2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 480160000.10.003.021769
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №59
2020 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (შემდგომში – რომის სტატუტი) 36-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი (შემდგომში – შერჩევის წესი).
მუხლი 2🔗
შერჩევის წესის დაცვით შედგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობას წარმოედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 28 თებერვლისა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად
საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი
მუხლი 1🔗
1. 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (შემდგომში – ჰააგის სასამართლო) ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი (შემდგომში – მოსამართლეობის კანდიდატი) შეირჩევა „რომის სტატუტის“ 36-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეისთვის 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის გამოვლენის მიზნით, მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი), რომელიც ამ წესის საფუძველზე შერჩეულ არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ საუკეთესო კანდიდატს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. საქართველოს მთავრობა მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ორ კანდიდატს შესაფასებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელსაც ეთხოვება მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება რომის სტატუტის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და ერთი კანდიდატის დამტკიცება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის კანონით დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით.
მუხლი 2🔗. ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელიც სრულყოფილად ფლობს ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენას (ინგლისური ან ფრანგული) და აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ (კატეგორია A) ან „ბ“ (კატეგორია B) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს:
ა) კატეგორია A:
ა.ა) აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა სისხლის სამართალს ან საერთაშორისო სისხლის სამართალს;
ა.ბ) აქვს სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად ან სისხლის სამართალწარმოებაში სხვა მსგავსი ხასიათის საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;
ა.გ) აქვს რომის სტატუტისა და შესაბამისი პრეცედენტული სამართლის სრულყოფილი ცოდნა;
ბ) კატეგორია B:
ბ.ა) აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა საერთაშორისო საჯარო სამართალს, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს;
ბ.ბ) აქვს საერთაშორისო სასამართლოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სასამართლოებთან საერთაშორისო სისხლის სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;
ბ.გ) აქვს რომის სტატუტისა და შესაბამისი პრეცედენტული სამართლის სრულყოფილი ცოდნა, აგრეთვე სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
მუხლი 3🔗
1. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ და უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, რა მიზნითაც ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად უგზავნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
2. ვაკანსიით დაინტერესებული პირები დოკუმენტაციას წარადგენენ ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში.
3. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae), დეტალურად და მკაფიოდ ახსნას, თუ როგორ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და თავის განაცხადს დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები.
4. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს როგორც ქართულად, ასევე ამ წესის დანართში მოცემულ ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ აკმაყოფილებს კანდიდატი ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, უნდა იყოს შედგენილი ცალკე ფურცელზე, როგორც ქართულად, ასევე ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული).
5. კანდიდატი ვალდებულია, მიუთითოს, ჰააგის სასამართლოს რომელ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული) სურს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საკონკურსო პროცედურების გავლა.
6. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს მიეცემა სამდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად.
მუხლი 4🔗
1. საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას აწარმოებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საბუთებისა და ინფორმაციის შეფასების საფუძველზე.
2. საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ამ წესის მე-2 მუხლის „ა.გ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს ტესტირებას ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, რომლის დავალებასაც ადგენს (ადგენენ) და კანდიდატის ნაწერს 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს (შეაფასებენ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მიწვეული კონსულტანტი/კონსულტანტები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსულტანტს უნდა ჰქონდეს ჰააგის სასამართლოს სისტემაში ან სისხლის სამართლის ტრიბუნალებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
4. იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც ტესტირებაში არანაკლებ 6 ქულას მიიღებენ. თუ იმ კანდიდატთა რიცხვი, რომლებმაც ტესტირებაში არანაკლებ 6 ქულა მიიღეს, აღემატება ხუთს, მათგან შეირჩევა და საქართველოს მთავრობას წარედგინება ის ხუთი კანდიდატი, რომელთაც ტესტირებაში საუკეთესო ქულები მიიღეს.
5. საქართველოს მთავრობა მისთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან ორ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს მთავრობა არ მოიწონებს არც ერთ კანდიდატს, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.
6. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს წარდგენილი კანდიდატებიდან ერთი კანდიდატის დამტკიცება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით. თუ საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს მოსამართლეობის კანდიდატს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, პარლამენტს წარუდგინოს მისთვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დანარჩენი კანდიდატები. ასეთი კანდიდატების არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.
7. ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეობის კანდიდატს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით წარუდგენს ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის სამდივნოს.