის დანაყოფებში, ხოლო იმ პირთა მძღოლის მოწმობები, რომლებსაც ჩამოერთვათ მართვის უფლება ერთი და მეტი წლით, ხუთი დღის ვადაში შესანახად იგზავნება საგზაო პოლიციის რეგიონალურ საგამოცდო დანაყოფებში, ხოლო საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში იგზავნება დადგენილი ფორმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სააღრიცხვო ბარათი (დანართი №13) მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ, ჩამორთმევის ვადის მიუხედავად, აგრეთვე სატრანსპორტოსაშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათის საჯარიმო სახდელის დადების შესახებ. 7.15. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მძღოლის მოწმობათა შეცვლას ახორციელებს რეგიონალური საგამოცდო დანაყოფი. ამისათვის აუცილებელი დოკუმენტები მიიღება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე. 7.16. საგზაო პოლიციის დანაყოფში არსებული ჩამორთმეული მძღოლის მოწმობები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არ იქნა მოთხოვნილი მფლობელის მიერ, გადაიგზავნება შესაბამის რეგიონალურ საგამოცდო დანაყოფში, რომელთა მფლობელისათვის დაბრუნება მოხდება დადგენილი წესით. 8. უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არქონე პირთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოების თავისებურებანი 8.1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არქონე პირები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საერთო წესით. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოელი მოქალაქენი, რომლებიც მოქმედი კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად სარგებლობენ იმუნიტეტით. მათი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება დიპლომატიური გზით. 8.2. იმუნიტეტით მოსარგებლე პირს მის მიერ წესების დარღვევისას უმოწმდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დგება ოქმი, ხოლო დოკუმენტი უბრუნდება მფლობელს. 8.3. იმუნიტეტით მოსარგებლე პირს, რომელიც მთვრალი მართავს სატრანსპორტო საშუალებას, ჩამოაშორებენ საჭეს და მისი თანხმობის შემთხვევაში სთავაზობენ სიმთვრალის მდგომარეობის შემოწმებაზე გავლას დადგენილი წესის შესაბამისად. მოცემული ფაქტის შესახებ პოლიციის მუშაკი მოახსენებს საგზაო პოლიციის დანაყოფის (შს ორგანოს) მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად. 8.4. იმუნიტეტით მოსარგებლე უცხოელი მოქალაქის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ ოქმი და სხვა მასალები ხუთდღიან ვადაში იგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამმართველოში, რის შესახებაც უცხოელ მოქალაქეს აფრთხილებენ დარღვევის ჩადენის ადგილზევე. 8.5. იმ უცხოელი პირის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეები, რომელიც არ სარგებლობს იმუნიტეტით, განიხილება დარღვევის ჩადენის ადგილზე, როგორც წესი იმავე დღეს, მაგრამ არაუგვიანეს სამი დღე-ღამისა, დარღვევის გამოვლინების მომენტიდან. 8.6. უცხოელი მოქალაქე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას (რომელიც არ სარგებლობს იმუნიტეტით), რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას, ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა დადგენილი წესით. 8.7. ამ ინსტრუქციის 2.6. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელ მოქალაქეს უნდა მიეცეს განმარტება დადებული საჯარიმო სახდელის გადახდის წესის შესახებ და ერთდროულად მის შიდასაბაჟო ტრანზიტში (დანართი №14), კეთდება ჩანაწერი სამართალდარღვევის ჩადენის თარიღის, საჯარიმო ქვითრის ნომრის და დადებული სახდელის ოდენობის ჩვენებით. მასში აგრეთვე შეიტანება ცნობა ჯარიმის ამოღების შესახებ, რომელიც დასტურდება თანხის ამომღები თანამდებობის პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 8.8. იმ შემთხვევაში თუ უცხოელი მძღოლი საჯარიმო სახდელის დამდებ დანაყოფში წარადგენს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, მის დოკუმენტებში შეიტანება ცნობა ჯარიმის ამოღების შესახებ. სხვა შემთხვევებში დადებული საჯარიმო სახდელის ამოღება მოხდება საბაჟო გამსვლელ პუნქტზე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, რაზეც გაკეთდება ჩანაწერი შიდასაბაჟო ტრანზიტში ამ ინსტრუქციის 8.7. პუნქტში დადგენილი წესით, ქვითრის მეორე ეგზემპლარი დარჩება საბაჟო პუნქტში, ხოლო მესამე ეგზემპლარი ათი დღის ვადაში იგზავნება საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში, შემდგომში ქვითრის გაცემი საგზაო პოლიციის დანაყოფში დასაბრუნებლად. შენიშვნა: საჯარიმო ქვითრის გადაგზავნისა და სახდელი ამოღებასთან დაკავშირებული მომსახურების სხვა ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. 8.9. ამ ინსტრუქციის 2.10. პუნქტში აღწერილ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანება სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე ან თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით. საგზაო პოლიციელი იღებს ზომებს დამრღვევი მძღოლის დასადგენად, რომლის მიმართაც გატარდება ადმინისტრაციული ზემოქმედება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. 8.10. საქართველოში სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე ტექნოლოგიური გადაზიდვების შემსრულებელი (მშენებლობაზე და სხვა) უცხოელი მძღოლების მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში, მძღოლის მოწმობები გადაიგზავნება სატრანსპორტო საშუალებათა დროებითი აღრიცხვის ადგილზე საგზაო პოლიციის დანაყოფებში, სადაც ინახება დადგენილი წესით მართვის უფლების აკრძალვის ვადის გასვლამდე. 8.11. სამთავრობათაშორისო შეთანხმების შესაბამისად საქართველოში მომუშავე (მშენებლობებზე, ქარხნებში, ფაბრიკებში და სხვა) ან სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე უცხოელ მოქალაქეთაგან ჯარიმის გადახდევინება წარმოებს საერთო წესით. 8.12. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გაფორმებისას, რომლის მონაწილეა უცხოელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ოქმის სტრიქონში - ,,სანომრე ნიშნები’’ გადააქვთ ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნაციონალური ნომრების (ასოებისა და ციფრობრივი სიმბოლოები) ასლი. დამატებითი ოქმის სტრიქონში ,,სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ადგილი’’ შეაქვთ შემდეგი მონაცემები: სადაზღვევო კომპანიის დასახელება და მისამართი, სადაზღვევო დოკუმენტის ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი და ადგილი. მძღოლებს ეძლევათ ცნობა დადგენილი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესახებ. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელ უცხოელ მოქალაქეთათვის აღნიშვნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთების დაზიანების ხასიათის (საბაჟოს დალუქვის, ტვირთის დაზიანება, ძარის ბრეზენტის მთლიანობის დარღვევა) შესახებ შეაქვთ აგრეთვე საბაჟო დოკუმენტშიც. 9. კონტროლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებაზე 9.1. წესების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების სწორ გადაწყვეტაზე, დარღვევების საქმეთა წარმოებაზე და აღრიცხვის მდგომარეობაზე კონტროლი ხორციელდება ყოველდღიურად საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურის დანაყოფების, საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებების (ჯგუფის უფროსების), განყოფილებების ან შს საქალაქო (რაიონულ) განყოფილებათა ხელმძღვანელობის მიერ. 9.2. საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა და საგზაო პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელები ორ წელიწადში ერთხელ აწყობენ საქალაქო (რაიონულ) ორგანოების, საგზაო პოლიციის დანაყოფების სამართალგამოყენებით მოღვაწეობის შემოწმებას. 9.3. შემოწმებისას შეისწავლება შემდეგი საკითხები: 9.3.1. საგზაო პოლიციის მუშაკების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი გამოყენების წესების შესახებ ნორმატიული აქტების ცოდნა. 9.3.2. წესების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და დასაბუთებულობა, კერძოდ: მიღებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების შესაბამისობა კანონით დადგენილ სანქციებთან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საფუძვლიანობა. 9.3.3. წესების დარღვევათა აღრიცხვა და ანალიზი; ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართვა ყველაზე სახიფათო ავარიული სიტუაციების გამომწვევი წესების ისეთ დარღვევათა გამოვლენასა და აღკვეთისადმი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, გასწრების რკინიგზის გადასასვლელზე გავლის, მგზავრების გადაწყვანისა და სხვა წესების დარღვევები, აგრეთვე ავტოტრანსპორტის მართვა მძღოლის მოწმობის, სანომრე ნიშნების გარეშე და სხვა. 9.3.5. წესების დარღვევებთან დაკავშირებული მასალების რეგისტრირება და გატარება ჩამორთმეული მძღოლის მოწმობების, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ჯარიმის გადახდის ქვითრების, ,,სიფხიზლის კონტროლის’’ ინდიკატორული მილაკების აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის მდგომარეობა. 9.3.6. ოქმებისა და სხვა დოკუმენტების შედგენის სისწორე, წესების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დადგენილი წესების და ვადების შესრულება. 9.3.7. ჯარიმის სახით დადებული სახდელისა და სატრასპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის აღსრულება. 9.3.8. მოქალაქეთა წერილების, საჩივარებისა და განცხადებების განსახილველად გაწეული მუშაობის მდგომარეობა. 9.3.9. საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურის დანაყოფების, საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებების (ჯგუფის უფროსების) განყოფილებებისა და შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონული) განყოფილებების ხელმძღვანელების მხრიდან კონტროლის ორგანიზება საგზაო პოლიციის სამართალგამოყენებით მოღვაწეობის მართლზომიერებაზე, გამოვლენილ ნაკლოვანებებზე და კანონიერების დარღვევათა ფაქტებზე რეაგირება, მათი ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. 9.4. შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ უკანონოდ გამოტანილი დადგენილება უქმდება. მიიღება ზომები დარღვეულ უფლებათა აღსადგენად და მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად. 9.5. შემოწმების შედეგები მოხსენდება შემოწმების დამნიშვნელ შინაგან საქმეთა თანამდებობის პირს, რომელიც გაეცნობა რა შემოწმების მასალებს, ღებულობს გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის დანაყოფის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესებისა და კანონიერების განმტკიცებისათვის გამიზნულ ზომებს. 10. ადმინისტრაციული პრაქტიკის უფროსი ინსპექტორის, (ინსპექტორის) სამაგალითო ფუნქციონალური მოვალეობანი 10.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამმართველოს საგზაო პოლიციის სამმართველოს (განყოფილების) ადმინისტრაციული პრაქტიკის უფროსი ინსპექტორი: 10.1.1. ახორციელებს ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორთა ჯგუფის, აგრეთვე საგზაო პოლიციის დანაყოფების საორგანიზაციო-მეთოდურ ხელმძღვანელობას სამართალგამოყენებით საქმიანობის ხაზით. 10.1.2. აკონტროლებს საგზაო პოლიციის დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ საგზაო პოლიციის სამართალგამოყენებითი საქმიანობის მარეგლამენტირებელი ნორმატიული და სხვა დოკუმენტების ცოდნას, ღებულობს დანაყოფის პირადი შემადგენლობის პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისათვის გამიზნულ ზომებს. 10.1.3. ანზოგადებს და აანალიზებს საქართველოში (ქალაქში) საგზაო პოლიციის სამართალგამოყენებით საქმიანობას, ანალიზის საფუძველზე არანაკლებ წელიწადში ორჯერ ამზადებს ცნობებს დარღვევათა მდგომარეობისა და დინამიკის, აგრეთვე დამრღვევთა მიმართ ზემოქმედების ზომების გამოყენების პრაქტიკის შესახებ. ამუშავებს და შეაქვს წინადადებები ადმინისტრაციული პრაქტიკის სრულყოფისა და მოძრაობის მონაწილეთა დისციპლინის განმტკიცებაზე მისი ზეგავლენის გაძლიერების შესახებ. 10.1.4. საგზაო პოლიციის დანაყოფებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვეევბის (ფორმა №15) საფუძველზე აანალიზებს ამ მიმართულებით მათი საქმიანობის მდგომარეობას და ამზადებს წინადადებებს საგზაო-საპატრულო სამსახური მუშაობის გასაუმჯობესებლად, ძალებისა და საშუალებების საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით დაზიანებული გზის მონაკვეთებზე მისამართავად მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით. წელიწადში ორჯერ, ამ ინსტრუქციით დადგენილი ფორმით (დანარათი №15) ინფორმაციას აგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლინების შესახებ. 