ი/მ იუსუბ იუსუბოვის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/28222-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2019 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) იუსუბ იუსუბოვი, ს/ნ 28001019714
წარმომადგენელი: ზვიად გადელია
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2019 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა ი/მ იუსუბ იუსუბოვის წარმომადგენელმა და თავისი მარწმუნებლის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
განცხადების თანახმად, იუსუბ იუსუბოვი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია და ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – იუსუბ იუსუბოვი ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს, რის გამოც ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები, მათ შორის, ვეღარ იხდის ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების დავალიანებებს. ამ გარემოებებზე მითითებით, ი/მ იუსუბ იუსუბოვი მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ი/მ იუსუბ იუსუბოვს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და სს ,,თიბისი ბანკიდან“ სასამართლოსთვის მომართვის დროისთვის მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის თაობაზე ინფორმაციისა და საჯარო რეესტრიდან განახლებული ცნობების ან/და ამონაწერების წარმოდგენა დაევალა. განმცხადებელს დამატებით განემარტა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც, თუ მოვალე ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
2019 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა განმცხადებელმა და ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,დ“ პუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განცხადებას დაურთო განახლებული ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა მოვალის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობის შესახებ და მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ განმცხადებელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისთვის, გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას (ტომი IV, ს.ფ. 200-208, 220-221, 215).
სასამართლო გაეცნო გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებას და წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნებს და არსებობს ი/მ იუსუბ იუსუბოვის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-15–მე-17, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ იუსუბ იუსუბოვის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. ი/მ იუსუბ იუსუბოვის მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს ი/მ იუსუბ იუსუბოვის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება. იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს კრედიტორებს, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში, კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია, პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 27 მარტს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 52-ე სხდომათა დარბაზში (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა;
ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში.
10. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხება განჩინება, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე