„ფსიქონევროლოგიური დაწესებულებების მუშაობის ორგანიზაციული სრულყოფის შესახებ“
მიღების თარიღი 22.08.1997
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №311/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.085
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 11/09/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ფსიქონევროლოგიური დაწესებულებების მუშაობის ორგანიზაციული სრულყოფის შესახებ“
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №311/ო
1997 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
ფსიქონევროლოგიური დაწესებულებების მუშაობის ორგანიზაციული სრულყოფის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის დავალების და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის 7 მაისის №8 ბრძანების თანახმად თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერისა და თბილსის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დისპანსერულ განყოფილებაში ჩატარებულმა შემოწმებამ გამოავლინა რიგი დარღვევები, რომლებიც გამოწვეული იყო, როგორც უშუალოდ აღნიშნული დაწესებულებების მუშაობაში არსებული ხარვეზებით, ისე ობიექტური მიზეზებით, კერძოდ ცალკეული დებულებისა და ინსტრუქციის შეუსაბამობით დღევანდელ მოთხოვნებთან, ფსიქიატრიაში სადაზღვევო პრინციპების დანერგვით და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფსიქიკურ ავადმყოფთა კანონიერ წარმომადგენლებზე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ინსტრუქცია დანართი №1.
2. დამტკიცდეს ამბულატორიულ ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებაში ავადმყოფთა ვიზიტების აღრიცხვის ინსტრუქცია დანართი №2.
3. დაევალოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მთავარ ექიმებს:
3.1. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათდამი რწმუნებულ დაწესებულებებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხს.
3.2. უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში.
4. დაევალოს ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრს, (ო. ვასაძე), ფსიქიატრიის ფედერალური პროგრამის კოორდინატორს ბატონ გ. ნანეიშვილს:
- მოახდინოს ექიმის ავადმყოფთან ვიზიტის, ექთნის ავადმყოფთან ვიზიტის, ავადმყოფის ექიმთან ვიზიტის, და ავადმყოფის კანონიერი წარმომადგენლის ექიმთან ვიზიტის დიფერენცირებული განფასება.
5. დაევალოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას (თ. კალანდაძე):
- გააძლიეროს კონტროლი ფსიქიატრიის ფედერალური პროგრამის მიმდინარეობაზე.
6. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და მოქმედება გრძელდება მის შეცვლამდე ან გაუქმებამდე.
7. კონტროლი მოცემული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.
მინისტრი ა. ჯორბენაძე
დანართი №1
ფსიქიკურ ავადმყოფთა კანონიერ წარმომადგენლებზე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის
ინსტრუქცია
ფსიქიკურ ავადმყოფთა კანონიერ წარმომადგენლად ითვლება ავადმყოფთა მეურვე ან ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრებს ავადმყოფთან ერთად.
ფსიქიკურ ავადმყოფთა კანონიერ წარმომადგენლებზე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის დროს დაცული უნდა იყოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც თვით ავადმყოფზე გაცემის შემთხვევაში.
ავადმყოფის კანონიერმა წარმომადგენელმა მკურნალ ექიმს უნდა წარუდგინოს თავისი ვინაობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა და საბუთი, რომელიც ადასტურებს მის როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებებს, აღნიშნული უნდა დაფიქსირდეს ავადმყოფობის ისტორიაში.
ავადმყოფის გარეშე მის კანონიერ წარმომადგენელზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ხელზე გაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმისათვის კარგადაა ცნობილი ავადმყოფის ფსიქოფიზიკური მდგომარეობა.
ავადმყოფის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დაწვრილებით აღწეროს ავადმყოფის მდგომარეობა, რაც ფიქსირდება ავადმყოფობის ისტორიაში.
თუ ავადმყოფი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი რაიმე მიზეზით უარს განაცხადებს მედიკამენტის მიღებაზე აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა დაფიქსირდეს ავადმყოფობის ისტორიაში.
დანართი №2
ამბულატორიულ ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებებში ავადმყოფთა ვიზიტების აღრიცხვის
ინსტრუქცია
ამბულატორიულ ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებებში ავადმყოფთა ზუსტი აღრიცხვის მიზნით აუცილებელია ავადმყოფთა ან მათ კანონიერ წარმომადგენელთა და ექიმთა (ექთანთა) ავადმყოფების ბინაზე ნახვის ჟურნალის წარმოება. ჟურნალი უნდა წარმოებდეს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მიერ დამტკიცებული ფორმა №074 უ-ს შესაბამისად.
ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დალუქული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით.
აღნიშნული ჟურნალი უნდა ინახებოდეს რეგისტრაციაში ავადმყოფობის ისტორიებთან ერთად.
ნებისმიერი ავადმყოფობის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ვიზიტი უნდა დაფიქსირდეს ჟურნალში, იმის მიუხედავად სამედიცინო დახმარების ანაზღაურება ხდება ფედერალური პროგრამით, თუ შიდა სტანდარტით.
ჩანაწერი ავადმყოფობის ისტორიაში უნდა ემთხვეოდეს ჩანაწერს მოცემულ ჟურნალში.
ექიმი ან ექთანი ავადმყოფთან ვიზიტის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს აკეთებს ჩანაწერს ავადმყოფთა ბინაზე ნახვის ჟურნალში.
აუცილებელია ნებისმიერ ჟურნალში ნუმერაციისა და თარიღთა მიმდევრობის ზუსტი დაცვა.
დაწესებულების ხელმძღვანელი ან სპეციალურად ამისათვის ბრძანებით დანიშნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ყოველი დღის ბოლოს ხელს აწერს ჩანაწერების შესაბამის ჟურნალში.