„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 23.03.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-151
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.224
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-151
1998 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს „ბიზნესის სახელწმიფო ინსტიტუტის“ წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს „ბიზნესის სახელწმიფო ინსტიტუტის“ წესდების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს „ბიზნესის სახელწმიფო ინსტიტუტის“ წესდება (თან ერთვის).
2. ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტმა (შ. ხელაშვილი) უზრუნველყოს:
- აღნიშნული ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
- საუქვეწყებო დაწესებულების სახელწმიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და წესდების პრესაში გამოქვეყნება.
მინისტრი ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა
და სურსათის სამინისტრო
ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი
წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 28 იანვრის №2-47 ბრძანებით აგრობიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდება „ბიზნესის სახელმწიფო ინტიტუტი“.
1.2. ინსტიტუტის მისამართია: 380007 ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქ. №7.
1.3. ინსტიტუტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
2. ინსტიტუტის იურიდიული სტატუსი
2.1. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ბრძანებების, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და ამ წესდების შესაბამისად.
2.2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სპეცსახსრების, სახაზინო და სავალუტო ანგარიშები.
2.3. ინსტიტუტს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკები თავისი სახელწოდებით, ემბლემა და სხვა რეკვიზიტები.
2.4. ინსტიტუტს შეუძლია სასწავლებლის ფარგლებს გარეთ შექმნას ფილიალები, ფაკულტეტები, კათედრები, სასწავლო კურსები და ინსტიტუტების ბალანსზე მყოფი სასწავლო ქვედანაყოფები, გამომცემლობები და სხვა სტრუქტურები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.5. ინსტიტუტს შეუძლია უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად შექმნას ერთობლივ საწარმოები და განახორციელოს მათთან ერთობლივი საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ინსტიტუტის საქმიანობის საგანი
3.1. ინსტიტუტი ეწევა სასწავლი, სამეცნიერო და საორგანიზაციო-მეთოდურ მუშაობას სტუდენტთა სწავლების და ხელმძღვანელ მუშაკთა, სპეციალისტთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. მართლზომიერად და ორგანიზებულად ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას:
- ამზადებს კადრებს, აწარმოებს ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ატესტაციას და ანიჭებს მათ დარგობრივ სერტიფიკატს დადგენილი წესით.
3.2. ინსტიტუტი თავის მიზნის განსახორციელებლად:
- შეიმუშავებს სწავლების ორგანიზების ფორმებს, მეთოდებს სტუდენტთა მისაღები გამოცდების, მიღების, შემოწმების, შეფასებისა და წახალისების წესებს;
- განსაზღვრავს ინსტიტუტის მართვის სტრუქტურას, ქმნის და აუქმებს სამეცნიერო და სამეურნეო დანაყოფებს;
- ამყარებს საქმიან ურთიერთობას ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
- ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე აწესებს პედაგოგიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალისათვის ხელფასის ოდენობას;
- ადგენს სწავლების საფასურის ოდენობას და შეტანის ვადებს;
- ხელს უწყობს დარგის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას აქტუალურ პრობლემებზე მის სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით;
- ქმნის საგამომცემლო პოლიგრაფიულ ბაზას, ამზადებს და აქვეყნებს ორიგინალურ თარგმნილ, დამხმარე, შედგენილ სახელმძღვანელოებს, მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
- აუდიო, ვიდეო და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით სასწავლო პროცესისათვის ქმნის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
- უზრუნველყოფს უცხოეთში სტაჟირებას და პრაქტიკას წარჩინებული სტუდენტებისათვის;
- აგზავნის ინსტიტუტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სტაჟირებაზე;
- ხელს უწყობს ინსტიტუტის თანამშრომლებს და მოწვეულ სპეციალისტებს სასწავლო, სამეცნიერო კვლევით მუშაობაში, საკვალიფიკაციო ნაშრომების მომზადება-დაცვაში;
- იძენს ინსტიტუტისათვის საჭირო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს, თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების წინასწარი დანერგვის მიზნით ქმნის დამხმარე საწარმოო ბაზას;
- ამყარებს კავშირებს უცხოეთის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებთან;
- ქმნის ხელსაყრელ სოციალურ პირობებს თავისი თანამშრომლებისათვის;
- ხსნის ჯგუფებს უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის მეორე სპეციალობის მისაღებად;
- სტუდენტთა სამხედრო მომზადების მიზნით ინსტიტუტს უფლება აქვს დადგენილი წესით შექმნას სამხედრო მომზადების კათედრა ან სამხედრო მომზადების გასავლელად ინსტიტუტის სტუდენტები ხელშეკრულებით მიამაგროს სხვა ინსტიტუტის სტუდენტები ხელშეკრულებით მიამაგროს სხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სამხედრო მომზადების კათედრაზე;
- აკმაყოფილებს სტუდენტთა ინსტიტუტიდან სხვა ინსტიტუტში გადასვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
- ეწევა კანონით ნებადართულ ყველა სახის კომერციულ საქმიანობას.
4. ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები
4.1. ინსტიტუტში სტუდენტად მიიღება საშუალო სკოლის კურსდამთავრებული (ან მასთან გათანაბრებული სასწავლებლის კურსდამთავრებული) მისაღები გამოცდების ჩაბარების ან გასაუბრების შემდეგ. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4-5 წლით, ხოლო პირები, რომელთაც დაამთავრეს სხვა უმაღლესი სასწავლებელი, მიღებული სპეციალობის შესაბამისად ჩაირიცხებიან სწავლების მეორე ან მესამე კურსზე.
4.2. სტუდენტთა კონტინგენტის და სწავლების საფასურს საქართველოში შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებზე არსებული მოთხოვნილებიდან გამომდინარე ინსტიტუტი განსაზღვრავს დამოუკიდებლად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამეცნიერო პოტენციალის გათვალისწინებით და შესაძლებელია მისი კორექტირება სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის შესაბამისად.
4.3. ინსტიტუტში უპირატესად გამოიყენება სწავლების დასწრების ფორმა - წარმოებისაგან მოწყვეტით და დაუსწრებელი ფორმა - წარმოებისაგან მოუწყვეტლად.
4.4. სტუდენტთა და მსმენელთა სწავლება ხდება სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით, რომლებიც შემუშავდება დადგენილი წესით.
4.5. ინსტიტუტში გათვალისწინებულია მეცადინეობათა შემდეგი ძირითადი სახეები: ლექციები, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, სემინარები. ასევე საწარმოო პრაქტიკა და სტაჟირება მოწინავე საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
4.6. რექტორატი სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციით უნიშნავს სტიპენდიებს დღის სწავლების წარჩინებულ სტუდენტებს საბიუჯეტო დაფინანსებიდან ან სპეცსახსრებიდან. ფასიანი სწავლების სექტორის ზოგიერთი წარჩინებული სტუდენტი გარკვეული ვადით შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სწავლების საფასურის გადასახადისაგან, რის შესახებაც ინსტიტუტის რექტორატი იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით. ასევე სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით უდედმამო, ობოლ, ლტოლვილ, მრავალშვილიან, ომში მონაწილე და დაღუპულთა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის შეიძლება დაწესდეს სწავლების შეღავათიანი საფასური ან საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლების ქირის გადახდისაგან.
4.7. მსმენელად ირიცხებიან და ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელი კადრები და სპეციალისტები.
4.8. მსმენელთა ჩარიცხვა წარმოებს საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მომართვის საფუძველზე ინსტიტუტის რექტორის ბრძანებით.
4.9. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლება ფასიანია.
4.10. მსმენლები უზრუნველყოფილი არიან საერთო საცხოვრებლით, რომლის საფასური შედის სამივლინებო ხარჯებში, ასევე სხვა სახის მომსახურებით.
4.11. კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსმენელები, რომლებმაც შეასრულეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებული ყველა დავალება, კურსების დამთავრების შემდეგ, მიიღებენ სპეციალურ მოწმობას.
4.12. ინსტიტუტის სტუდენტი და მსმენელი ვალდებულია:
ა) დაიცვას უმაღლესი სასწავლებლის წესდება, შინაგანაწესი, ზნეობრივი ნორმები და პრინციპები;
ბ) ზრუნავდეს პროფესიული ცოდნის და ინტელექტუალური განვითარების სრულყოფისათვის;
გ) დროულად ასრულებდეს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დავალებებს.
4.13. სტუდენტი, რომელიც:
ა) დადგენილ ვადებში ვერ ჩააბარებს სემესტრისა და კურსის გამოცდებს, იხდის განმეორებითი გამოცდის საფასურს და აბარებს გამოცდას კათედრის მიერ დადგენილ ვადებში;
ბ) თავის დროზე ვერ შეასრულებს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ დავალებას, არ დაიშვება კურსზე გადასასვლელ გამოცდაზე, რჩება იმავე კურსზე და არ უბრუნდება შემოტანილი თანხა;
გ) კურსზე ორჯერ ზედიზედ დარჩა, ირიცხება ინსტიტუტიდან და არ უბრუნდება სწავლების გადახდილი ქირა.
4.14. სტუდენტი, რომელმაც შეასრულა სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებული ყველა დავალება, შეიტანა სწავლების საფასური, დაიშვება სახელმწიფო გამოცდებზე და სადიპლომო შრომის დაცვაზე, რომელთა ჩაბარება-დაცვის შემდეგ სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და იღებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომს.
5. ინსტიტუტის ქონება
5.1. ინსტიტუტის ქონება შედგება საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისაგან; რომელიც ძირითადად ფართოვდება მისი შემოსავლისაგან შეძენილი ქონებით. ესენია:
- სახელმწიფო შეკვეთების შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსებით, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლების შენატანები და აგრეთვე ინსტიტუტის ფილიალების მთლიანი შემოსავლების 20-25%, რომელიც ჩაერიცხება სათავო ინსტიტუტს;
- კანონიერ საფუძველზე მიღებული ფულადი სახსრები, კერძოდ: მიზნობრივი სესხით, აუქციონებით, სამეურნეო და კომერციული საქმიანობით და ინსტიტუტის მიერ შექმნილი ფილიალების შემონატანები;
- სპონსორული, საქველმოქმედო და მოქალაქეთა შემოწირულობები.
5.2. ინსტიტუტის შემოსავლების წყაროა ასევე:
- სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესრულებული სამეცნიერო კვლევითი, მეთოდური და საკონსულტაციო სამუშაოებისაგან, სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
5.3. ინსტიტუტის საკუთრებად ითვლება სათავო ინსტიტუტის მიერ შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ქონება.
5.4. ინსტიტუტი თავის შეხედულებისამებრ იყენებს და განკარგავს თავის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ და ფულად სახსრებს (მის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობებს, მოწყობილობას სატრანსპორტო საშუალებებს, ინვენტარს, მატერიალურ ფასეულობებს გადასცემს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ცვლის, აძლევს იჯარით, გადასცემს დროებით სარგებლობაში, ჩამოსწერს ბალანსიდან, თუ ისინი გაცვეთილია ან მორალურად მოძველებულია);
- გასცემს სესხით თავის განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებს ინსტიტუტის ფილიალებზე;
- ეკონომიკური სტიმულირების ფონდიდან იხდის მისთვის გაწეული მომსახურებისა და სამუშაოების გადასახადს.
5.5. დაუშვებელია ინსტიტუტის ქონების რეკვიზიცია და კონფისკაცია.
6. სარეზერვო და სხვა ფონდები
6.1. ინსტიტუტის წმინდა შემოსავლიდან იქმნება სარეზერვო, მატერიალური სტიმულირების, საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდები, რომლებიც გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობისა და დებულებების შესაბამისად.
6.2. ინსტიტუტის სარეზერვო ფონდის ხარჯზე იფარება ზარალი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინსტიტუტის საქმიანობის დროს.
6.3. მატერიალური სტიმულირების ფონდი იქმნება მოგებიდან ანარიცხებით, იგი გამოიყენება მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისათვის, ასევე წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დასანიშნად. სტიპენდიის დანიშვნის წესს და სიდიდეს განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
6.4. საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდის სახსრები გამოიყენება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, კაპიტალური რემონტის განხორციელებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის, აგრეთვე სხვა ფასეულობების შეძენისათვის, საკუთარი საშუალების ზრდისა და მათი დანაკლისის შევსებისათვის, დამხმარე საწარმოო ბაზის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის წარმოების ორგანიზაციის და განვითარებისათვის.
6.5. ამორტიზაციის ანარიცხების თანხა წარიმართება საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდში.
6.6. საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდის სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებელების, სასტუმროების, კვების ობიექტების, საბავშვო დაწესებულებების და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობისა და შენახვისათვის, გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებისათვის, სამკურნალო და დასასვენებელი სახლების საგზურების შეძენისათვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და ფიზიკურ-კულტურული ღონისძიებების ჩატარებისათვის.
7. ინსტიტუტის მართვის ორგანოები
7.1. ინსტიტუტის მართვის, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის ორგანოებია:
- ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;
- რექტორატი, ფაკულტეტები და კათედრები.
7.2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:
- სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
- სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
- ინსტიტუტის რექტორის, ფაკულტეტების დეკანების და კათედრის გამგეების საკონკურსო წესით არჩევა და დამტკიცება;
- ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
- უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება;
- სესხების და კრედიტების აღება;
- წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა;
- შრომის შინაგანაწესის დამტკიცება;
- სარევიზიო კომისიის შექმნა;
- სწავლების საფასურის დამტკიცება.
7.3. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი საკითხების განსახილველად ინსტიტუტში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელიც კომპლექტდება ინტიტუტის თანამშრომლებისაგან და მოწვეული პირებისაგან.
7.4. სამეცნიერო საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7.5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს შტატებს და სატარიფო განაკვეთებს.
- ადგენს და ამტკიცებს სასწავლო პროგრამებს.
- განსაზღვრავს სტუდენტთა მისაღებ კონტიგენტს, გასაუბრებისა და მისაღები გამოცდების ჩატარების ვადებს, წესს. ქმნის სათანადო კომისიებს,
- იღებს მომსახურე პერსონალისათვის და სტუდენტებისათვის წახალისების და დასჯის ზომებს,
7.6. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს რექტორი, რომელსაც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ირჩევს 5 წლის ვადით. რექტორი პასუხს აგებს ინსტიტუტის მთელ მუშაობაზე, თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს წინაშე.
7.7. რექტორი წარმოადგენს ინსტიტუტს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მეორე პირებთან ურთიერთობაში არ არის ნებადართული.
7.8. ინსტიტუტის რექტორს არ შეუძლია იყოს სხვა ინსტიტუტის რექტორიც.
7.9. რექტორი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ინსტიტუტის საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა წარმოებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.10. რექტორი ვალდებულია ინსტიტუტის საქმიანობის ყველა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი შეინახოს დადგენილი ვადით.
7.11. რექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც
- ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს;
- თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუშაკებს არსებული წესის შესაბამისად (მათ შორის, პრორექტორებს, და მთ. ბუღალტერს);
- ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას. ამტკიცებს ინსტიტუტის ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვებს;
- ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ხელს აწერს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს;
- იღებს სტუდენტებისა და თანამშრომლების წახალისების ზომებს;
- ნიშნავს ბრძანებით ფილიალების დირექტორებს, მის მოადგილეებს, მთავარ ბუღალტერს, ამტკიცებს ფილიალების წესდებებს და ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვებს.
7.12. რექტორატის, სამეცნიერო საბჭოს და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ინსტიტუტის შინაგანაწესით, რომელიც განსაზღვრულია თანამდებობრივი ინსტრუქციების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.13. ინსტიტუტში ფუნქციონირებს პროფკავშირი. ინსტიტუტში იკრძალება პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობა.
7.14. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ადმინისტრაცია ახდენენ კადრების შერჩევას საკონკურსო მეთოდით. იწვევენ ავტორიტეტულ სპეციალისტებს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრიდან.
8. საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება
8.1. ინსტიტუტის საბუღალტრო საქმიანობა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. ინსტიტუტი ანგარიშვალდებულია სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს წინაშე.
8.3. ინსტიტუტის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
9. კონფედენციალობა
9.1. ინსტიტუტისათვის გადაცემული დოკუმენტაცია, ტექნიკური, ფინანსური, კომერციული და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის შექმნასთან და საქმიანობასთან, ან გააჩნია კომერციული ღირებულება, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-17.2 მუხლში აღნიშნული ინფორმაციისა, ჩაითვლება კონფედენციალურად და არ შეიძლება გადაეცეს უცხო პირს.
9.2. ინსტიტუტის საბჭო განსაზღვრავს კონფედენციალური ინფორმაციის მოცულობას და იღებს გადაწყვეტილებას კონფედენციალობის გაუქმების შესახებ.
9.3. კონფედენციალობის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაეცემა ხელისუფლების და მართველობის სახელმწიფო ორგანოებს.
10. წლიური ანგარიში და მოგების განაწილება
10.1. სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში რექტორი ადგენს წლიურ ანგარიშს, რომელსაც ეცნობა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. ანგარიშში შეიძლება მითითებული იქნეს სამეცნიერო საბჭოს წინადადებები მოგების გამოყენების შესახებ. ინსტიტუტის ფილიალების მიერ მიღებული მოგების გამოყენების მიმართულებებს განსაზღვრავს სათავო ინსტიტუტის რექტორი.
11. ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
11.1. ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინსტიტუტის რექტორი
პროფესორი /შ. ხელაშვილი/