„საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№679
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.021701
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №679

2019 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2016, 010240020.10.003.019256) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების მხარჯავმა დაწესებულებებმა საინვესტიციო პროექტების მომზადებისას უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევით გათვალისწინებული პრინციპების დაცვა იმ პროექტებთან მიმართებით, რომელთა წინასწარი შერჩევის ეტაპი იწყება ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ და საორიენტაციო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 მილიონ ლარს.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევის პრინციპები არ ვრცელდება პროექტებზე, რომელთა განხორციელების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე ან მიმდინარეობს მუშაობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

3. ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოებს, კოორდინაცია გაუწიონ აღნიშნული გზამკვლევის დანერგვის პროცესს.“.

2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

1. შეიქმნას ამ დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების მართვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე/მოადგილეები, რომელიც/რომლებიც კურირებს/კურირებენ საბიუჯეტო და ფისკალური რისკების მიმართულებებს;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე/მოადგილეები, რომელიც/რომლებიც კურირებს/კურირებენ ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის მიმართულებას;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე/მოადგილეები, რომელიც/რომლებიც კურირებს/კურირებენ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებებს;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებას;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს სოციალური დაცვის პოლიტიკას;

ვ) სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

2. უწყებათაშორის კომისიაში მუშაობა, საჭიროებისამებრ, ეთხოვოთ საქართველოს სამინისტროების, მუნიციპალიტეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

3. უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

4. უწყებათაშორისი კომისია, ამ გზამკვლევით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით, უფლებამოსილია, განსაზღვროს მისი მუშაობის წესი და, პროექტების შეფასების პრიორიტეტიზაციის მიზნით,  ქულათა მინიჭების კრიტერიუმების სისტემა.

5. დაევალოს უწყებათაშორის კომისიას, 2020 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს, საინვესტიციო პროექტების შეფასების პროცესში გამოყენების მიზნით, დისკონტის განაკვეთის განსაზღვრის წესი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი

შინაარსი

დანართი №1 1

საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი 1

თავი I 3

საინვესტიციო პროექტების მართვის ძირითადი არსი 3

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 3

მუხლი 2. საინვესტიციო პროექტების მართვის ძირითადი ეტაპები 3

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 6

თავი II 11

პროექტის წინასწარი შერჩევა/შეფასება 11

მუხლი 4. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების არსი, მიზანი და ახალი პროექტის გამოვლენის მექანიზმები 11

მუხლი 5. პროექტის კონცეფციის ბარათი 12

მუხლი 6. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომის საფეხურები 13

მუხლი 7. ეკონომიკური ანალიზი წინასწარი შეფასების ეტაპზე 16

მუხლი 8. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება 20

თავი III 23

პროექტის საბოლოო შეფასება და შერჩევა 23

მუხლი 9. პროექტის საბოლოო შეფასების/შერჩევის არსი და მიზანი 23

მუხლი 10. პროექტის შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომის საფეხურები 23

მუხლი 11. პროექტის შეფასების დამატებითი ეტაპი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში 31

მუხლი 12. პროექტის შეფასების პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება 32

თავი IV 34

პროექტის ასახვა ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში 34

მუხლი 13. პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის არსი და მიზანი 34

მუხლი 14. პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება 34

თავი V 35

პროექტის განხორციელება და მონიტორინგი 35

მუხლი 15. პროექტის განხორციელების ძირითადი დებულებები 35

მუხლი 16. პროექტის მონიტორინგი და ამ პროცესში გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობები 35

თავი VI 37

პროექტის შესრულების შემდგომი შეფასება 37

მუხლი 17. შესრულების შემდგომი შეფასების არსი და ძირითადი დებულებები 37

მუხლი 18. შესრულების შემდგომი შეფასების საფეხურები 38

მუხლი 19. შესრულების შემდგომი შეფასება, როლები და პასუხისმგებლობების განაწილება 39

თავი I

საინვესტიციო პროექტების მართვის ძირითადი არსი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი“ (შემდგომში „გზამკვლევი“) შემუშავებულია, რათა დაეხმაროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს სხვადასხვა შემოთავაზებული კაპიტალური ინვესტიციების თანმიმდევრულ და ყოველმხრივ შეფასებაში და კონკურენტი პროექტების პრიორიტეტულობის დადგენაში, რაც როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე დარგობრივი მიმართულებებით სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტის მომზადების პროცესის დახვეწის განუყოფელი ნაწილია.

  2. პროექტების წინასწარი შერჩევის/შეფასების, საბოლოო შერჩევის/შეფასების და ბიუჯეტში ასახვის პროცესების თანამიმდევრულობისა და სტანდარტიზაციის მიზნით, გზამკვლევი განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს.

  3. გზამკვლევი განსაზღვრავს სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების პროცესის ზოგად ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მტკიცდება „საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია“, როგორც კაპიტალური ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ნაწილი.

  4. გზამკვლევში მოცემულია საინვესტიციო პროექტების შემუშავების წესები და პროცედურები, განსაზღვრულია მონაწილე მხარეების როლები და პასუხისმგებლობები საინვესტიციო პროექტების მართვის პროცესის ყველა სტადიისათვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების დაწყებამდე. გზამკვლევი საშუალებას იძლევა შეფასდეს სხვადასხვა შემოთავაზებული კაპიტალური ინვესტიციები თანმიმდევრულად და დადგინდეს პროექტების პრიორიტეტულობა სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტის მომზადების პროცესში, როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკის, ისე დარგობრივი და რეგიონული მიმართულებებით.

მუხლი 2. საინვესტიციო პროექტების მართვის ძირითადი ეტაპები

  1. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით1 საინვესტიციო პროექტების მართვის პროცესი ექვსი მთავარი კომპონენტისგან შედგება: პროექტების წინასწარი შერჩევის/შეფასების სტადია, პროექტის საბოლოო შერჩევის/შეფასების სტადია, პროექტის ასახვა ბიუჯეტში, პროექტის განხორციელება, პროექტის მონიტორინგი და შესრულების შემდგომი (დასკვნითი) შეფასება (№1 სურათი). გზამკვლევში განხილულია №1 სურათზე ნაჩვენები სტადიები. მეთოდოლოგიაში უფრო დეტალურად მოხდება აღნიშნული სტადიების განხილვა.

სურათი 1: საინვესტიციო პროექტების მართვის პროცესის ძირითადი კომპონენტები

  1. გზამკვლევში განხილულია პროცედურული მოთხოვნები, მონაწილე მხარეების ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები, ასევე, თითოეულ ეტაპზე პროექტის ინიციატორის/დამგეგმავის, შემფასებლის, განმხილველის და/ან გადაწყვეტილების მიმღების როლები.

  2. გზამკვლევის მიზნებისათვის საინვესტიციო პროექტი წარმოადგენს ფინანსურად მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს, რომელიც ფინანსდება (გზამკვლევით განსაზღვრულ შემთხვევებში თანადაფინანსება ხორციელდება) შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით და ამგვარად მიჩნეული ყველა პროექტი, რომელთა მთლიანი საპროგნოზო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 მილიონ ლარს.

  3. საინვესტიციო პროექტი გულისხმობს, ყველა ინვესტიციას, რომელსაც ახორციელებენ ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ან ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციები ან/და ფინანსდება მათი მიერ განკარგვადი შესაბამისი ბიუჯეტების სახსრებით.

  4. მეთოდოლოგია ასევე ვრცელდება იმ მეწარმე იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც „სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მეწარმე იურიდიული პირების დაფინანსების წესისა და პრინციპების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N2737 განკარგულების შესაბამისად“ კლასიფიცირდებიან:

ა) როგორც სახელმწიფო მმართველობის სექტორში შემავალი სახელმწიფო საწარმოები;

ბ) როგორც სახელმწიფო კორპორაციები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის მთლიანი ღირებულება ან/და ამ პროექტთან დაკავშირებული მთლიანი ვალდებულებები (მათ შორის პირობითი ვალდებულებები) აღემატება ამ მეწარმე იურიდიული პირის აქტივების ღირებულების 10%-ს.

  1. იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით, გზამკვლევი ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების გათვალისწინებით.

  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, იმ პროექტებს, რომლებიც ინიცირდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების შესაბამისად, იხილავს ამ გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურებით და აფასებს ზემოაღნიშნული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით. განხილვის შემდგომ ეტაპზე, ზემდგომ ორგანოებთან ასეთი პროექტების განხილვისა და შეთანხმების წესი რეგულირდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მარეგულირებელი კანონმდებლობით.

  3. ამ მუხლის მე-7 პუნქტი ვრცელდება პროექტზე, რომლის ინიცირებაც ხორციელდება ამ გზამკვლევით დადგენილი წესით, თუმცა განხილვის პროცესში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პროექტის განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით.

  4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ტიპის პროექტის შეფასებისას გამოიყენება ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  5. გზამკვლევით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციასთან.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

  1. გზამკვლევში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საინვესტიციო (კაპიტალური) პროექტი წარმოადგენს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებისა და შედეგების მქონე აქტივობების ერთობლიობას, რომელიც ფიქსირებული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, და ქმნის აქტივს, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფისათვის სარგებელს ან/და მიღებული სარგებელის გამოყენების შესაძლებლობას.

საინვესტიციო პროექტებში იგულისხმება ისეთი მსხვილი პროექტები, რომელთაც საინვესტიციო ხასიათი გააჩნიათ, ანუ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი თავად უნდა გახდეს ეკონომიკური აქტივობის შემადგენელი ნაწილი ან მნიშვნელოვნად უნდა უწყობდეს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. კაპიტალური პროექტები გულისხმობს მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას.

საინვესტიციო პროექტის განსაზღვრისას აუცილებელია იმის გათვალისწინება,რომ ამ გზამკვლევის მიზნებისათვის საინვესტიციო პროექტი უნდა უკავშირდებოდეს წინასწარ განზრახულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, და არა მხოლოდ აქტივის ფიზიკურ მდგომარეობას. პროექტი მნიშვნელოვნად უნდა ზრდიდეს არსებული აქტივის შესაძლებლობებს ან წარმადობას, ან სიცოცხლის ხანგრძლივობას და აქტივის ფასს. არსებული აქტივების მოვლა-შენახვა, შეკეთება და თუნდაც კაპიტალური რეაბილიტაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო (კაპიტალური) პროექტს, თუ არსებითად არ იცვლება აქტივის როლი ეკონომიკურ საქმიანობაში.

ბ) კაპიტალური ხარჯები წარმოადგენს ხარჯებს, რომელიც მიიმართება აქტივის შესაქმნელად. იგულისხმება, როგორც მატერიალური აქტივები (შენობები, ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები), ისე არამატერიალური აქტივები (საინფორმაციო, საკომუნიკაციო, IT სისტემები). კაპიტალური ხარჯები მოიცავს არსებული აქტივის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (განახლება, რეკონსტრუქცია, გაფართოება). ამ გზამკვლევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია კაპიტალური ხარჯების გამიჯვნა შენახვისა და მიმდინარე შეკეთების ხარჯებისგან, ვინაიდან საინვესტიციო პროექტისათვის საჭიროა წინასწარ განზრახული საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება აქტივის ფიზიკურ მდგომარეობას. ასეთი ხარჯები მნიშვნელოვნად ზრდის არსებული აქტივის შესაძლებლობებს ან წარმადობას, ან მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აქტივის ფასს.

გ) პროექტის მთლიანი ღირებულება - საინვესტიციო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, როგორც აქტივის შექმნის, ასევე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვის ხარჯები, შესაბამისად პროექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საინვესტიციო პროექტის დაგეგმილი შედეგების/პროდუქტის მისაღებად საჭირო მთლიანი ფინანსური რესურსი, დაფინანსების წყაროს (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორის დაფინანსება, სესხები და/ან ბენეფიციარის თანადაფინანსება) მიუხედავად. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესით განსაზღვრული პროექტის ღირებულებას ასევე შეიძლება დაემატოს სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა ვალდებულების (მათ შორის პირობით ვალდებულებები) ღირებულება.

დ) საბოლოო ბენეფიციარი - საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული ან გაუმჯობესებული პროდუქტის ან/და მომსახურების საბოლოო მომხმარებელი.

ე) პროექტების წინასწარი შერჩევა/შეფასება - პროექტის სტრატეგიული ამოცანის, ლოგიკური დასაბუთების, ბიუჯეტზე ზემოქმედების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის წინასწარი შეფასების პროცესი. საინვესტიციო პროექტების მართვის პროცესის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს პროექტის კონცეფციის ბარათის და ხარჯთ-სარგებლიანობის წინასწარი ანალიზის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

ვ) პროექტის შეფასება/შერჩევა - პროექტის ხარჯთ-სარგებლიანობის ან/და უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის სხვა გზებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მომტანი პროექტის გამოვლენას (მოქმედების მიზანშეუწონლობის გადაწყვეტილების (არსებული სიტუაციის შენარჩუნების) ჩათვლით).

ზ) პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა/შერჩევა - ყოველმხრივი ანალიზის გზით ყველაზე მიზანშეწონილი ვარიანტის შერჩევისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რეკომენდაციების შემუშავების პროცესი, ამ გზამკველევით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

თ) პროექტის კონცეფციის ბარათი - პროექტის მოკლე აღწერა, რომელიც მზადდება პროექტის იდენტიფიკაციის შემდეგ წინასწარი შერჩევის ეტაპზე, პროექტის სიღრმისეული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ი) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა - ანალიტიკური კვლევა, რომელიც ხორციელდება შეფასების ეტაპზე, მოიცავს შემოთავაზებული პროექტის ტექნიკურ, ეკონომიკურ შეფასებას, ასევე შეიძლება მოიცავდეს ეკოლოგიურ და სოციალურ შეფასებებს და ხორციელდება კაპიტალური საინვესტიციო პროექტის საერთო მიზანშეწონილობისა და მდგრადობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

კ) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA - Cost-Benefit Analysis) - ფულად გამოსახულებაში პროექტის ხარჯებისა და სარგებლის რაოდენობრივი შეფასება ალტერნატიული ღირებულების შეფასების საფუძველზე.

ლ) ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი (CEA – Cost-Effectiveness Analysis) - პროექტის საპროგნოზო შედეგების განსაზღვრა და ამ შედეგების მისაღწევად პროექტის განხორციელების იმგვარი სტრატეგიის შერჩევა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს მთლიანი დისკონტირებული კაპიტალი და მიმდინარე ხარჯები. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც სარგებლის ფულადი ღირებულების შეფასება ძნელია ან ძვირი, ან იმისთვის, რომ არჩევანი გაკეთდეს ერთსა და იმავე ან ძალიან მსგავსი შედეგების მომტან ალტერნატივებს შორის. მოცემული ანალიზი შესაძლებელია განხორციელდეს პროდუქციის ერთეულის (ანუ არაფულადი სარგებლის) თვითღირებულების გაანგარიშების ფორმით.

მ) წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV – Net Present Value) - პროექტის წმინდა სარგებლის დისკონტირებული წლიური სიდიდეების ჯამი (სარგებელს გამოკლებული ხარჯები).

ნ) შიდა უკუგების დონე (IRR – Internal Rate of Return) - დისკონტირების ნორმა, რომლის დროსაც კონკრეტული წლიური სარგებლის წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულის ტოლია. ეს ის ნორმაა, რომელიც ათანაბრებს დისკონტირებული ხარჯების ჯამსა და დისკონტირებული სარგებლის ჯამს.

ო) ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (Benefit cost ratio) - პროექტის სიცოცხლის ხანგრძლივობის მთელი პერიოდის მანძილზე მთლიანი დისკონტირებული სარგებლის თანაფარდობა მთლიან დისკონტირებულ ხარჯებთან.

პ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) - შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განმარტებას და მზადდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჟ) სოციალური ზემოქმედების შეფასება - პროექტის პოტენციური უარყოფითი და დადებითი სოციალური შედეგების შეფასება, როგორებიცაა: შემოსავლის გადანაწილება, სიღარიბე, უმუშევრობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. სოციალური ზემოქმედების შეფასების დროს კეთდება არა მთელი საზოგადოების ზარალისა და სარგებლის სიდიდის ანალიზი, არამედ ანალიზი იმისა, თუ ვინ ზარალდება და ვინ იღებს სარგებელს პროექტის შედეგად (ამ უკანასკნელთა შეფასება ხდება ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს).

რ) ალტერნატიული ღირებულება - რესურსის ღირებულება საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში. ეკონომიკური ანალიზის დროს პროექტის შეძენილი რესურსის ალტერნატიული ღირებულება არის მისი მარგინალური სოციალური ღირებულება საუკეთესო ალტერნატიული გამოყენების (რომელიც პროექტს არ უკავშირდება) ან ამჟამინდელი გამოყენების შემთხვევაში (იზომება გადახდის მზადყოფნის საფუძველზე), თუ ეს საბოლოო პროდუქტი ან მომსახურებაა.

ს) ფარული ფასი/ჩრდილოვანი ფასი - პროდუქტის ან მომსახურების ალტერნატიული ღირებულება, რომელიც შეიძლება საბაზრო ფასისგან ან რეგულირებადი ტარიფისგან განსხვავდებოდეს. ეკონომიკურ ანალიზში ფარული ფასები გამოიყენება საზოგადოებისათვის რესურსის რეალური ღირებულების და პროდუქტის რეალური სარგებლის უკეთესად ასახვისთვის.

ტ) რესურსების ღირებულება (Resource Cost) - საქონლის ან მომსახურების რეალური ეკონომიკური ღირებულება. იგი განსხვავდება „ხარჯებისაგან“, ვინაიდან ისეთი ხარჯები, როგორიცაა გადასახადები ან მოსაკრებლები, მთლიანი ეკონომიკის მასშტაბით წარმოადგენს არა ხარჯს, არამედ რესურსის ტრანსფერს საზოგადოების ერთი ჯგუფიდან მეორეში.

უ) გარე ფაქტორები - ხარჯი ან სარგებელი, რომელიც პირდაპირ არ აკუმულირდება პროექტის განმახორციელებელი სუბიექტის ანგარიშებზე (ანუ ის არ შეიძლება აისახოს ფინანსურ ანგარიშებში, რადგანაც საბაზრო ფასი არ აქვს) და რომელიც ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით პროექტს პირდაპირ ვერ დაუკავშირდება, შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური.

ფ) ეკონომიურობა - პროექტი ფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად დაბალია პროექტის ღირებულება დამაკმაყოფილებელი ხარისხის მისაღწევად;

ქ) ეფექტიანობა - პროექტში ფასდება გამოყენებული რესურსი მიღებულ შედეგთან/პროდუქთან მიმართებაში;

ღ) ეფექტურობა - პროექტში ფასდება რამდენად წარმატებულია პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შედეგეგი/პროდუქტი. პროექტის ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებების მიღებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.

ყ) დისკონტირება - პროცესი, რომლის დროსაც ხარჯებისა და სარგებლის მომავალ სიდიდეებს ამცირებენ იმისთვის, რომ ასახონ ის ღირებულება, რომელიც ენიჭება მომავალ ხარჯებსა და სარგებელს არსებულ ღირებულებასთან შედარებით. „დისკონტირების განაკვეთი“ არის უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის ანალოგიური წლიური განაკვეთი, რომლითაც მომავალ ხარჯებსა და სარგებელს ამცირებენ შესადარებელი მიმდინარე ღირებულებების დასადგენად. ამ გზამკვლევით გათვალისწინებული მიზნებისათვის დისკონტის განაკვეთის ოდენობას ადგენს ამ გზამკვლევით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისია;

შ) უწყებათაშორისი კომისია - საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს ამ გზამკვლევით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღებას, საინვესტიციო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე;

ჩ) სამუშაო ჯგუფი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში, ამ გზამკვლევით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ანალიზს პროექტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, აწარმოებს საინვესტიციო პროეტების ერთიან რეესტრს და ახორციელებს ამ გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურების შესრულების მონიტორინგს;

ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი - პროექტი, რომელიც შეესაბამება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებს პროექტის განხორციელების შესაბამისი ეტაპისათვის;

ძ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა - განისაზღვრება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;

წ) ხარისხის ფასთან თანაფარობის მეთოდოლოგია - განისაზღვრება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშვებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით.

თავი II

პროექტის წინასწარი შერჩევა/შეფასება

მუხლი 4. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების არსი, მიზანი და ახალი პროექტის გამოვლენის მექანიზმები

  1. პროექტების წინასწარი შერჩევა/შეფასება არის პროექტის სტრატეგიული ამოცანის, ლოგიკური დასაბუთების, ბიუჯეტზე ზემოქმედების და ეკონომიკური ეფექტიანობის (მიზანშეწონილობის) წინასწარი ზოგადი შეფასების პროცესი.

  2. პროექტის წინასწარი შერჩევის მიზანია ისეთი პროექტების გამორიცხვა, რომლებიც: არ შეესაბამება მთავრობის ან კონკრეტული სექტორის, რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს, სავარაუდოდ არ არის ეკონომიკურად ეფექტიანი და/ან საბიუჯეტო შეზღუდვების პირობებში ნაკლებად ეფექტიანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

  3. წინასწარი შერჩევის ეტაპი უზრუნველყოფს:

ა) პროექტის რაციონალურობის დადგენას ლოჯისტიკის, რისკების და მდგრადობის თვალსაზრისით;

ბ) პროექტის შეუფერებელი ალტერნატივების გამორიცხვას/უარყოფას და შემდგომი განხილვისთვის შესაფერისი ალტერნატივების იდენტიფიცირებას.

  1. ახალი პროექტის გამოვლენის შესაძლო მექანიზმები:

ა) აქტივების მართვის სისტემების არსებობის შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფო აქტივების მდგომარეობისა და დარჩენილი სასიცოცხლო ციკლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და იმ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც უახლოეს მომავალში საჭიროებს გარკვეულ ჩანაცვლებას/ცვლილებას.

ბ) სხვადასხვა დარგობრივი და რეგიონული სტრატეგიული გეგმის საშუალებით გამოიკვეთება სახელმწიფო ინვესტიციების პრიორიტეტული სფეროები, რაც ხელს შეუწყობს პროექტის იდენტიფიკაციას.

გ) ინფრასტრუქტურის ძირითადი დარგებისთვის შემუშავებული გენერალური გეგმების საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული პროექტებისა და მათი პრიორიტეტული თანმიმდევრობის იდენტიფიცირება.

დ) შესაბამისი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

  1. წინასწარი შერჩევის პროცესი გულისხმობს პროექტის სტრატეგიულობის, დასაბუთებულობის, სოციალურ გარემოზე და ბიუჯეტზე გავლენის წინასწარ შეფასებას.

  2. წინასწარი შერჩევის ეტაპი საშუალებას იძლევა განხილული იქნეს პრობლემის/საკითხის გადაჭრის ალტერნატიული შესაძლებლობები და საბოლოო შეჯერება მოხდეს რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგან ერთ-ერთია იმის განხილვა რა შედეგი დადგება, იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ განხორციელდება.

