„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 19.05.1998
გამომცემი ორგანო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 016.012.003.287
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/05/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №26
1998 წლის 19 მაისის
ქ. თბილისი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების 27-ე პუნქტის შესრულების მიზნით, სამინიტროს ცენტრალური აპარატისათვის გათვალისწინებული რიცხოვნობისა და შესანახი ხარჯების ფარგლებში, შეიქმნას სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულების მე-2 პუნქტისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისაგან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის გადმოცემული ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი ელექტროენერგეტიკული ზედამხედველობის ნაწილში დაეკისროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს.
3. სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის, ელექტროუსფრთხოება, პროდუქციის (მომსახურების), სათბობის ხარისხის მართვის, აგრეთვე სერტიფიკაციის სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ამჟამად სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ სტრუქტურაში შემავალი ენერგოზედამხედველობის სამსახური შეყვანილ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში. ამასთან, აღნიშული სამსახურის საშტატო ერთეულების დაფინანსება დროებით, 1998 წლის ბოლომდე, გაგრძელდეს დღეისათვის არსებული წესით.
4. დამტკიცდეს დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებული ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დროებითი დებულება.
5. გათავისუფლდეს ლევან ტურაზაშვილი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან და დაინიშნოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
6. დაევალოს ლ. ტურაზაშვილს 10 დღის ვადაში წარმოადგინოს დასამატკიცებლად ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტი.
7. ეთხოვოთ სახელმწიფო კომპანიებს „საქენერგოს“, საქენერგოგენერაციას“ „ელექტროგადაცემას“, „საქნავთობს“, „საქტრანსგაზმრეწვს“, „საქნავთობპროდუქტს“, სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“, „საქთხევადგაზს“ პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში და ხელი შეუწყოს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
8. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 ივლისის №399 ბრძანებულების შესაბამისად, შეიტანოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკოს სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი.
9. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მ. მენთეშაშვილს.
მინისტრი თ. გიორგაძე
დროებითი დებულება
ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1.1. ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი (შემდგომში „დეპარტამენტი“) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტროს“) გამგებლობაში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსის მქონე საზედამხედველო ორგანოა.
1.2. დეპარტამენტი შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულების საფუძველზე
1.3. დეპარტამენტი შექმნილია სათბობ-ენერგეტიკის სექტორში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფის, სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის მომპოვებელი, მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი, შემნახველი, რეალიზატორი და მომხმარებელი იურიდიული (საკუთრებითა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო, იმედიანი ექსპლუატაციის, ენერგორესურსების აღრიცხვისა და მისი ეფექტიანი გამოყენების სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის მიზნით.
1.4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს აპარატისა და მისი გამგებლობის სფეროში არსებული რეგიონალური ორგანოების საშუალებით, რომლებიც ქმნიან სახელმწიფო ენერგოზედამხედველობას.
1.5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების ჩვენებით, გახსნილი აქვს სპეცანგარიში ხაზინაში, აწარმოებს საფინანსო საქმიანობის ბალანსს, აქვს ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთა ნუსხა), რომელთაც განიხილავს და ამტკიცებს მინისტრი.
1.6. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
1.6.1. სახელმწიფო ბიუჯეტი სამინისტროსათვის დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.
1.6.2. რეგიონალური ორგანოები დროებით, 1998 წლის ბოლომდე, ფინანსირდება არსებული წესით, სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ მიერ, ასევე ელექტროენერგეტიკული დანადგარების, მოწყობილობების, პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოებიდან შემოსული თანხებითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
1.7. საქართველოს კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ნორმები, ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იურიდიული (მათ შორის უცხოელი თუ ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული) და ფიზიკური პირისათვის მინისტრის ბრძანებით მათი დამტკიცების შემდეგ.
2. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
2.1. დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ქვედანაყოფებისაგან.
2.2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი.
2.3. დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
2.4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
2.5. დეპარტამენტის დირექტორი:
2.5.1. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, მინდობილობის გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით.
2.5.2. თანამდებობაზე ნიშნავს აპარატში შემავალი განყოფილებების, სამსახურების უფროსებსა და თანამშრომლებს, აგრეთვე რეგიონალური ორგანოების უფროსებს და მათ თანამშრომლებს.
2.5.3. წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
2.5.4. წარმართავს დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული განყოფილებების, სამსახურებისა და რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობას.
2.5.5. უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირთა მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.
2.5.6. საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად.
2.5.7. განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთა ფუნქციებსა და მოვალეობებს.
2.5.8. უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის და სამინისტროს ნორმატიული აქტებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში.
2.5.9. ამტკიცებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებისა და რეგიონალური ორგანოების დებულებებს და საშტატო განრიგებს.
2.5.10. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს დეპარტამენტის თანამშრომლებს.
2.5.11. განსაზღვრავს დეპარტამენტის შემოსავლების ხარჯვის წესს.
2.6. დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ცვლის დირექტორს მისი არყოფნის დროს. მოადგილეები ახორციელებენ მათი ფუნქციონალური მოვალეობებით განსაზღვრულ საქმიანობას.
2.7. განყოფილებების, სამსახურების და რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.
3. ძირითადი ამოცანები
3.1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
3.1.1. სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის მომპოვებელი, მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი, რეალიზატორი და მომხმარებელი იურიდიული ( მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული დანადგარებისა და ძირითადი ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლოატაციის, ელექტრო და თბოენერგიის გამოყენების სახელმწიფო ენერგოზედამხედველობა. ამ მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავარიის საწინაღმდეგო ღონისძიებების შესრულების კონტროლის, ენერგოდანადგარების მუშაობის ნორმალური რეჟიმების დარღვევის ოპერატიული აღრიცხვის, მისი გამოკვლევისა და საერთო ანალიზის ორგანიზაცია.
3.1.2. ელექტრო და თბოენერგიის მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი და მომხმარებელი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ელექტრო და თბოენერგიის ხარჯვის მომჭირნეობასა და წარმოებულ პროდუქციაზე მისი ხვედრითი ხარჯის შემცირების ღონისძიებათა შემუშავება და დანერგვა.
3.1.3. ელექტრო და თბური ენერგიების წარმოებისა და მოხმარების აღრიცხვის ზედამხედველობა.
3.1.4. სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის მართვის სქემისა და ელექტრო და თბოენერგის ენერგოზედამხედველობის და მომხმარებლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობათა სრულყოფა.
3.1.5. მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საზედამხედველო იურიდიული და ფიზიკური პირისა და მათი ცალკეული ქვედანაყოფების, ენერგეტიკული დანადგარების, ძირითადი ნაგებობებისა და სათბობის სერტიფიკაცია.
3.1.6. ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორში ტექნიკური ნორმატივების ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
4. ძირითადი ფუნქციები
4.1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
4.1.1. ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ორგანოების მეშვეობით ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს:
4.1.1.1. ენერგომომმარაგებელი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციით მომხმარებელთათვის მიწოდებას.
4.1.1.2. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ელექტრო და თბოენერგიის რაციონალურ გამოყენებას.
4.1.1.3. ენერგოდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის, აგრეთვე „ელექტრო და თბოენერგიის გამოყენების წესების“ მოთხოვნათა შესრულებას მათი მუშაობაში შეყვანის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე.
4.1.1.4. სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების აღრიცხვის ორგანიზაციას, ხელსაწყოებისა და აღრიცხვის საშუალებათა სრულყოფას.
4.1.1.5. ელექტროენერგიისა და სხვა ენერგორესურსების რეალიზაციის შესახებ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოშვებული დირექტიული დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობას.
4.1.1.6. მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური და ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების შესაბამისად პერსონალთან მუშაობის ზედამხედველობას.
4.1.1.7. დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას.
4.1.1.8. იურიდიული და ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირებისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამდებობის პირთა საქმიანობას ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის, ავარიის საწინააღმდეგო, პერსონალთან მუშაობის წესებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური, ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების ნაწილში.
4.1.2. ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ორგანოების საშუალებით განახორციელოს:
4.1.2.1. ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციისა და მუშაობის რეჟიმების მართვის ოპერატიული კონტროლი, მათი აღრიცხვა და ნორმალური რეჟიმების დარღვევის საერთო ანალიზი.