10.1.5. აკონტროლებს მოქალაქეთა წერილების, საჩივარებისა და განცხადებების განხილვის სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საგზაო პოლიციის მუშაკების მიერ ადმინისტრაციული ზომების გატარებისას არაობიექტურად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შემოსული საჩივრების განხილვაში შეაქვს ამ მხრივ გაწეული მუშაობის გასაუმჯობესებლად გამიზნული წინადადებები. 10.1.6. ანზოგადოებს და აანალიზებს საგზაო პოლიციის სამართალგამოყენებითი საქმიანობაში კანონიერების მდგომარეობას, შეაქვს დარღვევათა აღმოფხვრისათვის გამიზნული წინადადებები. 10.1.7. ახორციელებს კონტროლს საგზაო პოლიციის დანაყოფებში საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციული დარღვევების საქმეთა წარმოების მდგომარეობაზე. 10.1.8. მონაწილეობას ღებულობს საგზაო პოლიციის დანაყოფებში და შს საქალაქო (რაიონულ) ორგანოებში ადმინისტრაციული პრაქტიკის მდგომარეობის შემოწმებაში. 10.2. შს საქალაქო (რაიონულ) განყოფილების საგზაო პოლიციის დანაყოფის (საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურის დანაყოფის) ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორი (ან მისი შემცვლელი პირი). 10.2.1. სისტემატიურად აკონტროლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა მიმართ მიღებული ზემოქმედების ზომების სისწორეს და დასაბუთებულობას, ამასთან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის აგრეთვე ადმინისტრაციული ოქმებისა და პროცესუალური დოკუმენტების შედგენის მართლზომიერებას. 10.2.2. აკონტროლებს ადმინისტრაციული მასალების დადგენილი წესით ჟურნალში გატარებას, ღებულობს ზომებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების დროული და სწორი აღსრულებისათვის, პრაქტიკულ და მეთოდურ დამარებას უწევს დანაყოფის ინსპექტორებს დამრღვევთა მიმართ ზემოქმედების ზომების გატარების, აგრეთვე ადმინისტრაციული მასალების ხარისხოვნად გაფორმების საკითხებში. 10.2.3. დროულად იღებს ზომებს საჯარიმო სახდელების დადგენილ ვადებში გადახდევინების მიზნით (უგზავნის დამრღვევს შეხსენებას საჯარიმო სახდელის გადახდის ვადის ამოწურვის მოახლოების შესახებ, ინფორმაციას აწვდის საგზაო-საპატრულო და პოლიციის სხვა სამსახურებს, დამრღვევის სამუშაო ადგილზე, სასამართლოში და სხვა) 10.2.4. განიხილავს ადმინისტრაციულ მასალებს და მასთან დაკავშირებით ღებულობს გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ატარებს ადმინისტრაციულ საქმეთა დამატებით შემოწმებას, თუ ისინი არ შეიცავენ დარღვევის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მონაცემებს. 10.2.5. ყოველთვიურად ანზოგადებს და აანალიზებს დამრღვევთა მიმართ ზემოქმედების ზომების გატარების მხრივ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას. ანალიზის შედეგების მიხედვით სამოქმედო ტერიტორიაზე ავარიულობის გათვალისწინებით ამზადებს მოძრაობაზე ზედამხედველობის სრულყოფისა და ზემოქმედების ზომების გატარების ეფექტურობის ამაღლებისათვის გამიზნულ წინადადებებს. 10.2.6. ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში სიმთვრალე-სიფხიზლის მდგომარეობის დასადგენად შემოწმებისათვის მიყვანილ პირთა შესახებ მონაცემების შედარებას საგზაო პოლიციის დანაყოფებში არსებულ მონაცემებთან. 10.2.7. ატარებს სატრანსპორტო საშუალებების ნასვამ მდგომარეობაში მართვისათვის დაკავებული მძღოლების შესახებ შედგენილი მასალების შემოწმებას წლის განმავლობაში მათი განმეორებითი დაკავების ფაქტების გამოვლენის მიზნით. 10.2.8. ატარებს მეცადინეობებს სამსახურებრივი მომზადების სისტემაში და მონაწილეობს სამუშაოზე გასვლის წინ განწესებისათვის დამრღვევთა მიმართ ზემოქმედების ზომების გატარების, მასალების გაფორმების საკითხებზე ინსტრუქტაჟების ჩატარებაში და სხვა ღონისძიებებში დანაყოფის პირადი შემადგენლობის პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლების მიზნით. 10.2.9. აკონტროლებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების აღრიცხვისა და გაცემის აგრეთვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვიანობის სისწორეს. 10.2.10. განიხილავს მოქალაქეთა წერილებს, საჩივრებსა და განცხადებებს პოლიციელების უსაფუძვლო ქმედების თაობაზე, მასთან დაკავშირებით ამზადებს ცნობებს დასკვნებსა და პასუხებს ავტორთათვის.