  3. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების პროცესის დაწყება არ არის უშუალო კავშირში საბიუჯეტო ციკლთან და შეიძლება დაიწყოს საბიუჯეტო წლის ნებისმიერ მონაკვეთში. როგორც წესი, აღნიშნული პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე, მასზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ და უნდა დაეთმოს სათანადო დრო პროექტის და მისი ალტერნატივების გაანალიზებას. პროექტის წინასწარი შერჩევის ეტაპი, როგორ წესი უნდა დაიწყოს სულ მცირე ერთი წლით ადრე იმ საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება პროექტის განხორციელება, თუმცა პროექტის მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით შესაძლებელია გაცილებით უფრო ხანგრძლივი ან შედარებით ხანმოკლე დროის პერიოდი იყოს საჭირო.

მუხლი 5. პროექტის კონცეფციის ბარათი

  1. წინასწარი შერჩევის პროცედურის განხორციელების მიზნით, პროექტის თითოეულ ალტერნატივაზე (სულ მცირე ძირითადი ალტერნატივის და „არაფრის კეთების“ ალტერნატივებისათვის) უნდა მომზადდეს „პროექტის კონცეფციის ბარათი“, რომელიც მოიცავს პროექტთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას. „პროექტის კონცეფციის ბარათის“ მომზადება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც დამატებითი და განსაკუთრებული სირთულის დავალება. აღნიშნული დოკუმენტის ფორმატი იძლევა საშუალებას მოხდეს იმ პროცესის სტანდარტიზება, რაც ხორციელდება ყველა პროექტთან მიმართებაში მის საწყის სტადიაზე, პროექტის ინიციატორების და პოტენციური განმახორციელებლების მხრიდან;

  2. „პროექტის კონცეფციის ბარათში“ ინფორმაცია შეტანილი უნდა იყოს შიდა ანალიზისა და მსჯელობის საფუძველზე. ის გულისხმობს პროექტის შესახებ კონსენსუსის მიღწევას და მის შემუშავებაში პროექტის სპეციფიკის (მასშტაბი, სირთულე და სხვა) გათვალისიწინებით სასურველია მონაწილეობდნენ კონკრეტული სფეროს ტექნიკური სპეციალისტები, ასევე პროექტების პროფესიონალი ანალიტიკოსები. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, პროექტის შესახებ კონსენსუსის მიღწევა აგრეთვე შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი გარეშე დაინტერესებული მხარეების და სამთავრობო უწყებების მონაწილეობას. ეს ყველაფერი აისახება „პროექტის კონცეფციის ბარათის“ მომზადების პროცესზე.

  3. „პროექტის კონცეფციის ბარათის“ მომზადების პროცესში შეიძლება უარი ითქვას პროექტის ზოგიერთი ალტერნატივის კონცეფციაზე, თუ მომზადების პროცესშივე ცხადი გახდა, რომ ის წინასწარი შერჩევის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. შესაძლებელია, რომ კონცეფციის ბარათის მომზადება დაიწყოს და არ დასრულდეს, თუ მისი მომზადების ეტაპზევე გამოიკვეთება, რომ პროექტის შემდგომი დამუშავება მიზანშეწონილი არ არის. ეს არ უნდა ჩაითვალოს რესურსების უქმად ხარჯვად, პირიქით წარმოადგენს მომავალში ხარჯების დაზოგვას.

  4. პროექტის „კონცეფციის ბარათში“ უნდა მიეთითოს რომელი მეთოდების გამოყენებით ხორციელდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, წინასწარი შერჩევის ეტაპზე და რომელი მეთოდები შესაძლებელია გახდეს საჭირო დამატებით, თუ პროექტი გადავა საბოლოო შერჩევის/შეფასების ეტაპზე.

  5. პროექტის კონცეფციის ბარათი უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტისა და მისი განმახორციელებლის შესახებ ძირითად ინფორმაცია;

ბ) პროექტის არსი, ინტერვენციის ლოგიკა, პროექტის განხორციელების საჭიროების და მოთხოვნის შეფასება;

გ) პროექტის შესაბამისობა სტრატეგიულ დოკუმენტებთან;

დ) პროექტისა და მისი ალტერნატივების ხარჯი და მის დათვლასთან დაკავშირებული დაშვებები;

ე) პროექტის და მისი ალტერნატივების სარგებელთან და მის დათვლასთან დაკავშირებული დაშვებები

ვ) პროექტის გავლენა ბიუჯეტზე;

ზ) პროექტის და მისი ალტერნატივების ეკონომიკური ეფექტიანობა ერთ ერთეულ ბენეფიციარზე და სხვა მსგავს უკვე განხორციელებულ პროექტებთან მიმართებაში;

თ) შესყიდვის სავარაუდო მეთოდი, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით პროექტის განხორციელების შესაძლებლობა;

ე) პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სპეციფიკა;

ზ) პროექტის საბოლოო შერჩევისათვის საჭირო კვლევის მეთოდოლოგიები.

მუხლი 6. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომის საფეხურები

  1. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეთოდოლოგია, თუმცა ეკონომიკური ანალიზიდან, როგორც წესი აუცილებელია ხარჯთ-სარგებლიანობის (ფინანსური და ეკონომიკური) მეთოდის გამოყენება, ინიციატორი ამზადებს ამ ანალიზის წინასწარ ვერსიას;

  2. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ თუ რა ხანგრძლივობის პერიოდის გაანალიზებაა საჭირო ძირითადი პროექტის ხარჯებისა და სარგებლის შესაფასებლად. ჩვეულებრივ, გასაანალიზებელი პერიოდი პროექტის შედეგად შექმნილი ძირითადი საშუალების ვარგისიანობის პერიოდს ემთხვევა.

ცხრილი №1: პროექტების საანალიზო პერიოდები სექტორების მიხედვით

სექტორი

წელი

რკინიგზა

30

გზები

25-30

პორტები და აეროპორტები

25

საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

25-30

საქალაქო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა

15-25

წყლის მოწოდებისა და კანალიზაციის სისტემა

30

ნარჩენების მართვა

25-30

ენერგია

15-25

ფართოდიაპაზონიანი გადაცემა

15-20

ბიზნესინფრასტრუქტურა

10-15

სხვა სექტორები

10-15

  1. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი პროექტის შეფასების ძირითადი ელემენტია, რადგანაც ის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით იძლევა პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და პროექტის ალტერნატიული ვარიანტების შეფასების შესაძლებლობას. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის განხორციელებისას:

ა) უმნიშვნელოვანესი ნაწილია დაშვებების შეძლებისდაგვარად სწორად განსაზღვრა;

ბ) პროექტების შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია მოთხოვნის ანალიზი. მოთხოვნის ანალიზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაპიტალურ აქტივებზე სათანადო საინჟინრო თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილების შესამუშავებლად, იმისათვის, რომ კაპიტალური აქტივების სიმძლავრე (შესაძლებლობები) საკმარისი იყოს არსებული და მომავალი მომხმარებლებისთვის და პროექტის ხარჯებისა და მომგებიანობის პროგნოზების საიმედოდ შეფასებისთვის.

გ) პროექტის შეფასების პროცესში, ინიციატორებმა უნდა შეიმუშაონ პროექტის შედეგად მიღებულ კონკრეტულ მომსახურებებზე მოთხოვნის წინასწარი პროგნოზები, გამოსახული ციფრებში, მათ შორის პროექტის პერიოდში ამ მოთხოვნის ზრდის პროგნოზი. იმის მიხედვით, თუ რა სახის პროექტთან გვაქვს საქმე, ასეთი საპროგნოზო მაჩვენებლები შეიძლება იყოს: სკოლაში ბავშვების მიღების მაჩვენებელი, საავადმყოფოს დატვირთულობა, საგზაო მოძრაობის ინტენსივობა, წყლის მოხმარება, მყარი ნარჩენების წარმოქმნა და სხვა.

დ) მოთხოვნის პროგნოზების დეტალიზაციის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს, პროექტის მასშტაბის მიხედვით ან რამდენად ახალია პროექტი შინაარსობრივად. მოთხოვნის მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზები სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ არამართებული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ხდება. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მიკერძოებულობისგან თავის არიდება. მიზანშეწონილია მოთხოვნის პროგნოზები შემოწმდეს დამოუკიდებელი გარეშე პირების მიერ, განსაკუთრებით მასშტაბური პროექტების შემთხვევაში.

ე) ეკონომიკური ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს ხდება საინვესტიციო პროექტის ხარჯებისა და სარგებლიანობის შეფასება ეკონომიკურ ჭრილში და სცდება განმახორციელებელი უწყების ფინანსური მაჩვენებლების ვიწრო სპექტრს და მოიცავს ხარჯებისა და სარგებლის შეფასებას მთელი საზოგადოების ჭრილში, მათ შორის ისეთი ხარჯებისა და სარგებლის ჩათვლით, რომელთა საბაზრო ფასებზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. ანალიზი მოიცავს ფასებისა და სარგებლის იდენტიფიკაციას, შეფასებას, ანალიზს და რანჟირებას წმინდა ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით. ცხრილი №2 ასახავს ძირითად განსხავავებებს ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზებს შორის.

ცხრილი №2: ძირითადი განსხვავებები ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯებისარგებლების ანალიზებს შორის

ფინანსური ანალიზი

ეკონომიკური ანალიზი

პერსპექტივა

განმახორციელებელი სააგენტო/ ორგანიზაცია/ კომპანია

ეკონომიკა/ საზოგადოება

მიზანი

განმახორციელებელ ორგანიზაციაზე წინადადების წმინდა ფინანსური გავლენის ანალიზი

გამოყენებულ ეკონომიკურ რესურებზე სოციალური ამონაგების (სარგებლების) მაქსიმუმამდე გაზრდა

ფასები

საბაზრო ფასები

ალტერნატიული ხარჯი/ შეფასებითი ფასები

გადასახადები და სუბსიდიები

გათვალისწინებულია

არ არის გათვალისწინებული

აქტივი/გადანაწილების ეფექტი

არ არის გათვალისწინებული

შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, ჩვეულებრივ ხდება თვისობრივი შეფასება

გარემო ფაქტორები

არ არის გათვალისწინებული

გათვალისწინებულია

ცვეთა

არ არის გათვალისწინებული (დისკონტირებული ფულადი სახსრების მიმოქცევის ანალიზში, მაგრამ გათვალისწინებულია ფინანსურ ანგარიშებში)

არ არის გათვალისწინებული

  1. ეკონომიკური ანალიზისთვის გარდა ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზისა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი2.

  2. ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი მეტად საჭიროა ისეთი პროექტების შემთხვევაში, რომლებსაც თემის ან სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნიათ, რადგანაც ამგვარი მიზნების ფულადი გამოსახულებით შეფასება შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს. ამ სახის ანალიზის დროს სარგებელი გამოხატულია ფიზიკურ და არა ფულად ერთეულებში (თუ პროექტის პროდუქტის ფულადი ღირებულების შეფასება შეუძლებელია).

მუხლი 7. ეკონომიკური ანალიზი წინასწარი შეფასების ეტაპზე

  1. ეკონომიკური ანალიზი სამი ეტაპისგან შედგება:

ა) შესაბამისი სარგებლისა და ხარჯების განსაზღვრა:

ა.ა) საჭიროა მოხდეს შესაბამისი ხარჯებისა და სარგებლის ძირითადი ტიპების იდენტიფიკაცია. შეფასებები უნდა მოხდეს ბიუჯეტის მიერ ამ კონკრეტული პროექტისთვის დამატებით გასაწევ ხარჯებზე დაყრდნობით. ისეთი ხარჯები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა გაღებული, უნდა გამოირიცხოს. ხარჯების ნაკადი შემოთავაზებული ინვესტიციის მთლიანი პერიოდისთვის უნდა შეფასდეს.

ა.ბ) ხარჯების იდენტიფიკაციის სიზუსტე განსხვავებული იქნება პროექტის მნიშვნელობისა და მონაცემთა ხელმისაწვდომობის მიხედვით. ნათელი უნდა იყოს ყველა საპროგნოზო კაპიტალური და მიმდინარე ხარჯის შეფასება, მათ შორის მითითებული უნდა იყოს გამოყენებული დაშვებები, როგორიცაა მაგ.: მომუშავეთა ფაქტიური ხარჯები, ენერგიის მოხმარების ფაქტიური ხარჯები, მოთხოვნილების ზრდა ან ფაქტიური გადასახდელები/განაკვეთები.

ა.გ) ხარჯების შეფასება უნდა იყოს თანმიმდევრული და სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტების შედარების საშუალებას იძლეოდეს. ამასთან ერთად, ხარჯების შეფასებისა და სარგებლის შეფასების საფუძველი ერთი და იგივე უნდა იყოს. ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, სარგებელი ფულადი გამოსახულებით, ანუ რეალური საბაზრო ფასების გამოყენებით უნდა დადგინდეს. ხშირად შესაძლებელია სხვადასხვა პირობითი ფინანსური ზომების მიღება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი შეფასება შეიძლება უკიდურესად ძვირი აღმოჩნდეს.შესაბამისად მხარჯავი დაწესებულების მიერ პროექტის მასშტაბისა და შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს განსაზღვრა რა სირთულის ანალიზი ჩატარდება.

ა.დ) მულტიპლიკატორი კოეფიციენტები, რომლებიც პროექტის მიერ ეკონომიკაზე მეორად ან არაპირდაპირი ზემოქმედების მომხდენ ინდიკატორებს ზომავენ, ეკონომიკური ანალიზის დროს სარგებელში არ უნდა იქნეს შეტანილი.

ა.ე) ეკოლოგიური და სოციალური ანალიზის/ზემოქმედების შეფასების საჭიროებები წინასწარი შერჩევის სტადიაზე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ეკონომიკური ანალიზის დროს სასურველია ეკოლოგიური და სოციალური ხარჯებისა და სარგებლის იდენტიფიკაცია, შეფასება და ხარჯებისა და სარგებლის გაანგარიშებებში შეტანა. თუ ეს შეუძლებელია, ეს ხარჯები და სარგებელი რაოდენობრივად უნდა შეფასდეს (მათი მასშტაბურობისა და ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით) და ანალიზში ხარისხობრივი მახასიათებლების სახით იქნეს შეტანილი.

ა.ვ) პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ეკოლოგიური და სოციალური ანალიზის კიდევ ერთი ასპექტი გულისხმობს პროექტის დიფერენცირებული ზემოქმედების შეფასებას გარკვეულ ეკოსისტემებზე/ტერიტორიებზე ან სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობით, სოციალური სტატუსით, შემოსავლებით, ეთნიკური წარმომავლობით, გენდერული ასპექტით და სხვა მსგავსი ფაქტორებით განსხვავდებიან. პროექტისა და მისი ალტერნატიული ვარიანტების შეფასების დროს ეს დიფერენციალური ზემოქმედებები მთელ საზოგადოებაზე პოტენციური ზემოქმედებისაგან განცალკევებით უნდა იყოს განხილული, რადგანაც ისინი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს შორის არაპროპორციულად განაწილდნენ, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკიური მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

ა.ზ) თუ გარკვეული ეკოლოგიური და სოციალური ხარჯები/დანაკარგები რომელიმე კონკრეტული ეკოსისტემის ან ჯგუფის შემთხვევაში დაუშვებლად მაღალია, შეიძლება აუცილებელი გახდეს სათანადო შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა, რომ პროექტი ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრადი იყოს. შემარბილებელი ღონისძიებების ხარჯები, ისევე როგორც მათთან დაკავშირებით განსახორციელებელი გაუმჯობესებების ხარჯები, ეკონომიკურ ანალიზში უნდა იყოს შეტანილი.

ა.თ) ამ პუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ასპექტები, პროექტის სირთულის გათვალისწინებით შესაძლებელია არ იქნეს განხილული წინასწარი შეფასების ეტაპზე და შეფასდეს პროექტის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, საბოლოო შერჩების/შეფასების ეტაპისათვის.

ბ) შესაბამისი ხარჯებისა და სარგებლის შეფასება

ბ.ა) ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასების ძირითადი პრინციპებია:

ბ.ა.ა) პროპორციულობა: კონკრეტული პროექტის მიხედვით ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასებისთვის შეიძლება საჭირო იყოს დიდი რესურსის გამოყენება, კვლევების ჩატარება და სიღრმისეული ანალიტიკური სამუშაოს შესრულება. ამის გამო, ზოგადად არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ მაგალითად პროექტისთვის რომლის ღირებულებაც 5 მლნ ლარია, ისეთივე სიღრმისეული კვლევა და ანალიზი ჩატარდეს, როგორც მაგალითად 50 მილიონის ღირებულების პროექტისთვის.

ბ.ა.ბ) მზარდი სარგებელი და ხარჯები: ხარჯები და სარგებელი უნდა შეფასდეს პროექტის განუხორციელებლობის ალტერნატივასთან. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ხარჯები არის ის თანხა, რომლითაც გაიზრდება გასაწევი ხარჯები, თუ კონკრეტული პროექტი არ განხორციელდება, ხოლო შესაბამისი სარგებელი ის სარგებელია, რომელსაც დამატებით მივიღებთ იმ სარგებელთან ერთად, რომელსაც პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში მივიღებდით.

ბ.ა.გ) საბაზრო ფასების გამოყენება: იმის მიუხედავად, რომ შესწორებების შეტანის საჭიროება შეიძლება ხშირად გაჩნდეს, სტანდარტულად იგულისხმება, რომ საბაზრო ფასები საუკეთესო საწყისი ათვლის წერტილია ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასების დროს.

ბ.ა.დ) ფაქტიური ფასების გამოყენება: ხარჯები და სარგებელი მოცემული უნდა იყოს რეალურ გამოსახულებაში. ხარჯები და სარგებელი შეფასებული უნდა იყოს ჩვეულებრივი საბაზისო წლის ფასებით, რომლის შესახებაც ყველა ანალიტიკოსსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს. როგორც წესი საბაზისო წლად მიმდინარე წელს იღებენ.

ბ.ა.ე) შესწორებების შეტანა იმ გადასახადების, სუბსიდიების და ტრანსფერების გათვალისწინებით, რომლებიც სავარაუდოდ ზემოქმედებას მოახდენენ უპირატესად მიჩნეულ ალტერნატივაზე: არაპირდაპირი გადასახადები (მაგ.: დღგ), სუბსიდიები და სოციალური ტრანსფერები (მაგ.: სოციალური დახმარებები) ეკონომიკური რესურსების მოხმარებას ან შექმნას არ იწვევენ. ისინი უბრალოდ ასახავენ რესურსების გადანაწილებას საზოგადოების ერთი ნაწილიდან მეორეში (შინამეურნეობებისაგან მთავრობაში და მთავრობიდან შინამეურნეობებში). ამრიგად, თეორიულად, ისინი გათვალისწინებული არ უნდა იყოს ხარჯებისა და სარგებლის შეფასებაში.

გ) წმინდა მიმდინარე ღირებულებების გამოთვლა

გ.ა) წმინდა მიმდინარე ღირებულება წარმოადგენს პროექტის ხარჯებსა და მოგებას შორის სხვაობას, რომლებიც დისკონტირებულია მიმდინარე ღირებულებამდე. წმინდა მიმდინარე ღირებულების გამოთვლის მეთოდი გამოიყენება პროექტის ალტერნატივებს შორის შედარების განსახორციელებლად ხარჯებთან და სარგებელთან მიმართებაში.

გ.ბ) დისკონტირება ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საწყისი საინვესტიციო ხარჯების გაწევა ხდება თავიდანვე, ხოლო სარგებელი და/ან ოპერაციული ხარჯები შეიძლება განაწილდეს დროში. დისკონტირება ასახავს ფულის დროებით სოციალურ უპირატესობას, რომელიც რელევანტურია ინფლაციის არარსებობის პირობებშიც კი. მიმდინარე ღირებულების გამოთვლა მოითხოვს დისკონტის განაკვეთის გამოყენებას.

გ.დ) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზში გადაწყვეტილების მიღების უპირატეს კრიტერიუმს წარმოადგენს წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV). პროექტი სიცოცხლისუნარიანია თუ წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულზე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სარგებლის მთლიანი დისკონტირებული ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანი დისკონტირებული ხარჯი. ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზისთვის წმინდა მიმდინარე ხარჯები (NPC) არის გადაწყვეტილების მიღების ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება პროექტების შესაფასებლად ყველაზე ნაკლები ხარჯის ალტერნატივის გამოსავლენად.

გ.ე) ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ფოკუსირებულია პროექტის მასშტაბზე, რომლებიც შეიძლება გამოხატულ იქნეს მონეტარული სახით. შესაძლებელია არსებობდეს მნიშვნელოვანი ხარჯები/დანაკარგები და მოგება, რომლის მონეტიზაცია არ არის შესაძლებელი. ხშირად ესენია ეკონომიკური საქმიანობის ეკოლოგიური შედეგების სოციალური ზემოქმედება.

მუხლი 8. პროექტის წინასწარი შერჩევის/შეფასების პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება

  1. პროექტის წინასწარი შერჩევის ეტაპზე საპროექტო წინადადების ინიციატორი და განმხილველი არის შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება და მისი ის სტრუქტურული ერთეული ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის სფეროში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ზედამხედველობა გაუწიოს „პროექტის კონცეფციის ბარათის“ და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წინასწარი ანალიზის მომზადების პროცესს, რომელშიც პროექტის პარამეტრები იქნება აღწერილი. კონცეფციის ბარათი და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (როგორც წესი ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი) წინასწარი ანალიზი მზადდება მხარჯავი დაწესებულების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის3 აქტიური ჩართულობით. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელმა შესაძლოა საჭირო დოკუმენტების მომზადების პასუხისმგებლობის დელეგირება განახორციელოს მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ან საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე.

  2. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელს წარედგინება პროექტი, მას შემდეგ რაც იგი გაივლის შიდა შეფასებას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების მიერ.

  3. შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პროექტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენის თაობაზე, მას შემდეგ რაც განიხილავს პროექტების კონცეფციის ბარათს, პროექტის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის წინასწარ ანალიზს, პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდში მისი დაფინანსების შესაძლებობას.

