საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 100030010.22.034.016945
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება
№11/№504
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების თანდართული წესი.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაურისაქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების (შემდგომ – იზოლატორი) სამედიცინო პერსონალის (ექიმი) მიერ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (შემდგომ - ინფორმაცია) მიწოდების წესს.
მუხლი 2🔗.
ინფორმაციის მიწოდების მიზანი
ინფორმაციის მიწოდების მიზანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის და პენიტენციურ სისტემაში დაავადებათა გავრცელების პრევენციის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის მიწოდების საფუძველი და მოცულობა
1. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების საფუძველია:
ა) იზოლატორის ექიმის მიერ გამოვლენილი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სუიციდის ჩადენის რისკი;
ბ) იზოლატორის ექიმის მიერ სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე ეჭვი, რომლის დროსაც შემთხვევა საჭიროებს შეტყობინებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) იზოლატორის ექიმისთვის ცნობილი მტკიცებულება ან/და დასაბუთებული ვარაუდი იმ ინფექციური დაავადების შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პირის განცალკევებას ან/და საკარანტინო ზომების მიღებას საჭიროებს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შემდგომი გართულებებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების დაუყოვნებელ რეაგირებას ან/და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, იზოლატორის ექიმმა უნდა აღნიშნოს შესაბამის ფორმაში (დანართი №1).
3. ესკორტირების/ბადრაგირების ან დაწესებულებაში მიღების პროცედურებში ჩართული არასამედიცინო პერსონალისთვის ინფორმაციის შინაარსის ზეპირად მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის საჭირო და არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.
მუხლი 4🔗.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა
იზოლატორის ექიმის მიერ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდება არ საჭიროებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ თანხმობას. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია.
მუხლი 5🔗.
ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადები
1. ინფორმაციას კონვერტში ლუქავს იზოლატორის ექიმი. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის მიწოდების მიზნით, დალუქული დოკუმენტი გადაეცემა ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფს. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს/სამედიცინო ნაწილს ინფორმაცია ამ წესის დანართი №1 შესაბამისად ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფის მიერ მიეწოდება დალუქული სახით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის პერსონალს ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია მიეწოდება დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსებისთანავე.
მუხლი 6🔗.
ინფორმაციის კონფიდენციალობა
1. ამ წესით გათვალისწინებულ პირებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ინფორმაცია.
2. სამუშაო საათებში ინფორმაციის შემცველ დალუქულ კონვერტს იღებს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი (არასამედიცინო პერსონალი), ხოლო არასამუშაო საათებში – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. დალუქული კონვერტის გახსნასა და ინფორმაციის გაცნობაზე უფლებამოსილია მხოლოდ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის სამედიცინო პერსონალი.
3. სასამართლო დარბაზიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს უბრუნებს იზოლატორის სამედიცინო პერსონალს და ინახება ან/და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.