4.1.2.2. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიწერილობათა წარდგენა მოწყობილობების მუშაობაში და მომსახურე პერსონალის მოქმედებებში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
4.1.2.3. იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტების მუშაობაში მომხდარი ავარიებისა და სხვა სახის დარღვევების გამომკვლევი კომისიების მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი.
4.1.2.4. ავარიების გამოკვლევის მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა.
4.1.2.5. ენერგეტიკული დანადგარების, აღრიცხვის ხელსაწყოებისა და სისტემების, სათბობის და სხვა სამუშაოების (მომსახურების) სერტიფიცირების სამუშაოების ჩატარება დადგენილი წესით.
4.1.2.6. სტატისტიკური და ოპერატიული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ტერიტორიული ერთეულებისა და მომხმარებელთა ჯგუფების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკისა და სტრუქტურის ინფორმაციების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში წარდგენა.
4.1.2.7. სათბობ-ენერგეტიკის სექტორში ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტანდარტების დამუშავებისა და არსებულის გადასინჯვის სახელმწიფო, დარგთაშორისო და დარგობრივ პროგრამებში (გეგმებში) გასათვალისწინებლად წინადადებების მომზადება.
4.1.2.8. ელექტროენერგეტიკის სექტორისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის წესების სამუშაოთა შესასრულებლად სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა.
4.1.2.9. ელექტროენერგეტიკის სექტორისათვის ახალი ნორმატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოქმედი ნორმატივების გადასინჯვა, საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა და მათი წარდგენა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად.
4.1.2.10. ელექტროუსაფრთხოების სახელმწიფო სტანდარტების, ელექტრო და თბოდანადგარების, ელექტრო და თბოენერგიების აღრიცხვის ხელსაწყოების სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება, აგრეთვე წინადადებების მომზადება ზემოაღნიშნული მოწყობილობების ახალი სტანდარტების დამუშავებისა და მოძველებული, მოქმედი სტანდარტების გადასინჯვისათვის.
4.1.2.11. მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4.1.2.12. უცხოეთის ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრობლობის მიზნით წინადადებების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4.1.2.13. ენერგეტიკული ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების წინადადებათა მომზადება.
4.1.2.14. კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
4.1.3. ცენტრალური აპარატის მეშვეობით დაინტერესებულ და კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაცია გაუწიოს:
4.1.3.1. ენერგეტიკული დანადგარების მოწყობის, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და აღრიცხვის წესების დამუშავებას.
4.1.3.2. ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მომზადებას, სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4.1.3.3. სექტორში შემავალ და სხვა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად ბრძანებების, მითითებების, გადაწყვეტილებების, ნორმებისა და წესების დამუშავებას.
4.1.3.4. უცხოეთის ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით და წინადადებების მომზადებას, მათ შორის დეპარტამენტის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებების გათვალისწინებას.
4.1.3.5. დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირების ხარჯზე ქვეყნისა და უცხოეთის სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან ერთად მოწყობილობების გეგმური შეკეთებების ვადებისა და მოცულობების გადასინჯვას.
4.1.3.6. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის სავალდებულო მიწერილობების წარდგენას დასაპროექტებელი, ასაშენებელი და ექსპლოატაციაში მყოფი ენერგეტიკული ობიექტების იმედიანობის ამაღლების, მათი უსაფრთხო ექსპლოატაციის მიზნით მოქმედ ორგანიზაციულ-განკარგულებით დოკუმენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ახალი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების დამუშავების, მისი გამოშვებისა და ტირაჟირების საკითხებზე.
5. დეპარტამენტის უფლებები
5.1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
5.1.1. ჩატაროს საზედამხედველო ობიექტების შემოწმება და წარუდგინოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაბამისი მიწერილობები ენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, იმედიანობის, ეკონომიური, უსაფრთხო ექსპლუატაციის, აღრიცხვის ხელსაწყოებით უზრუნველყოფის პერსონალთან მუშაობის გაუმჯობესების საკითხებზე.
5.1.2. იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული დანადგარების ნორმალური რეჟიმების დარღვევათა განხილვისას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება განსახილველი საკითხის კლასიფიკაციისა და დამნაშავე პირთა დადგენის ნაწილში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.1.3. შექმნას ენერგომოწყობილობების ნორმალური რეჟიმის დარღვევათა უწყებრივი შემსწავლელი კომისიები.
5.1.4. მოითხოვოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასისტემო, სასადგურო, საქსელო ავარიების, ნორმალური რეჟიმების სხვა საექსპლოატაციო დარღვევების შესახებ დეპარტამენტისა და მისი რეგიონალური ორგანოებისათვის ოპერატიული შეტყობინებები დადგენილი წესით.
5.1.5. ავარიებთან და ნორმალური რეჟიმის სხვა სახის დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი მასალების პროექტები.
5.1.6. შექმნას მეტროლოგიური სამსახური, რომელიც განახორციელებს გაზომვათა ერთიანობას, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, ახალი ტიპის გაზომვის ტექნიკურ საშუალებათა და მოწყობილობათა შემოღებას და ექსპლუატაციაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.1.7. წარუდგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებს და შესაბამის თანამდებობის პირებს იმ მუშაკთა დისციპლინარული და მატერიალური პასუხისმგებლობის, ან დაკავებულ თანამდებობაზე მათი შესაბამისობის განხილვის შესახებ, რომლებიც სისტემატურად არღვევენ ენერგეტიკული დანადგარების ექსპლოატაციის, უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო საქმიანობის სხვა ტექნიკური და ორგანიზაციული დოკუმენტების მოთხოვნებს; არ ასრულებენ დეპარტამენტის მიწერილობებს, ან დაუშვეს ავარიები და უბედური შემთხვევებში, აგრეთვე რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია.
5.1.8. აკრძალოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული დანადგარებისა და ძირითადი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია, ან იმ დანადგარებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია, რომელთა მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილი ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ემუქრება დანადგარ-მოწყობილობის, შენობა-ნაგებობის სიმრთელეს.
5.1.9. გააფრთხილოს ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამრღვევი ოპერატიული და სარემონტო პერსონალი, რომ მათ მიერ დაშვებულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობათა დაზიანება ან შექმნას ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
5.1.10. ჩაატაროს თანამდებობების იმ პირთა ცოდნის რიგგარეშე შემოწმება, რომელთაც ბრალი მიუძღვით ენერგოდანადგარების ავარიებსა და უბედურ შემთხვევებში, ტექნიკური ექსპლუატაციისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების უხეშ დარღვევებში და რომლებიც არ ასრულებენ სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის მიწერილობებსა და მითითებებს.
5.1.11. გასცეს ავარიის საწინააღმდეგო მიწერილობები, საინფორმაციო წერილები, ოპერატიული შეტყობინებები, ენერგეტიკული დანადგარების ნორმალური რეჟიმის დარღვევების აღკვეთის მითითებები.
5.1.12. მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისგან მასალების წარმოდგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
5.1.13. გასცეს სერტიფიკატები სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის, ენერგეტიკული დანადგარების (მომსახურების), შესაბამისობის შესახებ.
5.1.14. გასცეს მოწმობები ელექტროენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელი და საწარმოო პერსონალის ცოდნის შემმოწმებელი ცენტრალური და ადგილობრივი კომისიების, სასერტიფიკაციო ლაბორატორიების (ცენტრების) და ექსპერტების აკრედიტაციის შესახებ სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მასალების საფუძველზე.
5.1.15. შექმნას საცდელი ლაბორატორიები (ცენტრები) ან გამოიყენოს აკრედიტებული სათანადოდ სერტიფიცირებული ორგანოები, გაუწიოს კოორდინაცია ამ სფეროში მოქმედ სასერტიფიკაციო ორგანოებსა და საგამოცდო ცენტრებს.
5.1.16. შექმნას ენერგეტიკული დანადგარების მოწყობის, ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის, ნორმატიულ-ტექნიკური, ორგანიზაციულ-განკარგულებითი და სხვა დოკუმენტაციათა მოთხოვნების ცოდნის შემმოწმებელი ცენტრალური და რეგიონალური კომისიები, რომელთა უფლებამოსილება ვრცელდება შესაბამისი საზედამხედველო იურიდიული და ფიზიკური პირების ენერგეტიკულ პერსონალზე სათანადოდ ქვეყნისა და რეგიონის ფარგლებში.
5.1.17. მოიწვიოს სპეციალისტები ენერგეტიკული ზედამხედველობისა და კონტროლის სამუშაოთა შესასრულებლად და საექსპერტო დასკვნების მოსამზადებლად.
5.1.18. „საწარმოო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეათანხმოს იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული დანადგარების საიმედო, უსაფრთხო ექსპლუატაციის შიგასაუწყებო კონტროლის სამსახურის დებულება. (დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კონტროლი და ზედამხედველობა არ ათავისუფლებს ელექტრო და თბოენერგიის მწარმოებელ გადამცემ-გამანაწილებელ და მომხმარებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შიგასაუწყებო და შიგასაწარმოო კონტროლისა და ზედამხედველობისაგან).
5.1.19. მოითხოვოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ცნობები და სხვა მასალები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
5.1.20. გასცეს ან გააუქმოს გაცემული მოწმობები, შესაბამისობის ნიშნის გამოყენების ნებართვები, სერტიფიკატები ან შეაჩეროს მათი მოქმედება მოქმედი წესის თანახმად.
5.1.21. ობიექტების ექსპლუატაციის (მომსახურების) აკრძალვა ან შეჩერება განახორციელოს ენერგიის წყაროს, ნედლეულის, სათავსოების, აგრეგატმოწყობილობების დალუქვით და გააფორმოს სათანადო აქტი, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
5.1.22. „საწარმოო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარდგინებით მიმართოს ზემდგომ საფინანსო-საკრედიტო ორგანოებს იმ იურიდიული და ფიზიკური პირის დაფინანსების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომელთა საქმიანობის ლიცენზია გაუქმებული ან შეჩერებულია.
5.1.23. იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც თვითნებურად გააგრძელებენ ან განაახლებენ საქმიანობას აღძრას სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი.
5.1.24. სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და რეგლამენტით აწარმოოს მომსახურება, გაუწიოს აკრედიტებულ ლაბორატორიებს (ცენტრებს), ექსპერტებს საკონსულტაციო-მეთოდოლოგიური დახმარება. ენერგეტიკული სექტორის მდგრადი, უავარიო მუშაობის საკითხებში მიიღოს როგორც დამოუკიდებელი, ასევე სექტორში შემავალ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები.
5.1.25. საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი ენერგეტიკული მეურნეობის საბალანსო გამოკვლევები.
5.1.26. შეათანხმოს და აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს დასამტკიცებლად ელექტროენერგეტიკის სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია და სტანდარტები.
5.1.27. მოამზადოს მნიშვნელოვანი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტანდარტების ჩამონათვალი, რომელთა დაფინანსება უნდა განხორციელდეს სამინისტროს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფონდებიდან.
5.1.28. საჭიროების შემთხვევაში შექმნას საუწყებათაშორისო, სამეცნიერო-ტექნიკური, საზოგადოებრივი საბჭოები და კომისიები, საექსპერტოდ მოიწვიოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოებებისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
5.2. დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მითითებები და მიწერილობები გასაჩივრდება დადგენილი წესით.
5.3. აკრძალვებისა და ადმინისტრაციული სანქციების შესახებ გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაა საბოლოო.
5.4. საქართველოს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დირექტორს, მის მოადგილეებს, უფროს ინსპექტორებს, ინსპექტორებს უფლება აქვთ:
5.4.1. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს წარუდგინონ სავალდებულო მიწერილობა ელექტრო და თბოდანადგარების მოწყობის, ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ელექტრო და თბური ენერგიების გამოყენების წესებიდან გადახრების ლიკვიდაციის შესახებ.
5.4.2. იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვონ იმ ელექტრო და თბური დანადგარების ექსპლუატაციის შეჩერება, რომელთაც ემუქრება ავარია ან კიდევ წარმოადგენს ადამიანისათვის სხვა სახის საშიშროებას.
5.4.3. განახორციელონ ენერგეტიკული ზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის რეგიონალური ორგანოების საშუალებით, სათბობ-ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად საექსპლუატაციო პერსონალის ცოდნის შემოწმება.
5.4.4. წარუდგინონ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო მითითება იმ პირების სამუშაოდან გადაყენების შესახებ, რომელთაც არ გაუვლიათ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების ცოდნის შემოწმება ან დაარღვიეს ამ წესების მოთხოვნები.
