საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №005
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №005
2020 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას (შემდგომში – გენერალური პროკურატურა).
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის სხვა ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები
დეპარტამენტის მიზანია საპროკურორო საქმიანობის ეფექტურობისა და პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საგამოძიებო დანაყოფების ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;
დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული „პროკურორთა შეფასების სისტემის“ (შემდგომში – შეფასების სისტემა) შესაბამისად;
ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;
ზ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;
თ) დანაშაულის ანალიზი;
ი) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;
კ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;
მ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ნ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;
ჟ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) ანალიტიკური სამმართველო;
დ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო.
2. საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას შეფასების სისტემის შესაბამისად;
ბ) საპროკურორო დოკუმენტების შესწავლას, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენას და წინადადებების შემუშავებას საპროკურორო საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას და ინფორმაციის მიწოდებას ანალიტიკური სამმართველოსთვის;
დ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღებას;
ე) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის გამოყენებაზე და მათ მიწოდებას პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფებისათვის;
ზ) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
თ) წინადადებების მომზადებას რეგიონის კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით;
ი) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით;
კ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს.
3. საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებთან მიმართებაში.
4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ბ) დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად წინადადებების შემუშავებას;
გ) დაზარალებულთა საჭიროებების ანალიზს;
დ) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;
ე) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობას;
ვ) საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოსა და საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას და ანალიზის მომზადებას;
ზ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიციირებას და მათი ჩატარების ორგანიზებას;
თ) პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების მიერ ანალიტიკური სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგს;
ი) სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საკანონმდებლო წინადადებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობას და ამ მიმართულებით სხვა უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
კ) საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის ანალიზს და პროკურატურის თანამშრომლებისათვის მათ მიწოდებას;
ლ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პროკურატურის თანამშრომლების ინფორმირებას;
მ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული თემატური სახელმძღვანელოების მომზადებას და პროკურატურის თანამშრომლებისათვის მიწოდებას;
ნ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიციირებას და იმპლემენტაციას;
ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
პ) წინადადებების მომზადებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ანალიტიკური მოდულის დახვეწის მიზნით;
ჟ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაციას;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შეფასების სისტემის შესაბამისად პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას.
5. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მათი შესრულების პერიოდულ მონიტორინგს;
ბ) პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (მათ შორის, სამოქმედო გეგმების და საერთაშორისო ვალდებულებების) შესრულების მიზნით პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს;
დ) საერთაშორისო სტანდარტებთან შიდა კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადი პრინციპების შემუშავებას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობას;
ე) პროკურატურის განვითარების უზრუნველსაყოფად უცხოური პრაქტიკის შესწავლას;
ვ) დანაშაულის პრევენციის მიზნით უცხოური პრაქტიკის შესწავლას და განზოგადებას;
ზ) შეფასების სისტემის შესაბამისად პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის შესაბამის მოადგილეს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას მიმართავს წინადადებით პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
მ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგი
ლე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ი) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
კ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) სამმართველოს მრჩევლები;
დ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;
ე) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ვ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე