📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №502
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016998
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2020
matsne.gov.ge 7,998 სიტყვა · ~40 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
რისკისა და საჭიროებების შეფასება − პროცესი, რომლის დახმარებითაც რისკისა და საჭიროებების დოკუმენტში ასახული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხორციელდება ბენეფიცი
არის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის განსაზღვრა, კრიმინოგენური ფაქტორების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის დადგენა
მუხლი 3
შემთხვევის მმართველი − სოციალური მუშაკი ან პრობაციის ოფიცერი (კომპეტენციის ფარგლებში), რომელიც მართავს ბენეფიცი
არის შემთხვევას
მუხლი 3
პროფესიული ზედამხედველი − შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, რომელიც ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების, ასევე, მაღალი ხ
არისხის სერვისის შეთავაზების მიზნით, ზედამხედველობას უწევს კოლეგა სპეციალისტებს ადმინისტრაციული და პროფესიული ამოცანების შესრულებისას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებაში
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 26.10.2020 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 31.12.2014 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 88% 15.07.2015 №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 21.01.2026 №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №502 2020 წლის 12 მარტი ქ. თბილისი სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის თანდართული წესი (შემთხვევის მართვის წესი). 2. პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვა პირველ ეტაპზე დაინერგოს შემდეგ მიზნობრივ ჯგუფებთან: ა) №5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულებთან; ბ) №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების მსჯავრდებულებთან; გ) ყველა უვადო მსჯავრდებულთან. 3. დანარჩენ პენიტენციურ დაწესებულებებში შემთხვევის მართვა დაინერგოს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოში მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა შემთხვევის მართვა მიმდინარეობს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები.  5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანება; ბ) „მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ (შემდგომ − სააგენტო) სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასებასთან, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადებასთან, განხორციელებასა და მონიტორინგთან (შემთხვევის მართვასთან) დაკავშირებულ პროცედურებსა და სამუშაო პროცესში გამოსაყენებელ ფორმებს. 2. ეს წესი განსაზღვრავს, აგრეთვე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიზანია სამინისტროს სისტემაში სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მრავალმხრივი რისკების მართვა, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებითა და მსჯავრდებულის/ყოფილი პატიმრის ჩართულობით, აგრეთვე, რისკისა და საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის (შემთხვევის მართვის) პროცესში ჩართულ სპეციალისტთა ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი − სრულწლოვანი მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრდებული ან ყოფილი პატიმარი; ბ) ყოფილი პატიმარი − პირი, რომელიც წარსულში იხდიდა სასჯელს საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პენიტენციურ დაწესებულებაში ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა; გ) შემთხვევის მართვა − მეთოდი, რომელიც გამოიყენება მრავალმხრივი საჭიროების მქონე ბენეფიციართან, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ინდივიდუალური დაგეგმვა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით და მოიცავს ამ წესის მე-5 მუხლში გაწერილ ეტაპებს. შემთხვევის მართვა ხორციელდება სოციალური ადვოკატობის მექანიზმის გამოყენებით, შესაბამის ორგანიზაციებსა და სპეციალისტებთან თანამშრომლობით; დ) რისკის მართვა − დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირება; ე) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა − სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის პროგნოზირება; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკი − მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სხვებისთვის ან/და საკუთარი თავისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის პროგნოზირება; ზ) რისკისა და საჭიროებების შეფასება − პროცესი, რომლის დახმარებითაც რისკისა და საჭიროებების დოკუმენტში ასახული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხორციელდება ბენეფიციარის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის განსაზღვრა, კრიმინოგენური ფაქტორების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის დადგენა; თ) კრიმინოგენური ფაქტორები − პირის დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევი ნებისმიერი ფაქტორი (რისკი და საჭიროება), რომლის პოზიტიური ცვლილებაც ამცირებს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას; ი) ინდივიდუალური გეგმა − დროის განსაზღვრულ მონაკვეთში გაწერილ მომსახურებათა ერთობლიობა, რომელიც, კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით, მიმართულია დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირებისკენ. ინდივიდუალური გეგმა მსჯავრდებულების შემთხვევაში გულისხმობს „სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას“, ხოლო ყოფილი პატიმრების შემთხვევაში − „ინდივიდუალური მომსახურების გეგმას“; კ) შემთხვევის მართვის საქმე − შემთხვევის მართვის პროცესში მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია, რომელშიც ასახულია ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები და მათ შესახებ სხვა სახის ინფორმაცია, ასევე, რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის პროცესში მათ სასარგებლოდ გაწეული სამუშაო; ლ) შემთხვევის მართვის ციკლი − პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს 8-თვიან პერიოდს, რომლიდანაც 6 კვირა ეთმობა შეფასებას, 2 კვირა − დაგეგმვას, 6 თვე − გეგმის განხორციელებას (ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, შესაძლოა, 12 თვე), ხოლო ერთი კვირა − შედეგების შეფასებას. შემთხვევის მართვის ციკლი უწყვეტად გრძელდება მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე, ხოლო ყოფილი პატიმრის შემთხვევაში − საჭიროების ამოწურვამდე; მ) შემთხვევის მმართველი − სოციალური მუშაკი ან პრობაციის ოფიცერი (კომპეტენციის ფარგლებში), რომელიც მართავს ბენეფიციარის შემთხვევას; ნ) შემთხვევის ადმინისტრატორი − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი, რომელიც კოორდინაციას უწევს მსჯავრდებულის შემთხვევის მართვის საქმეს, ეხმარება ბრალდებულს/მსჯავრდებულს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების (წერილობითი კომუნიკაცია, პაემნების ორგანიზება და სხვ.) განხორციელებაში და ხელს უწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესს; ო) მულტიდისციპლინური გუნდი − სხვადასხვა სპეციალისტისგან (პრობაციის ოფიცერი (კომპეტენციის ფარგლებში), სოციალური მუშაკი ან/და ფსიქოლოგი) შემდგარი გუნდი (შემდგომ − გუნდი), რომლის წევრთა შემადგენლობა, საჭიროებისამებრ, განისაზღვრება მსჯავრდებულის შეფასების საფუძველზე; პ) სარეაბილიტაციო პროგრამა − დანაშაულებრივ ქცევაზე ფოკუსირებული, დანაშაულთან დაკავშირებული ან პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიება; ჟ) პროფესიული ზედამხედველი − შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, რომელიც ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების, ასევე, მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების მიზნით, ზედამხედველობას უწევს კოლეგა სპეციალისტებს ადმინისტრაციული და პროფესიული ამოცანების შესრულებისას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებაში; რ) ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი − ბენეფიციარი ყოფილი პატიმრის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, ან მასთან მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირი. მუხლი 4🔗. შემთხვევის მართვის პრინციპები 1. შემთხვევის მართვის პროცესში დაცული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები: ა) ინდივიდუალური მიდგომა; ბ) თანასწორობა; გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა; დ) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა; ე) პატივისა და ღირსების დაცვა; ვ) კონფიდენციალურობა; ზ) კომპეტენტურობა; თ) კეთილსინდისიერება; ი) კოლეგიალობა; კ) გუნდის დამოუკიდებლობა; ლ) ნებაყოფლობითობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბენეფიციარის: ლ.ა) მაქსიმალური ჩართულობა; ლ.ბ) ინფორმირებულობა. 2. შემთხვევის მართვა მიმართულია კრიმინოგენური ფაქტორების პოზიტიურ ცვლილებაზე, მსჯავრდებულის ქცევის კორექციასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებებზე, რომლებიც ხორციელდება მულტიდისციპლინური მუშაობისა და მსჯავრდებულთან/ყოფილ პატიმართან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. მუხლი 5🔗. შემთხვევის მართვის ეტაპები შემთხვევის მართვის ეტაპებია: ა) სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან სააგენტოს მიერ ბენეფიციარის ჩართვა შემთხვევის მართვის პროცესში ან ბენეფიციარის მიმართვა სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემდგომ - დეპარტამენტი) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოსათვის შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვის მიზნით; ბ) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დადგენა, ასევე, კრიმინოგენური ფაქტორების შეფასება; გ) ინდივიდუალური გეგმის შედგენა ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით; დ) ინდივიდუალური გეგმის განხორციელება; ე) ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგი; ვ) შემთხვევის მართვის საქმის გადახედვა/დახურვა. თავი II პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა) და სრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური მომსახურება მუხლი 6🔗. მოქმედების სფერო ეს თავი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური მომსახურების საკითხებს. მუხლი 7🔗. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასება 1. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასება ხორციელდება დანართი №1-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს: ა) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგს (ნაწილი I); ბ) რისკისა და საჭიროებების შეფასების: ბ.ა) სტატიკურ ფაქტორს (ნაწილი II); ბ.ბ) დინამიკურ ფაქტორს (ნაწილი III); გ) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამებას (ნაწილი IV). 2. მნიშვნელოვანი ზიანის რისკი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის. 3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონე განისაზღვრება მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, ფასდება საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის მიხედვით. 4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეებია: ა) დაბალი დონე: 0-დან 5 ქულა; ბ) საშუალო დონე: 6-დან 39 ქულა; გ) მაღალი დონე: 40 ქულა და მეტი (დანართი №1, ნაწილი I). 5. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის გამოთვლა ხდება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის მეშვეობით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე შეიძლება იყოს: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მაღალი. 6. რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმა შედგება 16 თემატური ბლოკისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, დაჯგუფებულია სტატიკურ და დინამიკურ ფაქტორებად. 7. სტატიკური ფაქტორებია: ა) ზოგადი ინფორმაცია; ბ) წარსული დანაშაულებრივი ქცევა. 8. დინამიკური ფაქტორებია: ა) საცხოვრებელი ადგილი; ბ) ურთიერთობა ოჯახსა და ახლობლებთან; გ) განათლება; დ) დასაქმება; ე) ეკონომიკური მდგომარეობა; ვ) აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება; ზ) ალკოჰოლის ავადმოხმარება; თ) ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარება; ი) დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ; კ) ანტისოციალური ურთიერთობები; ლ) ცვლილებების მოტივაცია; მ) აზროვნება და ქცევის კონტროლი; ნ) ფიზიკური ჯანმრთელობა; ო) ფსიქიკური ჯანმრთელობა. 9. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე განისაზღვრება სტატიკურ და დინამიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით. 10. სტატიკური ნაწილის სამი დონე განისაზღვრება თემატური ბლოკის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის ნამრავლით შესაბამის სამრავლზე (დანართი №1, ნაწილი II, ველი: „შეჯამება − სტატიკური ფაქტორები“). სტატიკური ნაწილის დონეებია: ა) დაბალი: 0-74 ქულა; ბ) საშუალო: 75-186 ქულა; გ) მაღალი: 187-378 ქულა. 11. დინამიკური ნაწილის სამი დონე განისაზღვრება თემატური ბლოკის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის ნამრავლით შესაბამის სამრავლზე (დანართი №1, ნაწილი III, ველი: „შეჯამება: დინამიკური ფაქტორები“). დინამიკური ნაწილის დონეებია: ა) დაბალი: 0-49 ქულა; ბ) საშუალო: 50-124 ქულა; გ) მაღალი: 125-252 ქულა. 12. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე განისაზღვრება დანართი №1-ის IV ნაწილის („დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამება“) მიხედვით, II ნაწილისა (სტატიკური ფაქტორები) და III ნაწილის (დინამიკური ფაქტორები) ქულათა ჯამის შეკრებით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონეებია: ა) დაბალი: 0-124 ქულა; ბ) საშუალო: 125-310 ქულა; გ) მაღალი: 311-630 ქულა. მუხლი 8🔗. რისკის დონის განსაზღვრა და განსახორციელებელი პროცედურები 1. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის განსაზღვრა ხდება შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან რვა კვირის განმავლობაში. 2. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებისთანავე იწყება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ნაწილისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის შევსება. 3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის დოკუმენტს (დანართი №1, ნაწილი I) სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ავსებს მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა. 4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის ფორმის შევსებისას სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) პენიტენციური დაწესებულების სუიციდის პრევენციის კოორდინატორისგან იღებს ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ. 5. რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი II) მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელი. 6. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ავსებს მსჯავრდებულის ქცევის შეფასების ფორმას. 7. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორები (დანართი №1, ნაწილი III) არ ივსება და შემთხვევის მართვის საქმე სასჯელის მოხდის კოორდინაციის მიზნით გადამისამართდება შემთხვევის ადმინისტრატორთან. 8. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) 4 კვირის განმავლობაში აფასებს მსჯავრდებულის დინამიკურ ფაქტორებს (დანართი №1, ნაწილი III) (მე-3 - მე-6 კვირა). დინამიკური ფაქტორების გაანალიზების შემდგომ, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დანართი №1-ის დასკვნით კომენტარში, ადიქტური ქცევისა და აზროვნებისა და ქცევის კონტროლის თემატური ბლოკების გათვალისწინებით, ასაბუთებს პოზიციას იმის შესახებ, შემთხვევის მართვის საქმე გადამისამართდება შემთხვევის ადმინისტრატორთან, შემთხვევა დარჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან), თუ პროცესში დამატებით ჩაერთვება ფსიქოლოგი. 9. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დაუყოვნებლივ იწყებს შეფასებას რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი III) მიხედვით. შეფასება მიმდინარეობს ოთხი (მე-2-მე-5 კვირა) კვირის განმავლობაში. შემთხვევა სამართავად რჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან). დინამიკური ფაქტორების გაანალიზების შემდგომ სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ასაბუთებს ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროების საკითხს. 10. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში: ა) ფსიქოლოგი არ ელოდება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სხვა მონაცემებს და დაუყოვნებლივ, ზიანის რისკის მაღალი დონის გამოკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს, იწყებს მსჯავრდებულის შეფასებას. ფსიქოლოგი ერთკვირიანი სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხვდება სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს) და ერთობლივად განიხილავენ შემთხვევის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მართვის მოკლევადიან სტრატეგიას; ბ) სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) მსჯავრდებულს აფასებს რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი III) მიხედვით და შემთხვევა რჩება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) სტატიკურ ნაწილში დაფიქსირებული რისკის დონის მიუხედავად. შეფასება მიმდინარეობს ოთხი კვირის (მე-2-მე-5 კვირა) განმავლობაში. 11. შეფასების მე-7 კვირას, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში მე-6 კვირას, იკრიბება გუნდი, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულის შეფასების შედეგებს და, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (დანართი №4) სამუშაო ვერსიას. 12. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის სამუშაო ვერსიას მსჯავრდებულს აცნობს გუნდი შეხვედრის ფარგლებში. 13. თუ მსჯავრდებული უარს ამბობს შეფასებაში მონაწილეობაზე, აღნიშნული ინფორმაცია აისახება მსჯავრდებულის შესაბამის დახასიათებაში. 14. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა წარედგინება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეფასების მე-8 კვირას. 15. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას ამტკიცებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. მუხლი 9🔗. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი შეფასება 1. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი“ (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით. 2. სკრინინგის კითხვარს ავსებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში (პირველი და მე-2 კვირა). 3. სკრინინგის კითხვარის მიზანია, მოხდეს წარსულში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის ან იძულების მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით. 4. სკრინინგის კითხვარი იყოფა ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობა“ და „ქალთა მიმართ ძალადობა“, რომელთაგან: ა) „ოჯახში ძალადობა“ შედგება 4 თემატური ბლოკისა და 12 კითხვისგან; ბ) „ქალთა მიმართ ძალადობა“ შედგება 4 თემატური ბლოკისა და 6 კითხვისგან. 5. თითოეულ თემატურ ბლოკში მონიშნული ქულები ჯამდება ცალ-ცალკე. 6. თითოეულ თემატურ ბლოკს მინიჭებული აქვს მაქსიმალური 24 ქულა, ხოლო ოთხივე ნაწილს ერთად − 96 ქულა. 7. დაჯამებული ქულების მიხედვით, მსჯავრდებული გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან ან მომსახურებაში. 8. მსჯავრდებულისათვის საჭირო მომსახურების განსაზღვრა ხდება შემდეგი წესით: ა) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 6-30 ქულას, მსჯავრდებული საჭიროებს ინფორმაციის მიწოდებას ცნობიერების ამაღლების კუთხით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეფასება ერთ თემატურ ბლოკში შეადგენს 24 ქულას; ბ) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 30-ზე მეტ ქულას ან ერთი თემატური ბლოკის ქულათა ჯამი შეადგენს 24 ქულას, საჭიროა მსჯავრდებულის გადამისამართება პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამაში; გ) თუ ორ თემატურ ბლოკში ქულათა ჯამი შეადგენს 44 ან მეტ ქულას, მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგიური მომსახურება. მუხლი 10🔗. მულტიდისციპლინური გუნდი 1. თუ მსჯავრდებულის საქმე საჭიროებს დინამიკური ფაქტორების შეფასებას და საქმე სამართავად გადაეცემა სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), შემთხვევის სამართავად საჭიროა მულტიდისციპლინური მუშაობა. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ დაწესებულებაში იქმნება გუნდი. 2. გუნდის შემადგენლობაში შედის პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი), შემთხვევის ადმინისტრატორი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე და, საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგი. 3. სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) და ფსიქოლოგი, ასევე, ახორციელებენ სარეაბილიტაციო პროგრამებს. 4. საჭიროების შემთხვევაში, გუნდში სამუშაოდ შესაძლებელია, მოწვეულ იქნენ სხვა სპეციალისტები. 5. გუნდის საქმიანობას ხელმძღვანელობს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი), რომელიც: ა) აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ; ბ) უზრუნველყოფს გუნდის შეკრებას; გ) აგროვებს ინფორმაციას გუნდის ყველა წევრისგან; დ) ანაწილებს დავალებებს გუნდის წევრებს შორის; ე) ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას. 6. გუნდის შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ რისკისა და საჭიროებების შეფასებას და თანხმდებიან საბოლოო შედეგებზე, რაც აისახება ქულებსა და, საჭიროების შემთხვევაში, კომენტარის სახით რისკისა და საჭიროებების შეფასების დოკუმენტის შესაბამის ნაწილში („დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამება“, ნაწილი IV). 7. თუ გუნდის შეხვედრაზე მონაწილეები ვერ თანხმდებიან საბოლოო შეფასების შედეგებზე, შემთხვევის მმართველი იწვევს პროფესიულ ზედამხედველ(ებ)ს. შემთხვევის განხილვა და საბოლოო შეფასების შედეგებზე შეჯერება ხდება კონსენსუსის წესით. მუხლი 11🔗. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის ჩართულობა 1. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ის მოსამსახურე, რომელიც მუშაობს იმ საცხოვრებელ კორპუსში/სექტორში, სადაც განთავსებულია მსჯავრდებული, დაკვირვების საფუძველზე ავსებს „მსჯავრდებულის ქცევაზე დაკვირვების კითხვარს“ (დანართი №3), რომელსაც აწვდის სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), ან შემთხვევის ადმინისტრატორს, მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის მიხედვით. 2. კითხვარი განმეორებით ივსება და შესაბამის სოციალურ მუშაკს ან შემთხვევის ადმინისტრატორს გადაეცემა ყოველ მომდევნო 3 თვეში ერთხელ. 3. „მსჯავრდებულის ქცევაზე დაკვირვების კითხვარი“ ინახება მსჯავრდებულის შემთხვევის მართვის საქმეში. მუხლი 12🔗. ფსიქოლოგიური მომსახურება შემთხვევის მართვის პროცესში 1. ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას, ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის (დანართი №6) შემუშავებას, განხორციელებასა და ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის შესრულების მონიტორინგს (დანართი №7). 2. შემთხვევის მართვის პროცესში ჩართული მსჯავრდებულისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდების მიზნით: ა) შემთხვევის მართვის ციკლის მე-6 კვირას, მსჯავრდებულის დინამიკური ფაქტორების შეფასების (დანართი №1, ნაწილი III) შემდეგ, ფსიქოლოგის პროცესში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი); ბ) შემთხვევაში ჩართული ფსიქოლოგი შემთხვევის მართვის ციკლის მე-7 კვირას ესწრება გუნდის შეხვედრას; გ) ფსიქოლოგი მსჯავრდებულს აფასებს არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში (მე-7-მე-10 კვირა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად. დ) შეფასების შემდგომ, ფსიქოლოგი ადგენს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, რომელსაც განიხილავს სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) ერთად; ე) ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, როგორც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განუყოფელ ნაწილს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი); ვ) საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის გადაფასება და შემდგომ პროცედურებში ფსიქოლოგის ჩართულობა ხორციელდება შემთხვევის მართვის ციკლის შესაბამისად. 3. შემთხვევის მართვის პროცესში ჩართული მსჯავრდებულისათვის ფსიქოლოგიური მომსახურება მყისიერად მიწოდება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის მე-8, მე-9 ან მე-10 პუნქტებიდან ერთ-ერთი პუნქტის ნაწილში მაინც, სახეზეა მაღალი რისკი ან/და თვითდაზიანების ან სუიციდის რისკი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან/და ადიქტური ქცევა; 4. ფსიქოლოგიურ მომსახურებაში გადამისამართებიდან ერთი კვირის ვადაში, ფსიქოლოგი მსჯავრდებულს აფასებს და კონსულტაციის ჩანაწერს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად. შეფასების შემდგომ, ფსიქოლოგი ადგენს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმას, რომელსაც განიხილავს სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან) ერთად და წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. 5. ფსიქოლოგს, საჭიროებისამებრ, აქვს კომუნიკაცია იმ პირთან/სპეციალისტთან, რომლისგანაც შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება. 6. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგი სოციალური მუშაკის/შემთხვევის მმართველის მეშვეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან. 7. ფსიქოლოგი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჩართულობას გეგმის შემუშავების პროცესში. 8. ფსიქოლოგი, გუნდში ჩართულობის შემთხვევაში, ამზადებს რეკომენდაციებს გუნდის შეხვედრაზე წარსადგენად. 9. ფსიქოლოგი, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მომსახურებას ახორციელებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. 10. ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ფსიქოლოგი ახორციელებს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის მონიტორინგს (დანართი №7) და შედეგებს აწვდის სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს). 11. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს უფლება აქვს, გადააფასოს ან ვადაზე ადრე უზრუნველყოს ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმის მონიტორინგი. 12. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების საკითხის განხილვის ან მსჯავრდებულის სხვა დახასიათების შედგენაში ფსიქოლოგი მონაწილეობს და ავსებს მის კუთვნილ ფორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია მსჯავრდებულთან მუშაობაში მიმდინარე პერიოდში ან დასრულებული აქვს მასთან მუშაობა არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. 13. მსჯავრდებულის კონსულტირების მიზნით, ფსიქოლოგთან მიმართვა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის საფუძველზე ან სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველის) მეშვეობით, ხოლო სხვა სპეციალისტების მხრიდან − „ფსიქოლოგთან შეხვედრის მოთხოვნის ფორმის“ (დანართი №10) შესაბამისად. 14. მართვის პროცესში ჩართული ბენეფიციარების გარდა, სხვა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“. მუხლი 13🔗. შემთხვევის ადმინისტრატორის ჩართულობა 1. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გადაცემიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში, შემთხვევის ადმინისტრატორი აფასებს მსჯავრდებულს საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (დანართი №8) მიხედვით და განსაზღვრავს შესაბამის ინტერვენციებში მისი ჩართულობის საჭიროებას. 2. შემთხვევის ადმინისტრატორი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მსჯავრდებულთან შეთანხმებით განსაზღვრავს საჭიროების შესაბამის მომსახურებას და შეიმუშავებს არაუმეტეს 12-თვიან საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას. 3. ინდივიდუალური გეგმის ვადის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში შემთხვევის ადმინისტრატორი ახორციელებს ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგს, შესაბამისი ფორმის (დანართი №9) მიხედვით; 4. ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგიდან 2 კვირის ვადაში შემთხვევის ადმინისტრატორი ახორციელებს მსჯავრდებულის გადაფასებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ახალ ინდივიდუალურ გეგმას, საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. 5. საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან. 6. საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადმინისტრატორს უფლება აქვს, გადააფასოს მსჯავრდებული საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ან ვადაზე ადრე უზრუნველყოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგი. 7. თუ მნიშვნელოვანი ზიანის რისკმა მოიმატა და გახდა საშუალო ან მაღალი, შემთხვევის მართვის საქმე გადამისამართდება სოციალურ მუშაკთან (შემთხვევის მმართველთან). მუხლი 14🔗. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა ხორციელდება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. 2. გეგმაში მითითებული ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს შეფასების შედეგად გამოვლენილ რისკებსა და საჭიროებებს. 3. გეგმას ადგენს გუნდი, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. გეგმის შედგენისას პრიორიტეტი ენიჭება იმ მომსახურებას, რომელიც პასუხობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის შემცირებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს. 5. გეგმის შემუშავებისას გუნდი განიხილავს წევრების მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ღონისძიებებში ჩართვასთან დაკავშირებით და ადგენს საჭირო მომსახურების ნუსხას. 6. გეგმის სამუშაო ვერსიას გუნდი იღებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი). 7. გეგმის სამუშაო ვერსიას მსჯავრდებულს, მასთან შეხვედრისას, აცნობს გუნდი. 8. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ხელს აწერენ სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) და მსჯავრდებული, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. 9. თუ მსჯავრდებული არ ეთანხმება სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, ამის შესახებ აღინიშნება ოქმში და ეცნობება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. გუნდის წევრები 3 თვის განმავლობაში მუშაობენ იმ მსჯავრდებულის მოტივაციის ამაღლებაზე, რომელიც უარს ამბობს სასჯელის მოხდის შეთავაზებულ ინდივიდუალურ გეგმაზე ან ამ გეგმით განსაზღვრულ ერთ-ერთ მომსახურებაზე. 10. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება გეგმის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგის“ ფორმის მიხედვით (დანართი №5). 11. საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), უფლება აქვს მონიტორინგი ან/და გადაფასება განახორციელოს ვადაზე ადრე. მუხლი 15🔗. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეჩერება 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება, თუ: ა) მსჯავრდებული გაყვანილია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 6 თვემდე ვადით; ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა; გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება; დ) არსებობს ექიმის შესაბამისი რეკომენდაცია; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები; ვ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი შემთხვევის მართვა ან/და ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული მომსახურებების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება განახლდება. მუხლი 16🔗. რისკისა და საჭიროებების გადაფასების პროცედურები 1. რისკისა და საჭიროებების გადაფასება ხორციელდება, არსებული ბოლო შეფასების ფორმასა და მიმდინარე სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით, არსებული ბოლო შეფასების/გადაფასების თარიღიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში. 2. რისკისა და საჭიროებების გადაფასებისას განახლდება არსებული ბოლო შეფასების ფორმაში შეტანილი ინფორმაცია და შედგება სასჯელის მოხდის ახალი ინდივიდუალური გეგმა. მუხლი 17🔗. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეწყვეტა 1. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმე გადაიგზავნება პირად საქმესთან ერთად. 2. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება წყდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა. 3. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემაჯამებელი ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსჯავრდებული გარდაიცვალა. 4. სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ან/და გუნდის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვას/დაარქივებას როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. 5. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან ერთი კვირის ვადაში, პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის პირად საქმეში შეტანის მიზნით, შემთხვევის მართვის საქმეს გადასცემს პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. 6. შეფასების დოკუმენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ გუნდის წევრებისა და პროფესიული ზედამხედველისთვის. სხვა დაინტერესებული პირებისთვის იგი დახურული ინფორმაციაა და, მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შემთხვევის მართვის საქმიდან − სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (დანართი №4), ფსიქოლოგიური მომსახურების გეგმა (დანართი №6), საჭიროების შეფასება და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (დანართი №8), ფსიქოლოგთან შეხვედრის მოთხოვნა (დანართი №10) და ანგარიში მსჯავრდებულისთვის (დანართი №11). 7. სპეციალისტი, რომელიც უძღვება ან ჩართულია შემთხვევის მართვაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების ეტაპზე თანამშრომლობს სხვა უწყებებთან/სტრუქტურებთან. 8. ბენეფიციარის ერთი უწყებიდან მეორეში გადასვლისას ხორციელდება ბოლოს წარმოებული რისკებისა და საჭიროებების ფორმის (არსებობის შემთხვევაში, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტების) გაცვლა. თავი III სააგენტოში სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა) მუხლი 18🔗. თავის მოქმედების სფერო ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს ბენეფიციარ მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 19🔗. შემთხვევის მართვა 1. შემთხვევის მართვას სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ − პრობაციის ბიურო) მეშვეობით, ელექტრონული ფორმით. 2. სააგენტოს ბენეფიციარ მსჯავრდებულთა შემთხვევის მმართველია პრობაციის ოფიცერი. 3. შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გუნდის პრინციპით. მუხლი 20🔗. მსჯავრდებულის დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასება მსჯავრდებულის რისკის დონის შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული პროცედურებისა და დანართი №1-ის შესაბამისად.    მუხლი 21🔗. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის განსაზღვრა და განსახორციელებელი პროცედურები 1. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დაყენებისთანავე იწყება რისკისა და საჭიროებების შეფასება. 2. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგის დოკუმენტის (დანართი №1, ნაწილი I) და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი II) პრობაციის ოფიცერი ავსებს მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დაყენებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. თუ გამოიკვეთება ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება, პრობაციის ოფიცერი დამატებით ავსებს დინამიკური ფაქტორების №3 (საცხოვრებელი), №5 (განათლება), №6 (დასაქმება) და №7 (ეკონომიკური მდგომარეობა) ველებს. 3. შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილე სპეციალისტების ჩართვის განმსაზღვრელი პროცედურებია: ა) პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არ ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები, მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი I და ნაწილი II) შეფასებას ახდენს პრობაციის ოფიცერი; ბ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის, ხოლო რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორებიდან (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის დინამიკური ფაქტორები (დანართი №1, ნაწილი III) არ ივსება და შემთხვევა სასჯელის მოხდის კოორდინაციის მიზნით რჩება პრობაციის ოფიცერთან; გ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დაბალი დონის და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი II) მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან; დ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საშუალო დონის და რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის სტატიკური ფაქტორების (დანართი №1, ნაწილი II) დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან. 4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის 1-დან მე-7 კითხვის ჩათვლით, მაღალი დონის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დაბალი ან საშუალო დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გაანაწილებს შესაბამის სოციალურ მუშაკთან. 5. სოციალური მუშაკი, საქმის მისთვის დაკისრებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში, აფასებს მსჯავრდებულთან დაკავშირებულ დინამიკურ ფაქტორებს (დანართი №1, ნაწილი III), რომლის განმავლობაშიც იგი ატარებს მსჯავრდებულთან არანაკლებ ორ შეხვედრას, რომელთაგან ერთი, საჭიროების შემთხვევაში და მსჯავრდებულის თანხმობით, შეიძლება გულისხმობდეს ვიზიტს მსჯავრდებულის ოჯახში. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად დადგენილი ვადა საკმარისი არ არის, დამატებითი ვადის განსაზღვრის მოთხოვნით, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, სოციალური მუშაკი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც დამატებით ვადას განსაზღვრავს არაუმეტეს 6 სამუშაო დღით. 6. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი. 7. შეფასების პროცესში, თუ სოციალური მუშაკის მიერ გამოიკვეთა მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის შეხვედრის საჭიროება, სოციალური მუშაკი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას და ამის შესახებ აცნობებს პრობაციის ოფიცერს. 8. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს სოციალური მუშაკი. 9. მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება შესაძლოა, გამოიკვეთოს რისკისა და საჭიროებების ფორმაში მაღალი ალბათობის გამოკვეთისას დინამიკური ფაქტორების მე-8, მე-9, მე-10, მე-14 და მე-16 ველებში. ამ შემთხვევაში, სპეციალისტს შეფასებისათვის განესაზღვრება 7 სამუშაო დღე. 10. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მე-8-დან მე-10 კითხვის ჩათვლით მაღალი დონის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის, ან მნიშვნელოვანი ზიანის რისკის 1-დან მე-7 კითხვის ჩათვლით, მაღალი დონის გამოკვეთის და სტატიკურ ნაწილში დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის მაღალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი დაუყოვნებლივ მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში ფსიქოლოგის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გადაამისამართებს შესაბამის ფსიქოლოგთან. 11. ფსიქოლოგი, საქმის მისთვის დაკისრებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში, ხვდება მსჯავრდებულს არანაკლებ 2-ჯერ და ავსებს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასების დინამიკური ნაწილის №4, №8−№16 ფაქტორების ველებს. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა საკმარისი არ არის, დამატებითი ვადის მოთხოვნით, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, ფსიქოლოგი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც დამატებით ვადას განსაზღვრავს არაუმეტეს 6 სამუშაო დღით. 12. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი. 13. შეფასების პროცესში, თუ ფსიქოლოგის მიერ გამოიკვეთა მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის ჩართვის საჭიროება, ფსიქოლოგი მიმართავს დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს, რომელიც საქმეს უნაწილებს სოციალურ მუშაკს, და ამის შესახებ აცნობებს პრობაციის ოფიცერს. 14. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს ფსიქოლოგი. 15. მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის ჩართვის საჭიროება შესაძლოა, გამოიკვეთოს რისკებისა და საჭიროების შეფასების ფორმაში დანაშაულის განმეორებით ჩადენის საშუალო ან მაღალი ალბათობის №3, №7, №11, №12 და №13 ფაქტორების გამოკვეთისას. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტს შეფასებისათვის განესაზღვრება 7 სამუშაო დღე. სოციალური მუშაკი, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიზიტს ახორციელებს ოჯახში. მუხლი 22🔗. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი შეფასება 1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარის ფორმა (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან. 2. სკრინინგის კითხვარის ფორმას ავსებს პრობაციის ოფიცერი მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შემდეგ. 3. სკრინინგის კითხვარი სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან მომუშავე სპეციალისტებს ეხმარება იმ პირთა იდენტიფიცირებაში, რომლებმაც წარსულში გადაიტანეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან/და ეკონომიკური ძალადობა ან იძულება. 4. სკრინინგის კითხვარი საშუალებას იძლევა, მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით. 5. სკრინინგის კითხვარი იყოფა ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობისა“ და „ქალთა მიმართ ძალადობისგან, რომელთაგან: ა) ოჯახში ძალადობის ნაწილი შედგება 4 თემატური ბლოკისა და 12 კითხვისგან; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილი შედგება 4 თემატური ბლოკისა და 6 კითხვისგან. 6. თითოეულ თემატურ ბლოკში შემოხაზული ქულები ჯამდება ცალ-ცალკე. 7. დაჯამებული ქულების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება ქალი მსჯავრდებულის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ან/და შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. 8. თითოეულ თემატურ ბლოკს მინიჭებული აქვს მაქსიმალური 24 ქულა, სულ თითოეულ ნაწილს − 96 ქულა. მსჯავრდებულისთვის საჭირო სერვისის განსაზღვრა ხდება შემდეგი წესით: ა) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 6-30 ქულას, მსჯავრდებული საჭიროებს ინფორმაციის მიწოდებას ცნობიერების ამაღლების კუთხით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეფასება ერთ თემატურ ბლოკში შეადგენს 24 ქულას, ამ შემთხვევაში, საქმე რჩება ოფიცერთან; ბ) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 30-ზე მეტ ქულას ან ერთი თემატური ბლოკის ქულათა ჯამი შეადგენს 24 ქულას, საჭიროა ქალი მსჯავრდებულის გადამისამართება სოციალურ მუშკთან, რომელიც მას ჩართავს შესაბამის სარეაბილიტაციო მომსახურებაში; გ) თუ ორ თემატურ ბლოკში ქულათა ჯამი შეადგენს 44 ან მეტ ქულას, მსჯავრდებულს უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგის მომსახურება. მუხლი 23🔗. გუნდი 1. პირველადი შეფასების შემდგომ სპეციალისტთა მუშაობა გრძელდება გუნდის პრინციპით, რომლის ფუნქციებია: რისკისა და საჭიროებების შეფასების შედეგების შეჯამება, გეგმის შეთანხმება, სავალდებულო და ნებაყოფლობითი სარეაბილიტაციო პროგრამების განსაზღვრა და მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის აღსრულების ვალდებულებებთან (მაგ., გამოცხადების რეჟიმი, სასჯელის შემსუბუქება, სასჯელის მოხსნა) დაკავშირებული ცვლილებებისთვის შუამდგომლობის რეკომენდაციის მომზადების საკითხის განხილვა. 2. მსჯავრდებულთან მომუშავე პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი ან/და ფსიქოლოგი ქმნიან გუნდს. 3. გუნდი იქმნება პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მომსახურება. 4. გუნდის პირველი შეხვედრა შედგება რისკისა და საჭიროებების შეფასების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 5. გუნდის მომდევნო გეგმური შეხვედრა იმართება ინდივიდუალური გეგმის (თუ გეგმა არის 5 თვის ან მეტი ხანგრძლივობის) დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ 7 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროებისამებრ, ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების გადახედვა). 5 თვეზე ნაკლებვადიანი გეგმის დასრულების შემთხვევაში, გუნდი იკრიბება მხოლოდ სპეციალისტების მიერ საჭიროებების გამოკვეთისას. 6. გუნდის შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს არაგეგმურად, გამოვლენილი რისკფაქტორების გათვალისწინებით. 7. საჭიროების შემთხვევაში, გუნდის შეხვედრას ესწრება პროფესიული ზედამხედველი. შესაძლებელია, გუნდის შეხვედრას დაესწროს თემატური ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი. 8. გუნდის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრობაციის ოფიცერი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს გუნდის შეკრებას; ბ) აკონტროლებს გუნდის შეხვედრის ვადებს; გ) აგროვებს ინფორმაციას გუნდის ყველა წევრისგან. 9. გუნდის შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტები განიხილავენ და თანხმდებიან ზიანის რისკისა და საჭიროებების საბოლოო შედეგებზე, რაც აისახება ქულების და, საჭიროების შემთხვევაში, კომენტარის სახით, რისკისა და საჭიროებების დოკუმენტის შესაბამის ნაწილში (დანართი №1, ნაწილი IV). თუ გუნდის წევრები ვერ თანხმდებიან საბოლოო შეფასებაზე, საკითხის შეთანხმების მიზნით ხდება პროფესიული ზედამხედველ(ებ)ის მოწვევა. მუხლი 24🔗. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას (დანართი №12) რისკისა და საჭიროებების შეფასების დასრულების შემდგომ ადგენს გუნდი. 2. გეგმის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე. 3. გეგმას ავსებს/ავსებენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი სპეციალისტ(ებ)ი. 4. მსჯავრდებულს გეგმას აცნობს გუნდი ერთობლივად, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში − შემთხვევის მმართველი, შეხვედრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რაც დასტურდება გეგმაზე მსჯავრდებულის ხელმოწერით. 5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს გეგმის ხელმოწერაზე, დოკუმენტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის აღნიშვნით. გეგმის ხელმოწერაზე უარი არ აფერხებს გეგმის სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამების აღსრულებას. 6. გეგმის ამოქმედების თარიღად ჩაითვლება მსჯავრდებულისთვის გეგმის გაცნობის თარიღი. 7. გეგმის განხორციელების ეტაპზე, გეგმაში ნებისმიერი ისეთი სახის ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რომელიც არ საჭიროებს ზიანის რისკისა და საჭიროებების ფორმის გადასინჯვას, გეგმის შესრულების პროცესში ჩართული სპეციალისტი შეტანილი ცვლილების თაობაზე ატყობინებს პრობაციის ოფიცერს და გეგმის ცვლილებას აცნობს მსჯავრდებულს.  8. პრობაციის ოფიცერი ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მსჯავრდებულისთვის გაცნობის ვადებს, პირობებსა და შესრულებას. მუხლი 25🔗. სარეაბილიტაციო პროგრამები 1. სააგენტოში არსებული თითოეული სარეაბილიტაციო პროგრამა მიეკუთვნება შემდეგ მიმართულებებს: ა) დანაშაულებრივ ქცევაზე ფოკუსირებული პროგრამები − ინტერვენციები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული დანაშაულებრივი ქცევის ცვლილებას (სავალდებულოა მსჯავრდებულისთვის); ბ) დანაშაულებრივ ქცევასთან დაკავშირებული პროგრამები − ინტერვენციები, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდება დანაშაულებრივი ქცევის ცვლილებას, მაგრამ ზემოქმედებს მასზე (შეიძლება იყოს სავალდებულო და ნებაყოფლობითი); გ) პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები − კლინიკურ საჭიროებებთან გამკლავების და სოციალური უნარების განვითარების ინტერვენციები (შეიძლება იყოს სავალდებულო და ნებაყოფლობითი). 2. სარეაბილიტაციო პროგრამების მიმწოდებელია სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი. 3. სარეაბილიტაციო პროგრამებში პირის მონაწილეობის მონიტორინგს უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ მიწოდებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტ(ებ)ი. პროცესში გამოკვეთილი სირთულეების არსებობის შემთხვევაში, სპეციალისტი აწვდის ინფორმაციას შემთხვევის მმართველს, რომელიც რეაგირებს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. სპეციალისტ(ებ)ის მიერ მომსახურების ჩანაწერი (დანართი №14) დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაში გაწერილი ყოველი სარეაბილიტაციო პროგრამის მიწოდების შემდგომ. მუხლი 26🔗. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეჩერება 1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება, თუ: ა) მსჯავრდებული იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე და ვერ ცხადდება პრობაციის ბიუროში ან არსებობს ექიმის რეკომენდაცია გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით სახით; ბ) მსჯავრდებული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დროებით ტოვებს ქვეყნის საზღვრებს; გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება; დ) მსჯავრდებული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დროებით ცხადდება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც აღრიცხვაზე არ იმყოფება, და სადაც არ ხორციელდება სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება უნდა განახლდეს. მუხლი 27🔗. შედეგების შეფასება. გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულზე ზედამხედველობა 1. გეგმის შედეგების შეფასება ხორციელდება გეგმის დასრულების ეტაპზე შემთხვევის მმართველის მიერ (დანართი №13), მომსახურების ჩანაწერის (დანართი №14) საფუძველზე. 2. თუ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა მოიცავდა საგანმანათლებლო ან/და საინფორმაციო ტიპის ღონისძიებებს, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ოფიცერი ან/და სხვა სპეციალისტი. 3. თუ მსჯავრდებულს განსაზღვრული ჰქონდა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს/ახორციელებენ ის სპეციალისტ(ებ)ი, რომელმაც/რომლებმაც უზრუნველყვეს ბენეფიციარის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა. ინფორმაცია განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ აისახება მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმაში. ზედამხედველობის რამდენიმე ეტაპის შემდეგ შესაძლებელია, საქმე დაუბრუნდეს ოფიცერს. მუხლი 28🔗. რისკისა და საჭიროებების შეფასების გადასინჯვა 1. სპეციალისტის მიერ მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის გადასინჯვა გულისხმობს რისკისა და საჭიროებების ფორმის ყველა ველის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და, ცვლილების შემთხვევაში, მათ ასახვას წინა შეფასების შედეგებსა და მიმდინარე სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით. 2. რისკისა და საჭიროებების გადასინჯვა ხორციელდება შეფასების დასრულებიდან არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკი უნდა გადაისინჯოს რისკის და საჭიროების შეფასების გადასინჯვის პარალელურად. მუხლი 29🔗. სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულ პირთათვის რეჟიმის შემსუბუქება, ნებართვების გამოყენება და სასჯელის მოხსნა რისკისა და საჭიროებების შეფასების გადასინჯვის შემდგომ, მნიშვნელოვანი ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დაბალი დონის გამოკვეთის შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული აქტიურად მონაწილეობდა გეგმით გაწერილ ყველა სარეაბილიტაციო პროცესში და სასჯელის ინდივიდუალური გეგმით დასახული მიზნები მიღწეულია, მომსახურების მიმწოდებელი სპეციალისტი გუნდთან შეთანხმებით გასცემს რეკომენდაციას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ან თვეში ერთხელ გამოცხადებას ან/და სასჯელის მოხსნას სასჯელის ნახევრის გასვლის შემდგომ. მუხლი 30🔗. პირობით მსჯავრდებულის სხვა პრობაციის ბიუროში გადაყვანა. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტა 1. პირობით მსჯავრდებულის სხვა პრობაციის ბიუროში გადაყვანის შემთხვევაში, შესაბამის პრობაციის ბიუროში გადაიგზავნება პირადი საქმე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად. 2. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება ან წყდება იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, ნებართვის საფუძველზე იმყოფება საზღვარგარეთ, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა. 3. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემაჯამებელი ანგარიში. 4. ინდივიდუალური გეგმის შეჩერების შემთხვევაში შემთხვევის მმართველი აკეთებს ჩანაწერს და გეგმა შეჩერდება გონივრული ვადით, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე. 5. შემთხვევის მმართველი უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ან/და გუნდის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვას/დაარქივებას როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. 6. დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გუნდის წევრებისა და პროფესიული ზედამხედველისთვის. 7. სპეციალისტი, რომელიც უძღვება ან ჩართულია შემთხვევის მართვაში, გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში, თანამშრომლობს სხვა უწყებებთან. 8. პირობით მსჯავრდებულის ერთი უწყებიდან მეორეში გადასვლისას ხდება ბოლოს წარმოებული რისკისა და საჭიროებების ფორმისა და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტების გაცვლა. თავი IV სააგენტოში სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა) მუხლი 31🔗. სამიზნე ჯგუფი 1. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები. 2. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და პროსოციალური ღირებულებების აღდგენის/ჩამოყალიბების გზით. 3. პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან: ა) საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ასეთი პირის სტატუსი), რომლებსაც აქვთ საქართველოში ლეგალურად ყოფნის სამართლებრივი საფუძველი; ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი. 4. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში მომსახურება შესაძლებელია, გაეწიოთ ბენეფიციართა ოჯახის წევრებს, თუ მოსალოდნელია, რომ ეს დადებითად აისახება თავად ბენეფიციარის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე. 5. ყოფილი პატიმრის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია, ყოფილი პატიმარი პროგრამაში ჩაერთოს იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგომ გასულია 5წელზე მეტი. 6. ცალკეული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას შესაძლებელია, მომსახურების მოსარგებლედ ჩაითვალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მხოლოდ გარკვეული წრე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების სამიზნე ჯგუფის კრიტერიუმებს. მუხლი 32🔗. მომართვის პროცედურები 1. პროგრამაში ყოფილი პატიმარი ჩაერთვება „მომართვის ფორმის“ (დანართი №15) შესაბამისად შედგენილი მომართვის საფუძველზე. „მომართვის ფორმის“ შევსება შესაძლებელია სააგენტოში, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში პროგრამის სოციალური მუშაკების ინდივიდუალური/ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ან ყოფილი პატიმრის საცხოვრებელ ადგილზეც იმ შემთხვევაში, თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ ახერხებს გამოცხადებას. შესაძლებელია „მომართვის ფორმის“ მიღება სხვა ადგილას შევსების გზითაც, თუ გამოყენებულია ელექტრონული საშუალებები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირის მომართვაში აისახება პირის საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე, ინფორმაცია ბოლო მსჯავრდების საფუძვლისა და ჩართვის მსურველი პირის ძირითადი საჭიროებების შესახებ. „მომართვის ფორმა“ დათარიღებული და ხელმოწერილი უნდა იყოს სოციალური მუშაკისა და მომართვის ავტორის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომართვა მიღებულია ელექტრონული ფორმით. 3. მომართვას დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი განსახილველად გადასცემს შემთხვევის მმართველ სოციალურ მუშაკს. 4. დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსის მიერ შემთხვევის მმართველი სოციალური მუშაკისათვის საქმის დაკისრების შედეგად, ყოფილი პატიმარი ითვლება პროგრამის ბენეფიციარად. „მომართვის ფორმას“ უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში): ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) პენიტენციური დაწესებულებიდან/სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გაცემული შესაბამისი ცნობა. 5. თუ „მომართვის ფორმა“ შევსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოფილი პატიმარი პროგრამის ბენეფიციარად ჩაითვლება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისა და მისი საქმის შემთხვევის მმართველი სოციალური მუშაკისთვის დაკისრების შედეგად. 6. „მომართვის ფორმის“ შევსების მომენტისათვის ყოფილი პატიმრის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაციის გამოთხოვასა და საქმის მასალებისთვის მათ დართვას უზრუნველყოფს შემთხვევის მმართველი მისთვის საქმის დაკისრების შემდეგ, ბენეფიციარის მიერ „პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის“ (დანართი №25) ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში. 7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პირის, როგორც ყოფილი პატიმრის, იდენტიფიცირება. 8. პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს პროგრამის შიდა მომსახურებებით, აგრეთვე, იმ მომსახურებებით, რომელთა მიღებაც არ საჭიროებს მესამე პირისთვის პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის შევსება ცალკეული მომსახურების მიღების მიზნით. 9. პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის ხელმოწერაზე უარის, აგრეთვე, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, თავად წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი. 10. შემთხვევის მმართველი, მისთვის საქმის გადაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებულია, დაუკავშირდეს ბენეფიციარს და დაგეგმოს პირველი შეხვედრა. 11. თუ ბენეფიციარი უარს აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე ან „მომართვის ფორმაში“ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არასწორია, შემთხვევის მმართველი შეფასების გარეშე ხურავს შემთხვევას (საქმეს შეწყვეტს) მიზეზის დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მუხლი 33🔗. ბენეფიციარის შეფასება 1. ბენეფიციარის შეფასების მიზნით გამოიყენება „რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმა“ (დანართი №1). 2. შეფასების პროცესი იწყება ბენეფიციართან შეხვედრით, რომლის დროსაც, შემთხვევის მმართველი უხსნის ბენეფიციარს პროგრამის მიზნებს, აწვდის ინფორმაციას მომსახურებების, ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების, კონფიდენციალობის დაცვის წესების შესახებ. ამავე შეხვედრაზე, შემთხვევის მმართველი აცნობს ბენეფიციარს პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმას, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, ხელს აწერს ბენეფიციარი. 3. შემთხვევის მმართველი ახორციელებს ბენეფიციარის დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასებას. ბენეფიციარის რისკის დონის შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლში აღწერილი პროცედურებისა და დანართი №1-ის შესაბამისად. შეფასების პროცესი მოიცავს არანაკლებ 2 შეხვედრას ბენეფიციართან, მათ შორის, არანაკლებ 1 ვიზიტს საცხოვრებელ ადგილზე მისი სოციალური გარემოს გაცნობის მიზნით. 4. შემთხვევის შეფასების პროცესი გრძელდება არაუმეტეს 32 სამუშაო დღისა. თუ შეფასების დასრულება ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში, შეფასების ფორმაში შემთხვევის მმართველი მიუთითებს მუშაობის პერიოდს და შენიშვნის სახით განმარტავს შესაბამის მიზეზებს. მუხლი 34🔗. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი შეფასება 1. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი“ (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ყოფილ პატიმარ ქალებთან. 2. სკრინინგის კითხვარს ავსებს სოციალური მუშაკი რისკისა და საჭიროებების ფორმის (დანართი №1) საფუძველზე შეფასების განხორციელების შემდეგ. 3. სკრინინგის კითხვარის მიზანია, მოხდეს წარსულში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის ან იძულებისმსხვერპლი ყოფილი პატიმარი ქალების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით. 4. ყოფილი პატიმარი ქალისათვის საჭირო სერვისის განსაზღვრა ხდება ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 35🔗. შემთხვევის სტატუსი ყოფილი პატიმრის მიერ „მომართვის ფორმის“ შევსების შემდეგ, შემთხვევას შესაძლებელია, მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი: ა) „ახალი“ − სტატუსი ავტომატურად ენიჭება ყოფილი პატიმრის შემთხვევას „მომართვის ფორმის“ შევსებისთანავე; ბ) „აქტიური“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას მისი სოციალური მუშაკისათვის დაკისრების შემდეგ; გ) „მიმდინარე“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას შეფასების ეტაპის დასრულების და სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების შემდეგ; დ) „დახურული“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას „შემთხვევის დახურვის ფორმის“ შევსების შემდეგ; ე) „შეფასების გარეშე დახურული“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმის“ შევსების შემდეგ; ვ) „მომლოდინე“ − სტატუსი ენიჭება ბენეფიციარის შემთხვევას, როდესაც ბენეფიციარის შეფასება დასრულებულია, ხოლო გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისი მომსახურება დროებით მიუწვდომელი. სტატუსი „მომლოდინე“ ბენეფიციარის შემთხვევას ენიჭება „მიმდინარე“ სტატუსის მინიჭებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ. ყოველ 3 თვეში ერთხელ „მიმდინარე“ შემთხვევის სტატუსის მქონე ბენეფიციართან შემთხვევის მმართველი ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციას, რაც აისახება შეხვედრის (ჩანაწერის) ფორმაში (დანართი №16). მუხლი 36🔗. ინდივიდუალური მომსახურების გეგმა, გეგმის გადასინჯვა და მონიტორინგი 1. შეფასების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, შემთხვევის მმართველი და ბენეფიციარი ერთობლივად თანხმდებიან „ინდივიდუალური მომსახურების გეგმაზე“ (დანართი №18). გეგმაზე თანხმობას ხელმოწერით ადასტურებენ შემთხვევის მმართველი და ბენეფიციარი. 2. „ინდივიდუალური მომსახურების გეგმით“ განსაზღვრული სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებისას, შემთხვევის მმართველი აჯამებს რეაბილიტაციის შემდგომ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას შემთხვევის გადასინჯვის/ახალი გეგმის შედგენის ან შემთხვევის დახურვის შესახებ. 3. შეფასების დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, შემთხვევის მმართველი აჯამებს გეგმით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებას, რაც აისახება შეფასების ფორმაში, რომლის საფუძველზეც, მიღწეული შედეგებისა და პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, ხორციელდება გეგმის გადასინჯვა და მასში ცვლილების შეტანა. 4. გეგმის განხორციელება ექვემდებარება სისტემატურ მონიტორინგს, რომელსაც ყოველთვიურად ატარებს შემთხვევის მმართველი, რაც ემსახურება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგების, გამოვლენილი რისკებისა და დამცავი ფაქტორების დროულ აღმოჩენას, შესაბამისი საპასუხო ღონისძიების გატარებას. 5. მონიტორინგი გრძელდება სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებამდე. მონიტორინგის შედეგების ასახვა ხორციელდება „მონიტორინგის ფორმაში“ (დანართი №19). 6. ერთი საქმის ფარგლებში ბენეფიციარის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, რაც, ბენეფიციარის სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით, შემთხვევის მმართველის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია, დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით. 7. ერთი და იმავე პირის პროგრამაში ხელახალი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას, არსებული ვითარებისა და დახურული შემთხვევის მასალების გათვალისწინებით, იღებს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი. მუხლი 37🔗. შემთხვევის დახურვის (საქმის შეწყვეტის) პროცედურები 1. შემთხვევა დაიხურება (საქმე შეწყდება) ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. შემთხვევის დახურვისას გამოიყენება ორი ფორმა: „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმა“ (დანართი №17) და „შემთხვევის დახურვის ფორმა“ (დანართი №20). 2. „შეფასების გარეშე შემთხვევის დახურვის ფორმას“ შემთხვევის მმართველი იყენებს იმ შემთხვევაში, თუ: ა) 1 თვის განმავლობაში ერთკვირიანი შუალედებით 4-ჯერ უშედეგოდ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია; ბ) შემთხვევის მმართველსა და ბენეფიციარს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა, მაგრამ მიუხედავად 3 თვის განმავლობაში ორკვირიანი შუალედებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციისა, რაც აღირიცხება შესაბამის ფორმაში, ბენეფიციართან შეხვედრა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში, შემთხვევის მმართველი შესაბამის ფორმას აწარმოებს ყოველი თვის ბოლოს და 3 თვის შემდეგ ხურავს შემთხვევას; გ) ბენეფიციარი შემთხვევის მმართველთან პირველი შეხვედრის შემდეგ არ ცხადდება შეთანხმებულ შეხვედრაზე. ამ გარემოების არსებობისას, შემთხვევის მმართველი 3 თვის განმავლობაში ორკვირიანი შუალედებით ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციას, რასაც აღრიცხავს შესაბამის ფორმაში და 3 თვის შემდეგ ხურავს შემთხვევას. დ) შეფასების ვადები ირღვევა ბენეფიციარის გამოუცხადებლობის გამო. ამ შემთხვევაში, შეხვედრების განახლების მიზნით ბენეფიციარს ეძლევა დამატებით 3 თვის ვადა. ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, შემთხვევის მმართველი ხურავს შემთხვევას. ე) მომართვის ფორმაში არ არის მითითებული, ან მითითებულია მცდარი საკონტაქტო ინფორმაცია; ვ) ბენეფიციარი არ/აღარ არის თანახმა პროგრამაში მონაწილეობაზე; ზ) ბენეფიციართან პირველი შეხვედრის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში, მასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლებელია შეფასების დასრულება; თ) ბენეფიციარს საკუთარი სურვილისამებრ, პროგრამის თანამშრომლის მხრიდან გაეწია ერთჯერადი მომსახურება/კონსულტაცია და არ იკვეთება მომსახურების დამატებითი საჭიროება; ი) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს შეფასების პროცესის დასრულებას, ამასთან, შემთხვევის მმართველისგან მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება; კ) შეფასების პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა; ლ) ბენეფიციარის სურვილის/საჭიროების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს კომპეტენციას/უფლებამოსილებას; მ) შემთხვევის მმართველის მიერ თანხმობის ფორმის საფუძველზე გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ კრიტერიუმებს; ნ) შემთხვევის მმართველის მიერ პერსონალური მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაცემის თაობაზე თანხმობის ფორმის საფუძველზე ვერ იქნა მოძიებული შემთხვევის მართვისთვის აუცილებელი, სამიზნე ჯგუფისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან და აღნიშნული დოკუმენტაცია არც ბენეფიციარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი. 3. „შემთხვევის დახურვის ფორმას“ შემთხვევის მმართველი იყენებს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დასრულდა ბენეფიციარის სარეაბილიტაციო პროცესი; ბ) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს სარეაბილიტაციო პროცესს, რის გამოც შემთხვევის მმართველისგან მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება; გ) ბენეფიციარი არ ასრულებს ერთობლივად შემუშავებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს; დ) სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა; ე) ბენეფიციარი უარს ამბობს პროგრამაში მონაწილეობაზე; ვ) ბენეფიციარის სურვილის/საჭიროების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს კომპეტენციას/უფლებამოსილებას; ზ) ზედიზედ 3 თვის განმავლობაში ვერ ხერხდება „მიმდინარე“ შემთხვევის სტატუსის მქონე ბენეფიციართან დაკავშირება. 