  4. პროექტის კონცეფციის ბარათებს და ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის წინასწარ ანალიზს, მხარჯავი დაწესებულება წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

  5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი:

ა) ასახავს მიღებულ პროექტს საინვესტიციო პროექტების რეესტრში;

ბ) იხილავს მიღებულ პროექტის კონცეფციის ბარათს და ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის წინასწარ ანალიზს;

  1. სამუშაო ჯგუფი პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას საჭიროებისამებრ:

ა) გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას მხარჯავი დაწესებულებისაგან;

ბ) ითხოვს დამატებით ალტერნატივის განხილვას;

გ) დაშვებების სისწორესთან მიმართებაში მხარჯავ დაწესებულებასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ალტერნატიულ ვარიანტს;

დ) სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობისათვის იწვევს პროექტის ინიციატორ ან პროექტთან დაკავშირებული სხვა მხარჯავი დაწესებულების წარმომადგენელს ან/და დარგის ექსპერტს;

  1. სამუშაო ჯგუფის პროექტზე მუშაობას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით;

  2. სამუშაო ჯგუფი პროექტის წინასწარ შეფასებაზე მუშაობის დასრულების შემდგომ პროექტის თაობაზე დასკვნას წარუდგენს უწებათაშორის კომისიას და შესაბამის სტატუსს ასახავს საინვესტიციო პროექტების მართვის რეესტრში;

  3. სამუშო ჯგუფის მიერ დასკვნა უნდა მოიცავდეს მსჯელობას პროექტთან მიმართებაში და ასახავს სამუშო ჯგუფის ერთ-ერთ პოზიციას:

ა) ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს არსებული დაშვებების და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით;

ბ) არ ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს არსებული დაშვებების და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით;

  1. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

  2. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და ისმენს მხარჯავი დაწესებულების პოზიციას ასევე საჭიროებისამბერ ითხოვს დამატებით ინფორმაციას;

  3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, პროექტების შეფასებისა და შერჩევისათვის გამოიყენოს მის მიერ დამტკიცებულ შეფასების კრიტერიუმების ქულათა სისტემა.

  4. უწყებათაშორისი კომისია ინიციატორ მხარჯავ დაწესებულებას წარუდგენს დასკვნას პროექტის განხილვის შემდეგ ეტაპზე გადასვლის მიზანშეწონილობის თაობაზე და განსაზღვრავს შერჩევის შემდგომი ეტაპისთვის წარსადგენი ტექნიკური-ეკონომიკური ანალიზის მეთოდებს.

  5. სამუშაო ჯგუფი საინვესტიციო პროექტების რეესტრში ასახავს ინიცირებული პროექტის შესაბამის სტატუსს;

  6. მოსალოდნელი გადაწყვეტილებებია: „მიღებული", „უარყოფილი" ან „საჭიროებს განსახილველად ხელმეორედ წარდგენას".

  7. პროექტის წინასწარი შერჩევის სტადია დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარჯავი დაწესებულების გადაწყვეტილებით ის გადადის შეფასების/შერჩევის სტადიაზე.

  8. პროექტის წინასწარი შერჩევის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია საბიუჯეტო კალენდარის ნებისმიერ დროს.

  9. პროექტების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიმოცვლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უწყებათაშორის კომისიასთან შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული მატარებლების მეშვეობით.

თავი III

პროექტის საბოლოო შეფასება და შერჩევა

მუხლი 9. პროექტის საბოლოო შეფასების/შერჩევის არსი და მიზანი

  1. პროექტის შეფასების ეტაპზე ფასდება შემოთავაზებული პროექტის პოტენციური სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი და ბიუჯეტზე გავლენა, ასევე პროექტის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია შეფასდეს სოციალური და გარემოზე ზემოქმედება.

  2. პროექტის შეფასების ეტაპზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი მონაცემების და რესურსების გათვალისწინებით, დაზუსტდეს და დეტალურად განისაზღვროს:

ა) რა არის შემოთავაზებული პროექტის მიზანი;

ბ) ხომ არ არსებობს შემოთავაზებულ პროექტთან შედარებით მოცემული მიზნის მიღწევის უკეთესი გზები;

გ) ხომ არ არსებობს პროექტში გამოსაყენებელი რესურსების უკეთესი გამოყენების გზები.

  1. პროექტის შეფასების ეტაპზე ხდება საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული ყველა შედეგის იდენტიფიკაცია, მათ შორის წინასწარი შეფასების ეტაპზე მიღებული შედეგების დაზუსტება და ხარჯებისა და სარგებლის ფულადი შეფასება.

მუხლი 10. პროექტის შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომის საფეხურები

  1. პროექტის შეფასების ეტაპზე ხდება პროექტის წინასწარი შეფასების განახლება და დამატებით ანალიზი სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგმომებით;

ა) პროექტის მიზნებისა და სფეროს განსაზღვრა:

ა.ა) „პროექტის კონცეფციის ბარათის“ განახლება და დადასტურება ხდება იმავე გზით, როგორც პროექტის წინასწარი შერჩევის სტადიაზე. ეს გულისხმობს პროექტის ლოგიკური დასაბუთების, სტრატეგიული მნიშვნელობის, ძირითადი მიზნის, მთავარი ამოცანის, შედეგების/პროდუქტების და აქტივობების (შედეგების მისაღწევად/პროდუქტების შესაქმნელად საჭირო აქტივობების) აღწერას.

ა.ბ) პროექტის სტრატეგიული დასაბუთება „პროექტის კონცეფციის ბარათის“ ძირითადი კომპონენტი და წინასწარი შერჩევის გადაწყვეტილების მიღების მთავარი კრიტერიუმია. მნიშვნელოვანია დარწმუნება პროექტის ხანგრძლივ სტრატეგიულ მნიშვნელობაში იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის, სამინისტროს ან მუნიციპალიტეტის მიერ დასახული პოლიტიკური მიმართულება შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შესაბამისად, პროექტის კონცეფციის დამტკიცებულ ბარათში მოცემული სტრატეგიული დასაბუთება შესაძლოა გადაიხედოს.

ა.გ) პრობლემისა და მოქმედების აუცილებლობის დასაბუთების შემდეგ, მნიშვნელოვანია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს პროექტის ამოცანები, რათა შესაძლებელი იყოს დასახული მიზნების მიღწევის ალტერნატიული გზების გაანალიზება.

ა.დ) შეფასების პროცესში აუცილებელია განხილული იქნეს და უფრო დეტალურად ჩამოყალიბდეს პროექტის მოცულობა, რომელიც „პროექტის კონცეფციის ბარათშია“ აღწერილი. ეს ნიშნავს, რომ უნდა განისაზღვროს პროექტის პროდუქტები/შედეგები (ანუ რას მივიღებთ პროექტის დასრულების შედეგად) და მათ მისაღებად გასატარებელი აქტივობები.

ბ) შეფასების მიზნებისათვის პროექტის ალტერნატივების იდენტიფიცირება და შერჩევა:

პროექტის შეფასებისას უნდა განახლდეს პროექტის ალტერნატიული ვარიანტების შეფასება, პროექტის განხორციელების შემთხვევაში მისი ხარჯებისა და სარგებლის გაანალიზების მიზნით, პროექტის არსებობის მთელი ციკლის მანძილზე. პროექტის ინიციატორებმა უფრო დეტალურად უნდა მიმოიხილონ ის ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც წინასწარი შერჩევის სტადიაზე გამოვლინდა. აგრეთვე შესაძლებელია განხილულ იქნეს ახალი ალტერნატიული ვარიანტების დამატების შესაძლებლობა, რომლებიც წინასწარი შერჩევის სტადიაზე განხილული არ იყო. აღნიშნული ვარიანტები შეიძლება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში შემდგომი ანალიზის საგანი გახდეს.

გ) პროექტით უზრუნველყოფილ მომსახურებებზე მოთხოვნის განსაზღვრა:

გ.ა) პროექტების შეფასების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაზუსტდეს მოთხოვნის ანალიზი.

გ.ბ) პროექტის შეფასების პროცესში, ინიციატორებმა უნდა განაახლოს პროექტის შედეგად მიღებულ კონკრეტულ მომსახურებებზე მოთხოვნის პროგნოზები, გამოსახული ციფრებში, მათ შორის პროექტის პერიოდში ამ მოთხოვნის ზრდის პროგნოზი.

გ.გ) მოთხოვნის პროგნოზების დეტალიზაციის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს, პროექტის მასშტაბის მიხედვით.

დ) ეკონომიკური ანალიზის ხორციელდება წინასწარი შეფასების ეტაპზე განსაზღვრული პრინციპით, უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაშვების და მონაცემის დაზუსტებას და დაშვებების მეტ დეტალიზაციას;

ე) ეკონომიკურ ანლიზში შესაძლოა გამოყენებული იქნეს სხვა მეთოდოლოგიური მიდგმომებიც, მათ შორის აცილებლად ის კვლევები, რომელიც მოთხოვნილი იქნეა წინასაწრი შეფასების ეტაპზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და უწყებათაშორისი კომისიის მიერ;

ვ) სხვა ანალიზების, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს შეფასების/შერჩევის ეტაპზე:

ვ.ა) რისკების ანალიზი და მათი მართვის დაგეგმვა:

ვ.ა.ა) რისკების ანალიზის მასშტაბი და ტიპი უნდა იყოს პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესაბამისი. წმინდა მიმდინარე ღირებულების (NPV) გამოთვლა ეკონომიკური ანალიზის დროს ხორციელდება ისე, რომ მიღებული სარგებლის და გაწეული ხარჯების მნიშვნელობები ცნობილია. რეალობაში ეს მნიშვნელობები გაურკვეველია შეფასების გარდაუვალი ცდომილების და იმ დაშვებების გამო, რომლებიც არ მართლდება. ამგვარად, რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზი არ არის სრული, პროექტის მიღმა არსებული რისკების სისტემატური ანალიზის, მათი ალბათობის და ზემოქმედების შეფასების გარეშე.

ვ.ა.ბ) რისკი გაურკვეველი მოვლენა ან მდგომარეობაა, რომელიც რეალობად ქცევის შემთხვევაში, დადებით ან უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტზე. რისკები არსებობს, როგორც პროექტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგი (მაგ. ხარჯები, განხორციელების დრო, მოთხოვნა მომსახურებაზე და ა.შ.).

ვ.ა.გ) რისკის ანალიზი შესაძლოა დაიწყს წინასწარი შერჩევის სტადიაზე პროექტის კონცეფციის ბარათის შემუშავებისას და გავრცელდება რისკის რაოდენობრივ ანალიზზე, პროექტის საბოლოო შერჩევის/შეფასების ნაწილში. რისკის რაოდენობრივი ანალიზი, შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურობის ანალიზს და/ან კრიტიკული მნიშვნელობების გამოთვლას. მაღალი სირთულის და ინოვაციურ პროექტებთან მიმართებაში საჭიროა შედარებით უფრო მაღალი დონის რაოდენობრივი ანალიზის გამოყენება, რაც გულისხმობს კრიტიკულ პარამეტრებთან დაკავშირებული გაურკვევლობის შეფასებას (მაგალითად როგორიცაა, ხარჯის, დროის და მოთხოვნის შეფასება) და ინდივიდუალური გაურკვევლობების სავარაუდო კომბინაციას პროექტის მოსალოდნელი შედეგის მისაღებად.

ვ.ა.დ) რისკის მართვა მოიცავს ძირითად რისკებზე მენეჯმენტის რეაგირების ფორმულირებას. რეაგირების შედეგად უნდა შეიცვალოს პროექტის გეგმა ისე, რომ იდენტიფიცირებული რისკები შერბილდეს ან აღმოიფხვრას. რეაგირება გაუთვალისწინებელ გარემოებებში გულისხმობს პროექტის გეგმაში ღონისძიებების ჩართვას, რომლებიც განხორციელდება მხოლოდ ნებისმიერი იდენტიფიცირებული უარყოფითი რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში.