5.4.5. დადგენილი წესით მიიღონ მონაწილეობა ელექტრული და თბური დანადგარების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ავარიებისა და უბედური შემთხვევების გამომკვლევ კომისიებში.
5.4.6. გასცენ ნებართვა ახალი და რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გასაშვებად.
5.4.7. წარუდგინონ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო მიწერილობა „ელექტრო და თბოენერგიებით სარგებლობის წესებით“ გათვალისწინებული აღრიცხვის ხელსაწყოებით, კონტროლისა და მოხმარების რეგულირების სისტემებით აღჭურვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღკვეთოს მათი გამოყენება.
5.4.8. შეამოწმონ ახალი და რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული ელექტრო და თბოდანადგარების პროექტების შესაბამისობა უსაფრთხოების ტექნიკის, ელექტროდანადგარების მოწყობისა და ელექტრო და თბოენერგიების რაციონალურად გამოყენების მოთხოვნებთან და მისცენ შესაბამის თანამდებობის პირებს მიწერილობა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად.
5.4.9. ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობისას დადგენილი წესების დარღვევის ან აღურიცხავი და უხარისხო სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის რეალიზების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინონ სათანადო აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.10. წარუდგინონ მოწმობა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად შევიდნენ იმ ტერიტორიებსა და სათავსოებში, სადაც განთავსებულია ელექტრო და თბოდანადგარები და აღრიცხვის ხელსაწყოები, პროდუქტსაცავები. ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები ეძლევათ საქართველოს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თანამდებობის პირებს იმ ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დირექტორის მიერ.
5.10.1. საქართველოს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დირექტორსა და მის მოადგილეებს უფლება აქვთ:
5.10.2. წარმოადგინონ დეპარტამენტი სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
5.10.3. ხელი მოაწერონ იმ დოკუმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულებასთან მისი უფლებების ფარგლებში.
5.11. დეპარტამენტის დირექტორს, გარდა ამისა, უფლება აქვს:
5.11.1. დაადგინოს მოადგილეებისა და საკუთარი მოვალეობანი, უფლებები და პასუხისმგებლობა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს თავისი უფლებების დელეგირება მოადგილეებზე.
5.11.2. დაამტკიცოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და მუშაკების თანამდებობრივი ინსტრუქციები და შეიტანოს მათში ცვლილებები.
5.11.3. დაამტკიცოს რეგიონალური ორგანოების დებულება და მათი საშტატო განრიგები.
5.11.4. დადგენილი წესით განკარგოს დეპარტამენტის ანგარიშზე რიცხული თანხები.
5.11.5. წაახალისოს დეპარტამენტის მუშაკები, ან გაატაროს მათ მიმართ დისციპლინარული სასჯელები დადგენილი წესით. აპარატის მუშაკებს დაუდგინოს დანამატები.
6. პასუხისმგებლობა
სახელმწიფო ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი პასუხისმგებელია:
1. სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის მომპოვებელი, მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი, შემნახველი, რეალიზატორი და მომხმარებელი იურიდიული (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების კუთვნილი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო, იმედიანი ექსპლუატაციის, ენერგორესურსების აღრიცხვისა და მისი რაციონალური გამოყენების, სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის განხორციელებაზე.
2. დროულად და ხარისხიანად დოკუმენტებისა და გაანგარიშების მომზადებაზე.
3. წამოყენებულ წინადადებათა საფუძვლიანობაზე.
4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების შესრულების ორგანიზაციასა და კონტროლზე.
5. ნორმატიული ბაზის საკმარისობის, დასაბუთებასა და ეფექტურობაზე.
6. სახელმწიფო და კანონით დაცული საიდუმლოების შენახვაზე დეპარტამენტის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს დეპარტამენტის მთელ საქმიანობაზე, მისი მოადგილეები, განყოფილებებისა და სამსახურების უფროსები, სპეციალისტები და მოსამსახურეები პასუხისმგებლები არიან თავიანთ საქმიანობაზე იმ მოვალეობის ფარგლებში, რომლებიც მათზე მინიჭებული უფლებებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებითაა განსაზღვრული.