„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის მართვის სრულყოფის შესახებ“
მიღების თარიღი 15.01.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №20/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.164
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 20/01/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის მართვის სრულყოფის შესახებ“
ამონაწერი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
№20/ო ბ რ ძ ა ნ ე ბ ი დ ა ნ
1998 წლის 15 იანვარი
თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის მართვის სრულყოფის შესახებ
ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სისტემის სრულყოფა და მისადაგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობასთან.
აღნიშნულის ოპტიმალური გადაწყვეტის, საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" მოთხოვნების უცილობელი გათვალისწინებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" შესრულების უზრუნველყოფის მიზნით
ვბრძანებ:
1. ქვეყნის სამხარეო ცენტრებში განლაგებულ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო და რაიონული ინსპექციებს მიენიჭოთ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამხარეო ინსპექციის სტატუსი, ხოლო ამ ინსპექციების უფროსებს – მხარის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის სტატუსი, რომელიც იმავდროულად არის ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამხარეო ინსპექციებს დაემატოს ინსპექციის უფროსის მოადგილის მხარის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილის თანამდებობები, ერთი საშტატო ერთეულის გადაკეთების ხარჯზე.
3. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების უფროსები – მხარის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან მხარეში შეთანხმებით.
4. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ა/რ, სამხარეო, საქალაქო და რაიონული ინსპექციების უფროსები მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები ექვემდებარებიან მხოლოდ ზემდგომ მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს ტერიტორიული პრინციპით.
5. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამხარეო ინსპექციის უფროსი – მხარის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ჯანდაცვითი პროგრამების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მხარეში, ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო დეპარტამენტისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინაშე.
6. აჭარის და აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსები –მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები ანგარიშვალდებულნი არიან აჭარის და აფხაზეთის ა.რ – მინისტრთა საბჭოებისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინაშე.
7. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო და რაიონული ინსპექციების უფროსები – მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები ანგარიშვალდებულნი არიან მხარის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის წინაშე.
8. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების და მათ დაქვემდებარებაში მყოფ ა/რ, სამხარეო, საქალაქო და რაიონულ დაწესებულებათა ურთიერთმოქმედება განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ 1997 წლის 8 დეკემბერს დამტკიცებული დებულებით.
9. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ნ. შავდია) ორი კვირის ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ტიპიური დებულება.
10. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
მინისტრი ა. ჯორბენაძე