აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2003 წლის 12 თებერვალის დადგენილება - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის პროცედურის დაწყების შესახებ“
მიღების თარიღი 12.02.2003
გამომცემი ორგანო აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 010330000.31.060.000000
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 10, 18/05/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2003 წლის 12 თებერვალის დადგენილება - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის პროცედურის დაწყების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სესიის
დადგენილება
2003 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის პროცედურის დაწყების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, იმოწმებს რა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დასკვნას „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებათა შესახებ“, საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებას „აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“, 2002 წლის 20 მარტის დადგენილებას „აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ“, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ლისაბონის, ბუდაპეშტისა და სტამბოლის უმაღლესი დონის სამიტების გადაწყვეტილებებს, აღნიშნავს, რომ საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე _ აფხაზეთში ათწლეულების განმავლობაში მოქმედმა სეპარატისტებმა გარეშე ძალთა მხარდაჭერითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან მოაწყვეს ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი. ბარბაროსულად დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი ჟიული შარტავა და სხვა ხელმძღვანელი პირები. მშობლიური ადგილებიდან გაძევებულია აფხაზეთის მოსახლეობის 80 პროცენტი. დამწვარი, გაძარცვული და განადგურებულია 20 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დანგრეულია სკოლები, ბაგა-ბაღები, კულტურის ცენტრები, ეკლესიები, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიული ძეგლები.
სეპარატისტების მიერ ორგანიზებული ტერორისა და აპარტეიდული რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ ასევე აფხაზეთის მკვიდრი ბერძნები, ებრაელები, რუსები, უკრაინელები, სომხები და თვით აფხაზებიც, რომელთა ერთი ნაწილი ომს შეეწირა, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი და თავი შეეფარებინა საქართველოს ქალაქებისა და რაიონებისათვის, საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის.
აფხაზეთი გადაიქცა ტერორისტების, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და სხვა ორგანიზებულ დამნაშავეთა სათარეშო განუკითხავ, უკონტროლო ტერიტორიად, რომელიც ახალ უბედურებათა გავრცელებით ემუქრება არამარტო საქართველოს, არამედ მიმდებარე რეგიონებსაც.
სეპარატისტულმა ძალებმა არაადამიანური, უსასტიკესი მეთოდების გამოყენებით, ეთნიკური წმენდისა და მასობრივ მკვლელობათა გზით აფაზეთის ტერიტორია დროებით ჩამოაშორეს საქართველოს. ადგილი ჰქონდა დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობით შეცვლას, რაც დღემდე გძელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღიარებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება მისი უმაღლესი საბჭოს სახით იყენებს უფლებას, მიმართოს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რათა დაწყებულ იქნეს მოკვლევა აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის თაობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ადგენს:
1. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, დაწყებულ იქნეს აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის თაობაზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში შესაბამისი მასალების წარდგენის პროცედურა.
2. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში წარსადგენი მასალების მოსამზადებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: ე. გვაზავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე, ე. ასტემიროვა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ა. ლაცუზბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ვ.თორდია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, პ. დავითაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, გ. წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ლ. ბოძაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ლ. კიკნაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, მ. ომანიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განყოფილების გამგე, ო. ჩარკვიანი – უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მიმართოს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მდივანს საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების აღიარების თაობაზე.
4. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ რ. გილიგაშვილს გაუწიოს სამართლებრივი და მეთოდოლოგიური დახმარება ამ დადგენილებით შექმნილ კომისიას.
5. ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალის პროცედურასთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციების გასამართავად მივლინებულ იქნეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაცია.
6. დადგენილება გადაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს, საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნანა დევდარიანს, საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ ლადო ჭანტურიას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს ბატონ მალხაზ კაკაბაძეს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქრთველოში ქალბატონ ჰეიდი ტელიავინის, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ელჩებს.
7. დადგენილება გადაიცეს ტელევიზიით, რადიოთი და გამოქვეყნდეს გაზეთებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თ. ნადარეიშვილი