„წყალდაცვით ზოლის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 07.05.1998
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 240.012.003.280
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„წყალდაცვით ზოლის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ბრძანება №59
1998 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ჰ.გ“ პუნქტის
შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, მიწის მართვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებული დებულება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს.
ნ. ჩხობაძე
მინისტრი
საქართველოს მთავარი
სახელმწიფო სანიტარიული ექიმი
ნ. შავდია
„08“
04 1998 წელი
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა
საქართველოს მთავარი
მეტყევე
„22“ 04 1998 წელი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის
1998 წლის „07“ მაისის
№
59 ბრძანებით
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო
დეპარტამენტი
ზ. გეგეჭკორი
„27“ 04 1998 წელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წყალდაცვითი ზოლის შესახებ
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისათვის, ასევე იურიდიული და ფიზიკურ პირებისათვის.
მუხლი 1🔗
წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
მუხლი 2🔗
ზედაპირული წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მათი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
მუხლი 3🔗
მდინარეეების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს.
მუხლი 4🔗
მდინარეების წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:
1. 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისათვის – 10 მეტრი.
2. 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისათვის – 20 მეტრი.
3. 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისათვის – 30 მეტრი.
4. 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეებისათვის – 50 მეტრი.
მუხლი 5🔗
ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ტბებსა და წყალსაცავების ნაპირებს.
მუხლი 6🔗
ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის სიგანე განისაზღვრება წყლის მაქსიმალური დონის შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრით, ან ვრცელდება მათი ქვაბურების წყალგამყოფ ხაზებამდე, თუ მათი დაშორება ნაკლებია აღნიშნულ მანძილზე.
მუხლი 7🔗
მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მუხლი 8🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
1. მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
2. საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;
3. შხამქიმიკატებისა და მინიმალური სასუქების, აგრეთვე სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა;
4. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება;
5. მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მეღორეობისა და სხვა დროებითი ფერმების განლაგება, საქონლის ძოვება და დაწყურება, ასევე სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა.
მუხლი 9🔗
წყლის ობიექტში და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრებისა), ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება სამუშაოთა წარმოებაზე გარემოსდაცვითი ნებართვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების საფუძველზე და წესით.
მუხლი 10🔗
წყლის ობიექტებზე და წყალდაცვით ზოლებში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.
მუხლი 11🔗
წყალდაცვითი ზოლის ტყეებში აკრძალულია ყოველგვარი ჭრა გარდა მოვლითი ჭრებისა და ნებადართულია მხოლოდ იმ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტების დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრობისაგან დაცვას.
მუხლი 12🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობის აკონტროლებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.
მუხლ 13
წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკური და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
მუხლი 14🔗
საქართველოს კანონით „წყლის შესახებ“ და ამ დებულებით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
მუხლი 15🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა ამისთვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.
მუხლი 16🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყით სარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 17🔗
ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლის დადგენა ხორციელდება გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარიული და ჰიგიენური საკითხი.
მუხლი 18🔗
ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით წყალდაცვით ზოლში სამეურნეო საქმიანობის დადგენილი რეჟიმის დარღვევაში, ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19🔗
სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.