„საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირების შესახებ დებულება“
მიღების თარიღი 25.03.1998
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.220
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/03/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.1998 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირების შესახებ დებულება“
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №11
1998 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირების შესახებ დებულება
საქართვლოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირების“ თანდართული დებულება.
2. დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ადეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის
ლიცენზირების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი“ – საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელიც არის მეწარმე სუბიექტი, ფლობს საჰაერო ხომალდს და მიღებული აქვს ექსპლუატანტის მოწმობა (სერტიფიკატი).
2. „ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო“ – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი.
3. „რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ – მრავალჯერადი კომერციული გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გამოცხადებული განრიგის შესაბამისად, დატვირთვის მიუხედავად და რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს.
4. „არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ – ერთჯერადი კომერციული საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვა, რომელიც სრულდება ჩარტერის საფუძველზე, განრიგის გარეშე და ყოველი რეისი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფოს ნებართვას.
ამ სახის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება შესრულდეს აგრეთვე რეგულარულად, მაგრამ წელიწადის გარკვეული დროის მონაკვეთში (სეზონურად).
5. „ლიცენზიის მაძიებელი“ – საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელმაც გამოხატა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის მიღების ნებასურვილი.
6. „ლიცენზიის მფლობელი“ – საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტი, რომელმაც დადგენილი წესით მიიღო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია.
7. „საჰაერო რეისის სახეობა“ – სამგზავრო, სატვირთო და/ან შერეული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.
8. „საჰაერო რეისის კატეგორია“ – რეგულარული და/ან არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.
9. „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სტატუსი“ – საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის, სამართლებრივი მდგომარეობა, განსაზღვრული ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ.
10. „პირველი კლასის საჰაერო ხომალდი“ – სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა აღემატება 75 (სამოცდათხუთმეტ) ტონას.
11. „მეორე კლასის საჰაერო ხომალდი“ – სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა შეადგენს 30-დან -75-მდე (ოცდაათიდან–სამოცდათხუთმეტამდე) ტონას.
12. „მესამე კლასის საჰაერო ხომალდი“ -სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა შეადგენს 10-დან –30–მდე (ათიდან – ოცდაათამდე) ტონას.
13. „მეოთხე კლასის საჰაერო ხომალდი“ – სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა არ აღემატება 10 (ათი) ტონას.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრთა გადაყვანისა და ტვრთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის (შემდგომ – საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა) ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოსა და მის კომპეტენციას, ადგენს ლიცენზირების წესსა და პირობებს, ლიცენზიას შეჩერების, გაუქმებისა და ჩამორთმევის საფუძვლებს.
2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირების მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის, ფოსტის) გადაზიდვის სახელმწიფოებრივი რეგულირება და ამ საქმიანობაზე კონტროლი.
მუხლი 3🔗. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია
1. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) არის მკაცრი აღრიცხვის საბუთი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას დადგენილი დროის განმავლობაში, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს მგზავრთა საჰაერო გადაყვანა და ტვირთის (ბარგის, ფოსტის) გადაზიდვა.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლება მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის (ბარგისა და ფოსტის) გადაზიდვაზე წარმოიშობა ლიცენზიაში დადგენილი დღიდან.
3. ლიცენზია ფორმდება სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდზე, აქვს სააღრიცხვო სერია და სარეგისტრაციო ნომერი და ყალბად დამზადებისაგან დაცვის სათანადო ნიშნები.
4. ლიცენზია ადასტურებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის კვალიფიკაციისა და მომსახურების გაწევის ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 4🔗. ლიცენზიის მაძიებელი
ლიცენზია გაიცემა საქართველოს ავიაკომპანიაზე, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს ექსპლუატანტის მოწმობა (სერტიფიკატი).
მუხლი 5🔗. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:
ა) გასცეს ლიცენზია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე ან უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოაცხადოს კომერციული ან საინვესტიციო კონკურსი სალიცენზიო ხაზით სარგებლობის უფლების მისანიჭებლად;
გ) აწარმოოს სალიცენზიო რეესტრი;
დ) განახორციელოს კონტროლი ლიცენზიაში მითითებული პირობების დაცვაზე;
ე) შეაჩეროს, განაახლოს, გააუქმოს ან ჩამოართვას ლიცენზია.
2. ლიცენზიის გამცემ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა ლიცენზირებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II
ლიცენზიის გაცემის წესი
მუხლი 6🔗. ლიცენზიის მისაღებად საჭირო საბუთები
1. ლიცენზიის მაძიებელი ნებართვის მისაღებად მიმართავს ლიცენზიის გამცემ ორგანოს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს:
ა) ავიაკომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის სახელი და გვარი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა;
გ) საჰაერო რეისის სახეობა და კატეგორია;
დ) საჰაერო რეისის შესრულების თარიღი (პერიოდულობა);
ე) გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ტიპი;
ვ) საჰაერო მარშრუტი და ამ მარშრუტის შესაბამისად აფრენა-დაფრენისათვის გამოსაყენებელი აეროპორტები;
ზ) მგზავრის ან ტვირთმფლობელისათვის გასაწევი მომსახურების (სერვისის) მოკლე აღწერა;
თ) გამოსაყენებელი ნიხრი.
2. სალიცენზიო განცხადების შემოტანის დღედ ჩაითვლება ლიცენზიის გამცემ ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღე.
3. სალიცენზიო განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:
ა) სამეწარმეო რეესტრში ავიაკომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი და მისი წესდება;
ბ) ექსპლუატანტის მოწმობა (სერტიფიკატი);
გ) საჰაერო ხომალდების გამოყენების განრიგი;
დ) ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი (პოლისი);
ე) დაგეგმილი საჰაერო რეისის ათვისების სამეურნეო გეგმა;
ვ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ცნობა მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;
თ) ცნობა საფრენოსნო შემადგენლობის არსებობის შესახებ;
ი) საბანკო გარანტია;
კ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
4. ლიცენზიის მაძიებელი წარდგენილი საბუთების უტყუარობაზე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა
ლიცენზიის გამცემი ორგანო ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი საბუთები საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის ლიცენზირების მოთხოვნებს.
თანაბარ პირობებში ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლება ენიჭება იმ ლიცენზიის მაძიებელს, რომელსაც:
ა) საკუთრებაში აქვს საჰაერო ხომალდი;
ბ) აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა;
გ) გააჩნია მგზავრთა და ტვირთმფლობელთა მომსახურების უკეთესი შესაძლებლობა.
2. საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს უფლება აქვს ჩაატაროს წარმოდგენილი საბუთების შესაბამისი ექსპერტიზა, მათ შორის მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.
3. სალიცენზიო განცხადებისა და მასზე თანდართული საბუთების განხილვისას ლიცენზიის გამცემმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს საავიაციო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტიმულირების აუცილებლობა, მაძიებლის მიერ ადრე მიღებული ლიცენზიების მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა, საავიაციო ბაზრის კონიუნქტურა, მოცემული საჰაერო ხაზის დატვირთვის მდგომარეობა და სხვა მაჩვენებლები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ფრენის უსაფრთხოებასა და უშიშროების უზრუნველყოფაზე, აგრეთვე მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე.
4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის, ან მასზე უარის თქმის შესახებ გამოიტანოს სალიცენზიო განცხადების წარმოდგენიდან:
ა) 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში – რეგულარულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე;
ბ) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში – არარეგულარულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადები შეიძლება გაიზარდოს 10 (ათი) სამუშაო დღით, თუ:
ა) ერთი და იგივე საჰაერო ხაზის ექსპლუატაციაზე სალიცენზიო განცხადებები შემოტანილი აქვთ რამოდენიმე მაძიებელს;
ბ) გადაწყვეტილების გამოსატანად საჭიროა მაძიებლის სტატუსის განსაზღვრა ან არსებული სტატუსის დადასტურება;
გ) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარება.
6. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 8🔗. საბანკო გარანტია
1. თავისი ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს საბანკო დაწესებულების საგარანტიო წერილი (საბანკო გარანტია).
2. საბანკო გარანტიის ძალით საბანკო დაწესებულება კისრულობს წერილობით ვალდებულებებს, რომ ლიცენზიის მაძიებლის ვალდებულებების შესასრულებლად გადაუხდის მის კრედიტორებს თანხას, რომელიც მოიცავს დაგეგმილი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესასრულებლად მაძიებლის მიერ გასაწევ ხარჯს, ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად.
3. საგარანტიო თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს:
ა) ერთი თვის გამავლობაში რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების შესასრულებლად დაგეგმილ თითოეულ რეისზე – პირველი კლასის საჰაერო ხომალდით – 20000 (ოცი ათასი) ლარს, მეორე კლასის საჰაერო ხომალდით – 10000 (ათი ათასი) ლარს, მესამე ან მეოთხე კლასის საჰაერო ხომალდით – 3000 (სამი ათასი) ლარს;
ბ) არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების შესასრულებლად დაგეგმილ თითოეულ რეისზე – პირველი კლასის საჰაერო ხომალდით – 28000 (ოცდარვა ათასი) ლარს, მეორე კლასის საჰაერო ხომალდით – 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარს, მესამე ან მეოთხე კლასის საჰაერო ხომალდით – 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
მუხლი 9🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
ლიცენზიის გაცემაზე მაძიებელს უარი ეთქმება, თუ:
ა) წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი საბუთების განხილვისას დადგინდება, რომ მაძიებელი არ აკმაყოფილებს საქართველოს საჰაერო კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
2. გადაწყვეტილებაში ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 10🔗. სალიცენზიო რეესტრი
1. ლიცენზიის რეგისტრაცია წარმოებს სალიცენზიო რეესტრში.
