თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.2020
ძალის დაკარგვა 01.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.034.016965
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.11.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თავშესაფრის პროცედურა საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.01.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- თავშესაფრის პროცედურა 26.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№33
2020 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3124 კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თავშესაფრის პროცედურა“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №79 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 27/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016387).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
თავშესაფრის პროცედურა
თავშესაფრის პროცედურა განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის მიღების, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისა და განხილვის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის წესს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მიზანი
თავშესაფრის პროცედურის მიზანს წარმოადგენს თავშესაფრის სფეროში საქმიანობის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება, სამართლიანი, სრულყოფილი, ეფექტიანი და თანმიმდევრული თავშესაფრის პროცედურის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ პროცედურის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი;
ბ) სამმართველო – დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო;
გ) სტატუსის დადგენის განყოფილება – სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი;
დ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტი – სტატუსის დადგენის განყოფილების თანამშრომელი, რომელიც ადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ პროცედურის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საჭიროებას;
ე) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება – სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი;
ვ) მისაღები სივრცე – სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელიც განკუთვნილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისთვის და შედგება საკონსულტაციო, სარეგისტრაციო, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახებისა და მოსაცდელი არისაგან;
ზ) პირადი საქმე – თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან ან ამ პირთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტის ან/და მასალის ერთობლიობა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ტერმინთაგან განსხვავებით, ამ ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა თავშესაფრის პროცედურაში
1. თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, ისევე, როგორც მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება მისი რაიმე ფორმით გამჟღავნება სხვა ორგანიზაციებისთვის, მასმედიისთვის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, თავშესაფრის მაძიებელთა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წერილობითი თანხმობის გარეშე.
2.უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი, ასევე თავშესაფრის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ვალდებულია დაიცვას პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
3. თავშესაფრის მაძიებელს და საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მიეწოდება ინფორმაცია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით.
4. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ხდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისათვის ტერორიზმთან ან ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
5. თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია გაიცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
6. თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამისი უფლებამოსილების და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა ამ პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
მუხლი 4🔗. თავშესაფრის პროცედურაში პირადი საქმის წარმოება
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის პირადი საქმის წარმოებას. თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში მოცემულია თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და თავშესაფრის მაძიებლის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია.
2. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში მოპოვებული დოკუმენტაცია ინახება პირად საქმეში, მათი შედგენის თარიღის შესაბამისი ქრონოლოგიით. თავშესაფრის პროცედურის დასრულების შემდგომ პირს უბრუნდება პასპორტი. პირადი საქმის ყველა გვერდი ინომრება.
3. თავშესაფრის მაძიებლის პირადი საქმის წარმოება იწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
4. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრების დოკუმენტაცია რეგისტრირდება და ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის მიმართ დამოუკიდებელი თავშესაფრის პროცედურის დაწყების შემთხვევაში, იხსნება დამოუკიდებელი პირადი საქმე. საჭიროებისამებრ და თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, თავშესაფრის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის მიმართ საქმის წარმოების დამოუკიდებელად განხორციელება.
5. პირადი საქმის შემადგენლობაში შედის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის:
ა) თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
ბ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები (ზომით 3X4);
გ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები, ქართული თარგმანით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) თავშესაფრის მაძიებელსა და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული ანკეტირებ(ებ)ის მასალები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით;
ე) თავშესაფრის მაძიებელსა და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული, გასაუბრებ(ებ)ის მასალები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით;
ვ) თავშესაფრის მაძიებელსა და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული ანკეტირებ(ებ)ისა და გასაუბრებ(ებ)ის აუდიოჩანაწერ(ებ)ი;
ზ) თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ოფიციალური მიმოწერა, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა;
თ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) თავშესაფრის მაძიებლის ან/და მისი ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება(ები);
კ) ექსტრადიციის ან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) თავშესაფრის მაძიებლის საკონტაქტო მონაცემები (საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და სხვა);
მ) ამ პროცედურით გათვალისწინებული, თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით;
ნ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურასთან დაკავშირებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ან შედგენილი ან/და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია;
ო) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების ან/და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ თავშესაფრის მაძიებლისათვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი.
6. პირადი საქმე მოიცავს მასში არსებული დოკუმენტების ჩამონათვალს.
7. პირადი საქმის ორგანიზებისა და სისტემატიზაციის მიზნით, პირად საქმეს ენიჭება უნიკალური ნომერი.
8. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა პირადი საქმეები დაცულია თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზაში.
9. თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მონაცემებთან წვდომა შეზღუდულია და მონაცემები ინახება სათანადოდ იზოლირებულ და დაცულ ადგილზე. აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა გააჩნია მხოლოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებულ ქმედებას, ასევე სამმართველოს უფროსსა და დეპარტამენტის დირექტორს.
10. თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირებული საქმისწარმოების პროცედურა ითვალისწინებს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის განსაზღვრას, რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციების გათვალისწინებით, წვდომა აქვს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეზე;
ბ) პირადი საქმის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მესამე პირის წვდომის უზრუნველყოფას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის მასალებზე, წვდომის ფარგლების წინასწარი განსაზღვრით.
11. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად მიიღება შესაბამისი ზომები, მათ შორის, უფლებამოსილ თანამდებობის პირთა წვდომა მონაცემთა ბაზაზე ხორციელდება მიზნობრივად, წვდომის დონეების დიფერენცირებისა და მონაცემთა შეცვლაზე შეზღუდვ(ებ)ის დაწესების გზით.
12. არქივიდან პირადი საქმის გატანა/დაბრუნება ფიქსირდება საქმისწარმოების აღრიცხვის ჟურნალში, პირადი საქმის გატანისა და დაბრუნების თარიღების, გამტანი უფლებამოსილი თანამდებობის პირის ვინაობისა და ხელმოწერის მითითებით.
13. დაუშვებელია პირადი საქმიდან დოკუმენტ(ებ)ის ამოღება ამ მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევით.
14. საქმის წარმოების პროცედურების ზედამხედველობას ახორციელებს ამ მიზნით სპეციალურად განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განუმარტავს საქმისწარმოების პროცედურას და მისი აღსრულების წესს, და
ბ) ამოწმებს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ საქმისწარმოების პროცედურების დაცვას, საქმისწარმოების მასალების შემთხვევითი შერჩევის გზით.
15. საქმისწარმოების პროცედურების ზედამხედველობაზე განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულია საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. მისაღები სივრცე
1. მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.
2. თავშესაფრის პროცედურის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, საკონსულტაციო, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები გამოყოფილია სარეგისტრაციო ოთახისა და მოსაცდელი არისგან. თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გამოცხადება კონსულტაციაზე, ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე რეგულირდება რიგითი ნომრის გამოყენებით.
3. მისაღებ სივრცეში მოწყობილია მოსაცდელი არე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) მოსაცდელი ადგილები;
ბ) წვდომა საპირფარეშო ოთახთან;
გ) წვდომა სასმელ წყალთან;
დ) საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება.
4. სარეგისტრაციო, საკონსულტაციო, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაცულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება;
ბ) ოთახში არსებული ავეჯისა და ტექნიკის განლაგება იძლევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოთახის მარტივად და უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას;
გ)განგაშის ღილაკი დამონტაჟებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე;
დ) როგორც წესი, ოთახში არსებული მობილური ტელეფონ(ებ)ი არის გამორთულ მდგომარეობაში;
ე) გასაუბრების მიმდინარეობისას, ოთახის კარზე, გაკეთებულია მინიშნება გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ;
ვ) ოთახში უზრუნველყოფილია სასმელი წყალი.
მუხლი 6🔗. მისაღები სივრცის უსაფრთხოება
1. მისაღებ სივრცეში დაცულია ამ სივრცეში მყოფ პირთა უსაფრთხოება.
2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შემდეგი ზომები:
ა) კონტროლირდება მისაღებ სივრცეში პირთა შესვლა ;
ბ) მისაღები სივრცის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის ან/და დაუყოვნებელი დახმარების მიღების მიზნით, კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები უზრუნველყოფილია განგაშის ღილაკით.
3. მისაღებ სივრცეში თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და უფლებამოსილ თანამდებობის პირთა უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამმართველოს უფროსს.
4. უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის თანამშრომლის მიმართ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მხრიდან არსებული საჩივარი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სამმართველოს უფროსს და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლებიც, თავის მხრივ კომპეტენციის ფარგლებში, იკვლევენ საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებებს და იღებენ შესაბამის ზომებს.
5. თავშესაფრის პროცედურაში ჩართულ უფლებამოსილ თანამდებობის პირს გავლილი აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან აცილებისათვის აუცილებელი მომზადება, მათ შორის:
ა) ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით (მათ შორის, ფსიქიკური დაავადების მქონე პირებთან, ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან კომუნიკაციის უნარი);
ბ) კონფლიქტური სიტუაციის მართვის მიმართულებით.
6. მისაღებ სივრცეში დაცულია უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები:
ა) მისაღები სივრცის მოსაცდელი არე პირდაპირაა დაკავშირებული კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებთან;
ბ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლია კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახების დატოვება;
გ) კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია ბასრი ან/და მჩხვლეტავი საგნების ან ისეთი სახის საგნების შეტანა/შენახვა/გამოყენება, რაც მათი იარაღად გამოყენების საშუალებას იძლევა.
7. მისაღებ სივრცეში დაშვებამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნებისმიერ პირს უტარდება შემოწმება/ფიზიკური დათვალიერება. შემოწმებას/ფიზიკურ დათვალიერებას ატარებს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის შესაბამისი სქესის თანამშრომელი.
8.სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მისაღების სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის თანამშრომელს გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება:
ა) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მისაღებ სივრცეში დაშვებისა და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეხვედრასთან დაკავშირებით;
ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან ურთიერთობის თავისებურებებთან დაკავშირებით;
გ) კონფლიქტური სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის:
გ.ა) ფიზიკური ძალის, როგორც უკიდურესი ზომის, გამოყენების მიზანშეწონილობასთან და ფარგლებთან დაკავშირებით;
გ.ბ) პოლიციისადმი მიმართვის, როგორც უსაფრთხოების დაცვისათვის განსახორციელებელი უკიდურესი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობასთან და ფარგლებთან დაკავშირებით.
მუხლი 7🔗. თარგმნა თავშესაფრის პროცედურაში
1. თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე პირი უზრუნველყოფილი არიან თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის მომსახურებით.
2. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული უფლებამოსილი თანამდებობის პირი ფლობს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს.
3. თავშესაფრის პროცედურაში ჩართულ თარჯიმანს გავლილი აქვს თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული აუცილებელი მომზადება.
4. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის ჩართულობას უზრუნველყოფს სამინისტრო. თარჯიმანს უნდა ჰქონდეს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულებისთვის საკმარისი ენობრივი და მთარგმნელობითი უნარები და კომპეტენცია.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შესაბამისი ენის თარჯიმნის დაქირავების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის მომსახურება/თარგმანი შესაძლოა განხორციელდეს იმ თარჯიმნის მიერ, რომლის პროცედურაში ჩართვაც მოითხოვა თავშესაფრის მაძიებელმა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტრო არ უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურების ანაზღაურებას.
6. თუ სამინისტროს მიერ შეუძლებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის მქონე თარჯიმნის თავშესაფრის პროცედურაში ჩართვა, თარჯიმნის მომსახურება/თარგმნა შესაძლოა განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოძიებულმა თარჯიმანმა.
7. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმანი ხელმოწერით ადასტურებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესების (დანართი №1) განუხრელ დაცვას. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თარჯიმნის ქცევის წესების გაცნობა და დადასტურება შესაძლებელია მოხდეს ზეპირსიტყვიერად.
8. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი უზრუნველყოფილია იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით, თუ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ განსხვავებული სქესის თარჯიმნის მომსახურება არ არის მოთხოვილი. თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უფლება აქვს თარჯიმანთან დაკავშირებით არსებული პრობლემური საკითხები აცნობოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია:
ა) მიიღოს ინფორმაცია თარჯიმნის მიერ ენის ცოდნის დონისა და თარჯიმნად მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით;
ბ) დაადგინოს თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირსა და თარჯიმანს შორის ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა;
გ) განუმარტოს თარჯიმანს „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“ (დანართი №2).
10. დაუშვებელია თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერმა წარმომადგენელმა/მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა უზრუნველყოს თარგმანი თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში.
11. დაუშვებელია თავშესაფრის მაძიებლის მიერ თარჯიმნის მომსახურების გაწევა. შესაბამისი ენის თარჯიმნის არარსებობისას და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში თარჯიმნის მომსახურების გასაწევად საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაქირავება. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოიპოვოს იმ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობა, ვის მიმართაც ტარდება თავშესაფრის პროცედურა.
12. თარჯიმანმა უნდა დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამინისტროში თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას და არ უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა პირებს, გარდა თავშესაფრის პროცედურის მონაწილე შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირისა.
13. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება თარჯიმანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც.
14. დაუშვებელია, თარჯიმანს ჰქონდეს წვდომა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის შენახვის ადგილთან.
15. თარჯიმანს მიეწოდება პირად საქმეში არსებული დოკუმენტების მხოლოდ ის ნაწილი, რაც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად.
თავი II
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ან თავშესაფრის მაძიებლის მიღება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება
მუხლი 8🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ან თავშესაფრის მაძიებლის მიღება
1. მისაღებ სივრცეში უცხოელის, მოქალაქეობის არმქონე პირის და თავშესაფრის მაძიებლის მოწესრიგებულ მიღებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
2. თავშესაფრის მაძიებელი ანკეტირების ან გასაუბრების პროცედურაზე გამოცხადებისას წარადგენს შესაბამის შეტყობინებას.
მუხლი 9🔗. თავშესაფრის მაძიებლის ინფორმირება თავშესაფრის პროცედურის შესახებ
1. თავშესაფრის მაძიებელს მიეწოდება ინფორმაცია თავშესაფრის პროცედურასთან, მათ შორის, მის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით.
2. აღნიშული ინფორმაცია შეიძლება ერთდროულად გაეცნოს თავშესაფრის რამდენიმე მაძიებელს.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს კონსულტაციას თავშესაფრის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე, აწარმოებს კონსულტაციის ჩატარების ოქმს დანართი №2-ის შესაბამისად. ჩანაწერი ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში.
მუხლი 10🔗. კონფიდენციალურობის დაცვა მისაღებ სივრცეში
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას. უფლებამოსილ თანამდებობის პირს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რაც იძლევა მისაღებ სივრცეში მყოფ პირთა მიერ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მისაღებ სივრცეში კონფიდენციალურობის დასაცავად გამოიყენება რიგითი ნომრების მინიჭების სისტემა.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა არ უნდა მოუხმოს თარგმანში დასახმარებლად მისაღებ სივრცეში მყოფ სხვა თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, გარდა ამ პროცედურის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 11🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობები
უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებასა და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს მოეთხოვება:
ა) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;
ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის გამოვლენისა პროცედურის ცოდნა და ამ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მოქმედება;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა კულტურული, ასაკობრივი, გენდერული და სქესობრივი მახასიათებლების ცოდნა და მიზანშეწონილობისამებრ გათვალისწინება;
დ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან და თარჯიმნებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
მუხლი 12🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება და რეგისტრაცია
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით (დანართი №3) მიმართავს სამინისტროს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ავსებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმას, რომელიც მომზადებულია მისთვის გასაგებ ენაზე. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან დაერთვის შესაბამისი თარგმანი ქართულ ენაზე.
2. განცხადებაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია მიუთითოს საქართველოში საკუთარი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი). ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის განცხადებაში მიუთითებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ანკეტირების პროცედურისას, რის შესახებაც მას ეცნობება უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ, განცხადების რეგისტრაციისას.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის და მისი ოჯახის წევრების განცხადება რეგისტრირდება დაუყოვნებლივ, ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით. განცხადებაში შეიტანება მონაცემები ოჯახის წევრთა შესახებ.
4. განცხადებას თან დაერთვის პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. პირადი საქმის უნიკალური ნომრის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრები, რომლებიც მოიცავს პირადი საქმის უნიკალურ ნომერს. დაუშვებელია სარეგისტრაციო ნომრის ცვლილება და იგი გამოიყენება პირის იდენტიფიკაციისათვის თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე, ასევე, შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდგომ.
6. განცხადება მიღებულად ითვლება სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის, შეცვლის წესი და ფორმა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
7. თავშესაფრის მაძიებლის ცნობა გაიცემა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლებზე.
8. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს უღებს ფოტოსურათს და ინახავს ციფრულ ფორმატში. ასევე, იღებს 14 წელს გადაცილებული ყველა თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდებს და არსებობის შემთხვევაში, მისი სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელსაც ინახავს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზაში და თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
9. მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ფოტოსურათების, თითის ანაბეჭდების ან/და სხვა მონაცემების შეცვლის ან წაშლის თავიდან ასაცილებლად.
10. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე, თავშესაფრის მაძიებელი აბარებს სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მას უბრუნდება:
ა)პირადი განცხადებით განცხადების (დანართი №3) გამოხმობის საფუძველზე, სამინისტროს მიერ განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბ)ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ;
გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასაჩივრების შემთხვევაში, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
11. სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარების, ისევე როგორც გატანის ფაქტი, ფიქსირდება აღრიცხვის ჟურნალში, თავშესაფრის მაძიებლისა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერებით.
12. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად, თავშესაფრის მაძიებელს გადაეცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და პასპორტის დამოწმებული ასლი.
13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის წარდგენის, არსებობის შემთხვევაში მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ სპეციალური ფორმის (დანართი №4) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერენ თავშესაფრის მაძიებელი და უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
მუხლი 13🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას
1. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ის დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ხდება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა იწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანზე ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ოქმს ადგენს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი თანამდებობის პირი და საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმანი.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით მიმართავს შესაბამის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, განთავსებისა და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე, სანამ ის საქართველოში რჩება.
4. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენაზე პასუხისმგებელია მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით.
5. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობა გაიცემა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის, არასრულწლოვნის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის წარდგენის აუცილებლობის, არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ სპეციალური ფორმის (დანართი №5) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი და უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
მუხლი 14🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა და განმეორებით მიმართვა
1. თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის /მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.
2. თავშესაფრის მაძიებელი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის მიზნით სამინისტროს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №6).
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე აცნობებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №7).ოქმს ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის საფუძველი, დანართი №8-ის შესაბამისად.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ, თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით თავშესაფრის მაძიებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში(ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე), გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს ჩააბაროს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დატოვოს ქვეყანა, თუ არ არსებობს მისი ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი.
მუხლი 15🔗. ანკეტირების და გასაუბრების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობები
ანკეტირების და გასაუბრების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ თანამდებობის პირს მოეთხოვება:
ა) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;
ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და გენდერული მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;
დ) გასაუბრების ჩატარების, მათ შორის სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან გასაუბრების ჩატარების, მეთოდიკის ცოდნა;
ე) თარჯიმანთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
მუხლი 16🔗. ანკეტირების პროცედურა
1. ანკეტის შევსების მიზნით, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ანკეტირების მიზნით, გასაუბრება ასევე ტარდება თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში.
2. თავშესაფრის მაძიებლის ანკეტა ივსება დანართი №9-ის შესაბამისად, ხოლო თავშესაფრის მაძიებლის სრულწლოვანი ოჯახის წევრების ანკეტა ივსება ინდივიდუალურად, დანართი №10-ის შესაბამისად. ანკეტის შევსების მიზნით, გასაუბრებას ატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში.
3. ანკეტირება ხორციელდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანკეტირების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება ანკეტირების პროცედურის დაწყების წინ. თავშესაფრის მაძიებლის მიერ აუდიოჩაწერაზე უარი ითვლება თანამშრომლობაზე უარის გაცხადებად. აუდიო აწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:
ა) თავშესაფრის მაძიებლისათვის აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;
ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;
გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;
დ) ანკეტირების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და ასევე სიტყვიერად მიეთითება დასრულების დრო;
ე) ანკეტირების აუდიოჩანაწერი ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში, ციფრულ ფორმატში, კომპაქტურ დისკზე.
4. ანკეტირების პროცედურის დაწყებისთანავე თავშესაფრის მაძიებელს განემარტება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა, დანართი №11-ის შესაბამისად.
5. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
6. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
მუხლი 17🔗. დოკუმენტაცია
1. ანკეტირების პროცედურის დაწყებამდე, თავშესაფრის მაძიებელმა, არსებობის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება მის ასაკს, წარმომავლობას, იდენტობას, მოქალაქეობას (მოქალაქეობებს), წარმოშობის ქვეყანას (ქვეყნებს), ადგილს (ადგილებს), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებს და გარემოებებს, ასევე, მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დედნების სახით.
3. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა განმარტოს ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის მიზეზი. აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება ანკეტის ფორმაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს შეუძლია საკუთარი ან სხვა პირების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მას დაენიშნება შეხვედრა დოკუმენტების სამინისტროსთვის გადასაცემად, რის შესახებ ინფორმაციაც შეიტანება ანკეტის ფორმაში.
5. დაუშვებელია, თავშესაფრის მაძიებლისთვის შეთავაზებულ იქნეს დოკუმენტაციის მოსაპოვებლად წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირება, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს წარმოშობის ქვეყანაში მყოფ მის ოჯახის წევრებს ან ახლობლებს.
6. თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება მის პირად საქმეში თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას. თავშესაფრის პროცედურის დასრულების შემდეგ პირს უბრუნდება დოკუმენტაცია და მის პირად საქმეში ინახება წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. პირად საქმეში დოკუმენტაციის შენახვა ხდება დოკუმენტაციის აღწერილობის, წარდგენის თარიღის და შენახული დოკუმენტის სახის (დედანი, ასლი) მითითებით.
მუხლი 18🔗. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი
1. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ხდება თავშესაფრის მაძიებლის სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიცირება, რომელთა წრეც განსაზღვრულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით.
2. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირს პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებში.
3. თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებასა და ანკეტირებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის შემთხვევაში, ადგენს ამ პირთა კონკრეტულ საჭიროებებს.
4. სპეციფიკური საჭიროების მქონე თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და განთავსებას. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის განსახლება ხორციელდება მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
5. სამინისტრო ახდენს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირებას კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის შესახებ – დაუყოვნებლივ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თავშესაფრის მაძიებლის შესახებ– საჭიროებისამებრ. კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო საჭიროებისამებრ, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.
მუხლი 19🔗. წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების განხილვისას პრიორიტეტი ენიჭება წამების, ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას.
2. წამების, ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავშესაფრის მაძიებელი თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში უზრუნველყოფილია კონსულტაციის სერვისით, ისევე როგორც, შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით.
მუხლი 20🔗. სპეციფიკური საჭიროების მქონე ქალი
1. სექსუალური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალს, ორსულს ან მარტოხელა დედას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა გაუწიოს კონსულტაცია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის თაობაზე.
2. კონსულტაციის გამწევი უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს სპეციფიკური საჭიროების მქონე ქალებთან გასაუბრების წარმოების მეთოდიკას და ამ პირთა მიერ აუცილებელი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 21🔗. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
1. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ან/და ქმედება უნდა ეყრდნობოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან კონსულტაციას, უნდა ფლობდეს არასრულწლოვანთან გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და კვალიფიკაციას, ასევე, მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ასაკი და უნარები, მათ შორის განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარი.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც წარმოადგენს არასრულწლოვნის ინტერესებს თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში, ანკეტირების მიზნით, მასთან გასაუბრება ხორციელდება მისი ადვოკატის თანდასწრებით.
4. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე, მისი განსახლება უნდა განხორციელდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
5. დეპარტამენტმა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრების უმოკლეს ვადებში მოძიება, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს არ შეუძლია საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა, შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვებამდე, მხედველობაში მიიღება კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნის მიერ მოწოდებული მონაცემები. თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ თავშესაფრის მაძიებელი არ არის არასრულწლოვანი, მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო/საექსპერტო ზომები ასაკის დასადგენად. ნებისმიერი ეჭვი არასრულწლოვნის მიერ დასახელებულ ასაკთან დაკავშირებით წყდება არასრულწლოვნის სასარგებლოდ.
მუხლი 22🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების მქონე პირი, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი
1. თავშესაფრის პროცედურის საწყის ეტაპზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა კონსულტაცია უნდა გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობების, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირს მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა შესაბამისი დახმარების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთან, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების მქონე პირთან, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთან ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირთან დაკავშირებით საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაძლებლობის ფარგლებში აფასებს თავშესაფრის მაძიებლის უნარს, თავშესაფრის პროცედურის გააზრებასთან და საერთაშორისო დაცვის მისაღებად აუცილებელი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით.
3. თავშესაფრის მაძიებლის გონებრივ/ინტელექტუალურ ან ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით.
4. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლა დროებით ჩერდება მხარდამჭერის დანიშვნამდე. ამ პერიოდში თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლებისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით.
5. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებელთან ანკეტირებასა და გასაუბრებას ატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. საჭიროების შემთხვევაში, ანკეტირება და გასაუბრება ტარდება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობით.
6. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ გააჩნია ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილება მიიღება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურის გათვალისწინებით მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის საფუძველზე.
მუხლი 23🔗. გასაუბრების გრაფიკის შედგენა
1. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება ენიშნება იმ რიგით, რომლითაც მიღებულ იქნა მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, გარდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებში მოცემული გარემოებების არსებობის აშკარად დასაბუთების, ამავე კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წამების და ძალადობის მსხვერპლის, ან 45-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების არსებობის შემთხვევებისა, რა დროსაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება პრიორიტეტულად.
2. იმ თავშესაფრის მაძიებელთან, რომელიც ჩართულია გაძევების პროცედურაში, ან არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი, ან მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გასაუბრებას ნიშნავს ამ განცხადების განხილვის სავალდებულო ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, პირველივე შესაძლო დღეს, მაგრამ ამ ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ათი დღისა.
3. მისაღებ სივრცეში გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, თავშესაფრის მაძიებელთან შეხვედრა, ანკეტირება და გასაუბრება ინიშნება გრაფიკის შედგენის ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით.
4. ანკეტირების პროცედურის ჩატარების გადადების საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატყობინებს მისაღები სივრცის ადმინისტრატორს პროცედურის ჩატარების გადადების შესახებ, პროცედურის ჩატარებისთვის განსაზღვრული დროის მითითებით.
5. სამმართველოს უფროსს მიეწოდება ინფორმაცია გრაფიკების შედგენისას გამოვლენილი იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვნად განხორციელებაზე.
მუხლი 24🔗. გასაუბრების გრაფიკის შედგენა
1. გასაუბრების გრაფიკის შედგენისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის ცოდნა;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის სპეციფიკური საჭიროება;
გ) საქმის სირთულე;
დ) კვირის განმავლობაში დაგეგმილი სხვა სახის შეხვედრების რაოდენობა (ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებული გასაუბრება, დამატებითი გასაუბრება, დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა).
2. გასაუბრება ინიშნება თავშესაფრის მაძიებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ ინფორმაციის ანალიზისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით.
3. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან ოთხი თვის ვადაში, ხოლო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-6-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ პროცედურის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 25🔗. გასაუბრების თარიღის შეცვლა
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრების თარიღის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი მიზეზების გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება ოქმი, რომელიც შეიტანება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. გასაუბრების ახალი თარიღი განისაზღვრება გასაუბრების გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრება შესაძლებელია გადატანილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.
2. გასაუბრების გადატანის შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, გასაუბრების თარიღის გადატანა ხორციელდება საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს უფროსის თანხმობით.
3. გაძევების პროცედურაში მყოფი პირის განცხადების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადების ან დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლასთან დაკავშირებით, გასაუბრების თარიღის გადატანა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს სამი დღისა.
4. თუ დაგეგმილი გასაუბრებების რაოდენობა აჭარბებს სამმართველოს ადამიანური რესურსის შესაძლებლობებს, გადაწყვეტილება გასაუბრების გადატანასთან დაკავშირებით მიიღება სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსის მიერ, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
თავი III
გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით
მუხლი 26🔗. საქმეების გადანაწილება სამმართველოს სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს შორის
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამზადებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელსაც მოეთხოვება:
ა) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;
ბ) გასაუბრების ტექნიკის ფლობა;
გ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა გამოვლენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;
დ) თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და სქესობრივი მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;
ე) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან და თარჯიმნებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
2. სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი ანაწილებს საქმეებს სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს შორის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით განხილვისა და განხილვის შესაბამისი ვადის მითითებით.
3. საქმეების განაწილებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის შესაბამისი ცოდნა წარმოშობის ქვეყნების, კონკრეტული რეგიონების ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დევნის გარემოებების თავისებურებებთან დაკავშირებით;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის სქესი – შესაძლებლობის შემთხვევაში, საქმეების განაწილება ხორციელდება იმავე სქესის სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე, რომელსაც წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავშესაფრის მაძიებელი არ ითხოვს განსხვავებული სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმის განხილვას;
გ) ოჯახური კავშირი – ერთი ოჯახის წევრების ან იმ ახლო ნათესავების ურთიერთდაკავშირებული საქმეები, რომლებიც განიხილება დამოუკიდებლად, ნაწილდება ერთ სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე.
4. საქმეების განაწილება ხდება ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რათა სტატუსის დამდგენ სპეციალისტს ჰქონდეს საკმარისი დრო საქმის მასალების გაცნობისა და მათი განხილვისთვის.
5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს მისთვის გადაწერილი საქმეების სიას, თითოეული საქმის მდგომარეობის მითითებით. ყოველი თვის ბოლოს, სია წარედგინება სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსს.
მუხლი 27🔗. გასაუბრება
1. სტატუსის დადგენის მიზნით, გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებელთან და ასევე, თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან, ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში.
2. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რაც მოიცავს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების ან/და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ, ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია დაადგინოს პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება.
3. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების ჩატარების შესახებ წერილობით ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე მის პირად საქმეში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ უცნობია თავშესაფრის მაძიებლის მისამართი, თავშესაფრის მაძიებლისთვის გასაუბრების ჩატარების შესახებ შეტყობინება ხორციელდება ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, თავშესაფრის მაძიებლის სატელეფონო მონაცემების ან ელექტრონული ფოსტის მოსამართლის არსებობის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებლისთვის გასაუბრების ჩატარების ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით შეტყობინების შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დგება კომუნიკაციის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, ხოლო თარჯიმნის მეშვეობით დაკავშირების შემთხვევაში, ასევე თარჯიმანიც.
4. თავშესაფრის მაძიებელს ან მისი ოჯახის წევრს, გასაუბრებისას ახალი ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი გარემოების წარმოდგენის შემთხვევაში, ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. თავშესაფრის მაძიებელს ასევე ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ალტერნატიულ ინფორმაციას, მათ შორის წარმოშობის ქვეყნის ინფორმაციას, შორის არსებული შეუსაბამობის/წინააღმდეგობის შესახებ.
5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების ჩატარებამდე, იკვლევს საქმის გარემოებებს. კერძოდ:
ა)ეცნობა თავშესაფრის მაძიებლის და მისი ოჯახის წევრების ანკეტირების მასალებსა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, გამოყოფს საქმესთან უშუალო კავშირში მყოფ არსებით დეტალებს და განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობას;
ბ) შეისწავლის სამგზავრო და სხვა სახის დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და მხედველობაში იღებს იმ მონაცემებს, რომლებიც უშუალო კავშირშია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან;
გ) შეისწავლის თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის რეგიონების რუკების ჩათვლით და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის რუკებს გასაუბრების პროცედურისთვის;
დ) გასაუბრებისთვის ამზადებს გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვებს;
ე) თავშესაფრის მაძიებლის მიერ გასაუბრების პროცედურის მსვლელობისას, შესაბამისი განმარტებების წარდგენის მიზნით გამოყოფს ისეთ საკითხებს, რომლებიც აკლია საქმისწარმოების მასალებს, არის ბუნდოვანი ან არის ურთიერთშეუსაბამო.
6. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ გასაუბრებაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა უნდა განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, კერძოდ:
ა) გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით არსებული განცხადების გასაუბრების ბოლოს წერილობით წარდგენის უფლების შესახებ;
ბ) გასაუბრების პროცედურაში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასაუბრების პროცედურაში ჩარევის გარეშე და გასაუბრების ბოლოს წერილობითი განცხადების წარდგენით შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტული პროცედურული დარღვევის გამოსწორება;
გ) გასაუბრებისთვის ხელის შეშლის დაუშვებლობის შესახებ. თუ კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მონაწილეობა ხელს უშლის გასაუბრების პროცესს, მან უნდა დატოვოს გასაუბრების პროცედურა, რის თაობაზეც დგება ოქმი ამ პირის გასაუბრების გასაუბრების დატოვების მიზეზის მითითებით, რაც დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეს.
7. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა, გასაუბრების დაწყებისთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა განუმარტოს თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა, დანართი №12-ის შესაბამისად.
8. გასაუბრებისას, სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ სრული და ზუსტი განმარტების მიღება. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უპირატესობას ანიჭებს ღია ტიპის შეკითხვების დასმას, რათა თავშესაფრის მაძიებელს მიეცეს არსებითი დეტალების საკუთარი სიტყვებით აღწერის შესაძლებლობა. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი თავშესაფრის მაძიებელს თხრობას არ აწყვეტინებს, გარდა ასეთის საჭიროებისა.
9. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა თავშესაფრის მაძიებელს უნდა შესთავაზოს, ქრონოლოგიურად აღწეროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასა და ანკეტირებაში მითითებული გარემოებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს წარდგენილი ფაქტების სრულყოფილი შეფასება, ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და მათი შესაძლო გამოსწორება.
10. დამატებითი გასაუბრება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა;
ბ) გასაუბრების მსვლელობისას გამოიკვეთა ისეთი სახის ახალი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი სტატუსის დამდგენი სპეციალისტისთვის და საჭიროებს დამატებით შესწავლას;
გ) სახეზეა გამორიცხვის კრიტერიუმების შეფასების საჭიროება.
11. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა გასაუბრებისას უნდა გამოარკვიოს არასრული ან/და ურთიერთშეუსაბამო ფაქტები ან/და განცხადებები. გასაუბრებისას, თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეთითოს გამოვლენილ ურთიერთშეუსაბამობებზე და ეთხოვოს შესაბამისი განმარტება. თავშესაფრის მაძიებელს ასევე უნდა მიეცეს საშუალება განმარტოს ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს არ მიეცა საშუალება, რათა აეხსნა გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო ან სხვა არადამაჯერებელი ფაქტები, ასევე ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები, სტატუსის დამდგენ სპეციალისტს არ აქვს უფლება გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, სანდოობის შეფასებისას, არასანდოდ მიიჩნიოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ასეთი არსებითი ფაქტები.
მუხლი 28🔗. გასაუბრება კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან
1. შესაძლებლობის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას და მომზადებულია ბავშვის ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური განვითარებისა და ქცევის საკითხებში.
2. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ითვალისწინებს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ასაკს და უნარებს, მათ შორის, განვითარების დონეს, აღქმის და კომუნიკაციის უნარს. გასაუბრების მიზნისა და წესების ახსნისას, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, იყენებს მარტივ გამოთქმებს. ბავშვს განემარტება, რომ იმ შემთხვევაში თუ, არ ესმის კითხვის შინაარსი ან პასუხი არ აქვს, შეუძლია განაცხადოს ამის შესახებ.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მონაწილეობით.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით ელემენტებთან დაკავშირებით, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის გამოკითხვისას, გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები:
ა) ასაკი და მისი განვითარების დონე როგორც გასაუბრების, ისე საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების პერიოდში;
ბ) ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც შესაძლოა გამოეწვია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებულ გარემოებებს;
გ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ფლობის შესაძლო შეზღუდვები და სტატუსის დადგენისთვის მისი მნიშვნელობა.
5. თუ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს არ სურს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის აუცილებელ ფაქტებზე და მოვლენებზე საუბარი, შესაძლებელია, გასაუბრების გადადება ან შეწყვეტა. გასაუბრების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
6. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, საჭიროებისამებრ, არასრულწლოვნის თავისებურებების გათვალისწინებით, ცხადდება შესვენებები.
მუხლი 29🔗. სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებული გასაუბრების ჩაწერა
1. გასაუბრების ჩაწერა ხორციელდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გასაუბრების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება გასაუბრების პროცედურის დაწყების წინ. აუდიოჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:
ა) აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;
ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;
გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას, სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;
დ) გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და ასევე სიტყვიერად მიეთითება დრო;
ე) გასაუბრების აუდიოჩანაწერი ინახება ციფრულ ფორმატში, კომპაქტურ დისკზე, რომელიც ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს გასაუბრების ოქმს, დანართი №13-ის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) თავშესაფრის მაძიებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;
ბ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის სახელი და გვარი;
გ) თარჯიმნის სახელი და გვარი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის სახელი და გვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) გასაუბრების დაწყებისა და დასრულების დრო და თარიღი;
ვ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვები და თავშესაფრის მაძიებლის პასუხები;
ზ) თავშესაფრის მაძიებლის ქცევასთან და არავერბალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული შენიშვნები.
3. გასაუბრების ოქმში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი შეძლებისდაგვარად ზუსტად ასახავს თავშესაფრის მაძიებლის სიტყვებს და არა – მონათხრობის შინაარსს.
მუხლი 30🔗. დოკუმენტების განხილვა სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ გასაუბრებაზე
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში არსებული ასლების დედნებთან იდენტურობის შემოწმების მიზნით, განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. დოკუმენტის დედნის ნამდვილობის დასადგენად, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს დოკუმენტის შემდეგ მახასიათებლებს:
ა) ქაღალდის ხარისხი და ერთგვაროვნება, რომელზეც შესრულებულია დოკუმენტი;
ბ) გვერდების ნუმერაცია და თანმიმდევრობა;
გ) ფოტოებისა და ხელმოწერების შესაბამისობა თავშესაფრის მაძიებლის ფოტოებსა და ხელმოწერებთან;
დ) მონაცემების გაუფერულება ან ბუნდოვანება;
ე) გათხაპნილი, მთლიანობადარღვეული ან არასწორი ბეჭდები;
ვ) ფოტოსურათის გვერდიდან განშრევება ან ლამინირებული დაფარვის მთლიანობის დარღვევა.
3. თავშესაფრის მაძიებელს მიეთითება დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმებისას გამოვლენილ ყველა სახის ხარვეზზე, რაზეც მას შესაძლებლობა ეძლევა, წარადგინოს შესაბამისი განმარტებები.
4. თუ დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა ვერ ხდება, მაგრამ არ არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველი, ასეთი დოკუმენტი მიიღება, როგორც ნამდვილი.
მუხლი 31🔗. გასაუბრების დასრულება
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გასაუბრების დასრულებისას ვალდებულია:
ა)დარწმუნდეს, მიეცა თუ არა თავშესაფრის მაძიებელს საშუალება, სრულად მიეწოდებინა სტატუსის დადგენისათვის აუცილებელი ყველა გარემოება;
ბ) დაუსვას თავშესაფრის მაძიებელს შეკითხვა, მოწოდებულ ინფორმაციაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;
გ)დარწმუნდეს, სრულად არის თუ არა მიწოდებული სტატუსის დადგენისათვის ყველა სახის ინფორმაცია;
დ) განუმარტოს თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფრის პროცედურის შემდგომი ეტაპები. კერძოდ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შედეგები, თავშესაფრის მაძიებლის უფლება, უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ და გასაჩივრების წესი.
2. გასაუბრების დასრულებისას, გასაუბრების ოქმს ხელს აწერენ თავშესაფრის მაძიებელი, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი და გასაუბრებაზე დამსწრე სხვა პირები.
მუხლი 32🔗. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება
1. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე პასუხისმგებელია წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იკვლევს, აგროვებს და სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს აწვდის თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას.
3. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება ინფორმაციას ობიექტურად და მიუკერძოებლად ამუშავებს. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში, თავისუფალია ზემდგომი სტრუქტურული დანაყოფებისა და თანამდებობის პირების პოლიტიკური ან სხვა ისეთი სახის გავლენისგან, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებს განყოფილების მიერ მომზადებული ინფორმაციის ნეიტრალურობას და მიუკერძოებლობას.
4. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება ხელმძღვანელობს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად (დანართი №14)
მუხლი 33🔗. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მომზადებული დასკვნის სტრუქტურა
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, ამზადებს დასკვნას, თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველია:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
ბ) თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირება;
გ) თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული გასაუბრება;
დ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;
ე) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაცია;
ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია;
ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია.
2. სამმართველოს მიერ მომზადებული წერილობითი დასკვნა არის დასაბუთებული და შეიცავს:
ა) განცხადების მოკლე შინაარსს;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ჩამონათვალს;
გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის, მათ შორის, ამ ინფორმაციის რეალურობის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შეფასებას;
დ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას, მათ შორის:
დ.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;
დ.ბ) დევნის საფუძვლიანი შიშის დადგენას, მათ შორის შიშის სუბიექტური და ობიექტური საფუძვლების განსაზღვრას;
დ.გ) დევნის ფაქტის დადგენას;
დ.დ) დევნის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;
დ.ე) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;
დ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;
დ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;
დ.თ) საჭიროების შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას.
ე) ლტოლვილის სტატუსის დადგენის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას;
ე.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;
ე.ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეალური რისკის არსებობის დადგენას;
ე.გ) სერიოზული ზიანის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;
ე.დ) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;
ე.ე) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;
ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;
ე.ზ) საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას.
ვ) რეკომენდაციას.
3. დასკვნა მზადდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით.
4. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.
მუხლი 34🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას განიხილავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 35🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ იგი:
ა) არის აშკარად დაუსაბუთებელი;
ბ) ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანის გზით თავშესაფრის მაძიებელი ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მიიჩნევა აშკარად დაუსაბუთებლად, თუ:
ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ არის კავშირში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი, ან არარეალური, სავარაუდო დევნის ან სერიოზული ზიანის რეალური რისკის დასადგენად;
გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს ინფორმაციას საკუთარი ვინაობის ან/და წარმოშობის ქვეყნის შესახებ;
დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან მის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებაზე.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს წყვეტს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი, ანკეტირების პროცედურის ჩატარებისა და საქმის წარმოების მასალების მიღების შემდეგ 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროების გამოვლენისას, სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს შესაბამის სტატუსის დამდგენ სპეციალისტს.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას გამოიყენება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა.
მუხლი 36🔗. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შეტყობინება
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ამზადებს დასაბუთებულ დასკვნას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი.
2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე), გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
3. თავშესაფრის მაძიებლის მიზეზით სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
4. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული თავშესაფრის მაძიებლის შემთხვევაში, შეტყობინება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თავშესაფრის მაძიებლისთვის გადაცემის მიზნით.
5. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა/ეგზავნება მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს.
6. თავშესაფრის მაძიებელი ხელმოწერით ადასტურებს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, როგორც ქართულ, ისე მისთვის გასაგებ ენაზე ჩაბარების ფაქტს, ჩაბარების თარიღის მითითებით.
მუხლი 37🔗. გადაწყვეტილება ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების თაობაზე
1. ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება ერთი წლის ვადით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის შეიძლება იმავე ვადით არაერთგზის გაგრძელდეს, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იწყებს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების შესაძლებლობის საკითხის განხილვის პროცედურას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
3. ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. გადაწყვეტილება მიიღება საქმის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი პროცედურის დაწყების შესახებ. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიზეზით სამინისტროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
5. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება გადაეცემა/ეგზავნება მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს ან ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების შესაძლებლობის საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე ინფორმაცია ეცნობება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სხვა საშუალებით.
6. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებას ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი პროცედურის დაწყებიდან ათი დღის ვადაში. გასაუბრების მიზანია, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გასაუბრება არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ კვლავ არსებობს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი.
8. საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს გადაწყვეტილების მისაღებად.
9. ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება პირს ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე).
10. იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთან დაკავშირება შეუძლებელია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მინიჭებული სტატუსის გახანგრძლივების ან გახანგრძლივებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სტატუსის დადგენის სპეციალისტისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
11. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი დაუკავშირდება და გამოცხადდება სამინისტროში და გამოუცხადებლობის მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს, მათი გამოკვლევის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.
12. შესაძლებლობის შემთხვევაში, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთან გასაუბრებას ატარებს იმავე სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტი და უზრუნველყოფილია იმავე სქესის თარჯიმანი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არ ითხოვს განსხვავებული სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმის განხილვას ან თარჯიმნით უზრუნველყოფას.
13. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანდასწრებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
14. უზრუნველყოფილი იყოს გასაუბრების მასალის სიზუსტე. ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წარმოებული პროცედურის მასალები ინახება ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის პირად საქმეში.
15. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წარმოებული გასაუბრების მიმდინარეობისას, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.
16. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის დადგენის პროცედურის დასრულებამდე, ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობები.
17. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გახანგრძლივებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ამ პირს ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულად და თარგმანი მისთვის გასაგებ ენაზე), „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების წესის მითითებით.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ სამინისტროში წარდგენილ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიზეზით გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
19. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ხელმოწერით ადასტურებს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, როგორც ქართულ, ისე მისთვის გასაგებ ენაზე, ჩაბარების ფაქტს, ჩაბარების თარიღის მითითებით.
თავი IV
ოჯახის გაერთიანების პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების განხილვა
მუხლი 38🔗. ოჯახის ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული წარმოებული სტატუსის განხილვა
1. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანმხლებ ოჯახის წევრ(ებ)ს ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო დაცვის მქონე პირს.
2. წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის, თავშესაფრის მაძიებელმა ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს სამინისტროს.
3. თავშესაფრის მაძიებელმა ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოჯახის ყველა წევრს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე მისი განცხადება განხილულ იქნეს ინდივიდუალურად.
5. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან გაუხანგრძლივდა ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ვადა, მაშინ მასთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებსაც, ისევე როგორც არასრულწლოვნებს, რომელთა კანონიერი წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან უხანგრძლივდება ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 ან მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. წარმოებული სტატუსის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის შემდეგ წევრებს:
ა) მეუღლეს, ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პარტნიორს;
ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა არასრულწლოვან შვილებს რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილ არასრულწლოვნებს;
გ) დედას, მამას ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს (მხარდამჭერი პირი) განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით;
დ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან მისი მეუღლის მშობლებს და დასაოჯახებელ სრულწლოვან შვილებს, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული;
ე) მხარდაჭერის მიმღებს პირ(ებ)ს.
7. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა დადგინდეს როგორც თავშესაფრის პროცედურის მსვლელობისას, ისე დამოუკიდებლად – თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდეგ.
8. წარმოებული სტატუსის მოსაპოვებლად გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან.
9. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით, ოჯახური კავშირის დასადგენად, იკვლევს თავშესაფრის პროცედურაში ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გარემოებებს.
10. წარმოებული სტატუსის მინიჭებისათვის ჩატარებულ გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11. ოჯახური კავშირის დასადასტურებლად დოკუმენტაციის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გამოკითხავს ოჯახის წევრებს ოჯახის შემადგენლობასა და ცხოვრების პირობების შესახებ როგორც წარმოშობის ქვეყანაში, ისე საქართველოში ყოფნის პერიოდში, მათ შორის:
ა) ურთიერთობის ხანგრძლივობის და ხასიათის შესახებ;
ბ) ფინანსური, იურიდიული ან სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ აღებული აქვთ ერთმანეთის მიმართ.
12. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებული გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელიც ინახება თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.
13. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების თაობაზე სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, წარმოებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს ერთი თვის ვადაში.
მუხლი 39🔗. ოჯახის გაერთიანება
1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი წერილობით მიმართავს სამინისტროს.
2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ პროცედურით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის და არასრულწლოვნის თანხმობით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას.
3. ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა თან უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოჯახური კავშირების დადგენის მიზნით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, ერთი თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით ახდენს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა მოძიებას, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში.
6. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრების მოძიების და მათთვის ვიზის გაცემის თაობაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
7. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რაც მინიჭებული აქვს ამ პირს.
8. პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
თავი V
საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება. საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადება
მუხლი 40🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აჩერებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას, თუ “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ ხერხდება თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირება და მას არ გადაუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეჩერდება 6 თვის ვადით. აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს.
2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის თაობაზე, თუ თავშესაფრის მაძიებელი:
ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად გაიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ბ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე;
გ) არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ;
დ) დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, გამოიცვლის საცხოვრებელ ადგილს და აღნიშნულის თაობაზე არ აცნობებს სამინისტროს სამი თვის განმავლობაში;
ე) უარს აცხადებს თითის ანაბეჭდების აღებაზე;
ვ) გარდაიცვლება;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გასვლამდე არ გამოცხადდება სამინისტროში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფსიქიკური აშლილობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არ შეწყდება.
4. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის დროს, მას უნდა განემარტოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, დანართი №7-ის შესაბამისად, რაც თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაამოწმოს ხელმოწერით.
5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების ან შეწყვეტის შემდგომ, თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს გამოუცხადებლობის მიზეზებზე განმარტების გაკეთებისა და საპატიო მიზეზების წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის განახლების შესაძლებლობა.
6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 41🔗. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება
1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ან საქართველოში თავშესაფრის პროცედურის დასრულების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში ადგილი აქვს ისეთი ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;
ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა განხილული საერთაშორისო დაცვაზე პირველად განცხადებაში მოცემული გარემოებების შეფასებისას და რომლებიც თავშესაფრის მაძიებლის ბრალის გარეშე არ იქნა წარდგენილი.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი წინასწარ იკვლევს საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადებას, შეისწავლის და აფასებს წარდგენილ განმარტებებს და ახალ გარემოებებს, რათა თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნებით არ მოხდეს არგაძევების პრინციპისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევა.
3. ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იწყებს ამ პროცედურით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურას.
4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი პრიორიტეტს ანიჭებს საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვას, შეფასებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვის შემდეგ დადგინდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არ შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს, საქმის ხელახლა განხილვის გარეშე მიღებული იქნება საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
6. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს განმეორებით მიმართვის საფუძველი, დანართი №15-ის შესაბამისად.
თავი VI
ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
მუხლი 42🔗. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით;
გ) მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა;
დ) მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;
ე) ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლებს გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო;
ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რამდენადაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ზ) იგი პირადი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით;
თ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ ხერხდება ლტოლვილთან დაკავშირება და ამასთან მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
ი) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, თუ ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს დასაბუთებული მიზეზები წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი სამინისტროს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №16).
5. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი შეწყვეტა არის მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 43🔗. ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, თუ:
ა) მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;
გ) ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლებს გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო;
დ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რამდენადაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი;
ე) მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
ვ) იგი პირადი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით;
ზ) “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ ხერხდება ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირთან დაკავშირება და ამასთან მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
თ) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე, თუ ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს დასაბუთებული მიზეზები წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 6 თვის შემდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამინისტროს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №17, დანართი №18)
5. პირისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტა არის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობის და სამგზავრო პასპორტის, ხოლო დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 44🔗. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 ან 21-ე მუხლების მოთხოვნებს ან მან წარადგინა არასწორი ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) პირმა არასწორად წარმოაჩინა ან დამალა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები;
ბ) გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირზე არ უნდა გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა;
გ) სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც გააჩნიათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას;
დ) არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას ან არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ პირი მსჯავრდებულია საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და საზოგადოებრივ წესრიგს.
3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსი ჩამორთმევა ან გაუქმება არის მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობის და სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 45🔗. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე, ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინების საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროში წარდგენილ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში პროცედურა დაწყებულად ჩაითვლება შეტყობინების საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის ჩაბარების დღიდან. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიზეზით შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება გადაეცემა/ეგზავნება მეურვეს /მზრუნველს/მხარდამჭერს ან სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ ინფორმაცია ეცნობება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სხვა საშუალებით.
4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გასაუბრებას საერთაშორისო დაცვის მქონე თითოეულ სრულწლოვან პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება შეუძლებელია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით ან პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა მოხდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
6. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი დაუკავშირდება და გამოცხადდება სამინისტროში და გამოუცხადებლობის მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს, მათი გამოკვლევის შედეგად დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.
7. შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით გასაუბრება ტარდება იმავე სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის და თარჯიმნის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ ითხოვს განსხვავებული სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმის განხილვას ან თარჯიმანს.
8. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/ მხარდამჭერის თანდასწრებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
9. გასაუბრების მასალის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გასაუბრების ჩაწერა ხდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების მასალები ინახება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.
10. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს იმ ინფორმაციას, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, ასევე საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.
11. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე, ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობები.
მუხლი 46🔗. გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ
1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით უგზავნის/გადასცემს 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულად და თარგმანს მისთვის გასაგებ ენაზე), „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების წესის მითითებით.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროში წარდგენილ მისამართზე გაგზავნის შემდეგ, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიზეზით გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამინისტროში ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
4. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ხელმოწერით ადასტურებს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, როგორც ქართულ, ისე მისთვის გასაგებ ენაზე, ჩაბარების ფაქტს, ჩაბარების თარიღის მითითებით.
მუხლი 47🔗. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრ(ებ)ის წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრ(ებ)ი აკმაყოფილებ(ენ)ს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 ან მე-19 მუხლებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. ოჯახის წევრებისათვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განიხილავს ინდივიდუალურად, ამ პროცედურით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის შესაბამისად.
2. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ, გაუუქმდათ ან ჩამოერთვათ წარმოებული სტატუსი, უნდა შეატყობინოს ამის შესახებ და ასევე აცნობოს, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მათ უფლებაზე, მოითხოვონ საერთაშორისო დაცვა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VII
თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული სამინისტროს გადაწყვეტილების სახელმწიფო დაწესებულებებისათვის შეტყობინების წესი
მუხლი 48🔗. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახელმწიფო დაწესებულებებისათვის შეტყობინება
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი რეაგირებისათვის.
2. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ეგზავნება სამინისტროს მიერ მიღებული თავშესაფრის მაძიებლისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება იმ მიზნით, რომ განხორციელდეს მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმება.
თავი VIII
ქვეყანაში მასობრივი შემოსვლის დროს საერთაშორისო დაცვის მინიჭება და თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ოდენობით შემოსული განცხადებების ეფექტიანი მართვა
მუხლი 49🔗. ქვეყანაში მასობრივი შემოსვლის დროს თავშესაფრის მაძიებელთათვის „Prima facie“ პრინციპით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება და რეგისტრაცია
1. იმ პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირობებს, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ამ პირთა „პრიმა ფაციე“ – „ერთი შეხედვით“ („prima facie“) პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ, მათი წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, სამინისტრო ადგენს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისობას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ნიშნებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც ახორციელებს შემოსულ პირთა რეგისტრაციას. რეგისტრაციის მიზნით ამ პირებზე გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) სქესი;
დ) ეროვნება;
ე) წარმოშობის ქვეყანა;
ვ) დევნის საფუძველი;
ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი წარმოშობის ქვეყანაში;
თ) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი საქართველოში;
ი) რელიგია;
კ) მშობლიური ენა/მისთვის გასაგები სხვა ენა;
ლ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
მ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ;
ნ) სამხედრო სამსახური;
ო) ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ;
პ) ინფორმაცია პირის ნასამართლეობის, პატიმრობის, დაკავებისა და ძებნის შესახებ;
ჟ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
რ) ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ.
4. თუ საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტის უქონლობის გამო გართულდა ან შეუძლებელია კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, მისი მოპოვების მიზნით კომისიას უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ამ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. „Prima facie“ პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადაა ერთი თვე. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არა უმეტეს 2 თვით.
6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის, ან წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობისას, პიროვნების ვინაობის დადგენას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისია.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემოსულმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მისი არქონის შემთხვევაში – წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემოსულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სამინისტროსათვის წარდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
9. მასობრივად შემოსულ პირთა რეგისტრაციის შემდეგ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ გადასცემს კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს მათთვის „Prima facie“ პრინციპით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას.
მუხლი 50🔗. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და პროცედურა
1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და გადაწყვეტილებას იღებს მასობრივად შემოსული ჯგუფის წევრებისათვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას და არ შეუძლია საკუთარი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტების ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემოსულ პირთა რეგისტრაციას. რეგისტრაციის მიზნით ამ პირებზე გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) სქესი;
დ) ეროვნება;
ე) თითის ანაბეჭდები;
ვ) წარმოშობის ქვეყანა;
ზ) დევნის საფუძველი;
თ) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი წარმოშობის ქვეყანაში;
ი) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი საქართველოში;
კ) რელიგია;
ლ) მშობლიური ენა/მისთვის გასაგები სხვა ენა;
მ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ნ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ;
ო) სამხედრო სამსახური;
პ) ინფორმაცია საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობის შესახებ;
ჟ) ინფორმაცია პირის ნასამართლეობის, პატიმრობის, დაკავებისა და ძებნის შესახებ;
რ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ს) ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ.
3. თუ საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტის უქონლობის გამო გართულდა ან შეუძლებელია კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, მისი მოპოვების მიზნით კომისიას უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ამ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი დაცვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადაა ერთი თვე. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არა უმეტეს 2 თვით.
5. დროებითი დაცვის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეგისტრაციისას შეგროვებული ინფორმაცია.
6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის, ან წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობისას, პიროვნების ვინაობას ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისია.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემოსულმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მისი არქონის შემთხვევაში – წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში,.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემოსულ არასრულწლოვანზე წარდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
9. მასობრივად შემოსულ პირთა რეგისტრაციის შემდეგ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ ყოფნას.
10. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს მიმართოს სამინისტროს მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ პროცედურით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
12. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, დროებითი დაცვის ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.
მუხლი 51🔗. სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ოდენობით შემოსული განცხადებების ეფექტიანი მართვა
სამინისტროსადმი დიდი ოდენობით თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვის შემთხვევაში, დაგროვებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების ეფექტიანად მართვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც:
ა) ახდენს საკითხთან დაკავშირებული რისკის შეფასებას;
ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების დახარისხებას ტერიტორიული, რაოდენობრივი, მიზეზობრივი ნიშნით და წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესახებ;
გ) ადგენს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფის მოზიდვის საჭიროებას.