აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 31.03.2018
ძალაში შესვლა 29.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18-03-31(AZ-GE-TK)
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016598
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – „მხარეებად წოდებულნი“),
ეფუძნებიან რა მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს,
კვლავ ადასტურებენ რა, რომ ურთიერთგაგების, დიალოგის, ნდობის, სოლიდარობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის ატმოსფერო უნდა გაძლიერდეს,
ხაზს უსვამენ რა, რომ მხარეებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე,
ხაზს უსვამენ რა, რომ მხარეებს შორის არსებობს სამაგალითო ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა მრავალ სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში,
ხაზს უსვამენ რა დასრულებული და მიმდინარე რეგიონული თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათის პროექტების მნიშვნელობას,
სურთ რა, გააფართოვონ და გააძლიერონ მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები,
პატივს სცემენ რა მხარეთა ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს,
მხედველობაში იღებენ რა „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ 1995 წლის 19 ივნისის შეთანხმებას’’ (PfP SOFA),
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებები
1. მხარეები თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ითანამშრომლებენ თავდაცვის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერების, ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლის საფუძველზე.
მუხლი 2🔗
მიზანი და ფარგლები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია მის მე-4 მუხლში განსაზღვრულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაუმჯობესება მხარეთა შორის.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს მხარეთა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საფუძვლებსა და პრინციპებს.
მუხლი 3🔗
ტერმინთა განმარტებები
1. „გამგზავნი მხარე’’ ნიშნავს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნებისთვის მიმღები მხარისათვის პერსონალის, მასალისა და აღჭურვილობის გამგზავნ მხარეს.
2. „მიმღები მხარე’’ ნიშნავს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისათვის მის ტერიტორიაზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნილი პერსონალის, მასალისა და აღჭურვილობის მიმღებ მხარეს.
3. „ვიზიტორი პერსონალი’’ ნიშნავს სამხედრო ან სამოქალაქო პერსონალს, რომელიც გაგზავნილია მხარეთა მიერ სხვა მხარეთა ქვეყნებში წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისათვის.
4. „საიდუმლო ინფორმაცია’’ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას მისი ფორმის ან სახეობის ან გადაცემის მეთოდის მიუხედავად, რომელსაც, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ადევს შესაბამისი საიდუმლოობის გრიფები და რომელიც მოითხოვს დაცვას უკანონო წვდომის, გამოყენების ან განკარგვისაგან.
5. „წარმომშობი მხარე“ ნიშნავს მხარეს ან ორგანიზაციას, რომლის უფლებამოსილების ქვეშაც იქნა შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობის სფეროები
1. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
a. გაეროს, ეუთოს პრინციპებთან, ასევე ნატოს სტანდარტებთან და სახელმძღვანელოებთან თავსებადი სამხედრო ძალებისა და თავდაცვის სისტემების შექმნა;
b. ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა მნიშვნელობანი ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით;
c. სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ტრენინგი და განათლება;
d. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;
e. სამხედო-სამოქალაქო თანამშრომლობა (CIMIC);
f. შესყიდვები და ლოგისტიკა;
g. თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობა;
h. შეიარაღების კონტროლი;
i. კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სფეროში;
j. სამხედრო კარტოგრაფია;
k. თავდაცვითი ხასიათის კვლევების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა;
l. გარემოს დაცვა, მათ შორის წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში ბუნებრივ და ანთროპოგენურ კატასტროფებზე რეაგირება;
m. ერთობლივი სწავლებების განხორციელება და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობა;
n. საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისა და მისიების სფეროში თანამშრომლობა;
o. სამხედრო ინჟინერია, განაღმვა და ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ბრძოლა;
p. კულტურული და სპორტული აქტივობები;
q. თავდაცვის სფეროში ელექტრონული ომის წარმოება.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ეხება მხოლოდ სამმხრივი თანამშრომლობის სფეროებს. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ იქონიებს მხარეთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ შეთანხმებებსა და აქტივობებზე.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის ფორმები
1. მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით:
a. მხარეთა მინისტრების, სხვა სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობის პირების შეხვედრები;
b. სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტების სამუშაო ვიზიტები და შეხვედრები, ასევე თანამშრომლობის სფეროებში გამოცდილების გაცვლა;
c. საერთო ინტერესებზე ერთობლივი დისკუსიებისა და კონსულტაციების გამართვა;
d. ერთობლივი სემინარები, ტრენინგები და კონფერენციები;
e. ეროვნული თავდაცვის ორგანიზებაში ჩართულ ერთეულებს, პირად შემადგენლობასა და სხვა ინსტიტუტებს შორის პირდაპირი საკონტაქტო მექანიზმების ჩამოყალიბება;
f. თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტებს, სამხედრო კოლეჯებს, ინსტიტუტებსა და სასწავლო ცენტრებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და პერსონალის გაცვლა;
g. სხვადასხვა სპეციალიზაციის ინსტრუქტორთა ჯგუფების გაგზავნა;
h. ტრენინგი სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში;
i. ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობა;
j. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
მუხლი 6🔗
კომპეტენტური უწყებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხარეთა კომპეტენტური უწყებებია:
აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის:
თავდაცვის სამინისტრო;
თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტრო;
საქართველოსთვის:
თავდაცვის სამინისტრო;
შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თურქეთის რესპუბლიკისთვის:
ეროვნული თავდაცვის სამინისტრო;
გენერალური შტაბი.
მუხლი 7🔗
სამუშაო ჯგუფი და თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების მიზნით მხარეთა კომპეტენტური უწყებები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტური უწყებების მიერ.
3. სამუშაო ჯგუფი:
a. შეიმუშავებს თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აქტივობების სახელწოდება, ფორმები, თარიღები და ადგილი, მონაწილეთა რიცხვი და ამ აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ასპექტები.
b. საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს ფინანსურ საკითხებს.
მუხლი 8🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულ სფეროებში თანამშრომლობის პროცესში მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ საიდუმლო ინფორმაცია.
2. მხარეები, თავიანთი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას საიდუმლო ინფორმაციის დაცვისათვის, რომელიც გაცვლილია ან შექმნილია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
3. მხარე, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას, მიანიჭებს მას თავის ეკვივალენტურ საიდუმლოობის ხარისხს. მხარეთა საიდუმლოობის ხარისხები და მათი ეკვივალენტებია:
4. მხარე, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას, წარმომშობის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოახდენს საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ან უფრო დაბალი საიდუმლოობის ხარისხის გამოყენებას.
5. მხარე, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას, არ გადასცემს მას მესამე მხარეს წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. მხარეები პასუხისმგებელნი იქნებიან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასევე განსაიდუმლოების თავიდან აცილებაზე წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შემდეგაც.
7. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია არ იქნება რომელიმე მხარის მიერ გამოყენებული სხვა მხარეთა ან მესამე მხარეთა ინტერესების წინააღმდეგ.
8. მხარეები თანამშრომლობის განხორციელებისას პატივს სცემენ საპატენტო, საავტორო და გამოგონების საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებულ უფლებებს.
9. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეიზღუდოს იმ პერსონალამდე, რომელთაც აქვთ საიდუმლოებასთნ აუცილებელი დაშვება და ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება.
10. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის მოულოდნელი გამჟღავნების შემთხვევაში, მხარე, რომელიც გამოავლენს ასეთი მდგომარეობას, დაუყოვნებლივ ატყობინებს სხვა მხარეებს.
11. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ ორმხრივი შეთანხმების დებულებები.
მუხლი 9🔗
ფინანსური დებულებები
1. თუ მხარეთა კომპეტენტური უწყებები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, გამგზავნი მხარეები დაფარავენ მათ მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს.
2. ვიზიტორი პერსონალისათვის ტრენინგის, განათლების ფარგლებში გამოყენებული საქონლისა და მომსახურების, ასევე გაწეული შესყიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების ხარჯები დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ აშშ დოლარით მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების მიერ განსაზღვრულ შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად ,აქტივობების დასრულების შემდეგ ინვოისების გაცემიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. მიმღები მხარის ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ. მიმღები მხარე გადაწყვეტს, აქტივობების განხორციელებისათვის აუცილებელი ტრანსპორტირების მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, შესაძლებლობების ფარგლებში და ნაცვალგების პრინციპზე.
მუხლი 10🔗
სამედიცინო მომსახურება
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროების ფარგლებში აქტივობების განსახორციელებლად გაგზავნილ პერსონალთან დაკავშირებით,
a. გადაუდებელ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ მიმღები მხარის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. პერსონალისთვის სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული სხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარჯები დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ.
b. ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში თავიანთ ქვეყნებში ტრანსპორტირებასთან, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება გამგზავნი მხარის მიერ.
მუხლი 11🔗
პერსონალის სტატუსი
1. მხარეები PfP SOFA-ს დებულებების შესაბამისად უარს ამბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ ყველა პრეტენზიაზე საკუთრებაში არსებული ან მოხმარებული ქონებისთვის მიყენებული ზიანისა და პერსონალისთვის მიყენებული დაზიანების ან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებთან დაკავშირებით.
2. მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას თავიანთი პერსონალის მიერ დისციპლინის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად და თავიანთ პერსონალზე განახორციელებენ იურისდიქციას PfP SOFA-ს დებულებების შესაბამისად.
3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისათვის გამგზავნი მხარის პერსონალის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მიმღები მხარის ტერიტორიაზე განხორციელდება PfP SOFA-ს დებულებების შესაბამისად.
მუხლი 12🔗
სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები გავლენას არ მოახდენს მხარეთა ვალდებულებებზე, რაც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის წევრებიც არიან მათი ქვეყნები და ასევე არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნების ინტერესების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
მუხლი 13🔗
დავების მოგვარება
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას ან განმარტებისას წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით და გადაწყვეტისთვის არ გადაეცემა რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს.
მუხლი 14🔗
ცვლილებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შევიდეს მხარეთა ერთობლივი წერილობითი თანხმობით. ასეთი ცვლილებები მომზადდება ცალკე დოკუმენტების სახით, რომლებიც იქნება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-16 მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 15🔗
დეპოზიტარი
საქართველოს მთავრობა იქნება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დეპოზიტარი. დეპოზიტარი ყველა მხარეს უზრუნველყოფს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დამოწმებული ასლით.
მუხლი 16🔗
ძალაში შესვლა
მხარეები წერილობით შეატყობინებენ დეპოზიტარს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების ყველა მხარის მიერ დასრულების შესახებ მხარეთა ინფორმირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 17🔗
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში დარჩება 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 1 წლის პერიოდებით, თუ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე რომელიმე მხარე დეპოზიტარს დიპლომატიური არხების მეშვეობით არ გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის შესახებ. მხარის განზრახვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ დეპოზიტარი აცნობებს სხვა მხარეებს.
2. შეწყვეტის დებულებები გავლენას არ მოახდენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტამდე განსაზღვრული და დაწყებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაზე.
შესრულებულია ერთ დედნად ქ. გირესუნში, 2018 წლის 31 მარტს, აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – ზაკირ ჰასანოვი – გენერალ-პოლკოვნიკი, თავდაცვის მინისტრი
საქართველოს მთავრობის
სახელით – ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
– ნურეთთინ ჯანიქლი – ეროვნული თავდაცვის მინისტრი
.