ვ.ა.ე) რისკები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

ვ.ა.ე.ა) სამშენებლო რისკი - დროულად დაუსრულებელი აქტივი ბიუჯეტის ან სპეციფიკაციის გამო;

ვ.ა.ე.ბ) მოთხოვნის რისკი - მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის შეუსაბამობა პროგნოზთან;

ვ.ა.ე.გ) დაგეგმვის რისკი - დაგეგმვა არ იძლევა მომსახურების საჭირო დონეზე ან ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაწევის შესაძლებლობას;

ვ.ა.ე.დ) ეკონომიკური რისკი - პროექტის ხარჯებზე ან მოგებაზე გავლენას ახდენს ეკონომიკური მოვლენები, მაგ.: ინფლაცია ან უცხოური ვალუტის კურსის ცვლილება;

ვ.ა.ე.ე) გარემოზე ზემოქმედების რისკი - გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება იწვევს საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვან პროტესტს;

ვ.ა.ე.ვ) დაფინანსების რისკი - დაფინანსების ხელმისაწვდომობას შეუძლია პროექტის გადავადება ან მისი მასშტაბის ცვლილება;

ვ.ა.ე.ზ) სამართლებრივი რისკი - კანონმდებლობის ცვლილება ზრდის ხარჯებს, მაგ.: გარემოს დაცვის სტანდარტების გამკაცრება;

ვ.ა.ე.თ) ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების რისკი - ახალი ობიექტის ოპერირების და ტექნიკური მომსახურების ხარჯები განსხვავდება დაგეგმილი ბიუჯეტისგან;

ვ.ა.ე.ი) შესყიდვებთან დაკავშირებული რისკი - კონტრაქტორების არასაკმარისი შესაძლებლობები ან სახელშეკრულებო დავები;

ვ.ა.ე.კ) ტექნოლოგიური რისკი - მომსახურების გაწევა არაოპტიმალური ტექნოლოგიით სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილების გამო.

ვ.ბ) ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის ანალიზი - უპირატესი პროექტის ვარიანტის საწყისი იდენტიფიკაცია განხორციელდება ეკონომიკური ანალიზის შედეგების საფუძველზე NPV-ის ან წმინდა მიმდინარე ხარჯის (ხარჯების ეფექტიანობისთვის) გამოყენებით. სხვა თანაბარ პირობებში ყველაზე მაღალი NPV-ის მქონე პროექტს (ყველაზე დაბალი NPC-ის მაჩვენებლით) უნდა მიენიჭოს უპირატესობა. მხოლოდ რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზი არ არის საკმარისი, რადგან ის არ მოიცავს პოტენციურად მნიშვნელოვან ხარჯებს და სარგებელს, რომელთა მონეტიზაცია შეუძლებელია და არ ითვალისწინებს პროექტის მდგრადობის მნიშვნელოვან საკითხს. შესაბამისად, უპირატესი ვარიანტის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა განხორციელდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შემდეგი ეტაპების გამოყენებით:

ვ.ბ.ა) პროექტის ფინანსური ანალიზის განხორციელება ფინანსური მომგებიანობის და მდგრადობის განსაზღვრის მიზნით:

ვ.ბ.ა.ა) განისაზღვრება დადებით გავლენას მოახდენს თუ არა პროექტი ფინანსურ ამოცანებზე და რამდენად მდგრადი იქნება ის გრძელვადიან პერიოდში. აღნიშნული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლთა მიმართებაშიც შესაძლოა გამოყენებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის მეთოდი;

ვ.ბ.ა.ბ) ფინანსური ანალიზი გამოიყენება შემოსავლიანი პროექტებისთვის, მაგალითად: სახელმწიფო სექტორის ენერგო და წყალმომარაგების კომპანიების ან სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიების ინვესტიციებისთვის. არაშემოსავლიანი პროექტებისთვის, მაგალითად: ჯანდაცვის, განათლების, მართლმსაჯულების და საგზაო სექტორებში შეუძლებელია სრულყოფილი ფინანსური ანალიზის განხორციელება და შესაძლოა არც განხორციელდეს. თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი არაშემოსავლიანი პროექტებისთვის.

ვ.ბ.ბ) განმახორციელებელი ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი მისი ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად:

ვ.ბ.ბ.ა) განისაზღვრება პროექტის საჭიროება იმ ხარჯთან მიმართებაში, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო დაფინანსების მასშტაბთან და დროსთან მიმართებაში, რომელიც საჭირო იქნება პროექტის განხორციელების შემდგომ მისი ფუნქციონირებისა და შენახვისათვის. აღნიშნული მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში როდესაც პროექტის განმახორციელებლს წარმოადგენს სახელმწიფო ან მუნიციპალური საწარმო ან განხორციელების შემდგომ მოხდება პროექტის კერძო სექტორისთვის გადაცემა. განმახორციელებელი ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი ყურადღებას ამახვილებს მის ფინანსურ სიძლიერეზე მთლიანობაში და შესაძლებლობებზე დააკმაყოფილოს პროექტის საჭიროება ფინანსური სახსრების ხარჯვის თვალსაზრისით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ირიბად ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების საჭიროების მასშტაბზე და დროზე.

ვ.ბ.ბ.ბ) ჩვეულებრივ საინვესტიციო პროექტი განხორციელდება არსებული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აწარმოებენ სხვა მიმდინარე ოპერაციებს. ასეთ შემთხვევებში, შეფასებისას მხედველობაში იქნება მიღებული ფინანსური კუთხით ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პროექტს ახორციელებენ სახელმწიფო საწარმოები). ზოგჯერ პროექტი ხორციელდება იზოლაციაში და იქმნება ახალი ორგანიზაცია (მაგ: სახელმწიფო საწარმო) მისი ფუნქციონირებისთვის, ასეთ შემთხვევებში ფინანსური ანალიზის ორი სხვადასხვა მხარე ეფექტურად ერთიანდება.

ვ.ა.გ) პროექტის ბიუჯეტის ანალიზი:

ვ.ა.გ.ა) განისაზღვრება ბიუჯეტზე ზემოქმედება ასიგნებების ზღვრულ მოცულობებთან მიმართებაში. ბიუჯეტის ანალიზი უნდა განხორციელდეს ყველა პროექტისთვის, რათა განისაზღვროს ფუნქციონირების განმავლობაში პროექტის განხორციელების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე და ფისკალური თვალსაზრისით ინვესტიციების ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ბიუჯეტის ანალიზი შესაძლებელს ხდის შეფასდეს პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, ხარჯების ზღვრული მოცულობის პროგნოზთან და ბიუჯეტის მომზადების პროცესში ხელმისაწვდომ ფისკალურ რესურსთან მიმართებაში.

ვ.ა.გ.ბ) ბიუჯეტზე ზემოქმედების ანალიზისთვის ხარჯები გამოსახული უნდა იყოს მიმდინარე ფასებით. ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს, უნდა გამოიყენონ საშუალოვადიანი პერიოდისათვის არსებული მაკრო-ფისკალური პარამეტრების პროგნოზები, ან საჭიროების და პროექტის ხანგრძლივობს გათვალისწინებით კონსულტაციები აწარმოონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

ვ.ა.გ.გ) ბიუჯეტის სრული ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანი ბიუჯეტზე ზემოქმედების შესაფასებლად მიმდინარე ღირებულების თვალსაზრისით (დადებითია თუ არა ის მთლიანობაში). აღნიშნული უფრო ფართოა ვიდრე ფინანსური ანალიზი (მაგრამ არც ისეთი ფართომასშტაბიანი, როგორც ეკონომიკური ანალიზი), რადგან ის ითვალისწინებს ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ფინანსურ ნაკადს, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ფინანსებზე და არა მარტო იმ ნაკადებს, რომლებიც გავლენას ახდენენ პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციაზე. ბიუჯეტზე ზემოქმედების სრული ანალიზი უნდა მომზადდეს მხოლოდ ძირითადი პროექტებისთვის, რომლებიც გამოირჩევა პირდაპირი შემოსავლების გენერაციის მნიშვნელოვანი პოტენციალით ან არსებითი საგადასახადო ეფექტით.

ვ.ა.დ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების და სოციალური მდგრადობის შეფასება:

  1. პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების და სოციალური მდგრადობის განსაზღვრა და ნებისმიერი რისკის იდენტიფიცირება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მდგრადობას.

  2. მდგრადობის ცნება სცილდება ფინანსურ და საბიუჯეტო მდგრადობას. პროექტის შეფასება უნდა ადასტურებდეს პროექტების მდგრადობას მთლიანობაში გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა ისინი არ ახდენდნენ არასათანადო დაუბალანსებელ ზემოქმედებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე, რასაც შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს მათი სოციალური მდგრადობა. ამგვარად, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საკმარისი მტკიცებულება პროექტის გარემოზე ზემოქმედების და სოციალური მდგრადობის შესაფასებლად და ნებისმიერი მნიშვნელოვანი რისკების გასარკვევად, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მდგრადობას.

  3. ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემოზე და სოციალური ზემოქმედებით გამოირჩევიან, რაც გამომდინარეობს მშენებლობიდან და სხვა საქმიანობიდან. პროექტის მასშტაბიდან, ტიპიდან და აღნიშნული ზემოქმედების სავარაუდო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება აუცილებელი გახდეს გარემოზე ზემოქმედების ოფიციალური შეფასება და/ან სოციალური ზემოქმედების შეფასება.

  4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მზადდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პროცედურების დაცვით.

  5. წინაწარი შეფასებების4 განხორციელება საჭირო იქნება შეფასების ადრეულ ეტაპზე და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებამდე, იმისათვის რომ შედეგების გათვალისწინება შესაძლებელი იყოს რაოდენობრივ ეკონომიკურ ანალიზში და უფრო ფართო ეკონომიკურ შეფასებაში. იდენტიფიკაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებელი და ხარჯები შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ უნდა იქნეს მონეტარული თვალსაზრისით ეკონომიკური ანალიზის ეტაპზე. აღნიშნულის განუხორციელებლობა რაოდენობრივი ან ხარისხობრივი თვალსაზრისით მაინც უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და მათი ფარდობითი მნიშვნელობა შეუდარდეს მონეტიზებულ სარგებელს და ხარჯებს, რომლებიც შეფასებულია ეკონომიკური ანალიზის ეტაპზე.

  6. ამ გზამკვლევის მიზანი არ არის ყოვლისმომცველი ინსტრუქციების მოწოდება გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების განსახორციელებლად. შესაძლებელია, რომ უწყებებმა, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ, გამოიყენონ მოწვეული ექსპერტების მომსახურება ასეთი შეფასებების განსახორციელებლად (რომლებიც მოთხოვნილია კანონით ან მითითებულია განხორციელდეს მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზემოქმედების გამო). უნდა მოხდეს კონსულტაცია შესაბამის სამინისტროსთან.

ვ) პროექტის საუკეთესო ალტერნატივის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციების მომზადება:

  1. მოიცავს პროექტის მიზანშეწონილობის განსაზღვრას რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე ხარჯებისა და სარგებლის ფარდობითი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

  2. დასკვნითი ეტაპი მოიცავს პროექტის ალტერნატივის იდენტიფიკაციას ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე და გადაწყვეტილების მიღებას საპროექტო წინადადების შემდგომი განხორციელების საჭიროების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ზემოაღნიშნულ სხვადასხვა ანალიზის შედეგების დაბალანსებულ შეფასებას.

  3. რაოდენობრივ ეკონომიკურ ანალიზთან ერთად პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ასევე უნდა ითვალისწინებდეს არამატერიალურ სარგებელს და ხარჯებს, რომელთა მონეტიზაცია შეუძლებელია. გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროექტის ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედება ხარჯ-სარგებლიანობის თვალსაზრისით ეკოსისტემებთან ან საზოგადოების ჯგუფებთან დაკავშირებით. პროექტის მდგრადობა ასევე საჭიროებს დადასტურებას, როგორც განხორციელების, ისე ფუნქციონირების პერიოდში.

