„ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვების პროდუქტების მწარმოებელ-მარეალიზებელი, საზოგადოებრივი კვების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებში სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის დაწესების შესახებ“
მიღების თარიღი 13.07.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №265/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.314
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 13/07/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვების პროდუქტების მწარმოებელ-მარეალიზებელი, საზოგადოებრივი კვების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებში სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის დაწესების შესახებ“
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №265/ო
1998 წლის 13 ივლისი
თბილისი
ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვების პროდუქტების მწარმოებელ-მარეალიზებელი, საზოგადოებრივი კვების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებში სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის დაწესების შესახებ
დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული კვების პროდუქტების მწარმოებელ-მარეალიზებელი, საზოგადოებრივი ვაჭრობისა და კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებში შექმნილია არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობა, უხეშად ირღვევა სანიტარიული წესები და ნორმები. არ სწარმოებს ობიექტების და მათი მიმდებარე ტერიტორიების გენერალური დასუფთავება, დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შექმნილი მდგომარეობა ქმნის ნაწლავთა მწვავე ინფექციების, პარაზიტული დაავადებებისა და კვებითი მოშხამვების აღმოცენება-გავრცელების რეალურ საშიშროებას.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის № 531 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების მე-7 პუნქტის "ს" ქვეპუნქტიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით
ვბრძანებ:
1. დაწესდეს კვების პროდუქტების მწარმოებელ-მარეალიზებელ, საზოგადოებრივი კვების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებში სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის ჩატარება.
2. სანიტარიული დღის ჩატარების პერიოდულობა განისაზღვროს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო სანიტარიული საათის ყოველკვირეულად და საჭიროების მიხედვით.
3. ობიექტის ხელმძღვანელები მოვალენი არიან:
3.1. შეიმუშაონ სანიტარიული დღის ჩატარების გრაფიკი და შეათანხმონ სახსანზედამხედველობის ტერიტორიულ ინსპექციებთან.
3.2. სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის ჩატარების შესახებ წინასწარ აცნობონ მოსახლეობას.
3.3. სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის ჩატარების პერიოდში არ დაუშვან ობიექტის ფუნქციონირება.
3.4. უზრუნველყონ სანიტარიული დღის გამოცხადების პერიოდში ობიექტის გენერალური დასუფთავება სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით არსებული წესის მიხედვით.
4. დაევალოს სახსანზედამხედველობის ა/რ, საქალაქო და რაიონული ინსპექციების უფროსებს:
4.1. დააწესონ მკაცრი კონტროლი ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის შესრულებაზე.
4.2. სანიტარიული დღისა და სანიტარიული საათის პერიოდულობის დარღვევისას და უხარისხოდ ჩატარების შემთხვევაში გამოიყენონ მათზე მინიჭებული ადმინისტრაციული ზემოქმედების სანქციები.
4.3. ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინონ ჯანდაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობის ცენტრალურ ინსპექციაში ყოველკვარტალურად.
5. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა (რ. ურუშაძე) ორგანიზაცია გაუკეთოს მისდამი დაქვემდებარებულ სადეზინფექციო სამსახურების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა (ლ. ყუბანეიშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნება ტელევიზიასა და პრესაში.
7. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე ვავალებ საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს ნ. შავდიას.
ა. ჯორბენაძე