„წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის შეჩერების ან შეწყვეტის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 07.05.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 240.012.003.279
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
„წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის შეჩერების ან შეწყვეტის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ბრძანება №69
1998 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლი „ს.კ“ პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული დებულება „წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს.
მინისტრი ნ. ჩხობაძე
დებულება
წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. „წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები
1. ზედაპირული წყლებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება ან შეწყვეტა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „წყლის შესახებ“.
2. წყალსარგებლობის უფლება უნდა შეწყდეს, თუ:
ა) წყალმოსარგებლე უარს ამბობს წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე;
ბ) გავიდა წყალსარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ვადა;
გ) გარდაიცვალა წყალმოსარგებლე - ფიზიკური პირი.
გადაწყვეტილებას წყალსარგებლობის უფლების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
3. წყალსარგებლობა ვადაზე ადრე უნდა შეიზღუდოს, შეჩერდეს ან შეწყდეს;
ა) თუ წყალმოსარგებლემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ან ლიცენზიით განსაზღვრული პირობები;
ბ) თუ წყალსარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნა უშუალო საფრთხე;
გ) თუ წყალმოსარგებლემ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წყლის დაცვისა და სარგებლობის, სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოს დაცვის სხვა წესები და ნორმები;
დ) საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება და სხვა) შექმნის პირობებში;
ე) თუ მოსარგებლე არ შეუდგა წყალსარგებლობას ლიცენზიით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) იმ საწარმოთა ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელზეც გაცემული იყო ლიცენზია.
4. წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე იმ შემთხვევაშიც. თუ მოსარგებლე სისტემატურად არღვევს წყლის დაცვისა და სარგებლობის წესებს, ლიმიტებს და სხვა მოთხოვნებს.
5. განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტებზე ავარიული სიტუაციების, ეპიდემიებისა და ეპიზოტიების გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედების დროს და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე სხვა წყალმოსარგებლეთა საერთო ინტერესების გამო.
მუხლი 2🔗. წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესი
1. სპეციალური წყალსარგებლობის უფლებები შეიძლება შეზღუდოს იმ ორგანომ, რომელმაც გასცა ეს ობიექტი სპეციალურ სარგებლობაში.
2. სპეციალური წყალსარგებლობის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, თევზის დაცვისა და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით მმართველობის ადგილობრივი ორგანოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების წარდგინებით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის აღება სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა.
3. წყალსარგებლობა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული უშიშროების, ბუნებრივი გარემოს და ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის მიზნით.
4. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, „ა“, „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ან საქართველის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
5. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალარგებლობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებისთანავე და წყალმოსარგებლეს გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება.
6. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წყალსარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ერთი თვის გასვლიდან მას შემდეგ, რაც წყალმოსარგებლეს წერილობით შეატყობინებენ მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ
7. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალსარგებლობა უნდა შეწყდეს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.
8. წყალსარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს წყალმოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
9. წყალსარგებლობის უფლების შეწყვეტისას ან დროებით შეჩერებისას უნდა მოხდეს წყალამღები სისტემის ან იმ დანიშნულების ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია.
10. სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს მიწისქვეშა ნაგებობანი და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ საფრთხე არ შეუქმნან მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივ გარემოს, აგრეთვე, არსებულ შენობებსა და ნაგებობებს. სრული ლიკვიდაციის დროს უნდა განხორციელდეს სარეკულტივაციო ღონისძიებები.
11. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობა-მოწყობილობების ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს დოკუმენტაცია სალიკვიდაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ სამუშაოების დამთავრების აქტებთან ერთად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო მიწისქვეშა წყლების შემთხვევაში, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტსაც.
12. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია ხელს მოაწერს სათანადო აქტს.
13. წყალსარგებლობის უფლების ვადამდე ადრე შეწყვეტის დროს საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმოს ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები ეკისრება წყალმოსარგებლეს, თუ წყალსარგებლობა შეწყვეტილია პირველი მუხლის მე-3 „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზებით ან წყალმოსარგებლის ინიციატივით.
14. საწარმოს კონსერვაციისა და ლიკვიდაციის ხარჯებს კისრულობს სახელმწიფო, თუ წყალსარგებლობა შეწყდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზებით საწარმოს უდანაშაულობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზით.
15. თუ აღმოიფხვრა წყალსარგებლობის უფლების შეჩერების ან შეზღუდვის გამომწვევი ვითარება და პირობები, ეს უფლება შეიძლება აღდგენილ იქნეს სრული მოცულობით. ამასთან ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წყალსარგებლობა შეჩერებული იყო, არ შევა ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში, თუ შეჩერება ან შეზღუდვა წყალმოსარგებლის მიზეზით არ იყო გამოწვეული.
16. წყლის რეალიზებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაო და დადგენილი დროით დააკონსერვოს წყლის მომპოვებელი საწარმო ან მოახდინოს მისი ლიკვიდაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.
17. წყალსარგებლობის უფლება წყდება ლიცენზიის გაუქმების გზით.
18. თუ წყალმოსარგებლე არ ეთანხმება წყალსარგებლობის უფლების შეწყვეტის, შეჩერების ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, მას შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
19. წყალსარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მიყენებული იქნა წყლის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.
მუხლი 3🔗. წყალსამეურნეო ღონისძიებათა გატარებით, წყალსარგებლობის შეწყვეტით ან პირობების შეცვლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
წყალსამეურნეო ღონისძიებათა (ჰიდროტექნიკური სამუშაოები და სხვა) ჩატარებით, წყალსარგებლობის შეწყვეტით თუ პირობების შეცვლით, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.