⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2022)
გაუქმებულია:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.03.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.221
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 26/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 857 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.1998 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძანება №120 1998 წლის  26 მარტი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ 1. დამტკიცდეს „დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახურის შესახებ“. (თან ერთვის). 2. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                          კახა თარგამაძე დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახურის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტთა სამსახური (შემდგომში „სამსახური“), არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მოთხოვნათა შესაბამისად ატარებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუმენტურ რევიზიებსა და თემატურ შემოწმებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად არსებული უმაღლესი ეკონომიკური კატეგორიის სპეციალისტების, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მეშვეობით. 3. სამსახური თავისი საქმიანობის წარმართვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებით, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით. II. სამსახურის ფუნქციები 5. სამსახური შესაბამისი სამსახურების მოთხოვნებისა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დავალებით ახდენს დოკუმენტური რევიზიების ჩატარებასა და ცალკეული საკითხების შესწავლა-შემოწმებას როგორც სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მუშაკებთან ერთობლივად, ასევე სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებლად წინასწარ ერთობლივად შემუშავებული დავალებისა და კითხვარის შესაბამისად. 6. დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმებების ჩატარების შედეგად სპეციალისტი ადგენს რევიზიის აქტს (ან ცნობას) შესაბამისი დანართებით, რასაც შემმოწმებლისა და სარევიზიო ობიექტის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერის შემდეგ ამტკიცებს სამსახურის უფროსი. რევიზიის აქტის (ცნობის) პირველი და მეორე პირი დანართებით და თანმხლები წერილით ბარდება ადრესატს შემდგომი რეაგირებისათვის, ხოლო აქტის მესამე პირი და აუცილებელი დანართების ასლები ინახება სამსახურის საქმეში. 7. დოკუმენტური რევიზიის (თემატური შემოწმების) მიმდინარეობის ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება არაუმეტეს 3 კალენდარული თვისა. სამუშაოს დიდი მოცულობისა ან გამოძიების მიერ საკმარისი დოკუმენტური მასალების წარმოუდგენლობის შემთხვევაში რევიზიის მიმდინარეობის ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის წერილობითი თანხმობითა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს. III. სამსახურის ძირითადი ამოცანები 8. სამსახურის ძირითადი ამოცანაა დოკუმენტური რევიზიის (თემატური შემოწმების) დამნიშნავ ორგანოსთან ერთად დოკუმენტური რევიზიისა და სხვა შემოწმებების მაღალკვალიფიციური ჩატარების უზრუნველყოფა, რითაც ხელი შეეწყობა სამართალდამცავ ორგანოებს მათ წარმოებაში მყოფ საქმეებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. 9. სამსახურის სხვა ამოცანებია: ა) შემოწმებული ობიექტების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაში არსებული და სახელწმიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული დარღვევა-ნაკლოვანებების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციებს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია საგადასახადო ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე; ბ) შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობას დოკუმენტური რევიზიის პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მისცეს შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციები. IV. სამსახურის უფლებამოსილებანი 10. დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმების პროცესში სამსახურის სპეციალისტი უფლებამოსილია: ა) სარევიზიო ობიექტების ხელმძღვანელობისაგან მოითხოვოს ძირითადი ფონდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციების ჩატარება (საჭირო შემთხვევაში ინვენტარიზაცია ჩაატაროს უშუალოდ), რევიზიის ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყოს შესაბამის ორგანიზაციებთან შემხვედრი შემოწმების ჩატარება პირადი მონაწილეობით; ბ) საჭიროების შემთხვევაში დავალების მიმცემი სამსახურის მეშვეობით მოიწვიოს დარგობრივი სპეციალისტები ცალკეული სახის სამუშაოების შესასრულებლად და შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად. მიიღოს სარევიზიო ობიექტებიდან საფინანსო და სამეურნეო-საანგარიშსწორებო ოპერაციებთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტების ასლები; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვოს შესამოწმებელი ობიექტების პასუხისმგებელი მუშაკებისაგან ახსნა-განმარტებები შემოწმების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით; დ) არსებული რეგლამენტის ფარგლებში დავალების მიმცემ ორგანოსთან შეთანხმებით მიმართოს სხვადასხვა დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს რევიზია-შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების მისაღებად; ე) შეადგინოს ცნობა რევიზიის ან თემატური შემოწმების ჩატარების შეუძლებლობის შესახებ სათანადო დოკუმენტაციისა და აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ შემმოწმებლის წინაშე დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს. V. სამსახურის მუშაკთა კადრები 11. სამსახურის სპეციალისტთა კადრების შერჩევა ხორციელდება შსს სისტემაში მოქმედი ნორმების შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკური (ძირითადად სააღრიცხვო დარგის) განათლების უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისაგან სახელწმიფო საბუღალტრო და საკონტროლო-სარევიზიო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟით. 12. სამსახურის შტატები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. 13. სამსახურის სპეციალისტი რევიზია-შემოწმების პერიოდში ვალდებულია უზრუნველყოს შესამოწმებლად მიღებული საქმის მასალების შენახვა და დაცვა, რევიზიის ან სხვა შემოწმების დროს სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიტანოს თავისი წინადადებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი წარმომშობი მიზეზების აღმოფხვრისათვის, სისტემატურად აიმაღლოს თავისი სპეციალური ცოდნის დონე და საქმიანი კვალიფიკაცია. VI. სამსახურის სპეციალისტების მუშაობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება და მეთოდური დახმარების აღმოჩენა 14. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია რევიზია-შემოწმების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისათვის. სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დოკუმენტური რევიზიის აქტი რევიზიის დამნიშნავი ორგანოებისათვის გადაცემამდე სამი დღის ვადაში მოწმდება დოკუმენტური რევიზიის ჩატარების მეთოდიკის დაცვის, აგრეთვე წინადადებებისა და დასკვნების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მისი გაფორმების თვალსაზრისით. 15. სამსახურის სპეციალისტს ეკრძალება რევიზიის დამნიშნავ ორგანოსათვის შეუმოწმებელი რევიზიის აქტის ან ცნობის გადაცემა. 16. იმ შემთხვევაში, როდესაც სამმართველოს ან სამსახურის ხელმძღვანელობა დოკუმენტური რევიზიის ან თემატური შემოწმების აქტებში დაადგენს მნიშვნელოვან უზუსტობებს ან შეცდომებს, აგრეთვე რევიზიის ჩატარების დადგენილი წესების დარღვევებს, შემოწმების მასალები უბრუნდება სამსახურის სპეციალისტს წერილობითი მითითებით სათანადო შესწორებებისა და დაზუსტებებისათვის. 17. სამსახურის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ გაეცნონ დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმების პროცესში გამოსაკვლევ მასალებს და საჭირო დახმარება გაუწიონ სპეციალისტებს. VII. სამსახურის სპეციალისტების შრომის ანაზღაურება და მატერიალური სტიმულირება 18. სამსახურის სპეციალისტების შრომითი ანაზღაურება ხდება შსს დამტკიცებული საშტატო განაკვეთების შესაბამისი სარგოების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 19. მოწვეული დარგობრივი სპეციალისტების შრომის ანაზღაურება ხდება შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ინდივიდუალური წესით. 20. სამსახურის სპეციალისტების მატერიალური წახალისებისა და დანამატებით უზრუნველყოფა წარმოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საქართველოს შსს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ო. გონაძე ვეთანხმები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი გ. ქარქაშაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პოლიციის გენერალ-მაიორი ა. ჩხაიძე