4. თუ შემთხვევაზე მუშაობს პროგრამის სხვა მოსამსახურე, აუცილებელია, შემთხვევის მმართველმა წერილობით აცნობოს მას შემთხვევის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე. 5. შემთხვევის დახურვის შემდეგ, ბენეფიციარს შეუძლია, ერთჯერადად ხელახლა მიმართოს სააგენტოს პროგრამაში ჩართვის მიზნით. მუხლი 38🔗. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები 1. პროგრამით ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს მიეწოდებათ შემდეგი სახის მომსახურებები: ა) ფსიქოსოციალური მომსახურება; ბ) იურიდიული მომსახურება; გ) ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დ) დასაქმების ხელშეწყობა; ე) სპორტულ, რეკრეაციულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) პროფესიული გადამზადება/ხელობის შესწავლა; ზ) არაფორმალური განათლება; თ) ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა; ი) უცხო ენის შემსწავლელ კურსში მონაწილეობა; კ) სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამაში ჩართვა; ლ) ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან მუშაობა. 2. პროგრამა შესაძლებელია, ითვალისწინებდეს სხვა სახის ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის შედეგადაც, იქმნება ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის წამახალისებელი პირობები და მცირდება რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამავე მიზნების მიღწევას. მუხლი 39🔗. ფსიქოლოგის მომსახურება 1. შემთხვევის მმართველი ბენეფიციარს ფსიქოლოგთან გადაამისამართებს გადაუდებელი საჭიროების, მისი მოთხოვნისა და შეფასების პროცესში გამოკვეთილი გარემოებების საფუძველზე. 2. ფსიქოლოგი ვალდებულია, გადამისამართებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემთხვევის მმართველს მიაწოდოს ბენეფიციარის ფსიქოლოგიური მდგომარეობის პირველადი შეფასება, რაც აისახება „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმაში“ (დანართი №21). თუ შეფასების დასრულება ვერ ხერხდება დადგენილ ვადაში, „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმაში“ ფსიქოლოგმა უნდა მიუთითოს პირველი შეხვედრის თარიღი, ხოლო მიზეზები განმარტოს შენიშვნის სახით. „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმას“ ფსიქოლოგი ადასტურებს ხელმოწერით. 3. თუ პროგრამის ფსიქოლოგის მიერ პირველადი შეფასების შემდგომ გამოკვეთილი საჭიროება სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, ფსიქოლოგი ვალდებულია, დაეხმაროს შემთხვევის მმართველს ბენეფიციარის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში გადამისამართებაში. 4. ფსიქოლოგის პირველადი შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე, ასევე, ბენეფიციარის თანხმობის შემთხვევაში, ფსიქოლოგი აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას. შესრულებული სამუშაო და დაგეგმილი ღონისძიებები ყოველთვიურად უნდა აისახოს „ფსიქოლოგის მონიტორინგის ფორმაში“ (დანართი №22). 5. შემთხვევაზე მუშაობის პროცესში ფსიქოლოგი და შემთხვევის მმართველი ვალდებულნი არიან, გაცვალონ ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროცესის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და ერთობლივად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები. 6. ფსიქოლოგი უფლებამოსილია, შესაბამისი საფუძვლით დახუროს შემთხვევა, რომელსაც ახორციელებს „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმის“ (დანართი №23) მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ: ა) დასრულდა სამუშაო პროცესი; ბ) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს სამუშაო პროცესს და მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება; გ) სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა; დ) ბენეფიციარის საჭიროებების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს ფსიქოლოგის კომპეტენციას/უფლებამოსილებას; ე) ბენეფიციარს არ აქვს სურვილი, განაგრძოს ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა. 7. „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმაში“ (დანართი №23) ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბენეფიციარის პირველადი ჩივილები; ბ) ჩატარებული სამუშაო; გ) შეხვედრების რაოდენობა; დ) ამჟამინდელი მდგომარეობა; ე) რეკომენდაციები. 8. „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმას“ ფსიქოლოგი ადასტურებს ხელმოწერით და უგზავნის შემთხვევის მმართველს. მუხლი 40🔗. იურიდიული მომსახურება 1. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულია იურისტი, რომელიც შემთხვევის მმართველთან კოორდინირებული მუშაობით, სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში დახმარებით გზით, ხელს უწყობს ბენეფიციარის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას. 2. შეფასების პროცესში გამოკვეთილი იურიდიული დახმარების საჭიროების საფუძველზე, შემთხვევის მმართველი გეგმავს ბენეფიციარის ვიზიტს იურისტთან ან სხვაგვარ კომუნიკაციას. 3. კომუნიკაციის დასრულების შემდეგ იურისტი ავსებს „იურიდიული კონსულტაციის ფორმას“ (დანართი №24), სადაც აისახება ინფორმაცია სამართლებრივი პრობლემის, გაწეული კონსულტაციისა და სხვა სახის დახმარების შესახებ. 4. შემთხვევის მმართველი აქტიურად თანამშრომლობს პროგრამის იურისტთან, აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას, რაც საჭიროა ბენეფიციარის პრობლემის მოგვარების მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, იურისტი ახორციელებს კონსულტაციებს ფსიქოლოგთან. 5. თუ პროგრამის იურისტის მიერ პირველადი იურიდიული კონსულტაციისას გამოკვეთილი ბენეფიციარის საჭიროებები სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, იურისტი ვალდებულია, დაეხმაროს შემთხვევის მმართველს ბენეფიციარის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში გადამისამართებაში. მუხლი 41🔗. მულტიდისციპლინური განხილვა 1. რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში ერთი ან რამდენიმე შემთხვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც საჭიროებს სხვა სპეციალისტების ჩართულობას, შეიძლება გახდეს გუნდის მიერ მულტიდისციპლინური განხილვის საგანი. მულტიდისციპლინური განხილვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემთხვევის მმართველი. მულტიდისციპლინური განხილვის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, ასევე, აქვს პროფესიულ ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსს. 2. გუნდის მიერ მულტიდისციპლინური განხილვის ოქმში უნდა აისახოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა) მულტიდისციპლინური განხილვის დრო და ადგილი; ბ) განხილვაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი; გ) დღის წესრიგი; დ) განხილვის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები; ე) განხილვის მოკლე აღწერა; ვ) განხილვის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი. 3. გუნდის ძირითადი წევრები არიან: შემთხვევის მმართველი, ფსიქოლოგი, იურისტი, პროფესიული ზედამხედველი (არსებობის შემთხვევაში) და, საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი. განხილვაზე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს სხვა სპეციალისტი. 4. შემთხვევის მმართველის გადაწყვეტილებით, განხილვაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სფეროს სპეციალისტი, რომლის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას შემთხვევის მმართველი ათანხმებს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსთან. მუხლი 42🔗. შემთხვევის მართვა უწყებათა შორის თანამშრომლობის ფარგლებში 1. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბენეფიციარის შეფასების ფორმის გადმოცემის შემთხვევაში, შემთხვევის მმართველი ავსებს შეფასების მხოლოდ დინამიკურ ნაწილს (დანართი №1, ნაწილი III), რის შემდეგაც იგი ამ წესის შესაბამისად ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და ახორციელებს შემთხვევის მართვის პროცედურებს. 2. პირობითი მსჯავრის დასრულების შემდეგ, ყოფილი პატიმრის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში, შემთხვევის მმართველის მიერ შეფასების ფორმის გამოთხოვა ხდება დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების ფორმის მიღების შემდეგ, სოციალური მუშაკი შეფასებას (დანართი №1) გადახედავს და, საჭიროების შემთხვევაში, მასში შეიტანს ცვლილებებს, რის შემდეგაც ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და ახორციელებს შემთხვევის მართვის პროცედურებს ამ წესის შესაბამისად.