„ქ. ფოთის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 04.06.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-262
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.295
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 04/06/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
„ქ. ფოთის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-262
1998 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. ფოთის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ფოთის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულება (თან ერთვის).
2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) ქ. ფოთის პროდუქტების ლიცენზირების სამსახურთან ერთად უზრუნველყოს:
- აღნიშნული სამსახურის სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება კანონით დადგენილი წესით;
- საქვეუწყებო დაწესებულებების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ნ. დუჩიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქალაქ ფოთის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ქ. ფოთის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) გამგებლობაში არსებული სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სამსახური მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს სამართლებრივი აქტებითა და მითითებებით, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო საქმიანობას ქ. ფოთის მთელ ტერიტორიაზე – ქ. ფოთის მერიასთან და სპეციალიზებულ სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
3. სამსახურს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთანუსხა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და სახელმწიფო მომსახურებით მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
II. საქმიანობის სფერო და ამოცანები
5. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქ. ფოთის ტერიტორიაზე ჩაის, პურის, პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის და მაკარონის ნაწარმის, პურ-პროდუქტების, საკონდიტრო, საკონსერვო, ხორცის, ზღვის პროდუქტების, თევზისა და თევზის ნაწარმის, რძის, უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ზეთის, ცხიმების და სხვა, მათგან წარმოებული კვების პროდუქტების, ნახევარფაბრიკატებისა და ნედლეულის სასაქონლო წარმოებაზე სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება, ლიცენზირების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საწარმოების მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და ამ დოკუმენტებში მოყვანილი მონაცემების ადგილზე შემოწმება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საწარმოს გამართულად ფუნქციონირების სტაბილურობის განმაპირობებელი პარამეტრების, ტექნოლოგიური სქემებით გათვალისწინებული პროცესების შესწავლა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და სათანადო დასკვნების გამომუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კვების პროდუქტების საწარმოთა ლიცენზირებასთან დაკავშირებული სამუშაოების მდგომარეობის ამსახველი საინფორმაციო ბანკის შექმნა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი პერიოდულობით ინფორმაციის სამინისტროში წარდგენა;
ე) კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) საწარმოთა ლიცენზირებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდული (გამომდინარე ტექნოლოგიური თავისებურებებიდან) შემოწმება, დარღვევების გამოსწორებისა და მითითებების აღსრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვა დაინტერესებული უწყებების სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან;
ზ) სასამართლოებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის დასკვნებისა და ცნობების გაცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
III. უფლებები
6. სამსახურს უფლება აქვს:
ა) ადგილზე გაეცნოს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობას, მოითხოვოს ამ დებულებათა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტური მასალა და ინფორმაცია საწარმოთა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) პასუხისმგებელი პირებისაგან;
ბ) მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე, გასცეს სავალდებულო მიწერილობები, დაავალოს მათ გარკვეულ ვადებში აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები, განახორციელოს მიწერილობებითა და მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პერიოდული კონტროლი, მასალები დარღვევების შესახებ, გადასცეს შესაბამის უწყებებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს;
გ) სერიოზული დარღვევების არსებობის ან მითითებული ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ეცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, შესაბამის უწყებებს და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისათვის;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე ეკონომიკური სანქციების გამოყენების თაობაზე იმ საწარმოებისადმი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი სამინისტროს, ქ. ფოთს მერიის, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინაშე იმ საწარმოების მუშაობის შეჩერების აუცილებლობის თაობაზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს პროდუქციის წარმოებაზე;
ვ) სამმართველოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული მითითებანი (მიწერილობანი) და დასკვნა სავალდებულოა შესასრულებლად ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად);
ზ) კვების პროდუქტების საწარმოთა თხოვნის საფუძველზე მათთან ხელშეკრულების შესაბამისად გაუწიოს მომსახურება ტექნოლოგიური რეჟიმების მოდერნიზაციის, რაციონალიზაციისა და სხვა სამუშაოების სახით.
IV. მოვალეობანი
7. სამსახური მოვალეა:
ა) შექმნას სალიცენზიო (საჭიროების შემთხვევაში – დარგობრივი) კომისიები;
ბ) განახორციელოს სამოქმედო ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების სამუშაოები;
გ) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები;
დ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მეწარმე სუბიექტს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების დროებითი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაში;
ე) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობის ოპერატიულობა, ობიექტურობა და სიზუსტე. არ დაუშვას უფლებამოსილებათა გადამეტება;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემა-არგაცემაზე გაცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ლიცენზირების ორგანოში სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში, გასცეს ლიცენზია ან დასაბუთებული უარი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა;
ზ) მეწარმე სუბიექტისათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეწარმე სუბიექტს მოტივირებული წერილით, ხოლო წერილის ასლებით – ადგილობრივი მმართველობის სამართალდამცავ, საგადასახადო და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებს;
თ) მოახდინოს რეაგირება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, რათა მეწარმემ, რომელსაც არ მიეცა ლიცენზია, შეუჩერდა ან გაუუქმდა ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, არ აწარმოოს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოება-რეალიზაცია;
ი) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული იმ სახის ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა, რომელიც სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებაა;
კ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონტროლი კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) მიღების, შენახვის, გადამუშავებისა და გადაადგილების პირობებზე;
ლ) დაუშვებელია შემოწმებების ჩატარება სამსახურის უფროსის ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის გარეშე.
V. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და სტრუქტურა
8. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. სამსახურის უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია სამსახურის მუშაობის შედეგებზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
9. სამსახურის უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამსახურის მუშაკთათვის;
ბ) სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტ-თანამშრომელთა შტატი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მათ; საჭიროების შემთხვევაში ღებულობს მათ მიმართ დისციპლინარული ზემოქმედებისა და წახალისების ზომებს;
გ) იყენებს სამსახურის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
VI. ქონება
10. სამსახურის ქონება შედგება იმ ქონებისაგან, რომელიც გადაცემული აქვს მას თავისი ფუნქციების შესასრულებლად.
VII. დასკვნითი დებულებები
11. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
12. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით.