„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №26
2010 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №20, მუხლი 244) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მელიორაციის სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი; რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ, სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რეგიონალური სამმართველოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; აგრარული სექტორის განვითარების მიზნით შესაბამისი სახსრების მოზიდვა;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას. დეპარტამენტი ახორციელებს, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავებას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობას, სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებას;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება;
ე) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია, იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;
ვ) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პრევენცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობა, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების ანალიზი და მონიტორინგი;“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური