„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და აღრიცხვიანობის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 20.07.1998
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №367
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.328
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 20/07/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 27.07.1993
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და აღრიცხვიანობის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძანება №367
1998 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და აღრიცხვიანობის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 3 ივნისის №284 ბრძანებულების მოთხოვნათა აუცილებელი შესრულებისათვის და მისგან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997 წლის 15 ივნისის №380 ბრძანების საფუძველზე, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის სტრუქტურა და ფუნქციები. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რათა დაიხვეწოს ინსპექციის დებულება და მისი საქმიანობა სრულყოფილად შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კანონს პოლიციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებას და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, პირად შემადგენლობაში ადამიანის უფლებათა კანონიერების დაცვასა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. დამტკიცდეს და სახელმძღვანელოდ იქნეს შემოღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულება“ (დანართი №1) ინსტრუქცია „შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და მეთაურთა შემადგენლობის მიერ კანონიერების, ადამიანის უფლებათა დარღვევის და სამართალდარღვევათა ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესის შესახებ“ (დანართი №2) და ინსტრუქცია შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ერთიანი აღრიცხვის შესახებ (დანართი №3).
2. პირადი შემადგენლობის ინსპექციას სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება დაევალოს შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, საგანგებო შემთხვევების ფაქტებზე და დებულებით (დანართი №1) განსაზღვრულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ხელმძღვანელ მუშაკს, გარდა მინისტრის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსისა, აეკრძალოს ინსპექციისათვის დავალებებისა თუ მითითებების მიცემა.
4. აიკრძალოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის გამოყენება ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებასთან.
5. საქართველოს შს სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელმა მუშაკებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების თავმჯდომარეებმა, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, სამსახურების, სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების, დაწესებულებებისა და დანაყოფების უფროსებმა, დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მხრიდან კანონიერების, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე აცნობონ პირადი შემადგენლობის ინსპექციას ინსტრუქციით (დანართი №3) გათვალისწინებულ დროში.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1997 წლის 19 მაისის №266 ბრძანება.
7. შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (ვ. დავითაია) უზრუნველყოს დებულების სტამბური წესით დაბეჭდვა.
8. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას.
9. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
10. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად.
მ ი ნ ი ს ტ რ ი,
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
მუხლი I. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის საერთო დებულება
ა) პირადი შემადგენლობის ინსპექცია (შემდგომში - ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ დანაყოფს სამმართველოს უფლებებით, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პოლიციის მუშაკთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, ასევე ატარებს ოპერატიულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ხსენებული ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთა-აცილების მიზნით.
მუხლი II . ინსპექციის საერთო ამოცანებია:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კორუფციის და სხვა დანაშაულებრივ გამოვლენათა წინააღმდეგ ბრძოლა და მათი პროფილაქტიკა;
ბ) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
გ) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა უფლებების, მათი პატივისა და ღირსების დაცვა.
მუხლი III. ინსპექციის საქმიანობის პრინციპები
ა) ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე საკითხების განხილვისას საჯაროობის და კოლეგიალობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების განუხრელი დაცვით;
ბ) ინსპექცია იცავს ადამიანის უფლებას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მათი ქონებრივი და სხვა მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, ასაკის, განათლების, ენისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
მუხლი IV. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ა) ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „პოლიციის შესახებ“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით, ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით;
ბ) ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირადი შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს და საკუთარი სამუშაო გეგმები.
მუხლი V. ინსპექციის დაკომპლექტება
ა) ინსპექციის დაკომპლექტება ხდება კვალიფიციური და მაღალი მორალური თვისებების მქონე კადრებით, რომელთაც გააჩნიათ შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სათანადო სტაჟი და როგორც წესი აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის შს სამინისტროებში, შინაგან ჯარებში, ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში ინსპექციის მუშაკთა დაკომპლექტება ხდება მხოლოდ შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით.
თავი II. ინსპექციის დაქვემდებარება, მისი ფუნქციები
მუხლი VI. ინსპექციის დაქვემდებარება, მისი ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებები
ა) ინსპექცია, როგორც სტრუქტურული დანაყოფი თავისი სპეციფიკური ფუნქციებით ექვემდებარება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, აღნიშნული მთავარი სამმართველოს უფროსს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროებში, შინაგანი ჯარებში, ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტებში არსებული პირადი შემადგენლობის ინსპექციის დანაყოფები ემორჩილებიან შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, ასევე შს სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციას და ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე;
გ) ინსპექცია სამსახურებრივ მოკვლევას ან სხვა სახის შემოწმებას ატარებს:
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებზე;
- შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ სისხლის
- სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე;
- შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევებისა და სხვა არამართლზომიერი ქმედობის ფაქტებზე;
- მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტებზე, რასაც მათი სიკვდილი ან სხეულის დაზიანება მოჰყვა;
- პოლიციის შენობა-ნაგებობებზე, დაწესებულებებზე, მუშაკებზე თავდასხმის ფაქტებზე, რასაც თანამშრომელთა სიკვდილი, სხეულის დაზიანება, ტაბელური იარაღის, საბრძოლო მასალის, სხვა ქონების გატაცება ან დაკავებულების, პატიმრების და მსჯავრდებულების გაქცევა მოჰყვა, ასევე შს მინისტრის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით, სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებზე;
დ) გარდა „გ“ პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა, ინსპექციის ფუნქციებში შედის:
- გეგმური და მოულოდნელი შემოწმებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას შორის კანონიერებისა და დისციპლინის განმტკიცების, არამართლზომიერი ქმედების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, მონაწილეობა შინაგან საქმეთა ორგანოების საინსპექციო და საკონტროლო შემოწმებებში;
- შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ დაშვებული დისციპლინის და კანონიერების დარღვევების შემთხვევებზე ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დირექტიული და პროფილაქტიკური ხასიათის წერილების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის (კოლეგიის) განსახილველად და შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობამდე მათი დაყვანა;
- ინსპექცია განიხილავს როგორც მოქალაქეთა განცხადებებს და საჩივრებს, ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა პატაკებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მხრიდან დაშვებულ არამართლზომიერ მოქმედებებზე;
- შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამსახურებთან ერთად მონაწილეობს შინაგან საქმეთა ორგანოების პირადი შემადგენლობის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების დაშვების გამომწვევი მიზეზებისა და ხელის შემწყობი პირობების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ე) ინსპექციის სტრუქტურა:
- ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:
- მოკვლევისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება;
- ოპერატიულ-პროფილაქტიკური განყოფილება;
- კონტროლისა და სტატისტიკის განყოფილება;
- პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში მოკვლევისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეგანყოფილება.
მუხლი VII. ინსპექციის დანაყოფების ფუნქციები:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება:
- კონტროლი გაუწიოს საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების, აგრეთვე შს სამინისტროს ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელ დაცვას;
- ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
- მიიღოს და განიხილოს მოქალაქეთა და შს ორგანოების თანამშრომელთა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი განცხადებები და საჩივრები, რომლებიც დაკავშირებულია მათი უფლებების, ასევე კანონიერი ინტერესების ხელყოფასთან;
- შს სამინისტროს მუშაკთა დაღუპვის, სხეულის დაზიანების და მათდამი მიმართული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
- შს ორგანოს თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი ტაბელური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მათი მართლზომიერების ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დადგენის მიზნით.
ბ) ოპერატიულ-პროფილაქტიკური განყოფილება:
- შს სამინისტროს სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა;
- მოულოდნელი და გეგმური შემოწმებების ჩატარება შს სამინისტროსა და მის დანაყოფებში კანონსაწინააღმდეგო და არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;
- შემოწმებებისა და სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება პოლიციის შენობა-ნაგებობებზე, დაწესებულებებზე, მუშაკებზე თავდასხმის, ასევე იარაღის, საბრძოლო მასალების ან სხვა ქონების გატაცების და დაკარგვის ფაქტებზე;
- ღონისძიებების გატარება იმ თანამშრომელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც შემჩნეულნი არიან კანონიერების დარღვევაში. აგრეთვე იმ თანამშრომლების გამოსავლენად, რომლებიც ყალბი საბუთების გამოყენებით მოხვდნენ შს ორგანოებში;
- პოლიციის იმ მუშაკთა გამოვლენა, რომლებიც კანონის დარღვევით მონაწილეობენ კომერციულ, ან სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობაში;
გ) კონტროლისა და სტატისტიკის განყოფილება:
- კოორდინაციას, კონტროლს, პრაქტიკულ და მეთოდურ დახმარებას უწევს სამსახურებრივი შემოწმების კვალიფიციურად ჩატარებაში აფხაზეთისა და აჭარის შს სამინისტროების, შინაგანი ჯარების, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექციის დანაყოფებს;
- პერიოდულად ამოწმებს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაწეულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ამოიღებს შემოწმების მასალებს და აყენებს შუამდგომლობას ინსპექციის უფროსის წინაშე, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მიზნით;
- ინსპექციის უფროსის დავალებით ასრულებს დებულების მეორე თავის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინსპექციის ყველა ფუნქციას;
- იხილავს და ახდენს შესაბამის რეაგირებას პროკურატურის, სასამართლო ორგანოებიდან, ან სხვა უწყებებიდან შემოსულ წერილებსა და წარდგინებებზე;
- ახდენის ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის, ადამიანის უფლებათა, კანონიერებისა და დისციპლინის დარღვევის ფაქტების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ანალიზსა და განზოგადებას, რის საფუძველზეც შეიმუშავებს წინადადებებს ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით;
- აღრიცხავს შინაგან საქმეთა დანაყოფებზე და დაწესებულებებზე, ასევე პოლიციის თანამშრომლებზე მომხდარ თავდასხმებსა და სხვადასხვა საგანგებო შემთხვევებს;
- ადგენს პერიოდულ სტატისტიკურ და ანალიტიკურ ანგარიშებს;
- აკონტროლებს ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის დროულად შესრულებას, მეთვალყურეობას უწევს პროკურატურისა და სხვა ორგანოებში გადაგზავნილი სამსახურებრივი შემოწმების მასალების მსვლელობას;
- უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საქმეების აღრიცხვასა და შენახვას.
დ) პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში მოკვლევისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეგანყოფილება:
- კონტროლს გაუწევს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების, აგრეთვე შს სამინისტროს საუწყებო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელ დაცვას;
- დაიცავს როგორც მსჯავრდებულთა, ისე სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების თანამშრომელთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს;
- მიიღებს და განიხილავს მსჯავრდებულთა და სასჯელთა ორგანოების თანამშრომელთა როგორც წერილობით, ისე ზეპირ განცხადებებს და საჩივრებს, რომლებიც დაკავშირებულია მათი უფლებების, ასევე კანონიერი ინტერესების ხელყოფასთან;
- შს ორგანოების სამორიგეო ნაწილების დროებით მოსათავსებელ იზოლატორებში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში და სხვა დანაყოფებში ატარებს როგორც მოულოდნელ, ასევე გეგმურ შემოწმებებს დაკავებულთა უფლებების დარღვევის, კერძოდ: ადგილებზე არსებული პირობების, უკანონო დაკავებების, უკანონო ჩხრეკის, ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე სხვა კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერი ქმედობების გამოვლენისა და მათი აღკვეთის მიზნით;
- პენიტენციალური დაწესებულებებისა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობაზე დააწესოს სამსახურებრივი ზედამხედველობა მოქალაქეთა და მსჯავრდებულთა უფლებების და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვის ან შელახვის გამოვლენისა და მათი აღკვეთის მიზნით;
- ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
- ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას დაკავებულ, დაპატიმრებულ, და მსჯავრდებულ პირთა გაქცევის ფაქტებთან დაკავშირებით;
- პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი ტაბელური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მათი მართლზომიერების, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დადგენის მიზნით.
- სასჯელთა აღსრულების დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე, დაწესებულებებზე, მუშაკებზე თავდასხმის, ასევე იარაღის, საბრძოლო მასალების ან სხვა ქონების გატაცების და დაკარგვის, ამ დაწესებულებების თანამშრომელთა დაღუპვის, სხეულის დაზიანების და მათდამი მიმართული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
- პენიტენციალური დაწესებულებების სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა;
- ღონისძიებების გატარება იმ თანამშრომელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულის ჩადენაში, ან რომლებიც ყალბი საბუთების გამოყენებით მოხვდნენ სასჯელთა აღსრულების სისტემაში;
- იხილავს და ახდენს შესაბამის რეაგირებას პროკურატურის, სასამართლო ორგანოებიდან, ან სხვა უწყებებიდან შემოსულ წერილებსა და წარდგინებებზე, რომლებიც ეხება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებების, საგამოძიებო იზოლატორების, დროებითი მოთავსების იზოლატორების, მიმღებ-გამანაწილებლების მუშაობას.
მუხლი VIII. ინსპექციის უფლებები:
ა) სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების პროცესში ინსპექცია უფლებამოსილია გამოიძახოს შინაგან საქმეთა ორგანოების ნებისმიერი თანამშრომელი და თანამდებობის პირი, დაუბრკოლებლად შევიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დაწესებულებაში და დანაყოფში;
ბ) სამსახურებრივი მოკვლევის სისრულისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით ინსპექციას უფლება აქვს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შემოწმებაში ჩართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სამსახური, გამოიყენოს ოპერატიული სამსახურების შესაძლებლობები;
გ) ინსპექციის თანამდებობის პირთა მითითებები მათი კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა შესასრულებლად შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა მუშაკისათვის.
დ) შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები და ხელმძღვანელები ვალდებული არიან სამსახურებრივ მოკვლევასთან დაკავშირებით შეასრულონ ინსპექციის მუშაკთა მოთხოვნები, ასევე აღმოუჩინონ დახმარება სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში. კერძოდ: მიაწოდონ ინფორმაცია და მათთვის საინტერესო საკითხებზე, უზრუნველყონ ტრანსპორტითა და ტექნიკური საშუალებებით;
ე) შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, მათ შორის, ხელმძღვანელები, რომლებიც არ შეასრულებენ 8.4. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, პასუხს აგებენ დისციპლინური წესით;
ვ) სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებისას ინსპექცია ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თანამშრომლობს და ურთიერთმოქმედებს შესაბამის ორგანოებთან და დაწესებულებებთან, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.
მუხლი IX . ინსპექციის უფროსის უფლება-მოვალეობანი:
ინსპექციის უფროსის უფლება-მოვალეობაში შედის:
ა) ინსპექციის საქმიანობის ორგანიზება და მასზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ინსპექციის კადრების პროფესიული, საქმიანი და მორალური ამაღლებისათვის ზრუნვა;
გ) ინსპექციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
დ) სამინისტროს პრესცენტრის მეშვეობით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტების დამყარება და ურთიერთობათა განვითარება, წინადადებების მომზადება სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთმოქმედებების შესახებ ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ინსპექციის თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობათა განსაზღვრა და განაწილება, ინსპექციის სამუშაო გეგმებისა და კონკრეტული გეგმა-დავალებების დამტკიცება;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი მოკვლევისა და ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების დანიშვნა და კონტროლი მათ მიმდინარეობაზე;
ზ) უშუალო მონაწილეობა შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევისა და ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაში;
თ) ინსპექციის უფროსს უფლება აქვს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამოიღოს ინსპექციის ნებისმიერი დანაყოფიდან მასალები და დაავალოს მათი შემოწმება ინსპექციის სხვა დანაყოფს, მისცეს ცალკეული დავალებები ერთდროულად სხვადასხვა დანაყოფის რამდენიმე თანამშრომელს, მოახდინოს ინსპექციის დანაყოფებში სამსახურებრივი მოკვლევის მასალებისა და დასკვნების კანონიერების შემოწმება და საჭირო შემთხვევაში დააყენოს საკითხი მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის
მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის
ინსპექცია
დანართი №2
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა
შემადგენლობის პირების მიმართ სამსახურებრივი
მოკვლევის ჩატარების წესების შესახებ
I. ინსტრუქცია განსაზღვრავს შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიერ დანაშაულის, დისციპლინარული სამართალდარღვევის, აგრეთვე საგანგებო შემთხვევების ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების წესებს.
II. სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების მიზანია ზემოაღნიშნული ფაქტების გარემოებათა სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, მათი ხელის შემწყობი მიზეზებისა და პირობების, დამრღვევ და უფლებაშელახულ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
III. სამსახურებრივი მოკვლევის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს:
ა) მოქალაქეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებები.
- იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება განაცხადებს პოლიციელთა მხრიდან სამართალდარღვევათა შესახებ და არ დაასახელებს თავის ვინაობას, ინსპექციის მუშაკი ვალდებულია გააფორმოს პატაკი უფროსის სახელზე, რომელიც გატარებული უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში;
ბ) მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებიდან შემოსული შეტყობინებები, კერძო განჩინებები ან წარდგინებები;
გ) ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან და უწყებებიდან შემოსული განცხადებები ან წერილები, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციები შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის და დისციპლინარული სამართალდარღვევის ფაქტებზე;
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სამორიგეო ნაწილში შემოსული სადღეღამისო ინფორმაციები საგანგებო შემთხვევების შესახებ;
ე) შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირის პატაკი, მის მიერ გამოვლენილი, ან სხვა სახის დარღვევების შესახებ.
IV. სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისას უნდა დადგინდეს:
ა) დანაშაულის ჩადენის და დისციპლინარული სამართალდარღვევის შემთხვევის გარემოებები (დრო, ადგილი, პირობები და სხვა);
ბ) გარემოებები (როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი), რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ თანამშრომლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრისას;
გ) დამრღვევი პირის საქმიანი და მორალური თვისებები, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სტაჟი და სხვა;
დ) დარღვევის მიზეზები და ხელის შემწყობი პირობები;
ე) დარღვევით მიყენებული ზიანის ხასიათი ან ოდენობა;
ვ) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლის სხეულის დაზიანების ან დაღუპვის გამომწვევი მიზეზები, გარემოებები, მათ მიმართ პოლიციის კანონით გათვალისწინებული ზომების მისაღებად.
V. ინსპექციის თანამშრომელს, რომელიც ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას, უფლება აქვს:
ა) მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტებები შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებისა და მოქალაქეებისაგან;
ბ) გაეცნოს შინაგან საქმეთა ორგანოების წარმოებაში არსებულ მასალებსა და დოკუმენტებს დადგენილი წესით, ასევე სახელმწიფო ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველსაც. აუცილებლობის შემთხვევაში დაურთოს ისინი ან მათი ასლები სამსახურებრივი მოკვლევის მასალებს საიდუმლოების წესების სრული დაცვით (სხვა უწყებათა დოკუმენტების გაცნობა ან მათგან ასლების გადაღება ხდება შესაბამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით);
გ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საჭიროების შემთხვევაში შეამოწმოს შს ორგანოების თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და ინვენტარი.
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცესში აღმოჩნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით გაუთვალისწინებელი მასალები ან საგნები, მიღებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;
დ) მონაწილეობა მიაღებინოს სპეციალისტებს ისეთ საკითხებზე, სადაც აუცილებელია სპეციალური ცოდნა;
ე) მისცეს ცალკეული დავალებები და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და დაწესებულებებიდან.
VI. თანამშრომელი, რომელიც ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას, ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ამ ინსტრუქციის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად;
ბ) დაიცვას, როგორც განმცხადებლის, ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლის კანონიერი უფლებები და ინტერესები;
გ) სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში წარმართოს მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად შესაბამის ორგანოში;
დ) გააცნოს დამტკიცებული დასკვნა (ცნობა) შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომლის მიმართაც ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა იმ ნაწილში, რომელიც პირადად მას ეხება. დამრღვევი პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს მის მიმართ მიღებული ზომების შესახებ;
ე) ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს განმცხადებელს ან სხვა დაინტერესებულ პირს.
VII. შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის პირს, რომლის მიმართაც ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, უფლება აქვს:
ა) წარმოადგინოს მტკიცებულებები გასარკვევ გარემოებათა ირგვლივ;
ბ) მისცეს მოტივირებული აცილება იმ თანამშრომელს, რომელიც მის მიმართ ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას;
გ) გაეცნოს სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნას (ცნობას) იმ ნაწილში, რომელიც პირადად მას ეხება;
დ) გაასაჩივროს ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგები ზემდგომ ხელმძღვანელობასთან „დისციპლინალური წესდების“ მოთხოვნათა დაცვით.
VIII. სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების წინ როგორც წესი უნდა შედგეს და დამტკიცდეს გეგმა-დავალება, რომელსაც ამტკიცებს ინსპექციის უფროსი ან მისი შემცვლელი პირი.
IX. სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს:
ა) სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების საფუძველი;
ბ) იმ პირის თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დაწყების და ბოლო თანამდებობაზე დანიშვნის დრო, ვის მიმართაც ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა;
გ) პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, მისი ხელისშემწყობი პირობები და მიზეზები,
დ) სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ზომა.
X. სამსახურებრივი მოკვლევა უნდა დამთავრდეს მისი დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვის ვადით, იმ პირის მიერ, რომელმაც სამსახურებრივი მოკვლევა დანიშნა.
XI. სამსახურებრივი მოკვლევა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე შედგება დასაბუთებული ცნობა ან დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოსა და ინსპექციის უფროსებთან შეთანხმების შემდგომ დამტკიცდება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
XII. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამსახურებრივი მოკვლევის ცნობისაგან დასკვნის ასლი და მასალები ეგზავნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც იქმნება სამეთვალყურეო საქმე.
XIII. ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნის ასლი და ბრძანება, პირადი შემადგენლობის ბრძანების გამოსაცემად უნდა გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის საკადრო აპარატებს შესასრულებლად და პირად საქმეზე დასართავად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის
მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის
ინსპექცია
დანართი №3
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა
შემადგენლობის პირთა მიერ დისციპლინისა და
კანონიერების დარღვევის და სისხლის სამართლის
დანაშაულის ჩადენის სტატისტიკური აღრიცხვის შესახებ
I. სტატისტიკურ აღრიცხვას ექვემდებარება შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობა, რომლებმაც ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაული ან დისციპლინის დარღვევა.
II. სტატისტიკური აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს:
ა) ბრძანებები თანამშრომელთა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ან სხვა დისციპლინარული წესით დასჯის შესახებ;
ბ) სასამართლოს განსახილველად წარმართული მასალები და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
III. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა საგანგებო შემთხვევების შესახებ შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ინფორმაცია გამოაგზავნონ ან აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციას, ფაქტის მოხდენიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის
მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის
ინსპექცია