1. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასაში მოექცეოდა, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
2. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 207. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეუტანლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.
3. 2071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მმართველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.