სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 05.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.021782
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2020 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა №1 დანართით გათვალისწინებული რედაქციით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა №2 დანართით გათვალისწინებული რედაქციით.
3. სახელმწიფო დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები №3 დანართით გათვალისწინებული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა
ნუსხა
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტი;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები;
ვ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები;
ზ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;
თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
კ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
მ) საქართველოს გენერალური პროკურორი;
ნ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
რ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ს) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ 1 წლის ვადით, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი;
უ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური.
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან/და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ ნუსხის პირველი პუნქტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, მათი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
დ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;
ე) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ პირებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ვ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირს და მისი ოჯახის წევრებს, აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შენიშვნა:
ამ დადგენილების მიზნებისათვის ოჯახის წევრთა წრე მოიცავს: მეუღლეს, მშობელს, არასრულწლოვან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს (შვილებს), აგრეთვე სრულწლოვან შვილს, სხვა ახლო ნათესავს ან დასაცავ პირთან მცხოვრებ სხვა პირს, რომლებსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში პერსონალური დაცვა შეიძლება გამოეყოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
დანართი №2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა
ნუსხა
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტებია:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
გ) საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;
ვ) საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია;
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;
ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა;
კ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები;
ლ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში და ამავე სამსახურის ოფისი ქ. ქუთაისში;
ნ) საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფისები ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში;
პ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში;
ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;
რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
ს) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;
ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
უ) ქ. თბილისში მ. აბდუშელიშვილის ქ. №1-ში მდებარე ობიექტი;
ფ) ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები;
ქ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა, ასევე მისი დროებითი ადგილსამყოფელი, საჭიროების შემთხვევაში;
ღ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა, ასევე მისი დროებითი ადგილსამყოფელი, საჭიროების შემთხვევაში;
ყ) საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა, ასევე მისი დროებითი ადგილსამყოფელი, საჭიროების შემთხვევაში;
შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინები/სახლები მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ 1 წლის ვადით, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი;
ჩ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ც) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ძ) საქართველოს მთავრობის წევრის ან/და სამსახურის სხვა დასაცავი პირის საცხოვრებელი ბინა - საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;
წ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ჭ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ხ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ჯ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა.
შენიშვნა:
ამ ნუსხის „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ობიექტის დაცვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2. სხვა ობიექტი, მისი მნიშვნელობიდან ან/და დასაცავი პირის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, დაექვემდებაროს სახელმწიფო დაცვას, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
დანართი №3
სახელმწიფო დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის
განხორციელების პირობები
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ (დანართი №1) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხით“ განსაზღვრულ შესაბამის ობიექტებს, სახელმწიფო დაცვა ენიშნებათ შესაბამისად თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის და საქართველოში ვიზიტის დაწყების დღიდან.
2. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შესაბამის თანამდებობაზე პირის არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. სათანადო უწყებებიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ასევე ეგზავნება შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისა და მაღალი რანგის სტუმრის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.
3. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პირებს სახელმწიფო დაცვა ენიშნება(თ) მისი/მათი სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან.
4. პირადი დაცვის ან/და ობიექტის დაცვის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობა დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით. საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ეგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში მოკვლეული და შესაბამისი უწყებებიდან/ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლის დაცვის გამოყოფისათვის სათანადო წინაპირობების არსებობას, აგრეთვე დაცვის გამოყოფის შესაძლობლობას ძალებისა და საშუალებების არსებული რესურსის გათვალისწინებით.
5. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ არსებობს შესაბამისი წინაპირობები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს პირის/ობიექტის სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის შესახებ.
6. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის გამოყოფისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ესაჭიროება დამატებითი ფინანსური ან/და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, სამსახურის უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო რესურსების გამოყოფის შემდეგ, სამსახური წარადგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ამ დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
7. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მიიღოს უსაფრთხოების ზომები კონკრეტული პირის/ობიექტის დასაცავად, რის შესახებაც სამსახურის უფროსი მოახსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, დაცვის შემდგომი განხორციელების/გაგრძელების საკითხი რეგულირდება ამ დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
8. დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განსაზღვრავს სპეციალურ დაცვით და კომპლექსურ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაცვის ღონისძიებათა გეგმებს და სპეციალურ ინსტრუქციებს, ადგენს დაცვის განხორციელების რეჟიმს, რასთან დაკავშირებითაც უზრუნველყოფს საჭირო კომუნიკაციას დასაცავ პირებთან, დაცვის ობიექტებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დასაცავი პირების მიერ მოსანახულებელი ობიექტების ხელმძღვანელ პირებთან.
9. დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება, შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.
10. პირადი დაცვის ან/და ობიექტის დაცვის (დაცვის განაწესის) მოხსნის შემთხვევაში, შესაძლებელია, შენარჩუნდეს უსაფრთხოების ცალკეული პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
11. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
12. ამ დადგენილების პირობების შესაბამისად, დაცვით სარგებლობის პერიოდში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აღნიშნული პირების ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში დაცვა შეიძლება, შეუნარჩუნდეს 1 თვემდე ვადით, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადით დაცვის განხორციელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის განკარგულებით. ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება დასაცავი პირის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაზე.
13. სხვა დასაცავი პირების საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში დაცვის თანხლება არაუმეტეს ერთი თვის ვადით შეიძლება განხორციელდეს მათი მოთხოვნისა და მათ მიმართ შესაძლო საფრთხის შემცველი ვითარების გათვალისწინებით, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში, როდესაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე მიემგზავრებიან სამსახურებრივ-საშტატო ან/და საბრძოლო იარაღით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური საშუალებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წერილობით შეტყობინებას აგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში, აგრეთვე მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების შეტანის, გადაადგილებისა და გამოტანის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისათვის.
15. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ან მათ მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, კანონმდებლობისა და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, მიიღონ დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოებისათვის საჭირო დამატებითი ან/და დაცვის ღონისძიებათა გეგმისგან განსხვავებული ზომები, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და ობიექტურად არსებული გარემოებები იწვევს მისი დაუყოვნებელი განხორციელების აუცილებლობას.