შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №080210319003235070
საქმე №2/2668-19
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2020 წლის 2 მარტი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოვალე: შპს „მისო კავკასუსკრედიტი“, ს/ნ 220410623;
მოთხოვნა: შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2019 წლის 5 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, შპს „მისო კავკასუსკრედიტს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ხოლო კრედიტორებს განემარტა, რომ კრედიტორებს განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსთვის შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
2019 წლის 16 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 5 დღის ვადაში 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა დაევალა, ხოლო შემდეგ 2019 წლის 25 ოქტომბრის, 2019 წლის 15 ნოემბრის და 2020 წლის 22 იანვრის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა 2020 წლის 12 თებერვალს.
2020 წლის 25 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა 5000 ლარის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს წარმოებაში.
2. შპს „მისო კავკასუსკრედიტის“ მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. შპს „მისო კავკასუსკრედიტს“ აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიემართოს.
6. შპს „მისო კავკასუსკრედიტს“ აეკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
7. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ; კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება; აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში განათავსოს;
8. განემარტოს შპს „მისო კავკასუსკრედიტს“ რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
9. განემარტოს კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია, პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
10. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 7 აპრილს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქუთაისი კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა;
ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;
გ) მომრიგებელი საბჭოს შექმნა.
11. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
12. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე.