„ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 300.012.003.162
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 29/12/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
„ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №170
1997 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., №1-2/33-34/7/) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით ვბრძანებ:
I. დამტკიცდეს თანდართული დებულება “ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ”.
II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
III. ეს ბრძანება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს.
მინისტრი ნ. ჩხობაძე
დებულება
ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
ეს დებულება გამოცემულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
მუხლი 2🔗
კანონმდებლობის სისტემა შედგება “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისაგან, ამ დებულებისაგან და ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სხვა კანონქვემდებარე აქტებისაგან. 03.05.47
მუხლი 3🔗
ეს დებულება განსაზღვრავს გარემოში დამაბინძურებელ (მავნე) ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების შემუშავებისა და დამტკიცების წესს.
მუხლი 4🔗
გარემოში დამაბინძურებელ (მავნე) ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის მიზანია გარემოში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ეტაპობრივი შემცირება და განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მათი ზღვრულად დასაშვები ნორმების ფარგლებში მოქცევა.
მუხლი 5🔗
ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა, შეიძლება დადგინდეს გარემოში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები გარკვეული მოთხოვნებითა და ვადით.
მუხლი 6🔗
გარემოში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელიწადს.
მუხლი 7🔗
ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის დროებით ნორმებს შეიმუშავებენ დაბინძურების წყაროთა მფლობელი იურიდიული და ფიზიკური პირები (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) ან მათი დაკვეთით სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი ორგანიზაციები.
მუხლი 8🔗
ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის დროებით ნორმებთან ერთად სავალდებულოა გაფრქვევათა შემცირების ღონისძიებათა გეგმის შემუშავება, სადაც მითითებული უნდა იყოს ღონისძიებათა შესრულების ეტაპები, ხანგრძლივობა და დაფინანსების წყაროები.
მუხლი 9🔗
ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის დროებითი ნორმების დადგენის აუცილებლობას განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 10🔗
ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის დროებით ნორმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 11🔗
„ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის დროებითი ნორმატივების დადგენის მეთოდიკას“ შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 12🔗
წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗
ეს დებულება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ მისი ტექსტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მუხლი 14🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.