შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ
2020 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
მოსამართლე – ივერი აბაშიძე
განმცხადებელი – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“
წარმომადგენელი – (გენერალური დირექტორი) ლევან ჩიკვაიძე
მოთხოვნა – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13, მე-14, მე-16, მე-19, 20-ე, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადება შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ (ს/ნ 204568208) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.
2. მ ეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით (განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები).
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება).
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2020 წლის 25 თებერვალს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №61 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) და შემდეგი დღის წესრიგით: (i) მეურვის ანგარიშის მოსმენა; (ii) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; (iii) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში და ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) განჩინების გადაცემიდან (გამოქვეყნებიდან) 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ივერი აბაშიძე .