2. სალიცენზიო რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები.
ა) ლიცენზიის მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) საფირმო სახელწოდება;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის გვარი და სახელი;
ე) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა;
ზ) ლიცენზიის გაცემის თარიღი;
თ) ლიცენზიის ნომერი;
ი) ლიცენზიის შეჩერებასთან, განახლებასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს.
მუხლი 11🔗. ლიცენზიის მოქმედების ვადა
ლიცენზიის მოქმედების ვადა შეადგენს:
ა) რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა – 5 (ხუთი) წლამდე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით;
ბ) არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა – 1 (ერთი) თვემდე.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ახალი ლიცენზია გაიცემა იმავე წესით, რაც დადგენილია ამ დებულებით.
მუხლი 12🔗. ლიცენზიის დაკარგვა ან გაფუჭება
ლიცენზიის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ორგანო გასცემს ლიცენზიის დუბლიკატს შესაბამისი აღნიშვნით, ხოლო დედანი უქმდება.
მუხლი 13🔗. სალიცენზიო მოსაკრებელი
1. ლიცენზიის გაცემის შესახებ განცხადების შეტანის, სალიცენზიო რეესტრის მონაცემების ცვლილების, აგრეთვე ლიცენზიის დუბლიკატის აღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ გადახდილი უნდა იქნას სალიცენზიო მოსაკრებელი.
2. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი მაძიებელს უკან არ უბრუნდება.
3. სალიცენზიო მოსაკრებელი მიიმართება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
ლიცენზიის მფლობელის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 14🔗. ლიცენზიის მფლობელის უფლებები
ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს;
ა) შეასრულოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ლიცენზიით განსაზღვრულ საჰაერო ხაზზე;
ბ) მოითხოვოს ავიაკომპანიის საქმიანობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა;
გ) მოითხოვოს არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების შეზღუდვა, თუ ამავე ხაზზე იგი ასრულებს რეგულარულ გადაყვანა-გადაზიდვას;
დ) ისარგებლონ იმავე ხაზზე რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ახალი ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლებით, თუ კეთილსინდისიერად შეასრულა ამ ლიცენზიის პირობები.
მუხლი 15🔗. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) დაიცვან მიღებული ლიცენზიის პირობები;
ბ) შეასრულოს საქართველოს საჰაერო კოდექსის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
გ) არ დაუშვან ლიცენზიით მინიჭებული უფლებების სხვა პირისადმი დათმობა (ლიცენზიის გადაცემა);
დ) რეგულარული საჰაერო გადაყვანა გადაზიდვის დაწყებამდე წარუდგინოს დასამტკიცებლად ლიცენზიის გამცემ ორგანოს ფრენის განრიგის პროექტი, შეთანხმებული შესაბამის საავიაციო საწარმოებთან.
თავი IV
ლიცენზიის შეჩერების, გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
მუხლი 16🔗. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება. ლიცენზიის განახლება
1. ლიცენზიის გამცემ ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებით არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედების ვადა იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ გამოირკვევა, რომ ლიცენზიის მფლობელი სრულად არ აკმაყოფილებს ლიცენზიის პირობებს.
2. გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების შესახებ უნდა ეცნობოს ლიცენზიის მფლობელს გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მოხდა იმ გარემოებათა გამოსწორება, რომელთაც გამოიწვიეს ლიცენზიის შეჩერება, ლიცენზია განახლდება ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 17🔗. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის მფლობელის განცხადებით ლიცენზია შეიძლება გაუქმებული იქნეს ვადამდე, ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 18🔗. ლიცენზიის ჩამორთმევა
ლიცენზია ჩამოერთმევა მისი მოქმედების ვადის გასვლისას ან იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი:
ა) არღვევს ამ დებულების მე-15 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) ლიცენზიის ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში არ დაიწყებს რეგულარულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას.
გ) დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვადაში არ მოახდენს იმ გარემოებათა გამოსწორებას, რომელთაც გამოიწვიეს ლიცენზიის შეჩერება;
დ) თავისი საქმიანობით არღვევს სხვა პირთა უფლებებს, თავისუფლებებს, კანონიერი ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ე) ლიკვიდირებული იქნა.
2. გადაწყვეტილება ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ მისი გამოტანიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ეცნობება ლიცენზიის მფლობელს, ხოლო სალიცენზიო რეესტრში შეიტანება შესაბამის ცვლილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს ახალი ლიცენზიის აღება შეუძლია მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ ლიცენზიის გაუქმებიდან.
მუხლი 19🔗. დავები
ლიცენზირებასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი, რომელზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, წყდება სასამართლოს მიერ.