  4. პროექტის მხარდამჭერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, კერძოდ უნდა განიხილონ მიიჩნევა თუ არა პროექტი უპირატესად სხვა ალტერნატივასთან შედარებით და უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ ის საერთოდ არ განხორციელდეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზის სიძლიერე.

  5. რეკომენდებულია ორსაფეხურიანი შეფასების პროცესის განხორციელება პროექტისთვის, რომლისთვისაც შესაძლებელია წმინდა მიმდინარე ღირებულების (NPV) განსაზღვრა:

ა) პოზიციის განსაზღვრა პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე;

ბ) პოზიციის კორექტირება იმის მიხედვით, თუ რამდენად უწყობს ხელს ხელმისაწვდომობის და მდგრადობის ფაქტორები პროექტის განხორციელებას და ასევე ხარჯების და სარგებლის ფარდობითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო ასახული მონეტარული თვალსაზრისით, მაგრამ ხარისხობრივად იქნა გააანალიზებული პროექტის გარემოზე ზემოქმედების და სოციალური მდგრადობის შეფასების ეტაპზე.

  1. ზემოაღნიშნული ანალიზის დასკვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის შეფასების შემაჯამებელ დასკვნაში.

  2. იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ზემოაღნიშნული ანალიზი ჩატარებულია რეკომენდაცია უნდა მომზადდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის საფუძველზე რისკის, ხელმისაწვდომობის, მდგრადობის და არამონეტიზებული შედეგების გათვალისწინებით. როცა ეკონომიკური ანალიზის და ხელმისაწვდომობის და მდგრადობის/არამატერიალური სარგებლის ანალიზის ყველა შედეგი მიუთითებს ერთ მიმართულებას, რეკომენდაციის წარმოდგენა უფრო მარტივად შეიძლება. თუ რისკის, ხელმისაწვდომობის და მდგრადობის ანალიზი და ეკონომიკური ანალიზი მიუთითებს სხვადასხვა მიმართულებას, მაშინ რეკომენდაციის წარმოდგენისას მეტი სიფრთხილეა საჭირო წარმოდგენილი დასაბუთების და სხვადასხვა ფაქტორების ფარდობითი წონების სრული განმარტებით, საბოლოო დასკვნის გამოსატანად.

  3. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს დაქვემდებარებული პროექტების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს იმის მიხედვით, თუ პროექტის რომელი ალტერნატივა იქნება სავარაუდოდ ყველაზე ეფექტიანი, ეს უკანასკნელი იძლევა პროდუქციის ერთეულის წარმოების შესაძლებლობას ყველაზე დაბალი მოსალოდნელი ხარჯით. უპირატესი ალტერნატივის განხორციელებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ინფორმირებული პოზიციის ჩამოყალიბება მისაღები სარგებლის მასშტაბიდან გამომდინარე ირიბად, ან პირდაპირ, როდესაც ფორმირებულია მოსაზრება ხარისხობრივად შეფასებული არამონეტიზებული სარგებლის ფარდობითი მნიშვნელობის შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად ნიშნავს ყველაზე ნაკლები ხარჯის მქონე პროექტის განხორციელება სახელმწიფო ფინანსების უკეთეს გამოყენებას, პროექტის საერთოდ განუხორციელებლობასთან შედარებით.

მუხლი 11. პროექტის შეფასების დამატებითი ეტაპი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში

  1. პროექტის შეფასების პროცესში, განმახორციელებლი უწყება განსაზღვრავს შესყიდვის ყველაზე მეტად მიზანშეწონილ მეთოდს, რაც მათ შორის შეიძლება მოიცავდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, თუ მას გააჩნია შესყიდვის ამ მიდგომისთვის ხელსაყრელი მახასიათებლები.

  2. თუ ეკონომიკური სუბიექტი განიხილავს შესყიდვის ვარიანტს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემთხვევაში, შეფასების ეტაპზე შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ ვარიანტის მიზანშეწონილობის გასარკვევად. ამ მიზნისათვის განმახორციელებელმა უწყებებმა რომლებიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესყიდვის ვარიანტს განიხილავენ, უნდა იხელმძღვანელონ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან მიმართებაში არსებული კანონმდებლობითა და რეგულაციებით. მათ შორის უნდა განახორციელონ ხარისხის ფასთან ფარდობის (VfM) ანალიზი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ვარიანტის მიზანშეწონილობის შესაფასებლად, შესყიდვის ტრადიციულ სახელმწიფო ვარიანტთან შედარებით.

  3. შესყიდვის შესაძლო ვარიანტების განხილვისას წინასწარი ტესტირების დროს სხვა ელემენტებთან ერთად უნდა შემოწმდეს შემდეგი:

ა) ფინანსური, სამშენებლო და ოპერაციული ხარჯების შეფასება შესყიდვების თითოეული ალტერნატიული მეთოდისთვის პროექტის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში;

ბ) პოტენციური კერძო ინვესტორების მხრიდან მომსახურების მიწოდებაზე საკმარისი ინტერესის არსებობა და ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე;

გ) პროექტთან დაკავშირებული რისკების მკაფიო განსაზღვრა, იდენტიფიკაცია, შეფასება და სათანადო ტიპის რისკის გადაცემის შესაძლებლობა კერძო პარტნიორისთვის;

დ) კერძო პარტნიორისთვის სახელშეკრულებო გადახდების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებლის გადახდილი თანხებიდან;

ე) პროექტის მასშტაბის შეფასება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებულ ოპერაციულ ხარჯებთან მიმართებაში.

  1. თუ შესყიდვების ვარიანტის წინასწარი ტესტის შედეგები მიუთითებს, რომ მიზანშეწონილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესყიდვის ვარიანტის განხორციელება, მაშინ განხილულ უნდა იქნეს ამ მოდალობის არჩევანი და პროცესი გრძელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

მუხლი 12. პროექტის შეფასების პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება

  1. წინასწარი შერჩევის დროს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პასუხისმგებელი მხარჯავი დაწესებულება იწყებს პროექტის შეფასების განხორციელებას.

  2. შეფასების ეტაპზე ხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება, წინასწარი საინჟინრო გადაწყვეტის შემუშავება და სხვა დამხმარე კვლევების განხორციელება (პროექტის შინაარსიდან გამომდინარე), როგორებიცაა, მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების და სოციალური ზემოქმედების კვლევები.

  3. პროექტის მასშტაბიდან და სირთულიდან გამომდინარე და სპეციალური ტექნიკური ცოდნის საჭიროების გათვალისწინებით, ეს სამუშაოები შეიძლება საკუთარი ძალებით ან დაქირავებული ექსპერტების დახმარებით განხორციელდეს.

  4. შეფასების დროს გამოვლენილი გარემოებები და დასკვნა განხილული უნდა იყოს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების შიგნით.

  5. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

  6. მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტი წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,

  7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამუშაო ჯგუფის მეშვეობით იხილავს, პროექტის თანდართულ შეფასების შედეგებს და პროექტის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების ანალიზს, არსებულ ფისკალურ რესურსთან მიმართებაში;

  8. იმ შემთხვევაში თუ შეფასების ეტაპზე წარმოდგენილი პროექტის ძირითადი დაშვებები და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (მათ შორის ხარჯთ-სარგებლიანობის ან/და სხვა ანალიზების) შედეგები არსებითად არ განსხვავდება და არ ცვლის წინასწარი შერჩევის ეტაპზე მიღებული შედეგებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორ მხარჯავ დაწესებულებას აძლევს თანხმობას პროექტი გადავიდეს შემდეგ ეტაპზე;

  9. იმ შემთხვევაში თუ პროექტის მთლიანი ღირებულება გაზრდილია წინასწარი შეფასების ეტაპზე არსებული პროექტის ღირებულებასთან შედარებით 20%-ზე მეტი ან/და დადებითი წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) განახლებულ შეფასებაში უარყოფით ნიშნულზე გადის ან/და შიდა უკუგების დონის (IRR) მაჩვენებელი შემცირებულია 3 პროცენტულ პუნქზე მეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია პროექტი უარყოფითი დასკვნით დაუბრუნოს ინიციატორ უწყებას ან დამატებითი განხილვისათვის წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას;

  10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ინიციატორი მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თავად წარადგინოს პროექტი უწყებათშორის კომისიაზე განსახილველად.

  11. თუ უწყებათაშორის კომისია, ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტების საფუძველზე, საბოლოო შერჩევისათვის წარდგენილ პროექტზე გასცემს დადებით დასკვნას, პროექტი გადადის განხორციელების შემდეგ ეტაპზე;

  12. თუ უწყებათაშორის კომისია, ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტების საფუძველზე, საბოლოო შერჩევისათვის წარდგენილ პროექტზე გასცემს უარყოფით დასკვნას, პროექტის განხილვა წყდება;

  13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე მიღებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ინიციატორი მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია, პროეტი წარუდგინოს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

  14. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ პროექტზე უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში პროექტზე მუშაობა წყდება, ხოლო დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროექტი გადადის განხორციელების შემდგომ ეტაპზე.

  15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების სიაში პროექტის სტატუსის განახლებას.

  16. პროექტების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიმოცვლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უწყებათაშორის კომისიასთან შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული მატარებლების მეშვეობით.


თავი IV

პროექტის ასახვა ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში

მუხლი 13. პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის არსი და მიზანი

  1. პროექტების შერჩევისა და ბიუჯეტირების ეტაპის მიზანია იმ პროექტების შერჩევა, რომლებიც დაფინანსდება კონკრეტული საშუალოვადიანი პერიოდის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროექტი აისახება საინვესტიციო პროექტების ერთიან ნუსხა (შემდგომში - ნუსხა), რომელსაც საქართველოს მთავრობა ასახავს ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში;

  3. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია საშუალოვადიან პერიოდში მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობის გათვალისწინებით, სიაში არესებული პროექტი ასახოს შესაბამისი წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო განაცხადში;

  4. იმ პროექტის დაფინანსება, რომლისთვისაც რესურსის მოძიება შესაძლებელია პროექტის საბოლოო შერჩევისთანავე (მაგ: შესაბამისი წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიით ან დამატებითი რესურსით) და ჯერ ასახული არ არის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით მოწონებულ ნუსხაში, შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთი პროექტი სიაში აისახება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულების დოკუმენტის შემდგომი განახლებისას.

მუხლი 14. პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის პროცესში გადანაწილებული როლები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღება

პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის პროცესში როლები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და საჯარო ფინანსების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობით. საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია აისახება შესაბამისი საშუალოვადიანი პერიოდის კაპიტალური ბიუჯეტის პროექტში.

თავი V

პროექტის განხორციელება და მონიტორინგი

მუხლი 15. პროექტის განხორციელების ძირითადი დებულებები

  1. საინვესტიციო პროექტები განხორციელდება საქართველოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  2. დონორების დაფინანსებული პროექტების ან საერთაშორისო ტენდერის შემთხვევაში პროექტი განხორციელდეს დონორებთან შეთანხმებული პროცედურებით.

მუხლი 16. პროექტის მონიტორინგი და ამ პროცესში გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობები

  1. საინვესტიციო პროექტების სტატუსის შესახებ უნდა განხორციელდეს პერიოდული (კვარტალური და წლიური) ანგარიშგება პროექტზე პასუხისმგებელ შესაბამის ორგანოსთან აღნიშნული შესრულების ანგარიშების მიხედვით.

  2. პროექტების შესრულების ანგარიშები უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტის დასახელება;

ბ) პროექტის დაწყების თარიღი;

გ) პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი;

დ) შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენებელი;

ე) დაფინანსების წყარო;

ვ) დაგეგმილი ბიუჯეტი და გაწეული ხარჯი;

ზ) განმარტებები პროექტის გადავადების, დაგეგმილზე მეტი ან ნაკლები ხარჯის გაწევის, დაფინანსების და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების და აღნიშნულის გათვალისწინებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

  1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ანგარიშგება წარმოებს საბიუჯეტო კოდექსით ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებისათვის განსაზღვრულ ვადებში და შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

  2. ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების შეთმხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის, ხოლო წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში;

  3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილავს ამ მუხლის პირველი - მე-4 პუნქტების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ უფლებამოსილია შემჯამებელი ანგარიში წარუდგინოს უწყებათაშორის კომისიას.

  4. პროექტების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უწყებათაშორის კომისიას წარედგინება, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ჯგუფი პროექტის შესრულების დინამიკიდან გამომდინარე, ავლენს პროექტის განხორციელების გრაფიკში მნიშვნელოვან ჩამორჩენას ან ხედავს პროექტის განხორციელებაში სხვა ტიპის მნიშვნელოვან რისკებს.

  5. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად, უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლებელია იმსჯელოს და მოამზადოს რეკომენდაცია პროექტის შეჩერების, მოდიფიცირების ან შეწყვეტის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ განხორციელების ეტაპზე წარმოქმნილი გამოწვევები (შესაძლებელია უშუალოდ პროექტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით) არსებითად ცვლის საინვესტიციო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების პროგნოზებს, განხორციელების ვადებს ან/და მისაღები შედეგის ეფექტს პროექტით განხორციელების შედეგად მოსარგებლეებზე.


თავი VI

პროექტის შესრულების შემდგომი შეფასება

მუხლი 17. შესრულების შემდგომი შეფასების არსი და ძირითადი დებულებები

  1. პროექტის შესრულების შემდგომი შეფასება - ფასდება პროექტის მიზნების მიღწევა გამოყენებული რესურსების და გარემოზე გავლენის კუთხით.

  2. პროექტის შესრულების შემდგომი შეფასების მიზნებია:

ა) გამჭვირვალობის ზრდა იმის ჩვენებით თუ რამდენად ეფექტიანად მოხდა ინვესტირება და სახელმწიფო ფინანსების გამოყენება ფინანსურ, ეკონომიკურ, გარემოს და სოციალურ მიზნებთან მიმართებაში;

ბ) ეფექტიანობის გაზომვა - ფაქტობრივი შედეგების შედარება ხდება პროგნოზებთან ან მიღწევების შედარება ხდება დასახულ მიზნებთან იმისათვის, რომ გაიზომოს პროექტის სარგებელი;

გ) წინასწარი შეფასების გასაუმჯობესებლად გარკვეული ელემენტების შემოღება მომავალში ჩარევისთვის - პროექტის შესრულების შემდგომი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარი შეფასების ეტაპზე არსებული ინფორმაციის ანალიზი, იმისათვის, რომ გაირკვეს წინასწარი პროგნოზების დამტკიცებამდე იყო თუ არა პროექტის განხორციელება ადეკვატური ინვესტიციების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს სად არის საჭირო მეტი ძალისხმევა პროექტის შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

დ) მსგავს განხორციელებულ პროექტებზე შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება შესაბამისი პროგნოზების განსაზღვრისთვის და წინასწარი შეფასების უფრო ზუსტი ანალიზის წახალისების უზრუნველყოფა პროექტის რეალური მიღწევების გასაჯაროების გზით.

  1. პროექტის შემდგომი შეფასების არსი არ არის პროექტის დაგეგმილთან შედარებით გადახრების აღმოჩენა. მთავარია გადახრების ძირითადი მიზეზების და პროექტის შემდგომი შეფასების რეალური მიზნების გათვალისწინება. პროექტის შემდგომი შეფასების ეტაპზე იდენტიფიცირებული გადახრები შესაძლებელია მიუთითებდეს იმას, რომ პროექტის სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპებზე არ გამახვილდა სათანადო ყურადღება სავარაუდო გაუთვალისწინებელ გავლენებზე (იგულისხმება გარე და ნაწილობრივ შიდა გაუთვალისწინებელი ფაქტორების გავლენა). შესაძლებელია გადახრები გამოწვეული იყოს პროექტის დიზაინთან, არასწორ ინფორმაციასთან, არაეფექტური გადაწყვეტილების მიღებასთან და სხვა ზოგად საკითხებთან.

მუხლი 18. შესრულების შემდგომი შეფასების საფეხურები

  1. პროექტის შემდგომი შეფასების სწორად წარმართვა მოიცავს ხუთ საფეხურს. ამასთან, თითოეული საფეხურისთვის მრავალმხრივი გამოწვევები არსებობს. ეს საფეხურებია:

ა) დაგეგმვის პროცესის შეფასება - მნიშვნელოვანია რომ მოხდეს პროექტების წინასწარი შეფასების და დაგეგმვის პროცესის შეფასება. რთულია იმის განსაზღვრა კონკრეტულად რომელი ანალიზი ეხმარება გადაწყვეტილების მიღებას პროექტის წინასწარი შეფასების დროს. როდესაც პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია, ასევე, წინასწარი შეფასების შედეგებთან და ზოგადად დაგეგმვის დოკუმენტებთან მიმართებაში ოფიციალური დოკუმენტაციის ნაკლებობის შემთხვევაში, რთულდება პროექტის შემდგომი შეფასების გამჭვირვალე ანალიზი.

ბ) პროექტის საბოლოო შედეგის გაზომვა - პროექტის შემდგომი შეფასების მიზნით, პროექტის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მნიშნელოვანია ძირითად ინდიკატორებზე გამახვილდეს ყურადღება და გამოყენებულ იქნეს სტანდარტული მიდგომები. რიგ შემთხვევაში ზოგიერთი პროექტის მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლებელია არ იყოს გათვალისწინებული ამოცანებში და საჭიროა მოხდეს ასეთი საკითხების გათვალისწინება პროექტის შემდგომი შეფასების დროს, თუ არის შესაძლებელი. პროექტის წინასწარ და საბოლოო შეფასებას შორის განსხვავებებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ეფექტური საშუალებაა შესაბამის ექსპერტებთან ინტერვიუ.

გ) პროექტის მოსალოდნელ შედეგსა და მიღებულ შედეგს შორის განსხვავებები - მოსალოდნელ შედეგსა და მიღებულ შედეგს შორის განსხვავების არსებობა და მით უფრო ამ განსხვავებებთან დაკავშირებით მიზეზების გარკვევა ხშირ შემთხვევაში არარეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ დაგეგმილი შედეგი უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული შედეგის იდენტური. იმ შემთხვევაშიც კი როცა განსხვავება ცოტაა არ ნიშნავს, რომ ამის მიზეზი კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროექტია, არამედ შესაძლებელია პროექტის საბოლოო შედეგს განაპირობებდეს გარე გაუთვალისწინებელი რაიმე ფაქტორი.

დ) ალტერნატივების ანალიზი - ანალიზი ეყრდნობა პროექტის შემდგომ შეფასებას, შედეგის დადგომით გამოწვეული მდგომარეობის ანალიზს შედეგის დადგომამდე არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. წინასწარ შეფასებასა და შემდგომ შეფასებას შორის განსხვავების შესწავლა მნიშვნელოვანია პროექტის სრულყოფილი ანალიზისთვის. შესაძლებელია, რომ ანალიზში არ იყოს წარმოდგენილი ზოგიერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა და პირიქით იყოს განხილული პროექტი, რაც არ განხორციელდა და მოხდეს მისი ანალიზი და შედეგების განხილვა.

ბ) შიდა და გარე ფაქტორების განსაზღვრა - მნიშვნელოვანია, მოხდეს შესწავლა რა გავლენა მოახდინა შიდა და გარე ფაქტორებმა წინასწარ და შემდგომ შეფასებებს შორის განსხვავებებზე. ხორციელდება შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული ეფექტის ანალიზი, რომელიც შესაძლებელია არ დამდგარიყო, რომ არ განხორციელებულიყო პროექტი ან ეფექტი, რომელიც დადგებოდა პროექტის განუხორციელებლობის შედეგად. ამ პროცესში პროექტის შესაფასებლად შესაძლებელია ჩართულ მხარეებთან ინტერვიუების საშუალებით მოხდეს ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების უფრო დეტალურად გარკვევა.

გ) ხარჯების შეფასება - პროექტების შემდგომი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია. ხორციელდება ხარჯების შედგენის მეთოდებისა და მოსალოდნელ და ფაქტობრივ ხარჯს შორის არსებული განსხვავებების მიზეზების შესწავლა. გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი ფაქტორები: განხორციელების დაგვიანებული ვადები, პროექტის სპეციფიკაციებისა და დიზაინის, ვალუტის კურსის, რაოდენობისა და ფასების, უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე გარემო ფაქტორების მოთხოვნების ცვლილება, გეოლოგიური და ტექნოლოგიური რისკები.

დ) პროექტის შეფასება - პროექტის წინასწარი შეფასების დროს გადაწყვეტილების მიღებისას მოსალოდნელ შედეგსა და დაკვირვების შედეგს შორის განსხვავებების ანალიზი, რაც მოიცავს პროექტის განვითარებისა და განხორციელების ანალიზს, სადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს განხორციელების პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. ამ პროცესში შესაძლებელია გამოიკვეთოს, რომ შედარებით „უკეთესი“ ამოცანები არ განხორციელდა. ასევე, გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში ხორციელდება პროექტის შეფასება, თუ ითამაშა პროექტმა პროაქტიული როლი პროექტის დანერგვის პროცესში დაფინანსების გათვალისწინებით, რაც შესაძლებელია შესწავლილ იქნეს ჩართული მხარეების, ასევე საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად.

ე) ინვესტიციების ეფექტიანობის გაზომვა - პროექტის გავლენა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებთან მიმართებაში. ამ საფეხურზე ფაქტობრივი შედეგების და ხარჯების გათვალისწინებით ხელახლა ხდება ფაქტობრივი შესრულების ეკონომიკური ინდიკატორების გამოთვლა (NPV და IRR), რომ მოხდეს მოსალოდნელ შედეგებთან შედარება.

მუხლი 19. შესრულების შემდგომი შეფასება, როლები და პასუხისმგებლობების განაწილება

  1. საინვესტიციო პროექტის დასრულების შემდგომ 1 წლის განმავლობაში მხარჯავი დაწესებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულების შემდგომი შეფასების თაობაზე.

  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და საჭიროებისამებრ გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

  3. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის ეფექტურობის შესაფასებლად შესაძლებელია, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მიერ მხარჯავ დაწესებულებას განესაზღვროს დამატებითი ვალდებულება, პროექტის ეფექტურობის შეფასების ანგარიშის წარმოსადგენად, მაგრამ არა უგვიანეს პროექტის დასრულებიდან 4 წლისა.

  4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილავს ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას და 2 წელიწადში ერთხელ ამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს;

  5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საჭიროებისამებრ უფლებამოსილია შემჯამებელი ანგარიში წარუდგინოს უწყებათაშორის კომისიას.

  6. პროექტების შესრულების შემდგომი შეფასების ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უწყებათაშორის კომისიას წარედგინება, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ჯგუფი შემაჯამებელი ანგარიშის ფარგლებში გამოევლენს ფაქტორებს, რომელებსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ქონდეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულების ხარისზე.

  7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად, უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლებელია იმსჯელოს და მოამზადოს რეკომენდაცია საინვესტიციო პროექტების მართვის პროცესში ცალკეული რეგულაციების დაზუსტების ან ამ პროცესების სისტემური განახლების თაობაზე.