„სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო წლიური ტექნიკური დათვალიერებისათვის დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.11.1997
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №616
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.127
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 25/11/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო წლიური ტექნიკური დათვალიერებისათვის დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №616
1997 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო წლიური ტექნიკური დათვალიერებისათვის დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №615 ბრძანებით დამტკიცდა „საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულება“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს წლიური ტექნიკური დათვალიერებისათვის ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას დიაგნოსტიკურ სადგურებში.
დიაგნოსტიკური სადგურების მუშაობის მოწესრიგების, მათი საქმიანობის ლიცენზირების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების დროებითი წესები და ლიცენზიის ერთიანი ფორმა (დანართი 1,2).
2. „ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის განკუთვნილი დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირება დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს.
3. დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირებისათვის საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ შექმნას სალიცენზიო კომისია, საგზაო პოლიციისა და მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემებით დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების შემადგენლობით.
4. ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია დიაგნოსტიკურ სადგურს ჰქონდეს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირების დროებითი წესი
1. დიაგნოსტიკური სადგური ეწყობა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ და აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას წლიური ტექნიკური დათვალიერებისათვის.
2. დიაგნოსტიკური სადგური შეიძლება იყოს სამი სახის:
ა) უნივერსალური: მსუბუქი ავტომობილების დიაგნოსტიკური ხაზით (ხაზებით) და სატვირთო (ავტობუსების) ავტომობილების ხაზით (ხაზებით);
ბ) მსუბუქი ავტომობილების ხაზით (ხაზებით);
გ) სატვირთო (ავტობუსების) ავტომობილების ხაზით;
3. დიაგნოსტიკური სადგურის განაცხადი ლიცენზირების შესახებ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტიკური სადგური აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
3.1. დიაგნოსტიკურ სადგურში უნდა იყოს:
ა) გადახურულ შენობაში განთავსებული დიაგნოსტიკური ხაზი (ხაზები) არანაკლებ 15 მეტრი სიგრძის სათვალთვალო ორმოთი (ორმოებით);
ბ) ოთახები მომსახურე პერსონალისათვის;
გ) ავტონომიური დენის წყარო;
გ) კომპიუტერი;
დ) მიმდებარე ტერიტორია არანაკლებ (400 მ2 -ისა).
2. დიაგნოსტიკური სადგური აღჭურვილი უნდა იყოს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის საჭირო საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით:
ა) სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობის შესამოწმებელი სტენდით;
ბ) სათაო განათების შუქის მიმართულებისა და ძალის შესამოწმებელი დანადგარით;
გ) საჭის მართვის სისტემის ჯამური ფოლხვის შესამოწმებელი ხელსაწყოთი;
დ) სალტეების პროტექტორის ნახატის ნარჩენი სიმაღლის გასაზომი ხელსაწყოთი;
ე) სალტეებში წნევის გასაზომი მანომეტრით.
ვ) გამონაბოლქვი აირებისა და ხმაურის შესამოწმებელი ხელსაწყოები.
3.3. დიაგნოსტიკური სადგური დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით.
3.4. დიაგნოსტიკურ სადგურს მიღებული უნდა ჰქონდეს სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ გაცემული და სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატი.
4. ლიცენზიას გასცემს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი _ თავმჯდომარე;
ბ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კურატორი ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით _ თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი _ კომისიის წევრი;
დ) დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის წარმომადგენელი _ კომისიის წევრი;
ე) ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი _ კომისიის წევრი;
ვ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი _ კომისიის წევრი;
ზ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტ-კოორდინატორი _ კომისიის წევრი;
თ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ კომისიის მდივანი.
5. ლიცენზიის მისაღებად საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში კომისიაზე განსახილველად წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
დ) საკონტროლო საზომი ხელსაწყოების ტექნიკური პასპორტები, აგრეთვე ცნობა მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) დიგნოსტიკური სადგურის პასუხისმგებელ მუშაკთა კვალიფიკაციის მონაცემები (განათლების მოწმობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი და ა.შ.);
ვ) საწარმოს პერსპექტიული განვითარების გეგმა.
6. დიაგნოსტიკური სადგურების ლიცენზირებისას მხედველობაში მიიღება დიაგნოსტიკური ხაზების გამტარობის უნარი სახეობათა მიხედვით და ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა.
7. ლიცენზია გაიცემა 5 წლის ვადით.
8. ლიცენზიის ვადაზე ადრე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შსს - საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო:
ა) თუ დიაგნოსტიკური სადგური სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვერ მიიღებს სერტიფიკატს ახალი ვადით;
ბ) თუ ტექდათვალიერებაზე გავლილმა ავტომანქანამ მისი ტექნიკური გაუმართაობის გამო მოახდინა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს უწესრიგობა უნდა აღმოფხვრილიყო დიაგნოსტიკური სადგურის მიერ მისი ვარგისიანობის შესახებ ცნობის გაცემამდე, დადგება ამ ცნობის გამცემი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) თუ დიაგნოსტიკური სადგური არ (ვერ) ასრულებს „საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულებითა“ და ლიცენზირების დროებითი წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
დ) ლიცენზიანტის განცხადების საფუძველზე.
საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს
უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნ. ივანიშვილი
„ვეთანხმები“
შსს ადმინისტრაციული პოლიციის
დეპარტამენტის თავმჯდომარე,
პოლიციის გენერალ-მაიორი ლ. კენჭაძე